გაზეთ "მიუნხენერ თაგესცაითუნგისთვის" მიცემულ ინტერვიუში შვაინიმ "დორტმუნდთან" მატჩზე ისაუბრა
შვაინშტაიგერი: "მოედანზე მოსაგებად გავალთ, თუმცა არც ფრე იქნება ცუდი შედეგი"

ბუნდესლიგის ბოლო 18 ტურიდან ბასტიან შვაინშტაიგერმა მხოლოდ ექვსში ითამაშა, რადგან "ბაიერნისა" და გერმანიის ნაკრების 27 წლის ლიდერს გასული წლის მიწურულს მიღებული ტრავმა ორჯერ გაუმიზეზდა.

ახლა კი შვაინი, როგორც იქნა, სრულად გამოჯანმრთელდა და შაბათს ხანგრძლივი პაუზის შემდეგ პირველად ითამაშა ძირითად შემადგენლობაში.

ბასტიანს იდეალური დაბრუნება გამოუვიდა, რადგან მიუნხენელებმა "აუგსბურგთან" დაგეგმილი სამი ქულა მოიპოვეს (2:1). თავად შვაინშტაიგერმა კი ძალიან კარგად ითამაშა, რაც თუნდაც მოგებული ორთაბრძოლების 79-პროცენტიან მაჩვენებელში აისახება. ამასთან, შვაინის პასების 94 პროცენტი ზუსტი იყო.

"ამ შეხვედრაში მან კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი ფიგურაა. მიხარია, რომ შვაინშტაიგერი ზუსტად იმ დროს გამოჯანმრთელდა, როცა ყველაზე მეტად გვჭირდება," - თქვა კვირას ბავარიული გრანდის სპორტულმა დირექტორმა კრისტიან ნერლინგერმა.

მართლაც, შვაინშტაიგერი ზუსტად საჭირო დროს გამოჯანმრთელდა, რადგან "ბაიერნს" სწორედ ახლა ელის ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრები. ხვალ მიუნხენელები დორტმუნდის "ბორუსიას" სტუმრობენ და ეს მატჩი ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონის ცენტრალური, ფაქტობრივად, ჩემპიონობის ბედის გადამწყვეტი შეხვედრაა. მერე კი ბუნდესლიგის დასკვნით მატჩებთან ერთად, "ბაიერნს" მადრიდის "რეალთან" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური დუელები და გერმანიის თასის ფინალიც ელის.

გაზეთ "მიუნხენერ თაგესცაითუნგისთვის" მიცემულ ინტერვიუში შვაინიმ სწორედ "დორტმუნდთან" მატჩზე ისაუბრა.

- ჰერ შვაინშტაიგერ, "ბაიერნს" "აუგსბურგის" დამარცხება აშკარად გაუჭირდა. რატომ?

- პირველ ტაიმში ზედმეტად მოშვებულები ვიყავით და თანაც, "აუგსბურგს" ცუდი გუნდი ნამდვილად არ ჰყავს. თუმცა მოვიგეთ და მთავარიც ესაა. "ბაიერნისთვის" ახლა თითოეულ გამარჯვებას ოქროს ფასი აქვს და სიმართლე გითხრათ, ჩემთვის სულერთია, გაგვიჭირდა თუ არა.

- თებერვლის შემდეგ ძირითად შემადგენლობაში პირველად გიხილეთ. ფიზიკურად თავს როგორ გრძნობთ?

- არ მეგონა, თუ 90 წუთს გავუძლებდი - რაც უნდა იყოს, ტრავმა ახალი მოშუშებული მაქვს და სათამაშო პრაქტიკაც არ მქონია. მაგრამ როგორც ხედავთ, თამაში უპრობლემოდ ჩავამთავრე და სხვათა შორის, დაღლა არც ბოლო წუთებში მიგრძვნია.

იმის თქმა მინდა, რომ ფიზიკურად კარგ ფორმაში ვარ, თუმცა შესაძლებლობების მაქსიმუმს ჯერ კიდევ ვერ ვავლენ. ეს არცაა გასაკვირი, რადგან ხუთი თვეა, ფეხბურთი ხეირიანად არ მითამაშია.

