რუსეთში გაზრდილი მცველისთვის საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებში გამოძახება სასიამოვნო სიურპრიზი იყო
დოსიე:

დავით მალხაზის ძე კოხია დაიბადა 1993 წლის 22 აპრილს.

სიმაღლე 185 სმ, წონა 71 კგ.

მიმდინარე სეზონში "ვოლგას" დუბლებში ჩაატარა 29 შეხვედრა და გაიტანა 1 გოლი.

ნომერი - 88

რუსეთის მოქალაქე

პოზიცია - ცენტრალური მცველი.

ოთარ კორღალიძემ 19-წლამდელთა ნაკრების შეკრებაზე ჩვენთვის უცნობი მოთამაშე, ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგას" დუბლებიდან ცენტრალური მცველი დავით კოხია გამოიძახა.

კორღალიძემ კოხია კახა კაჭარავას 19-წლამდელებთან მეორე ტაიმში ათამაშა: ტანმაღალ და ჯანმაგარ ცენტრალურ მცველს ურიგო შთაბეჭდილება არ დაუტოვებია.

დათოს მცირე ინტერვიუ ჩამოვართვით.

- დიდი ხანია, რაც რუსეთში ცხოვრობ?

- რუსეთში დავიბადე და გავიზარდე. სამწუხაროდ, საქართველოში არც მიცხოვრია.

- თუმცა ქართულად კარგად ლაპარაკობ. რუსეთში დაბადებულთა უმრავლესობა კი ენას ივიწყებს...

- რუსეთში კი ვცხოვრობ, მაგრამ დედაც ქართველი მყავს და ენა როგორ დავივიწყო.

- შენი ოჯახი რუსეთში როდის დასახლდა?

- ჩემები აფხაზეთში, გულრიფშში ცხოვრობდნენ. საქართველო ომის შემდეგ დატოვეს და მოსკოვში დასახლდნენ. მეც მოსკოვში დავიწყე თამაში.

თავიდან მოსკოვის "სპარტაკის" საფეხბურთო სკოლაში ვვარჯიშობდი. 13 წლის ვიყავი, როდესაც ოჯახი კიევში გადასახლდა და ჯერ კიევის "ობოლონის" საფეხბურთო სკოლაში შემიყვანეს, შემდეგ კი კიევის "დინამოს" აკადემიაში. იქ სკოლის დამთავრებამდე ვთამაშობდი.

- ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგაში" როგორ აღმოჩნდი?

- ნიჟნი ნოვგოროდიდან კარგი წინადადება გამოჩნდა. ჩავთვალე, რომ უკრაინიდან წამოსვლა აჯობებდა. რუსეთში მაინც უფრო მაღალი დონის ჩემპიონატია, პერსპექტივაც მეტია და 2010 წლის ბოლოს "ვოლგას" ახალგაზრდულ გუნდში ჩავირიცხე. მეორე სეზონი დაიწყო, რაც ნიჟნელთა დუბლებში ვთამაშობ. მიხარია, რომ წელს მუდმივი სათამაშო პრაქტიკა მაქვს.

- შარშანდელი ზაფხულიდან მოყოლებული, "ვოლგაში" ქართველებს არ სწყალობდნენ და შენ როგორ დაგტოვეს?

- მე რუსეთის მოქალაქე ვარ და საბედნიეროდ, არ შემხებიან. ჩვენი ბიჭები "ვოლგას" ლიდერები იყვნენ და მათ წასვლაზე გული მხოლოდ მე არ დამწყდა. ნიჟნი ნოვგოროდში გოგუა, სალუქვაძე, ხოჯავა ძალიან უყვარდათ. ისინი გუნდისთვის დიდ ძალას წარმოადგენდნენ.

სამწუხაროდ, ფეხბურთში ასეც ხდება. არადა, მათ დროს გუნდი ძალიან კარგ ფეხბურთს აჩვენებდა. კიდევ კარგი, "ვოლგაში" გია გრიგალავა მაინც დარჩა. გია ჩემი უფროსი მეგობარია, გულიანი ბიჭია და ყველაფერში გვერდში მიდგას.

- ხარ რუსეთის მოქალაქე და საქართველოში არც გიცხოვრია. ალბათ, ამის გამო ნაკრებში გამოძახება მოულოდნელი იქნებოდა...

- დიახ, ძალიან მოულოდნელი და სასიამოვნო სიურპრიზი იყო, რისთვისაც ოთარ კორღალიძეს დიდ მადლობას ვუხდი. რატომღაც, ვერ წარმომედგინა, რომ ეს შესაძლებელი იყო.

