საგარეჯოში მეკოკიშვილის სახელობის დარბაზში თავისუფალ ჭიდაობაში აბსოლუტური პირველობა ჩატარდა
12 აპრილს სახელოვან ქართველ ფალავანს, მსოფლიოსა და ოლიმპიურ ჩემპიონ არსენ მეკოკიშვილს დაბადებიდან 100 წელი შეუსრულდებოდა, რაც მის მშობლიურ საგარეჯოში ღირსეულად აღნიშნეს - მეკოკიშვილის სახელობის დარბაზში ჩატარდა აბსოლუტური პირველობა თავისუფალ ჭიდაობაში. შუალედში კი ძველმა თუ ახალი თაობის მოჭიდავეებმა ყვავილებით შეამკეს დიდი ჩემპიონის საფლავი.

შეჯიბრება თავისუფალი სტილით მოჭიდავეთათვის ცოტა უხერხულ დროს დაემთხვა - ეროვნული ნაკრები 20-22 აპრილს სოფიაში გასამართი ევროპის ზონის საკვალიფიკაციო ტურნირისთვის ემზადება.

ამიტომ ამ შეჯიბრებისთვის მონაწილეთა გამოთავისუფლება ცოტა ძნელი საქმე იყო, თუმცა საბოლოოდ კომპრომისულმა ვარიანტმა გაიმარჯვა და მძიმე წონაში გუნდის უმთავრესი ლიდერის, მსოფლიოს პრიზიორი დავით მოძმანაშვილის გარდა, წონის სხვა ფავორიტებმა იჭიდავეს. ოღონდ ჩემპიონი არა მძიმეწონოსანი, არამედ 96-ის ფალავანი ელიზბარ ოდიკაძე გახდა.

ტურნირში სულ რვა მონაწილე გამოდიოდა, რომლებიც ორგანიზატორებმა ორ ჯგუფად დაჰყვეს. საბედნიეროდ, დარბაზში შეკრებილმა ბლომად მაყურებელმა საკმაოდ დაძაბული, ლამაზი შეხვედრები იხილა.

ორგანიზატორებმა მონაწილეები კი განთესეს, მაგრამ ახალგაზრდებში ევროპის ჩემპიონსა და მსოფლიოს მედალოსან გიორგი საკანდელიძეს ოდიკაძესთან შეხვედრაში ამანაც ვერ უშველა და ჯგუფში მეორეზე დარჩა, რითაც ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის უფლებაღა შერჩა. ფინალის საგზური კი ოდიკაძემ მოიპოვა.

მეორე ჯგუფში მსოფლიოს ბრინჯაოს პრიზიორმა ლევან ბერიანიძემ ფავორიტის იმიჯი ბოლომდე გაამართლა და ყველა მეტოქეს აჯობა, რითაც ოქროსთვის ბრძოლის უფლება მოიპოვა. აქ ჯგუფში მეორეზე ლევან სეთურიძე გავიდა, ანუ ბრინჯაოსთვის ბრძოლაში საკანდელიძეს დაუპირისპირდა.

ამ შეხვედრის პირველი პერიოდი დაძაბული და უცნაური პერიპეტიებით აღსავსე გამოდგა. ყველაფერი კი მაშინ დაიწყო, როცა პერიოდის მიწურულს სეთურიძე ფეხში შევიდა. საკანდელიძე მედგრად დაუხვდა და კონტრილეთზე უკუგდება დაუპირა, მაგრამ ბოლომდე ვერ დაასრულა, თუმცა გდება ნამდვილად გააკეთა. უბრალოდ, სეთურიძემაც მოახერხა თავის დაცვა და გდების დასასრულს მეტოქე პირდაპირ დასვა ლეიბზე. მსაჯებმა თავდაპირველად 2:0 შეაფასეს სეთურიძის სასარგებლოდ და პერიოდიც ასე დასრულდა, მაგრამ მერე ეპიზოდი განიხილეს და საბოლოოდ ასეთი ანგარიში დაადგინეს - 2:1 უკვე საკანდელიძის სასარგებლოდ.