- ტრავმა რამდენჯერმე გაგიმიზეზდათ...

- საკმარისად გამოცდილი ვარ იმისათვის, რომ ასეთი სიტუაციები გადავიტანო. "ბაიერნს" საუკეთესო ექიმები ჰყავს და არაფერზე მინერვიულია. ახლა ურთულესი მატჩები გველის და თამამად ვიტყვი, რომ ასი პროცენტით მზად ვარ.

- ოთხშაბათს დორტმუნდის "ბორუსიას" სტუმრობთ...

- "ბაიერნმა" ზედიზედ 9 ოფიციალური მატჩი მოიგო და ეს სერია უნდა გაგრძელდეს. ფაქტია, რომ დორტმუნდში გამარჯვება ძალიან ძნელი იქნება, მაგრამ გული მიგრძნობს, რომ მოვიგებთ. და როგორც გითხარით, არ მაინტერესებს, როგორ მოვახერხებთ გამარჯვებას - დორტმუნდიდან სამი ქულით უნდა დავბრუნდეთ.

ვინც ფიქრობს, რომ გერმანიის ჩემპიონის ვინაობას ეს მატჩი გაარკვევს, ცდება, რადგან სხვა მატჩებიც მოსაგები იქნება, მაგრამ ფაქტია, რომ დორტმუნდში აუცილებლად უნდა მოვიგოთ. არც ფრეთი დავრჩები უკმაყოფილო, რადგან მჯერა, რომ "ბორუსია" კიდევ წაიბორძიკებს, მაგრამ მოედანზე მხოლოდ მოსაგებად გავალთ.

- როგორ უნდა მოუგოს "ბაიერნმა" "დორტმუნდს"?

- "ბორუსია" მაგარი გუნდია და ამით ახალს არაფერს ვამბობ, მაგრამ ჩვენ კარგად ვიცნობთ როგორც დორტმუნდელების ძლიერ, ისე სუსტ მხარეებსაც. იურგენ კლოპის გუნდი ძალიან კარგად შევისწავლეთ. ასე რომ, თუ ჩვენს თამაშს ვითამაშებთ და გავაკეთებთ იმას, რაც შეგვიძლია, დორტმუნდში მოვიგებთ. თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ამისათვის თითოეულმა ჩვენგანმა მაქსიმალურად უნდა მოინდომოს.

- ზედიზედ ცხრა გამარჯვება ახსენეთ და საინტერესოა, როგორ უმკლავდება გუნდი ასეთ დატვირთვას - "ბაიერნი" ხომ ყოველ სამ დღეში ერთხელ თამაშობს?

- მართალია, ძირითად შემადგენლობაში როტაციას ჰქონდა ადგილი, მაგრამ მონდომება არცერთ მატჩში არ გვაკლდა. "ნიურნბერგთან" და "აუგსბურგთანაც" უდიდესი კონცენტრაციით ვითამაშეთ.

გუნდში საბრძოლო განწყობაა და ყველანი ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ სამივე ტიტული მოვიგოთ. მართალია, ტიტულებამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია, ეს უფრო ბუნდესლიგას და ჩემპიონთა ლიგას ეხება, მაგრამ ისიც ცხადია, რომ სეზონის ფინიში ძალიან დაძაბული იქნება. ახლა "დორტმუნდს" ვეთამაშებით, მერე "ვერდერს", რის შემდეგაც "რეალი" გველოდება... მაგრამ მე სწორედ ასეთი მატჩები მიყვარს!

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"გერმანია არასაკმარისად თეთრი" და "არასაკმარისად გერმანულია"? - კლოპმა კრიტიკოსებს უპასუხა
ახალი კონტრაქტი ოლისეს - ფრანგი "ბაიერნში" შესაძლოა, ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდეს
გადაიხდის "ბაიერნი" ჰოლანში 220 მილიონს?
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
ჩრდილოეთ ირლანდიის მწვრთნელი: წინ კარგად მივიწევთ და მგონია, ხვალ საღამოსაც წარმატებას მივაღწევთ
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEO] გიორგი სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
"ხალხი თამაშებზე მის გამო დადის, ამიტომ "ოქროს ბურთი" მან უნდა მოიგოს" - ჩეხეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა