კიევის "არსენალის" ქართველი ლეგიონერი, სტატისტიკის მიუხედავად, გუნდში თავს საუკეთესოდ არ მიიჩნევს
საქართველოს ნაკრებისა და კიევის "არსენალის" შემტევი ნახევარმცველი სანდრო კობახიძე უკრაინელ ჟურნალისტთა ყურადღების ცენტრშია - ქართველმა ლეგიონერმა თავისი კლუბის მაისურით ჩემპიონატის ბოლო ტურში თანაქალაქელ "ობოლონთან" დუბლი შეასრულა, რითაც "მეთოფეების" გამარჯვებაში (4:1) დიდი წვლილი შეიტანა და გუნდის ევროთასებზე გასვლის შანსებიც გაამყარა.

შეგახსენებთ, რომ კიევის "არსენალი" უკრაინის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში 41 ქულით მეხუთე პოზიციას იკავებს და წინ მყოფ "დნიპროს" მხოლოდ ქულით ჩამორჩება.

სანდრომ უკრაინულ "ჩემპიონატ.ქომს" ინტერვიუ მისცა, სადაც კიევის "არსენალში" შიდა კონკურენციაზე, თავის მიზნებსა და ამ სეზონში გუნდის ამოცანებზე ისაუბრა.

- მოელოდით, რომ "ობოლონთან" გამარჯვებას ასეთი გამანადგურებელი ანგარიშით შეძლებდით?

- საერთოდ, თამაშის წინ მეტოქის დიდი ანგარიშით განადგურებას იშვიათად ვგეგმავთ (იცინის). ამაზე არც "ობოლონთან" მატჩის წინ გვიფიქრია.

მთავარია, სამი ქულა მოვიპოვეთ. რა თქმა უნდა, ბევრი გოლის გატანა ყოველთვის სასიამოვნოა, მაგრამ ამ ეტაპზე უფრო მნიშვნელოვანი გამარჯვებაა.

- ამ თამაშში დუბლი შეასრულეთ. საერთოდ კი, ხუთი გატანილი გოლითა და ორი შედეგიანი გადაცემით, "არსენალში", "გოლი+პასის" მაჩვენებლის მხრივ, ერთ-ერთი საუკეთესო ხართ. ჩემპიონატის დაწყებამდე ფიქრობდით, რომ ასეთი წარმატებული სეზონი გამოგივიდოდათ?

- სტატისტიკა, რა თქმა უნდა, სასიამოვნოა, მაგრამ გუნდში თავს საუკეთესოდ ნამდვილად არ მივიჩნევ. გუნდში ყველა ბრწყინვალე ფორმაშია და ასეთად ნებისმიერი ჩვენგანის დასახელება შეიძლება. პარტნიორები, რომლებთანაც მოედანზე ვარ, გუნდის წარმატებისთვის არანაკლებს აკეთებენ, ვიდრე მე. ახლაც, რომ არა შაცკიხი, მე და ოდიბე "ობოლონისთვის" ორ-ორი გოლის გატანას ან შევძლებდით და ან - არა. ამიტომ გუნდის ბოლოდროინდელი შედეგების რომელიმე ერთისთვის მიწერა მართებული არ იქნება. მთლიანობაში კოლექტივმა ითამაშა კარგად.

- თქვენთვის საყვარელი შემტევი ფლანგელის პოზიციაა, თუ თავის მოსინჯვას სუფთა ფორვარდის ადგილზეც ისურვებდით?

- ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა, სად ვითამაშებ - მარცხნივ თუ მარჯვნივ. მთავარია, შეტევაში ფლანგიდან ვერთვებოდე.

რა თქმა უნდა, ზოგჯერ არის მატჩები, სადაც მეტ ყურადღებას დაცვას ვუთმობთ, მაგრამ უფრო მეტად შემტევ სტილს ვირჩევთ და თავს ყველაზე კომფორტულად სწორედ ასეთ თამაშებში ვგრძნობ.

- როგორ ფიქრობთ, ჩემპიონატის ფინიშზე "არსენალს" ყველაზე რთული მატჩი ვისთან ელის?

- თითოეული მატჩი ჩვენთვის ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა მაინც გამოვარჩევ დონეცკის "მეტალურგთან" სტუმრად გასამართ დაპირისპირებას, რომელიც ევროპის ლიგის ზონის ბედს განსაზღვრავს.

- შეიძლება იმის თქმა, რომ "არსენალს" ძირითადი შემადგენლობა არ ჰყავს? თვით გუნდის კაპიტან მაქსიმ შაცკიხსაც კი არ აქვს გარანტირებული სასტარტოში ადგილი...

- ამაში გეთანხმებით. ჩვენს გუნდში მართლაც დიდი კონკურენციაა. სხვა მხრივ კი, შეიძლება ითქვას, რომ ყველა ფეხბურთელი ძირითადი შემადგენლობის მოთამაშეა. დღეს ერთი თამაშობს, ხვალ - მეორე. ეს ნორმალული კონკურენციაა, რომელიც თითოეულ მოთამაშეს აიძულებს, მოუმატოს.

გაზაფხულზე რთული გრაფიკი გვაქვს და ამიტომ მწვრთნელებს მუდმივად უხდებათ შემადგენლობის ცვლა. მხოლოდ მთავარი მწვრთნელი წყვეტს, ვინ დააყენოს ძირითადში, მაგრამ იმდენად კარგი კოლექტივი გვყავს, რომ ვინც უნდა გამოვიდეს მოედანზე, ბოლომდე თავს დებს.

- არ გწყინთ, როდესაც სათადარიგოთა შორის ხართ?

- სკამზე ჯდომა არავის მოსწონს და გულის სიღრმეში ყველა განიცდის ამას, მაგრამ ეს ნორმალური საფეხბურთო ცხოვრებაა. მთავარია სწორი დასკვნები გააკეთო და თითოეულ ვარჯიშზე დაამტკიცო, რომ ძირითადში ყოფნას იმსახურებ.

ასეთ სიტუაციებში თუკი ვბრაზდები, მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ თავზე. ე.ი. რაღაც ისე ვერ გავაკეთე...

- "არსენალს" როგორ შეეწყო ადიია? ეხმარებით ახალწვეულს კიევთან შეგუებაში?

- მეც ლეგიონერი ვარ და მეოთხე წელია, უკრაინაში ვთამაშობ. აქ სპეციფიკური ჩემპიონატია და თავიდან გიჭირს, მაგრამ შემდეგ დროთა განმავლობაში ეჩვევი.

ადიია ჩვენგან სრულფასოვან მხარდაჭერას იღებს, თუმცა მომავალში ყველაფერი თავად მასზე იქნება დამოკიდებული.

- საქართველოს ნაკრები როდის იწყებს მომავალი შესარჩევი ციკლისთვის მზადებას?

- მაისის შუაში შეკრება გვაქვს დაგეგმილი, რომლის ფარგლებშიც ორ მატჩს (ერთი თურქეთის ნაკრებთან ავსტრიაში) გავმართავთ. ეს შეკრება მსოფლიოს 2014 წლის საკვალიფიკაციო ეტაპის სამზადისის დასაწყისი იქნება.

[VIDEO] გოგლიჩიძის გარეშე და ჩაკვეტაძის ერთი ტაიმი - "უოტფორდმა" სახლში "იფსვიჩთან" წააგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია სრულიად განსხვავებული ფეხბურთელია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა