დანიური "ორჰუსის" 24 წლის ქართველი შემტევი ტრავმიანობამ გააწვალა
ფეხბურთი ცხოვრებასავითაა და რა აღარ ხდება. ეს ოხერი ყისმათი კი ყველგან და ყოველთვის საჭიროა. ფეხბურთელისთვის უმთავრესი, ალბათ, ჯანმრთელობაა, მერე კი სხვა დანარჩენი. ფეხბურთიც ისეთი სპორტია, სადაც პროფესიონალი ჯანმრთელობის რისკზე მიდის.

დავით დევდარიანი 24 წლის გახლავთ. ნიჭი, ღმერთის წყალობით არ აკლია, მაგრამ იღბალი ჯერჯერობით ნაკლებად თუ სწყალობს. უპრობლემოდ ფეხბურთიც არ ვარგა, მაგრამ ზღვარი აქაც უნდა იყოს.

დევდარიანი დანიური სუპერლიგის გუნდის, "ორჰუსის" ფეხბურთელია. საქართველოს ეროვნულ ნაკრებშიც უთამაშია, მაგრამ ტრავმიანობა არა და არ ეშვება. ახლაც მაგ დღეშია.

"ჯერ არ ვიცი, როდის დავიწყებ თამაშს, რეაბილიტაციის პერიოდი გრძელდება. ოპერაცია შარშან დეკემბერში გამიკეთეს. მუხლი ქრონიკულად მაწუხებდა, არ მივხედე. დასვენება სჭირდებოდა, თუმცა ვარჯიშსა და თამაშს მაინც ვაგრძელებდი.

მუხლიც გაღიზიანდა, წამონაზარდი გამიჩნდა და ოპერაცია აუცილებელი შეიქნა. სპეციალური ტრენაჟორები, ველოსიპედი და ცოტაც ცურვა - ასეთნაირად ვცდილობ ტონუსში ყოფნას და ეს სარეაბილიტაციო პროცესშიც შედის.

სავარაუდოდ, ზაფხულის არდადეგების შემდეგ შევძლებ გუნდთან ერთად ვარჯიშის დაწყებას", - გვითხრა დანიაში მყოფმა დევდარიანმა სატელეფონო საუბრისას.

დათო ოთხი წლის წინ წავიდა "ორჰუსში". მანამდე ის რუსთავის "ოლიმპის" ფეხბურთელი იყო. ოთხი წელი ცოტა არ არის. ეს არის პერიოდი, როცა კარგად ეგუები ერთ სამყოფელს და შემდეგ, თუ ამბიცია და ახლის შეცნობის სურვილი გაქვს, სხვაგან გინდება ფეხის მოკიდება.

"იყო რაღაც შანსი, სხვა ქვეყანაში რომ წავსულიყავი, მაგრამ წინსვლისთვის აუცილებელია არცთუ მცირე დროით სტაბილურად თამაში.

რამდენჯერაც სტაბილურად ავთამაშდი, სულ რაღაც დამემართა. კი მინდა უკეთეს ლიგაში თამაში, თუმცა ტრავმების გამო ეს ჯერ ვერ ხერხდება. კლუბის და ქვეყნის გამოცვლა მსურს, უფრო მაღალ დონეზეც უნდა მოვსინჯო ძალა".

დანია სოციალურად მოწინავე ქვეყანაა და ევროპულ ფეხბურთშიც ეთქმის სიტყვა. დანიელებს რახანია აქვთ თვითმყოფადი საფეხბურთო კულტურა, თავიანთი ნიშა უკავიათ და საქართველოდან იქ წასვლა ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის სასარგებლო უნდა იყოს. დანია რუსეთი და უკრაინა არ არის, ფეხბურთელი იქ წასვლით რომ გამდიდრდეს. სამაგიეროდ, ჩინებული სარბიელია, მოწინავე ევროპულ ლიგას თუ უმიზნებ.

"დანიაში გატარებულმა ოთხმა წელმა საკმაოდ ბევრი მომცა. დანიაში რომ ჩავედი, თავს მარტოდ ვგრძნობდი, მოწყვეტილი ვიყავი ახლობლებს, ბავშვობის მეგობრებს. ასეთ დროს არ არის ადვილი წარმატების მიღწევა. ასეთი სირთულეები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ პიროვნების ჩამოყალიბებაში. ვფიქრობ, დანიაში გავიზარდე, როგორც ფეხბურთელიც და როგორც პიროვნებაც".

