ძიუდოს ფედერაციაში ჭაბუკთა ნაკრების ხელმძღვანელობამ ევროპის თასებზე ჩვენების წარმატებული გამოსვლა შეაფასა
3 აპრილს საქართველოს ძიუდოს ფედერაციაში ჭაბუკთა ნაკრების ხელმძღვანელობამ პრესკონფერენცია გამართა, რომელიც ანთალიასა და კიევში გამართულ ევროპის თასებზე ჩვენების წარმატებულ გამოსვლას მიეძღვნა.

შეგახსენებთ, რომ ამ შეჯიბრებებში ქართველმა ჭაბუკებმა 14-14 მედალი მოიპოვეს, რაც ყველაზე სასიამოვნო და ცოტა მოულოდნელიცაა. ამ 28 მედლიდან 3 გოგოების მონაგარია - 1 ოქრო და 2 ბრინჯაო. თურქეთში მესამე პრიზიორები მარიამ ჯანაშვილი და გურანდა შოთაძე (ორივე - 57) გახდნენ, კიევში კი ჯანაშვილმა გაიმარჯვა.

ბიჭებისგან მსგავს შედეგს მიჩვეულები ვართ, გოგოები კი ახლა დგამენ პირველ ნაბიჯებს და მათი მედლები ამიტომ გვესენსაციურება. ჭაბუკთა ნაკრების თავკაცმა გია თენაძემაც აღნიშნა, რომ გოგოების გამოსვლა მისთვისაც განსაკუთრებით სასიხარულოა. თუმცა ამ თემას სხვებმაც გაუსვეს ხაზი.

პრესკონფერენციას თენაძესთან ერთად ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი ალექსიძე, გენერალური მდივანი ვლადიმერ ნუცუბიძე და სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ვანო ჯანუყაშვილიც ესწრებოდნენ.

ახალ თაობას თავისთვის პირველი სერიოზული მიღწევა თავდაპირველად ალექსიძემ მიულოცა: "სეზონი სულ სამი თვის დაწყებულია და ასეთი შედეგი კარგი მონაგარია. ეს განსაკუთრებით სასიხარულო ამ ასაკშია, ანუ ქართულ ძიუდოს კარგი საფუძველი აქვს. განსაკუთრებით აღსანიშნავია გოგოების წარმატება, რადგან ქალთა ძიუდო საქართველოში ჯერ ვერაა ძლიერი. სამწუხაროდ, მათ მაქსიმალურ პირობებს ჯერ ვერ ვუქმნით, მაგრამ შესაძლებლობების ფარგლებში ვეხმარებით. მწვრთნელთა ენთუზიაზმმაც არ დააყოვნა და პირველი შედეგიც არის".

ალექსიძის შემდეგ სიტყვა თენაძეს დაეთმო: "წარმატება გუნდური მუშაობის შედეგია. ეს სპეციფიკური ასაკია და პერსპექტივაზე ლაპარაკი ძნელია, მაგრამ ამ ბიჭებს გარჯა არ უნდა დავუკარგოთ. ჯერჯერობით ადრეა იმაზე ლაპარაკი, რას ვიზამთ ევროპაზე, რადგან ამ ასაკში წინასწარ ვერაფერს დაგეგმავ. შარშან ვანო მამისაშვილი და გურამ თუშიშვილი შესარჩევ შეჯიბრებებში არც ისე დამაჯერებლად გამოდიოდნენ, მაგრამ მერე პირველი ევროპის ჩემპიონი გახდა, მეორე - მსოფლიოსი. ამდენად, ევროპის წლევანდელ ჩემპიონატზე მოხვედრის შანსი ყველას აქვს. წინ კიდევაა დარჩენილი შესარჩევი ეტაპები და კანდიდატებს იქაც დავაკვირდებით".

გუნდს წარმატებები ჯანუყაშვილმა და ნუცუბიძემაც მიულოცეს. ჯანუყაშვილმა გუნდს სამინისტროს სახელით მაქსიმალური მატერიალური მხარდაჭერა აღუთქვა. "სამინისტრო მატერიალურად ყოველთვის მხარს დაგიჭერთ. უკვე აღარაა ის დრო, როცა ეროვნულ ნაკრებსაც კი დაფინანსების პრობლემა ექმნებოდა. სახელმწიფო თქვენგან მხოლოდ იმას ითხოვს, რომ იშრომოთ, იწვალოთ, წარმატებებს მიაღწიოთ და სამშობლო ასახელოთ.

