თბილისის "ლოკომოტივი" ამაყობს, რომ საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების ბირთვს მისი მოთამაშეები შეადგენენ
არც ისე დიდი ხნის წინ თბილისის "ლოკომოტივი" უმაღლესი ლიგის ამბიციური კლუბი იყო. ახალგაზრდა ბიზნესმენი ლექსო თოფურია თანამედროვე კლუბს ქმნიდა. საგურამოში მშვენიერი ბაზა ააშენა. გუნდი სულ მოწინავეთა შორის იყო და გულშემატკივარიც მრავლად ჰყავდა.

ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ქართულ ფეხბურთს ბოლო წლებში გაუზარდა ლევან ყენია, დაუბრუნა რატი ალექსიძე, გამოაჩინა საინტერესო მწვრთნელები - გელა სანაია, გიორგი კიკნაძე და ზაზა ზამთარაძე.

სამწუხაროდ, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ "ლოკომოტივს" ფინანსური პრობლემები შეექმნა და გუნდს დაშლის რეალური საფრთხე შეექმნა. თუმცა თოფურიამ საინტერესო გამოსავალი იპოვა: რადგან გამოცდილ მოთამაშეებს ფულს ვერ უხდიდა, აქცენტი ნიჭიერი ახალგაზრდების გაზრდაზე გადაიტანა და წარმოაჩინა თაობა, რომელიც ამჟამად საქართველოს 17-წლამდელთა ბირთვს შეადგენს.

მცველ ნიკა ჭანტურიას, ნახევარმცველებს: გიორგი გოროზიას, მათე ცინცაძეს, დათო დარციმელიას, დავით ჯიქიასა და თავდამსხმელ ალეკო მზევაშვილს პირველ ლიგაში მუდმივი სათამაშო პრაქტიკა მისცეს, გაზარდეს და ქართული ფილმის, "პირველი მერცხალის" პერსონაჟის, იასონ კვირკველიას თქმის არ იყოს, "ბიჭებიც ბდღვნიან ყველაფერს". მათ ხომ ახლახან საქართველოს უდიდესი სიხარული აჩუქეს - ელიტრაუნდში ესპანეთის, ინგლისისა და უკრაინის ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს და ევროპის ჩემპიონატის ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვეს.

თოფურიამ ლამის შეუძლებელი შეძლო - პირველი ლიგის "ლოკომოტივი" დღეს უფრო აქტუალური და საინტერესოა, ვიდრე უმაღლესი ლიგის ბევრი გუნდი.

"ლოკომოტივის" სპორტული დირექტორი გელა სანაია გუნდის პერსპექტივაზე გველაპარაკება:

- ჩრდილში დიდხანს არ ყოფილხართ: ახლა "ლოკომოტივის" მოთამაშეებით ევროპელებიც დაინტერესდნენ...

- ეს ლექსო თოფურიას დამსახურებაა. კლუბის კარგად გათვლილმა საკადრო პოლიტიკამ ორ წელიწადში შედეგი გამოიღო. დღეს საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების ბირთვს ჩვენი მოთამაშეები შეადგენენ და ცხადია, ეს გვეამაყება.

მიმაჩნია, რომ გამორჩეულად ნიჭიერი თაობა იზრდება, რომელიც ქართულ ფეხბურთში თავის სიტყვას აუცილებლად იტყვის. აქვე ვიტყვი, რომ კიდევ ბევრი საინტერესო მოთამაშე გვყავს, რომლებიც ნაკრებში ვერ მოხვდნენ, მაგრამ მიმაჩნია, რომ მათ არანაკლები პერსპექტივა აქვთ.

ჩვენ მხოლოდ ერთი თაობის იმედად არ ვართ. ახლახან ანთალიაში საერთაშორისო ტურნირი დასრულდა, რომლის ორგანიზატორიც მოსკოვის ფეხბურთის ფედერაცია იყო. მიწვეულები იყვნენ რუსული, ყაზახური და სხვა პოსტსაბჭოური ქვეყნების საფეხბურთო სკოლები.