მეორე პერიოდში ბრძოლა, არსებითად, არც ყოფილა - საკანდელიძემ ზედიზედ ორჯერ წრიდან გაიყვანა მეტოქე და 2:0 დაწინაურდა. მალე ამას 2-ქულიანიც მიაყოლა და ანგარიში 4:0 გახადა. ამის მერე ოდნავ მოეშვა და ტაქტიკურ ჭიდაობაზე, დროის გაყვანაზე გადავიდა. სეთურიძე ამ პერიოდში ორჯერ შევიდა ფეხში და თითოქულიანზე გადაიყვანა, მაგრამ ვერც პერიოდის და ვერც შეხვედრის გადარჩენა ვერ შეძლო. ამდენად, ტურნირის მესამე პრიზიორი გიორგი საკანდელიძე გახდა, რომელმაც ჯილდოდ 700 ლარიც მიიღო.

ფინალი საკმაოდ დაძაბული გამოდგა და 100-კილოგრამიანმა ოდიკაძემ არათუ რამე დაუთმო 135-კილოგრამიან ბერიანიძეს, აჯობა კიდეც. აქ არ ყოფილა თავბრუდამხვევი ტემპი და ილეთების კორიანტელი, თუმცა შეხვედრას სიმწვავე პირველიდან ბოლო წუთამდე არ დაუკარგავს. უფრო მოქნილსა და მოძრავ ოდიკაძეს წარმატება ფეხში შესვლამ მოუტანა - ამით გაიმარჯვა პირველ პერიოდში (1:0) და ამითვე მოიპოვა მომგებიანი ქულა მეორეში.

თუმცა მეორეში ერთხელ თავადვე ემსხვერპლა საკუთარ ილეთს - ფეხში კი შევიდა, მაგრამ მეტოქე ქულაზე ვერ გადაიყვანა. ამასობაში ბერიანიძე იქით გადავიდა შეტევაზე და ოდიკაძე გადაიყვანა ჩოქბჯენში - 1:0.

პერიოდი ასეც მთავრდებოდა და თითქოს დამატებით დროს წინ არაფერი ედგა, მაგრამ ოდიკაძე კიდევ ერთხელ შევიდა ფეხში, ამჯერად კარგადაც აიყვანა და ქულაც მიითვალა. ამით ანგარიში გათანაბრდა, თუმცა ბოლო ქულის დამსახურებით მოგება ოდიკაძეს დარჩა.

მან ჯილდოდ 2000 ლარი მიიღო, ბერიანიძე კი 1000-ს დააჯერა. ოდიკაძემ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისგან სპეციალური პრიზიც მიიღო, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა გურამ საღარაძემ კი სადღეისოდ საგარეჯოელთა ყველაზე წარმატებული ფალავანი, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი დავით ხუციშვილი (74) და მისი მწვრთნელი რევაზ ასაბაშვილი საკუთარი წიგნით დააჯილდოვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

კონსტანტინე პეტრიაშვილმა 23-წლამდელთა შორის მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
[VIDEO] დვალიშვილი სეხუდოსთან 35 წამში დამარცხდა
[VIDEO] ნუთუ ილიასთან ბრძოლაზე ფიქრობდა? - ცარუკიანი საჩემპიონო ბრძოლაში დამარცხდა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
"დაბრუნდები ისე მაგრად, როგორც დიდ ჩემპიონს ეკუთვნის!" - ნონა გაფრინდაშვილმა ხვიჩა კვარაცხელიას მიმართა
ლიგა 1-ში პსჟ-ის მორიგ შეხვედრას სავარაუდოდ, გადადებენ
როგორ მოქმედებს SEO ოპტიმიზაცია ბიზნესის განვითარებაზე?
"ის "ოქროს ბურთის" უდავო გამარჯვებულია" - რაისმა თავისი ფავორიტი დაასახელა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...