სანაკრებო მატჩების მოსტუმრების შემდეგ ნიკა ცქიტიშვილმა ცოტა დაისვენა და ესპანეთში გაფრინდა, სადაც ახალ კლუბ "ლაგუნ აროს" შეუერთდა...

სანაკრებო მატჩების მოსტუმრების შემდეგ ნიკა ცქიტიშვილმა ცოტა დაისვენა და ესპანეთში გაფრინდა, სადაც ახალ კლუბ "ლაგუნ აროს" შეუერთდა. ბასკეთში ჩასვლისთანავე ქართველმა ფორვარდმა ჯერ "სარაგოსასთან" ამხანაგური მატჩი ითამაშა, შემდეგ კლუბის მესვეურებმა საზოგადოებას წარუდგინეს. ნიკას პირველადი შთაბეჭდილება ასეთი იყო:

"ბევრი ჟურნალისტი შეკრებილა. ამდენი მედიელი ზოგჯერ NBA-ს პრესკონფერენციებსაც არ ესწრება. გუნდიცა და ქალაქიც ძალიან მომწონს. "ფუენლაბრადაში" თამაშისას პირველად სან-სებასტიანში რომ ჩამოვედი, ჩემს თანაგუნდელებს მაშინვე ვუთხარი - მშვენიერი ქალაქია-მეთქი. მოხარული ვარ, რომ ასეთ გარემოში მომიწევს ყოფნა. ვეცდები, გუნდისთვის მაქსიმუმი გავიღო".

ესპანელმა ჟურნალისტებმა ნიკას NBA გაახსენეს...

"ამერიკის შემდეგ ევროპაში კარიერის გაგრძელება იოლი არ არის. აუცილებელია, საკალათბურთო საზოგადოებას დაუმტკიცო, რომ ბევრი შეგიძლია. აქამდე არაერთ ძლიერ ევროპულ კლუბში ვიყავი და ყველგან მაქსიმუმის გაღებას ვცდილობდი. "ლაგუნ არო" ესპანეთის ჩემპიონატის გუნდია, შესაბამისად, შესაძლებლობების ჩვენებისთვის კარგი ადგილია. მოტივაცია ნამდვილად არ მაკლია".

ესპანელები ნიკა ცქიტიშვილის სათამაშო ფორმითაც დაინტერესდნენ. პასუხში მან საქართველოს ნაკრების წარმატებულ სვლაზეც ილაპარაკა:

"ფიზიკურად კარგად ვარ მომზადებული. მთელი ზაფხული საქართველოს ნაკრებთან ერთად გავატარე და რთული მატჩების ჩატარებამ მომიწია. ევრობასკეტის შესარჩევ ტურნირში ჯგუფში მეორე ადგილი დავიკავეთ, რაც ურიგო შედეგი არ გახლავთ. გაისად ჩვენი ნაკრები ევროპის პირველობაზე ითამაშებს. ახლა უკვე "ლაგუნ აროსთან" ერთად წარმატებულ თამაშზე ვფიქრობ. ვიმედოვნებ, არც გუნდთან შეწყობა გამიჭირდება და არც ტაქტიკურ სქემებში გარკვევა".

შესავალშიც დავწერეთ, რომ სკიტამ ბასკეთში ჩასვლისთანავე საკონტროლო მატჩი ჩაატარა. მისმა "ლაგუნ არომ" "სარაგოსას" დაძაბულ ბრძოლაში 67:63 სძლია. სან-სებასტიანში წინა დღეს ჩასულმა ცქიტიშვილმა 13 წუთი ითამაშა და თანაგუნდელებს 9 ქულით შეეწია. "ლაგუნ აროს" რიგებში ყველაზე მეტი, 21 ქულა ბარონმა ჩააგდო. "სარაგოსას" მაისურით იასპარეზა ბელგიელმა ვან როსომმა, რომელმაც 7 ქულა მიითვალა.

"კარგია, საკონტროლო მატჩები გამარჯვებით რომ დავიწყეთ. ხანგრძლივი მგზავრობის შემდეგ ცოტა დაღლილი ვიყავი. ეს მწვრთნელებმაც იცოდა და ამიტომაც მათამაშა 13 წუთი. მატჩის მსვლელობისას ძალიან დამეხმარნენ ჩემი ახალი თანაგუნდელები და მწვრთნელები. ვფიქრობ, ასევე წარმატებით ვითამაშებთ ესპანეთის ჩემპიონატშიც"...

