"თავისუფალთა" ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
წარმატებით მოიარეს რიგის ახალგაზრდული ტურნირი ჩვენმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა. ცამეტკაციანი გუნდიდან უმედლოდ შინ არავინ დაბრუნებულა.

6 ჩემპიონი, 3 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს პრიზიორი - ასეთია მონაგარი. ეს შეჯიბრება ნაკრებისთვის სეზონის პირველი საერთაშორისო სტარტი იყო და, იმედია, კარგ დასაწყისს გაგრძელებაც შესაბამისი მოჰყვება. სამომავლო გეგმებზე ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ნუგზარ სხირელი გვესაუბრება.

- რიგაში ფეიდენფელდსის სახელობის ტურნირზე ასპარეზობა დაახლოებით შვიდი წლის წინ დავიწყეთ. თავიდან დიდი გარდამავალი თასი თამაშდებოდა, რომელიც საუკეთესო ნაკრებს გადაეცემოდა.

სამჯერ მოპოვების შემთხვევაში კი გამარჯვებულს სამუდამოდ რჩებოდა. ის ჯილდო ჩვენ ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ წამოვიღეთ საქართველოში. ტურნირი საშუალო დონისაა და თავიდანვე არ გვქონია ილუზია, რომ განსაკუთრებით მაღალი დონის გუნდებთან მოგვიწევდა პაექრობა.

ჩვენთვის იმთავითვე მნიშვნელოვანი იყო, რომ პირველი სტარტი შედარებით მსუბუქი ყოფილიყო. ამასთან, გვხიბლავდა რუსეთის გუნდთან ძალების მოსინჯვის შესაძლებლობაც. სხვათა შორის, ჩვენი სისტემატური სტუმრობის გამო რუსებმაც რეგულარულად დაიწყეს რიგაში ჩამოსვლა.

დაინტერესება ორმხრივი გამოდგა. სამწუხაროდ, წლეულს არასრული შემადგენლობით ჩამოვიდნენ. ამბობდნენ, რომ გუნდის ნაწილს ლატვიის საზღვარზე შეექმნა პრობლემა საბუთების მოუწესრიგებლობის გამო.

- წარმომადგენლობითი თვალსაზრისით, როგორი იყო წლევანდელი ტურნირის დონე?

- ახლაც, ძირითადად, ევროპელები სტუმრობდნენ. რიგის ხალიჩაზე 19 ქვეყნის რჩეულმა სპორტსმენებმა იჭიდავეს. ზოგი ისეთი ქვეყნის ნაკრებიც ჩამოვიდა, ადრე რომ არ მინახავს, მაგალითად, ირლანდია.

- არცერთი ჩვენი მოჭიდავე უმედლოდ არ დარჩენილა. ცხადია, უკმაყოფილო არ იქნებით შეგირდების გამოსვლით...

- ბუნებრივია, სასიამოვნოა ასეთი შედეგი, თუმცა ჩვენთვის, მედლების გარდა, საინტერესო სხვაც იყო. ნაკრების შარშანდელი შემადგენლობიდან გუნდში მხოლოდ ტალახაძე და პეტრიაშვილი დარჩნენ.

ახალწვეულების პირველი საერთაშორისო გამოცდა კი სწორედ რიგაში შედგა. უნდა განგვესაზღვრა ზოგიერთ წონაში კონკურენციის დონე. სწორედ ამიტომ წავიყვანეთ ამ წონებში ორ-ორი მოჭიდავე. აღსანიშნავია, რომ რიგის ტურნირის ექვსი ოქროს მედალოსნიდან ოთხმა ჩვენი ქვეყნის ჩემპიონატზეც მოიპოვა პირველობა.

ორჯერ კი ასე არ მოხდა. 66 კგ-ში ტურნირი იაკობაშვილმა მოიგო; საქართველოს ჩემპიონი ხაბალაშვილი კი მესამეზე დარჩა, თუმცა ისინი უშუალოდ ერთმანეთს არ შეხვედრიან; 96 კგ-ში კი საქართველოს ჩემპიონატის ფინალი განმეორდა, მაგრამ შედეგი საპირისპირო მივიღეთ - გუსოშვილმა მეშვილდიშვილს სძლია, თან დამაჯერებლად. ქვეყნის ჩემპიონატის დარად, რიგაშიც დასკვნით შეხვედრაში გადაეყარნენ ერთმანეთს ქელეხსაშვილი და ბითარიშვილი. აქაც ქელეხსაშვილმა მოიგო.

- სადაც წონაში თითო მონაწილე გყავდათ, მხოლოდ ყველაშვილი დარჩა ფინალს მიღმა...

- ყველაშვილმა მესამე ადგილი იკმარა და ფინალში გადასასვლელი შეხვედრა მხოლოდ უკანასკნელ წამებზე დათმო. თუმცა სათანადო შენიშვნები მივეცი და, იმედია, მომავალში ყოველთვის ბოლომდე ყურადღებით იქნება. 50 კგ-ში ბუჯიაშვილმა და მძიმეში პეტრიაშვილმა კი დამაჯერებლად გაიმარჯვეს.

პირველმა ფინალამდეც კარგად განვლო გზა, ფინალში კი საკმაოდ ძლიერი რუსი მოჭიდავე დაამარცხა. ხოლო პეტრიაშვილი ისე აშკარად ჯობდა მეტოქეებს, რომ ფინალური დაპირისპირებისას სთხოვეს, მთელი ძალით არ ეჭიდავა, რომ მეტოქე არ დაშავებულიყო. არადა, რუსი პეტრიაშვილზე მძიმეც იყო და ასაკით უფროსიც. ჩვენიანის შესაძლებლობები შარშანაც კარგად გამოჩნდა, როდესაც ჯერ კიდევ ჭაბუკთა ასაკში მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის პრიზიორი გახდა.