ამაში ქვეყანა ყოველთვის მხარს დაგიჭერთ, რადგან ეს მხოლოდ თქვენი კი არა, მთლიანად სახელმწიფოს წარმატებაა. თან ეს ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდაც იქნება - თქვენს მაგალითზე ხომ ბევრი მოზარდი ჩაებმება სპორტში" - თქვა მან. ჯანუყაშვილმაც საგანგებოდ შეაჩერა ყურადღება ჯანაშვილის წარმატებაზე, როგორც - ნუცუბიძემ. მილოცვის შემდეგ გენერალურმა მდივანმა გუნდს სპორტული ფორმის სრული კომპლექტი აღუთქვა და დაჰპირდა, რომ ამ კუთხით შარშანდელი პრობლემები არ განმეორდება.

ნუცუბიძისავე თხოვნით, ჯანაშვილმა და კიევის ტურნირის კიდევ ერთმა გამარჯვებულმა ვანო ჩურჩხელაშვილმა (73) სპორტსმენის ანკეტები შეავსეს, სადაც განსაკუთრებული ყურადღება მიექცა პუნქტს პირადი მწვრთნელის შესახებ - ეს საკითხი დღესაც კი საკმაოდ მტკივნეულია, რადგან პერსპექტიული მოზარდების გადასაბირებლად ათასგვარი მაქინაცია არსებობს და დატაცება-გადაბირება მაინც ხდება. უახლოეს დღეებში ანალოგიურ დეკლარაციას სხვებიც შეავსებენ, რაც მათი სამომავლო წარმატების შემთხვევაში პირველი მწვრთნელის როლს უზრუნველყოფს.

ნუცუბიძემ სხვა სიახლეებიც გაგვაცნო - 12 აპრილიდან სპორტის სამინისტროს დაფინანსებით ძიუდოს აკადემიაში ბავშვთა მწვრთნელების გადასამზადებელი 10-დღიანი სემინარი იწყება, რომელშიც რეგიონების მიერ შერჩეული 2-2 აღმზრდელი მიიღებს მონაწილეობას. ნუცუბიძემ აღნიშნა, რომ ეს იქნება სემინარი თეორიულ-პრაქტიკული სწავლისთვის და არა იმის აფიშირებისთვის, რა მაგრად ვმუშაობთ ადგილებზეო.

სემინარის ფარგლებში მსმენელები 38 დისციპლინას შეისწავლიან. პირველი 8 დღე თეორიულ მეცადინეობას დაეთმობა, მე-9 - პრაქტიკას, ბოლო დღე კი - ტესტირებას. ვინც მას გაივლის, ფედერაცია სერთიფიკატსაც გადასცემს. ეს პირველი ნაბიჯი იქნება, რომელიც მომავალშიც გაგრძელდება.

სამომავლოდ მეცადინეობების ჩასატარებლად უცხოელი მწვრთნელების მოწვევაც იგეგმება, რომლებიც უფრო მაღალ დონეზე დასაქმებულ მწვრთნელებთან გამართავენ მეცადინეობებს.

ფედერაციის კიდევ ერთი სამომავლო სიახლე ისევ ბავშვთა ძიუდოში მომუშავე მწვრთნელებს უკავშირდება - სულ მალე ჭაბუკთა უმცროსი ასაკის, ანუ 14-წლამდელთა ნაკრების ხუთკაციან მწვრთნელთა ჯგუფი რეგიონებში დაიწყებს გასვლას პრაქტიკული ვარჯიშების ჩასატარებლად. ისინი ყოველ რეგიონში 3 დღით დარჩებიან. კახეთით იწყებენ - თავიდან საგარეჯოში შეჩერდებიან, მერე თელავში გადაინაცვლებენ და გასვლას ახმეტაში დაასრულებენ.

ფედერაციაში გასამართი სემინარისგან განსხვავებით, ამგვარ მეცადინეობებში მონაწილეობა ყველა მსურველს შეუძლია და მასში ახლო-მახლო სოფელ-ქალაქებში მომუშავე მწვრთნელებიც ჩაებმებიან.