ჟურნალისტებთან შეხვედრისას საქართველოს ნაკრების ფორვარდს ტაქტიკაზე ლაპარაკმაც მოუწია:

"წინასწარ ძნელი სათქმელია, რა ფუნქციები დამეკისრება "ლაგუნ აროში". ყველა მწვრთნელს თავისი შეხედულება აქვს. ზოგი ფარქვეშიდან, ზოგიც პერიმეტრიდან შეტევას მავალებს. "ლაგუნ აროს" თავკაცს რომელ პოზიციაზეც დავჭირდები, მეც იქ ვითამაშებ. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩემთვის ინდივიდუალურ შედეგებზე მნიშვნელოვანი გუნდური წარმატებაა".

დასკვნის სახით ნიკა ცქიტიშვილმა თქვა:

"აქამდე არაერთ კლუბში მითამაშია და გამოცდილებაც საკმარისად დამიგროვდა. საკუთარ თავზე ახლაც ბევრს ვმუშაობ და ვიმედოვნებ, რომ ესპანეთის პირველობას სათანადო კონდიციებსაც შევხვდები და გუნდსაც კარგად მოვერგები"...

ბასკი ჟურნალისტები გვახსენებენ, რომ ნიკა ცქიტიშვილმა შარშან სეზონი საბერძნეთის "პანიონიოსში" დაიწყო, თუმცა ერთი თვის შემდეგ მადრიდის "ფუენლაბრადას" დაუბრუნდა, სადაც 2007-08 წლებშიც ასპარეზობდა. 2006-07 წლების სეზონში ნიკამ ძალები იტალიურ "ტერამოში" მოსინჯა, ხოლო ერთი სეზონით ადრე ესპანურ "კახასოლში" თამაშობდა. სწორედ ეს სევილიური კლუბი იყო ნიკასთვის პირველი ევროპული გუნდი ამერიკიდან დაბრუნების შემდეგ.

"ლაგუნ აროში" სკიტამ კარიერაში პირველად მოირგო 33-ნომრიანი მაისურა. მანამდე არაერთი ნომერი გამოუცვლია: 22, 15, 55, 20... მომავალ ჩემპიონატში იგი 33-ე ნომრით იასპარეზებს. ესპანეთის პირველობა 2 ოქტომბერს დაიწყება. სადებიუტო მატჩში "ლაგუნ აროს" სკიტას ყოფილი კლუბის, "ფუენლაბრადას" წინააღმდეგ მოუწევს თამაში. შეხვედრა მადრიდში გაიმართება.

შენგელიას "ბარსელონა" ნახევარფინალს მიუახლოვდა
[VIDEO] შენგელიას 17 ქულა - "ბარსელონა" "ვალენსიასთან" განადგურდა
მარკის რიდი თურქულის სუპერლიგის რეგულარული ჩემპიონატის MVP გახდა
"ბეშიქთაში", რომელსაც დავითაშვილს უკავშირებენ, იტალიანოს ჩააბარეს
FIFA-მ მსოფლიო ჩემპიონატზე ვუვუზელას გამოყენება აკრძალა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - აშშ
ანტმანი: თუ შანსებს ვერ იყენებ, ამით მეტოქე სარგებლობს
ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
რობერტსონი "ლივერპულიდან" "ტოტენჰემში" გადავიდა
BILD: აი, ასე დასცინოდა სლოტი "ლივერპულის" ახალწვეულებს
რუსი მწვრთნელი ვან დერ ვაარტს ფსიქიატრის დახმარებას დაჰპირდა
პალიკო ჯიმშელაძე ბორჯღალოსნებში ბრუნდება!
ანა ჯაფარიძე პარატაეკვონდოში რომის გრან პრის გამარჯვებულია
ვინგსმა ჰიუნდაი დაამარცხა და ფინალში ვსა-ს შეუწყვილდა | რა ხდება ასაკობრივ A ლიგებში?
"მე კი წავედი, მაგრამ მის ადგილას კარგად დავფიქრდებოდი" - კოულმა კალაფიორის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"კვარა", ნევეში, თუ ვიტინია? - პერესმა მომდევნო კვირას 150-მილიონიანი ტრანსფერი დაანონსა
"შავი ლომი" | "ტოიოტა ჩელენჯს" "აირლინკ პუმასით" ვიწყებთ
"განსაკუთრებული იყო" - კვარაცხელია გულშემატკივრებმაც საუკეთესოდ აღიარეს
კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ
ოფიციალურად - "ლივერპული" ირაოლამ ჩაიბარა
U21 | აშშ V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში ბრანსკოში
[VIDEO] "ოქროს ბურთის" ხუთი ყველაზე დიდი უსამართლობა?
მატჩის დღე! ბაჰრეინთან "მამარდას" გარეშე და "კვარასთან" ერთად