ასტანაში აზიის სალიცენზიო ტურნირი ჩატარდა, სადაც ჩვენებურთა მორიგი მეტოქეები დასახელდნენ
აზიის რეგიონის რამდენიმე ქვეყანა მსოფლიოს საჭიდაო ოჯახში მოდის კანონმდებლადაა მიჩნეული. განსაკუთრებით - ბერძნულ-რომაულსა და ქალთა ჭიდაობაში, თუმცა "თავისუფალში" შუა აზია-ირანის რეგიონიც ძალიან ძლიერია.

ადრიდანვე აღიარებულ ლიდერებს ბოლო წლებში ჩინეთი და ინდოეთიც შეემატნენ, რომლებსაც უკვე მსოფლიოს ჩემპიონები და ოლიმპიური მედალოსნებიც ჰყავთ.

რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ასეთი ძლიერი კონფედერაცია სტამბულის შარშანდელ სალიცენზიო მსოფლიოს პირველობაზე საგზურების მწირი მარაგის ამარა დარჩა - სამივე სახეობაში სულ რაღაც 26 მოიპოვეს.

დიდი არც ამ ქვეყნების რიცხვია - ჩინეთი, ირანი, იაპონია, ყაზახეთი, კორეა და მონღოლეთი. უსაგზუროდ დარჩნენ ინდოეთი და რაც უფრო გასაკვირია - უზბეკეთი.

ცხადია, სხვა ქვეყნების ჩავარდნაც აღსანიშნავია, თუმცა იმათ თითო-ოროლა ვარსკვლავი თუ ჰყავთ, ესენი კი ბოლო წლებში ბევრად სტაბილური გუნდებია. განსაკუთრებით - უზბეკეთი, სადაც ვაჟთა ორივე ნაკრები ძლიერია; ინდოეთში კი ჯერ თავისუფალი ჭიდაობა ლიდერობს, რაშიც დიდი წვლილი ვლადიმერ მესტვირიშვილს მიუძღვის.

თავისუფლება აზიურად

ამ დღეებში ყაზახურ ასტანაში აზიის სალიცენზიო ტურნირი ჩატარდა, სადაც ჩვენებურთა მორიგი მეტოქეები დასახელდნენ.

თავდაპირველად თავისუფალთა ტურნირზე ვთქვათ, რომელმაც უზბეკთა დიდი უპირატესობით ჩაიარა - ერთბაშად ხუთი საგზური მოიპოვეს.

მათ შორის - ისეთმა ცნობილმა ფალავნებმა, როგორებიც გუნდის ოსი ლიდერები, მსოფლიოს ჩემპიონი ზაურბერკ სოხიევი (84) და მსოფლიოსა და ოლიმპიადის ორ-ორგზის მომგები და რამდენიმეგზის ფინალისტი არტურ ტაიმაზოვი (120) არიან. ოღონდ ტაიმაზოვი ჩემპიონი გახდა, სოხიევმა კი ფინალი ირანელ ეჰსან ლაშგარისთან წააგო.

ლონდონში გამოსვლა გაინაღდა მსოფლიოს პრიზიორმა ყურბან ყურბანოვმაც (96), როგორც რაშიდ ყურბანოვმა (74) და იხტიორ ნავრუზოვმა (66). სამაგიეროდ, კვლავაც ულიცენზიოდ დარჩა მსოფლიოს ჩემპიონი დილშოდ მანსუროვი (60).

ირანმა თავის 4 საგზურს ასტანაში კიდევ ორი შემატა - ზემოხსენებულმა ლაშგარიმ და აზიის რამდენიმეგზის გამარჯვებულმა, ახალგაზრდებში მსოფლიოს ჩემპიონმა მასუდ ესმაილპოურმა (60). ახლა ისინი უსაგზუროდ მხოლოდ მძიმე წონაში რჩებიან, სადაც პარვიზ ჰადი ასტანაში მესამეზე კი გავიდა, მაგრამ საგზურს ფინალისტები იღებდნენ. შესაძლოა, ნაკრების ხელმძღვანელობამ ჩვენებურთაგან დაბრიყვებული მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ფარიდ მასოუმ ვალადი მომდევნო სალიცენზიო შეჯიბრებებისთვის შემოინახა და ასტანაში ახალი კადრი გამოსცადა.