- სეზონის მსვლელობისას "ვოლგამ" როგორ გამოგიშვა?

- საბედნიეროდ, არანაირი პრობლემა არ შეუქმნიათ. პირიქით, როდესაც მწვრთნელს ვუთხარი, ჩემით საქართველოს ნაკრები დაინტერესდა-მეთქი, გულწრფელად გაუხარდა, ხელს როგორ შეგიშლი, წადი, ითამაშეო.

- შენი აზრით, ნაკრების შემადგენლობაში დამკვიდრებისა და ელიტრაუნდში თამაშის შანსი გაგაჩნია?

- ჩემს შანსებზე მწვრთნელმა ილაპარაკოს. მე კი გამოძახებისთვისაც მადლიერი ვარ. ყველანაირად შევეცდები, კორღალიძის ნდობა დავიმსახურო და ხორვატიაში წავიდე. მაგრამ პორტუგალიაში ვერ გავემგზავრები, რადგან რუსეთის მოქალაქე ვარ და საქართველოს პასპორტის აღებამდე ნაკრებში ოფიციალურ შეხვედრებს ვერ ჩავატარებ.

ამ საკითხის მოგვარებას კი გარკვეული დრო დასჭირდება.

სხვათა შორის, აქამდე უკრაინის ნაკრების ხელმძღვანელობა იყო დაინტერესებული, მაგრამ ამაზე თავი შევიკავე.

- რატომ?

- საამისო მიზეზი მქონდა. მე მხოლოდ საქართველოს ნაკრებში მსურდა თამაში. კორღალიძის მოწვევა მართლაც მოულოდნელი იყო, მაგრამ "ვოლგაში" გადასვლის შემდეგ იმედი გამიჩნდა, რომ ყურადღებას საქართველოშიც მომაქცევდნენ.

- საქართველოს ნაკრებმა შენზე რა შთაბეჭდილება დატოვა?

- მომეწონა საქმისადმი ბიჭების მიდგომა და თამაში. მაგრამ პირველივე ვარჯიშზე შევნიშნე, რომ ქართველები სულ სხვა ფეხბურთს თამაშობენ, ვიდრე მე ვარ შეჩვეული. მენტალიტეტიც აბსოლუტურად განსხვავებული აქვთ.

- კონკრეტულად რა განსხვავებას გულისხმობ?

- ნიჭიერი ბიჭები არიან. ვუყურებდი და ვფიქრობდი, რომ რუსეთში ბევრი მათგანი თავისუფლად ითამაშებდა. ქართველები რუსებს არ ჰგვანან, სხვაგვარი ფეხბურთი უყვართ, ლამაზად და ტექნიკურად თამაშობენ. მე ხომ უკრაინა-რუსეთში გამზარდეს, სადაც უფრო ათლეტური და ხისტი ფეხბურთია. ცხადია, ჩემთვის უცხო ფეხბურთთან შესაჩვევად გარკვეული დრო მჭირდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

16-წლამდე ნაკრებმა თურქული შეკრება დაასრულა
15-წლამდე ვაჟთა ნაკრები თურქეთში მიემგზავრება
U18 | სასელექციო შეკრება რუსთავში
"ნეიტრალური, მშვიდი ადგილი გვინდა" - დევისი და სმოლკინი ქორწილის გადახდას საქართველოში გეგმავენ
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია
"შავი ლომი" | 28 მორაგბით ინგლისში
"ტოტენჰემთან" მატჩში გიორგი მამარდაშვილი სასტარტოშია
ლევან კობიაშვილმა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
განშორება უკვე ზამთარში? - პსჟ-ში ზაბარნის თამაშით უკმაყოფილონი არიან
უკრაინელებს საქართველოსთან მატჩში შესაძლოა, მუდრიკთან ერთად დოვბიკიც ვერ დაეხმაროს
ისევ ნაკრებში იქნება - კაშია ვილი სანიოლის ერთ-ერთ ასისტენტად იმუშავებს
[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
კვარაცხელიას ყოფილმა მწვრთნელმა იური სიომინმა "ოქროს ბურთისთვის" ბრძოლაში თავისი ფავორიტები დაასახელა
არველაძე გამოირიცხა? - "ტრაბზონსპორს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე სხვა ფავორიტი ჰყავს
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
აბუაშვილი შეცვალეს - "მეცი" "რედ სტართან" დამარცხდა
მიქაუტაძის "ვილიარეალი" სახლში "ბეტისთან" დამარცხდა და მე-18 ადგილზეა
სერია A-ში ჩაკვეტაძის დებიუტი შედგა - "ინტერმა" "უდინეზეს" თამაში 0:2-დან შემოუტრიალა