1996 წელს დაბადებულთა გუნდმა, რომელსაც ლაშა ჭაღიაშვილი ავარჯიშებს, მოსკოვის "ლოკომოტივი", "სოკოლი", "ხიმკი", უსტ-კამენოგორსკის გუნდები დაამარცხა, ფინალში კი პენალტებით უფის აკადემიას მოუგო და ტურნირის გამარჯვებული გახდა.

1998 წელს დაბადებულთა შორის კი მიშა კობალაძის გაწვრთნილმა "ლოკომოტივმა" მე-3 ადგილი დაიკავა. ასე რომ, ნიჭიერი თაობა გვეზრდება და იმედიანად ვართ.

- სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

- წელს პირველი ლიგიდან არ გავვარდებით. მომავალი სეზონისთვის ვითარებას გადავხედავთ და გამორიცხული არაა, უმაღლესში დასაბრუნებლად ვიბრძოლოთ. ამის პოტენციალი გუნდს გააჩნია. "ლოკომოტივის" ბირთვს 17-წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელები შეადგენენ. ნიჭიერი თაობის გარდა, ჩვენ ზურგს კარგი ინფრასტრუქტურაც გვიმაგრებს - "ლოკომოტივის" მსგავსი ბაზა საქართველოში თითქმის არავის აქვს. ასე რომ, სამომავლოდ დიდი გათვლები გვაქვს.

- ეს ყველაფერი კარგი და "ლოკომოტივს" ფინანსური პრობლემები აღარ აწუხებს?

- საბედნიეროდ, ეს საკითხი უკვე მოგვარდა. "ლოკომოტივს" ნამდვილად აღარ აქვს ისეთი მძიმე ფინანსური მდგომარეობა, ჩემი მთავარი მწვრთნელობის დროს რომ იყო. ახლა ბევრად უკეთესად ვართ, ხელფასები დროულად გაიცემა, შეკრებებსა და სავარჯიშო პროცესს უპრობლემოდ ვატარებთ. ლექსო თოფურია გუნდზე გადაყოლილია და ნელ-ნელა "ლოკომოტივი" კვლავ ფეხზე დააყენა.

- 17-წლამდელთა ნაკრების წარმატებამ მოთამაშეების მიმართ ინტერესი გაზარდა?

- სხვათა შორის, ინტერესი ელიტრაუნდამდეც იყო, რადგან ეს ბიჭები სანაკრებო და საკლუბო ტურნირებში ხშირად მონაწილეობდნენ. "ლოკომოტივი" ხომ ყოველწლიურად ბარსელონას ტურნირზე დადის. მაგრამ ახლა ინტერესი გაორმაგებულია და თუ ნაკრები ევროპის ჩემპიონატზეც წარმატებით ითამაშებს, კიდევ უფრო გაიზრდება.

- რომელიმე მოთამაშეზე კონკრეტული წინადადება თუ გაქვთ?

- ახლა ამ საკითხზე ლაპარაკი მიზანშეწონილი არ არის. ბავშვებმა ევროპის ჩემპიონატზე უნდა ითამაშონ და მხოლოდ თამაშებზე უნდა იფიქრონ.

- ელიტრაუნდის დასრულებიდან მესამე დღეს 17-წლამდელთა ნაკრების 6 ფეხბურთელი "ლოკომოტივთან" ერთად ბარსელონას ტურნირზე გაემგზავრა. ამ ბიჭების გადაღლის საფრთხე არ იყო?

- ტურნირზე ჩვენი გამგზავრება დაიგეგმა მანამ, ვიდრე ნაკრები ელიტრაუნდში მოხვდებოდა და ვერც ვივარაუდებდით, რომ ტურნირის დასრულებიდან მესამე დღეს მოუწევდათ გამგზავრება.

რა თქმა უნდა, კლუბს საკუთარი ინტერესი გააჩნია, მაგრამ ნაკრების ინტერესი საკლუბოზე მაღლა დგას და ამას ყოველთვის ვითვალისწინებთ.