ირანელთა მსგავსად, ყაზახეთში ორი საგზური დაისაკუთრეს ინდოელებმაც (55-60 კგ), თუმცა კვლავაც ულიცენზიოდ რჩება მათი ლიდერი, მსოფლიოს ჩემპიონი და ოლიმპიური პრიზიორი სუშილ კუმარი (66), რომელიც ასევე მესამეზე დარჩა. ასევე ორი საგზური ირგუნეს იაპონელებმა - 55-74-ში და დღეს მათ ანგარიშზე ოთხი ლიცენზიაა.

ერთი ოლიმპიელი გაინაღდეს ტაჯიკებმაც, რაც 96-ში რუსტამ ისკანდარიმ გააკეთა; მაგრამ ხელი მოეცარა მათ ლიდერს, ავარელ დაღესტნელ მსოფლიოსა და ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონ იუსუპ აბდუსალამოვს, ვისაც პეკინის ოლიმპიადის ფინალში რევაზ მინდორაშვილმა სიქა გააცალა, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით - მისი დასრულებისთანავე ძალაგამოცლილი ავარელი პირდაპირ საავადმყოფოში გააქანეს.

ყაზახებმა კარგად გამოიყენეს მასპინძლობის ფაქტორი და გუნდი ბოლომდე შეავსეს - სტამბულში მოპოვებულ ოთხ საგზურს სამი დაუმატეს. ამ ტრიოდან მძიმე წონის ფინალისტს, ოლიმპიურ პრიზიორ მარიდ მუტალიმოვს გამოვარჩევთ, რომელიც გადამწყვეტ შეხვედრაში ტაიმაზოვთან დამარცხდა. ამ რეგიონის ძლიერ თავისუფალთაგან ჯერჯერობით უსაგზუროდ რჩებიან ჩინეთი და სამხრეთ კორეა, თუმცა მათ უფრო ძლიერი გუნდები ბერძნულ-რომაულში ჰყავთ. არც ჩრდილო კორეელთა მსოფლიოს ექს-ჩემპიონი კიონგ იანგი (55) ჩანს სადმე.

დოხტურიშვილ-სალდაძეების უზბეკური დილემა

ბერძენ-რომაელთა ტურნირის მთავარ სიახლედ ლეგენდარული ირანელის, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონის, ჰამიდ რაინჰაპურ სორიანის (55) დაბრუნებას მივიჩნევთ.

მან 2005-10 წლებში გამართული მსოფლიოს ხუთივე პირველობა (2008 წელს ოლიმპიადის გამო არ ჩატარებულა) მოიგო და მხოლოდ ოლიმპიურ თამაშებში დამარცხდა - მომავალ გამარჯვებულთან, რუსთა ინგუშ ნაზირ მანკიევთან წააგო. მისი კარიერის შავ ლაქადაც ჯერჯერობით ოლიმპიადა რჩება.

ეტყობა, ამ ხარვეზის შესავსებად უბრუნდება ლეიბს, თუმცა არც ისე ხმაურიანად დაბრუნდა - ფინალი უცნობ იაპონელ კოსეი ჰასეგავასთან დათმო. ირანელებს აქამდე სამი საგზური ჰქონდათ, რასაც ახლა 2 დაუმატეს - 55-96, საძიებელი კი 74-84-ში აქვთ. 74-ში ამჯერად მსოფლიოს პრიზიორმა ფარშად კალეშკეს ალიზადეჰიმ იჭიდავა, თუმცა წააგო; 84-ში კი მსოფლიოს პრიზიორი ჰაბიბოლაჰ აკლაგი ეტყობა, მწვრთნელებმა სხვა ტურნირებისთვის შემოინახეს.