- როგორც ვიცით, ბაქოსა და იზმირში უფრო მაღალი დონის ტურნირები მოგელით...

- აპრილის ბოლოს ბაქოშიც კარგი შეჯიბრებაა, თუმცა სიძლიერით თურქეთის ტურნირი გამოირჩევა. ეს მართლაც სერიოზული შეჯიბრებაა. მუდამ მაღალ დონეზე ტარდება, თანაც, სხვადასხვა ქალაქში. ამჯერად იზმირია მასპინძელი. კონტინენტის ჩემპიონატის წინ ჩვენი მოჭიდავეების შესაძლებლობების უკეთ გამოსავლენად სწორედ ეს შეჯიბრება მიმაჩნია. წლეულს შიდა შეჯიბრებაზეც გვინდა ნაკრების წევრთა გამოცდა. მაგალითად, ონში დავით გობეჯიშვილის სახელობის ტურნირზე ჭიდაობა გუნდის მთელი შემადგენლობისთვის აქედანვე სავალდებულოდ გამოვაცხადეთ.

- ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე ნაკრების შემადგენლობა, ალბათ, გარკვეულწილად ისევ განსხვავებული იქნება...

- ცვალებადობას არ ვერიდებით. შესაძლებელია წლეულსაც იგივენაირად მოვიქცეთ, თუმცა ამ ეტაპზე ნაადრევია ამაზე ლაპარაკი. მაგალითად, ძნელია ევროპის ჩემპიონი მსოფლიოზე მხოლოდ იმიტომ არ წაიყვანო, რომ სხვასაც გინდა მისცე შანსი. კარგია, რომ წლეულს ეს ორი უმნიშვნელოვანესი შეჯიბრება ადრინდელივით დროის მოკლე მონაკვეთში აღარ ჩატარდება.

ერთი ოლიმპიურ თამაშებამდეა, მეორე მის შემდეგ. ასეთ შემთხვევაში გამოირიცხება წონის კლების რთული პროცესის გამო ზოგიერთი მოჭიდავის მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოკლება. ადრე ევროპის ჩემპიონატის მერე მსოფლიომდე დროის მცირე მონაკვეთი რჩებოდა. ამიტომ წონის ვერდაკლების გამო რამდენჯერმე იძულებულები გავხდით, სპორტსმენი შინ დაგვეტოვებინა.

აქვე ვიტყვი, რომ კონტინენტის ჩემპიონატი ზაგრებში (ხორვატია), მსოფლიოსი კი პატაუში (ტაივანი) გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] დვალიშვილი სეხუდოსთან 35 წამში დამარცხდა
[VIDEO] ნუთუ ილიასთან ბრძოლაზე ფიქრობდა? - ცარუკიანი საჩემპიონო ბრძოლაში დამარცხდა
[VIDEO] დიდებული მერაბ დვალიშვილი! - ქართველმა საოცარი ბრძოლა შემოატრიალა და ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
ნიკოლოზ ბასილაშვილი გუანჯოუს ჩელენჯერზე იასპარეზებს
ზაფხულის სატრანსფერო საგის მთავარი მონაწილე ტრავმირებულია
არაბეთიდან კატარში - ბროზოვიჩი აზიურ ტურნეს აგრძელებს
იქნება თუ არა დღეს კვარაცხელია ძირითადში - L'Équipe-ის პროგნოზი
"ოქროს ბურთი" მხოლოდ "კვარაცხელიას" - აცხადებს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი
"შავი ლომი" | სასარგებლო მოთელვა "ბენეტონთან"
[VIDEO] დავითაშვილის საგოლე პასი და "სენტ-ეტიენის" წაგება ხუთი მოგების შემდეგ
ლოჩოშვილის სრული მატჩი და "კიოლნის" ფრე "ვერდერთან"
უგოლო ფრე "ენფილდზე" - "ლივერპულმა" "ფულჰემს" ვერ აჯობა
[VIDEO] კვერნაძემ სერია A-ში ისევ გაიტანა და საუკეთესო იყო - "ფროზინონე" "ჯენოას" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] შეცვლაზე შესული გულიაშვილი შეცვალეს - "რასინგმა" "ალავესს" მოუგო
[VIDEO] კვერნაძემ "ჯენოასთან" "ფროზინონე" დააწინაურა
"თვითმფრინავის ავარიის შემდეგ, ახალ რაღაცებს ვსწავლობთ" - ამორიმის უცნაური განცხადება
საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაცია ინფანტინოს წინააღმდეგ კანდიდატის წარდგენას გეგმავს
საქართველოს ძიუდოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა პოდგორიცაში ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
"ხალხი ქვებს იმიტომ ესვრის, რომ ნაყოფით დატვირთული ხეა" - მოურინიო ვინისიუსზე
"ის ამ ჯილდოს იმსახურებს" - პოჩეტინომ "ოქროს ბურთის" ფავორიტი დაასახელა
"ჯაფარიძის განცხადებით გაოგნებულები ვართ" - გერმანიის ძიუდოს ფედერაცია
მატჩის დღე! რომელი "პარიზელი" დაისვენებს და ქართველების სიმრავლე ესპანეთში