დევდარიანმა ისიც გვითხრა, რომ დანიაში ბოლომდე ვერ წარმოაჩინა საკუთარი შესაძლებლობები, არ უჩვენებია საკუთარი მაქსიმუმი და ამის იმედი მომდევნო სეზონში აქვს.

ისეთი დრო დადგა, უცხოეთში წასული მზარდი ქართველი ფეხბურთელები სამშობლოში ბრუნდებიან, ჩვენს ეროვნულ ჩემპიონატში თამაშობენ. დევდარიანს ასეთ ვარიანტზეც ჩამოვუგდეთ სიტყვა.

"სიმართლე გითხრათ, ამ საკითხზე საფუძვლიანად ჯერ არ მიფიქრია. ჩემთვის საქართველოში დაბრუნება, ალბათ, ნაადრევია. ჯერ დანიაში ვარ და უკეთესის მოლოდინი მაქვს".

უნაკლო ფეხბურთელებად მხოლოდ გენიოსები თუ ჩაითვლებიან. დევდარიანს დასაწუნი თითქმის არაფერი აქვს, თუმცა საკუთარ ნაკლოვანებებზე საუბარს არ ერიდება.

"დანიაში რომ ჩამოვედი, ჩემი ნაკლი არასათანადო ფიზიკური კონდიციები იყო. ისეთ პოზიციაზე ვთამაშობ, ძალისმიერ ორთაბრძოლებში თუ დაიჩაგრე, არაფერი არ გამოგივა. ამ ნაკლზე ვიმუშავე და მიმაჩნია, რომ გამოვასწორე კიდეც, მაგრამ რა ვუყო ტრავმებს? ეს უიღბლობის გარდა, ალბათ, ნაკლიც არის".

დევდარიანი შემტევი შუახაზელია, რბილი, ტექნიკური მანერით მოთამაშე, გონიერი და დახვეწილი - ასეთია ის, როცა ჯანზეა და ყველაფერი გამოსდის.

"ორჰუსში" კიდევ ერთი ქართველი თამაშობს, ვინც სათამაშო სტილით წააგავს დევდარიანს. დავით სხირტლაძე ჩვენმა ქომაგმა გიორგი დევდარიანის გაწვრთნილი საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებით გაიცნო. სხირტლაძე ახლა 19 წლისაა და ახლოს არის იმასთან, რომ "ორჰუსის" საკვანძო ფეხბურთელი გახდეს.

"სხირტლაძე რახანია "ორჰუსის" პირველ გუნდშია. ბოლო მოსამზადებელ პერიოდში მან ძალიან კარგად წარმოაჩინა თავი, თითქმის ყველა მატჩში გოლი გაიტანა. გარჯა დაუფასეს და პირველ გუნდში გადაიყვანეს.

სხირტლაძემ მართლაც მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა. მწვრთნელი მას აქებს, ვარჯიშებზე საუკეთესოა; უბრალოდ, ჯერ გამოცდილება აკლია. რაც მთავარია, სწორ გზაზე დგას".

გახდება თუ არა სხირტლაძე დევდარიანის კონკურენტი? სხირტლაძეს ხომ გამთამაშებლადაც შეუძლია თამაში...

"ჩვენი გუნდი, მეტწილად, 4-4-2 განლაგებით თამაშობს. მე ფორვარდების უკან მავალებენ ხოლმე თამაშს, სხირტლაძე კი იმ ორ შემტევშია, ოთხი ნახევარმცველის წინ რომ არიან გამწესებულები. ის ხან გამოკვეთილი ფორვარდია, ხან კი ასეთის უკან მოქმედებს. ასე რომ, ჩვენ კონკურენტები ვერ გავხდებით".

ზაფხულის არდადეგებამდე დიდი დრო აღარ დარჩა. დევდარიანი ისეთი ფეხბურთელია, უთუოდ რომ საინტერესოა ეროვნული ნაკრებისთვისაც. ასეთი სტილით მოთამაშე თემურ ქეცბაიას გუნდში ჯერ არავინ ჩანს...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...