აქამდე ულიცენზიო იაპონელებმა ერთბაშად ოთხი მოიპოვეს - 55-ში, 60-ში, 66-სა და 96-ში. 60-ში ეს მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონმა რუიტარო მაცუმოტომ გააკეთა, რომელიც შარშანდელ მსოფლიოზე რევაზ ლაშხმა დატოვა უსაგზუროდ.

თავისუფალთაგან განსხვავებით, სუსტად გამოვიდნენ ოლიმპიურ ჩემპიონ ალექსანდრე დოხტურიშვილის დამოძღვრილი უზბეკი ბერძენ-რომაელები - მხოლოდ მძიმე წონაში მუმინჯონ აბდულაევის მიერ დაკავებულ მეორე ადგილს დასჯერდნენ. ლიცენზიებამდე ცოტა დააკლდათ ამ ნაკრების წევრ ქართველ ბიძა-ძმიშვილს, ბესიკ და დავით სალდაძეებს, რომლებიც წლების წინ წავიდნენ ქუთაისიდან უკრაინაში, საბოლოო ნავსაყუდელი კი უზბეკეთში ჰპოვეს.

დავით სალდაძემ (96) სიდნეიში უკრაინას ოლიმპიური ოქრო მოუტანა, ახლა კი 34 წლის ასაკში ისევ ცდილობს ანალოგიურ თამაშებზე მოხვედრას.

უკრაინას ორი ევროპული ოქრო და ორიც მსოფლიოს ბრინჯაო უსახსოვრა მისმა უფროსმა ძმამ, მძიმეწონიანმა გიორგი სალდაძემ, რომლის გზასაც ახლა შვილი - ბესიკ სალდაძე (74) აგრძელებს, ოღონდ უზბეკეთის სახელით.

ასტანაში ის მესამეზე გავიდა, ბიძა კი - მეხუთეზე. სალდაძეების გარდა, დოხტურიშვილს ულიცენზიოდ დაურჩა 35 წლის მსოფლიოს პრიზიორი დილშოდ არიფოვიც (60). ერთი სიტყვით, ქართველ მწვრთნელს ბევრი სამუშაო აქვს. "დოხტორას" მსგავსად, დიდად არც ინდოეთში მომუშავე ემზარ მახარაძეს ულხინს - საგზური ჯერ არც მას აქვს (თუმცა 55-ში ბრინჯაო კი მოიპოვეს). სამაგიეროდ, ინდოელ ქალთა ნაკრების მწვრთნელმა როინ დობორჯგინიძემ ირგუნა ერთი ლიცენზია.

სხვა ქვეყნების ბერძენ-რომაელთა ასტანური შედეგები ასეთია: 2-2 საგზურს დაეუფლნენ ყაზახეთი, ჩინეთი და სამხრეთ კორეა, ერთს - ყირგიზეთი.

ყირგიზული ფედერაციისთვის ეს პირველი ლიცენზიაა, რომელიც მსოფლიოს მედალოსანმა დანიარ კობონოვმა (74) მოიპოვა. თუმცა ჯერჯერობით უსაგზუროდ რჩება მათი ოლიმპიური ვიცე-ჩემპიონი კანატბეკ ბეგალიევი (66). ჩინელებმა მონაგარი სამამდე გაზარდეს, თუმცა ნუ დაგვავიწყდება, რომ ასტანიდან მათ კიდევ ორი ბრინჯაო წაიღეს.

ერთი სიტყვით, იქაურთა ნაკრები არც ისე ხელწამოსაკრავია და თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ერთ-ერთი სალიცენზიო შეჯიბრება მათთან ტარდება, ჩვენებს იქ იოლი გასეირნება არ ელოდებათ. ასტანაში საგზურისთვის პეკინის ოლიმპიადის ფინალში მანუჩარ კვირკველიას (74) მიერ პირწმინდად დაჩაგრული იოუნხიან ჩანიც იბრძოდა, მაგრამ მეხუთეზე დარჩა. ყაზახებმა სამლიცენზიან მონაგარს ორიც დაუმატეს და ახლა უსაგზუროდ 55-სა და 96-ში რჩებიან.