ჩვენც არ გვსურდა ბავშვების გადაღლა და მერწმუნეთ, ამაზე ნერვიულობა არ ღირს, რადგან ეს ექვსეული ბარსელონაში დიდად არც დატვირთულა. ბავშვებს დასვენებისა და ძალების აღდგენის შანსი მიეცათ. მათ კლუბშიც და ნაკრებშიც მძიმე სეზონი ჰქონდათ და მათი ფსიქოლოგიური მდგომარეობა გავითვალისწინეთ. თანაც, ახლა მორიგი სანაკრებო შეკრება ეწყებათ.

შეიძლება ითქვას, რომ ამ ბიჭებმა ესპანეთში გამგზავრება დაიმსახურეს და კატალონიაში ამიტომ უფრო გავუშვით.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ramo
ეს თოფურია რა საინტერესო პიროვნება ყოფილა, სუფთა იმედის გმირების პერსონაჟია. სახელის დარქმევით რა იცვლება? არც დინამოა რუსული სახელი, არც ტორპედო და არც ლოკომოტივი. მით უმეტეს კომუნისტური.
arthili
აბა რა დავარკვათ-ბარემ თკვით
tsilo7
წილოსანმა რა დააშავა ბირთვიო რო იძახით
manguli
ქართული გუნდები იმპერიული ხიბლიდან ვერ გამოდიან. სხვა რას შეიძლება მივაწეროთ ამდენი დინამო, ტორპედო,მეტალურგი, ლოკომოტივი. თავისუფალ საქართველოში ღმერთი ასეთ აზროვნებას გამარჯვებას არ აღირსებს.მე მგონი ღირს ამაზე დაფიქრება!
19-წლამდელთა წილისყრა ნიონში
[VIDEO] ახალგაზრდულმაც წააგო, თან მოლდოვასთან 3 გოლი გაუშვა
[VIDEO] U19. სამი გოლი კომპენსირებულ დროში - საქართველოს ნაკრები ისლანდიასთან დამარცხდა
"კუნძულები ჩვენია" - გამარჯვებულმა არგენტინელებმა მოედანზე ბანერი გაიტანეს
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ესტონეთი დაამარცხა
სალაჰი შეიძლება პრემიერლიგიდან არ წავიდეს
საფრანგეთის ნაკრებს მუნდიალის შემდეგ ზინედინ ზიდანი ჩაიბარებს
ოფიციალურად: ტილემანსი "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელია
ვიეირა: ფრანგი ფეხბურთელები ყველანი გაქრნენ
[VIDEO] "იბერია 1999"-მა "ფლორას" ბარიერი გადალახა - ასეთი თამაშით "სლოვანის" ძლევა ძალიან გაუჭირდებათ
ტერი: ინგლისი არგენტინაზე უკეთესია - ბელინგემი ზიდანს მომაგონებს
17-წლამდე ძალოსანთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე 14 მედალი მოიპოვა
დაბრუნება მშობლიურ გუნდში - აზარი ლიგა 1-ში ითამაშებს
"ბარსელონამ" შესაძლოა, საშინაო მატჩები ოლიმპიურ სტადიონზე კვლავ გამართოს
"პერესს ვურჩიე, თუ ერთ ფეხბურთელზეა ფული დასახარჯი, ის შეიძინოს" - მაკელელემ ფავორიტი დაასახელა
დღეს მბაპე VS იამალი, ხვალ კეინი VS მესი - ნახევარფინალების PREVIEW
ფერანის მორიგი გაშორება - ტორესმა ქალებთან ურთიერთობა ვერაფრით დაალაგა
იტალიის ნაკრებს სავარაუდოდ, პირლოს ჩააბარებენ
ალისონის წასვლა მაინც შესაძლებელია? - "ლივერპული" ბრაზილიელის გაშვებას მხოლოდ ერთ შემთხვევაში დათანხმდება
მე-3 კლასში სკოლის მიტოვება მოუწია - ოსიმენმა თქვა, რას აპირებს კარიერის დასრულების შემდეგ
შედგება თუ არა თოფურიასა და გეიჯის რემატჩი - ამერიკელი მებრძოლის აგენტმა ყველაფერი განმარტა
ეს ხუმრობა როდია - სენეგალის ნაკრების ექიმი გინეკოლოგი ყოფილა
"ტორპედომ" შულაია დაიმატა