შეგახსენებთ, რომ ეს ის ასაკია, რომელმაც 2015 წელს თბილისში გასამართ ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში უნდა იჭიდავოს და მას საგანგებო ყურადღებას აქცევენ. ვარჯიშებზე ძირითადი ყურადღება დაეთმობა იმ ახლებურ სტილზე გადართვას, რასაც ახალი წესები ითხოვს.

აგრეთვე - ბავშვთა სპორტისთვის ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა, მაგალითად, სავარჯიშო პროცესის სწორად დაგეგმვა, დასვენება, ძალების აღდგენა და ასე შემდეგ...

პრესკონფერენციაზე თენაძეს ივნისში ევროპის ჩემპიონატზე წასაყვან შემადგენლობაზეც დავეკითხეთ, თუმცა დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა.

მისი თქმით, ძირითადი ბირთვი უკვე ცნობილია, მაგრამ კონკურენცია რომ არ მოდუნდეს, კონკრეტულ გვარ-სახელებს და წონებს ჯერ არ ასახელებს. მას 55 კილოგრამზე საგანგებოდ დავეკითხეთ, სადაც ყველაზე დიდი კონკურენციაა - იქ სამი კანდიდატი იბრძვის სანაკრებო ადგილისთვის და თან, შინ თუ გარეთ, ყველა შეჯიბრებაზე მედლის ზონაში შედიან. მხოლოდ ბოლო - კიევის ტურნირზე ჩამორჩა ერეკლე არხოზაშვილი მესამე პრიზიორებს - ბექა ნათათრალიშვილსა და გიორგი კაციაშვილს, როცა ბრინჯაოსთვის შეხვედრა ნათათრალიშვილთან დათმო.

თენაძის თქმით, შანსს სამივე ინარჩუნებს და ამ წონაში ჯერ არაფერია გადაწყვეტილი. მწვრთნელმა გამოთქვა იმედი, რომ მისი შეგირდები ევროპაზეც წარმატებით გამოვლენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლოზანას გრანდ-სლემზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
გადაწყვეტილია - ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრებს ჩაიბარებს
"არ ვაპირებ ისევ წავაგო, ისევ მე გავნადგურდე და ხალხი მშვიდად იყოს, თავის სკამებს უფრთხილდებოდნენ" - ეთერ ლიპარტელიანი
დაბრუნება ნაცნობ ადგილას - ნკუნკუ კვლავ "ლაიფციგისთვის" შეუტევს
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"პსჟ-ში ხელშეუხებელი ფეხბურთელი აღარ არსებობს, ენრიკემ მეთოდები გაამკაცრა" - რას წერს ფრანგული პრესა კვარაცხელიასა და დემბელეს შეცვლის შემდეგ
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
[VIDEO] მეტოქეს შესანიშნავად დაუტრიალდა და ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა - სალიამ ახალგაზრდული პრემიერ ლიგა ბრწყინვალედ დაიწყო
"საბოლოოდ გაგაჩუმებს" - დვალიშვილმა ოქტაგონზე რუსეთის დროშის გამოჩენაზე უკმაყოფილება გამოხატა და მას პასუხი მახაჩევმა გასცა
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
არ დაადგა საშველი - ლეაომ არაბებს უარი შეუთვალა და ევროპიდან ახალი მსურველი ჰყავს
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ბუნდესლიგის დაწყების წინ ლოჩოშვილმა თასის მატჩში ტრავმა მიიღო
ფეხბურთიდან ომამდე: როგორ გადაიქცა შეხვედრა 100-საათიან ომად
"ატლეტიკო" ალვარესის გაყიდვას დათანხმდა, მაგრამ ძალიან ძვირად აფასებს
"ალისონმა ვერაფერი გააკეთა, სამაგიეროდ წინდები ეცვა შესანიშნავი" - მედიამ ბრაზილიელს კრიტიკა შეჰბედა
"ნიუკასლის" მწვრთნელს მიაჩნია, რომ მსაჯმა "ლივერპულს" პენალტი აჩუქა
ენეს მაჰმუტოვიჩი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
ფერან ტორესი: მთლად კმაყოფილი არ ვარ