გასაკვირია, რომ მშობლიურ კედლებში არ უჭიდავია ოლიმპიურ პრიზიორ ასეტ მამბეტოვს (96). თუ ტრავმა არ აწუხებს და მწვრთნელებმა საგარეო შეჯიბრებებისთვის შემოინახეს, ცოტა უცნაური გადაწყვეტილებაა. იქაურები უსაგზუროდ სწორედ 96-სა და 55-ში რჩებიან.

ახლა, როცა აზიელ ოლიმპიელთა ვინაობა ნაწილობრივ მაინც გაირკვა, მთელი ჩვენი ყურადღება 20-22 აპრილს სოფიაში გასამართი ევროპის საკვალიფიკაციო შეჯიბრებისკენაა მიმართული, სადაც ასევე 2-2 საგზური გაიცემა. წინამდებარე სამშეჯიბრებიან სალიცენზიო მარათონში ჩვენებურთაგან განსაკუთრებით დიდი ჯაფა ერთსაგზურიან ბერძენ-რომაელებს დაადგება, თორემ "თავისუფლებს" მხოლოდ სამი წონა დარჩათ გუნდის სრულად შევსებამდე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გივი მაჭარაშვილმა და აკაკი ქემერტელიძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს
[VIDEO] მაჭარაშვილი და დინგაშვილი ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლებისთვის იბრძოლებენ
თავისუფალი ჭიდაობა. მაჭარაშვილი და დანგაშვილი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში იასპარეზებენ
crocobet დიდი 10 | "ბათუმი" საქართველოს ჩემპიონია!
თორნიკე შენგელიას ბრწყინვალე თამაში ყოფილი გუნდის წინააღმდეგ და "ბარსელონას" რთული გამარჯვება
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 0-1 დილა. დამსახურებული გამარჯვება კონტრზომების გარეშე
[VIDEO] ქვილითაიამ საფრანგეთში ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა
საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე რვა მედალი მოიპოვა
ლოჩოშვილის "ნიურნბერგმა" "მაგდებურგს" მოუგო
ლევანდოვსკის MLS-ში ტრანსფერი ჩაიშალა
თსუ კავკასიასთან 2:0 დაწინაურდა, ორბმა მარგვეთს სერია გაუთანაბრა
ლეგიონერები - ირაკლი კბილაშვილი საუკეთესო იყო, წარმატებული კვირა ჰქონდა გიორგი ცხოვრებაძეს
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდა - "ჰამბურგი" ისევ დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 1-2 დინამო (თბ). ქეცბაიას 3-ქულიანი დებიუტი - "დინამომ" 7-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა
"ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] "ბაიერნის" ქამბექი 0:3-დან და ოლისეს ზღაპრული გოლი - "რეკორდმაისტერი" პსჟ-სთან მატჩს კარგ ხასიათზე ხვდება
კვერნაძის "ფროზინონემ" ისევ გაიმარჯვა და სერია A-ში დაბრუნებასთან ახლოსაა
[VIDEO] ზივზივაძე დაფრინავს - ქართველის ზედიზედ მესამე გოლი ბუნდესლიგაში
"უოტფორდის" ზედიზედ მეოთხე მარცხი - ჩაკვეტაძე და გოგლიჩიძე სათადარიგოთა შორის იყვნენ
ბენზემამ გამორიცხა - კარიმი ფეხბურთელის რანგში მშობლიურ გუნდში არ დაბრუნდება
"მილანი" ძლიერდება - "როსონერი" ორი ტრანსფერის განხორციელებასთან ძალიან ახლოსაა
"არ ვცდილობთ, რომ მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანები ვიყოთ" - ბრუნომ ახსნა, რატომ არ წავიდა საუდის არაბეთში
"ცოტ-ცოტას ყველაფერს მიირთმევს, მაგრამ... " - რონალდოს ყოფილმა შეფ-მზარეულმა კრიშტიანოს კვებაზე ისაუბრა