"იუტამ" მოქმედი ჩემპიონი სამ ოვერტაიმში დაამარცხა
"იუტამ" ამ სეზონში სახელი გაითქვა ხანგრძლივი ოვერტაიმების თამაშით. "ტორონტოსთან" ორი და "დალასთან" ოთხი დამატებითი დროის ჩატარების შემდეგ "ჯაზმენებმა" სამ ოვერტაიმში გაარკვიეს ურთიერთობა NBA-ს მოქმედ ჩემპიონ "დალასთან".

შეხვედრის ოვერტაიმში გადაყვანა დირკ ნოვიცკის დამსახურება იყო, რომელმაც 40 ქულით სეზონის პირადი რეკორდი დაამყარა. მეოთხე მეოთხედის ბოლოს გერმანელმა ზედიზედ სამი ბურთი ჩააგდო და ორი შედეგიანი პასი შეასრულა.

"მავერიქსმა" ოთხქულიანი ჩამორჩენა გააბათილა. დირკის გმირობები პირველ ოვერტაიმში გაგრძელდა - მისმა სამქულიანმა გადამწყვეტ მომენტში გადაარჩინა ჩემპიონი, თუმცა მომდევნო ათ წუთში ნოვიცკის იღბალმა ზურგი შეაქცია.

მეორე ოვერტაიმში უფრო ახლოს გამარჯვებასთან "დალასი" იყო, რომელმაც 111:111-ზე ორი შანსი მიიღო, მაგრამ ჯერ ტერიმ ააცილა, შემდეგ კი ნოვიცკიმ ბურთი დაკარგა. ჯეისონმა და დირკმა ვერც მესამე ოვერტაიმში ითამაშეს კარგად გადამწყვეტ მომენტებში. ტექსასელების ლიდერებმა "მინუს 2"-ზე ზედიზედ ორჯერ ააცილეს - 121:123.

უნდა აღინიშნოს, რომ "იუტას" ოთხმა კალათბურთელმა ითამაშა მინიმუმ 53 წუთი. სასტარტოს ყველა წევრმა 15 ან მეტი ქულა დააგროვა. ყურადღების ღირსია რიკ კარლაილის მე-800 მატჩი "დალასის" მთავარი მწვრთნელის რანგში და ჯეისონ კიდის 1300-ე გამოჩენა სასტარტო შემადგენლობაში. გარდა ამისა, ტერის კარიერაში 1783 ზუსტი სამქულიანი დაუგროვდა და ყველა დროის სიაში მეოთხე ადგილზე მყოფ ჩონსი ბილაპსს გაუთანაბრდა.

სხვა მატჩები

ცოტა დააკლდა სენსაციამდე "ნიუ ჯერსის". საფინალო სირენამდე 125 წამით ადრე "მაიამი" "ნეტსთან" რვა ქულას აგებდა.

სწორედ ამ დროს ლებრონმა, ფაქტობრივად, მარტომ მოაწყო 11:0 სპურტი და მოაგებინა თავის გუნდს. მატჩში "ჰიტის" ბოლო 17 ქულა სწორედ ჯეიმსის ანგარიშზე მოდის.

"ყველა ვარსკვლავის მატჩის" შემდეგ პირველად მოხვდა პლეი ოფის ზონაში "ფინიქსი". ჯენტრის შეგირდები ფანტასტიკური პროცენტით უტევდნენ "პორტლენდის" ფარს (85-იდან 51 ჩააგდო). შესაბამისად, გუნდმა საერთო ჯამში 125 ქულა ჩააგდო, მეორე ტაიმში კი 11 ქულაზე ახლოს არ მიუშვა მეტოქე. ნეშმა 27 წუთში 13 შედეგიანი პასი დააგროვა.

ვეტერანი გამთამაშებლის მიმართ შემდეგ მატჩში განსაკუთრებული ყურადღება იქნება მიპყრობილი - მას 15 პასი სჭირდება იმისთვის, რომ გაუსწროს ლიგის საუკეთესო ასისტენტების სიაში მეხუთე ადგილზე მყოფ ოსკარ რობერტსონს (9887).

როუზისა და დენგის არყოფნა დიდი პრობლემა აღმოჩნდა "ჩიკაგოსთვის" და მან აუთსაიდერ "ვაშინგტონთან" წააგო.

"ხარებს" შეეძლო მატჩის გადარჩენა, მაგრამ საფინალო სირენამდე 6 წამით ადრე ჰემილტონმა ააცილა სამქულიანი.

ტყორცნისას სინგლტონი ბურთს შეეხო. ამიტომაც შეტევა "ჩიკაგოს" დაუბრუნეს, მაგრამ ამჯერად უოტსონმა ააცილა შორეული ტყორცნა. "ბულზმა" 17 შეცდომა დაუშვა და ამით მეტოქემ 27 ქულა დააგროვა. ასე რომ, "ხარებმა" საკუთარ თავთან წააგო.

ერთი კვირის წინ "კლიპერსმა" "ოკლაჰომას" ბოლო წამებზე პოლის ზუსტი ტყორცნით მოუგო. "თანდერმა" ვერ შეძლო რევანშის აღება. ამჯერად კალიფორნიელებმა გაცილებით იოლად მოიგეს. ასე რომ, "კლიპერსი" ერთადერთი გუნდია, რომელმაც "ოკლაჰომა" სეზონში სამჯერ დაამარცხა.

ამ მოგებით დელ ნეგროს გუნდმა ოფიციალურად გაიფორმა პლეი ოფის საგზური, რაც ბოლო ექვსი წელია, არ მომხდარა.

რაც შეეხება შეხვედრას, მასპინძლებმა შესანიშნავი მეორე ტაიმის წყალობით გაიმარჯვეს. განსაკუთრებით კარგად დაცვა გამოუვიდათ - დურანტმა და კომპანიამ მხოლოდ 25 ქულა ჩააგდო, თავად კევინმა კი შვიდი ცდიდან ერთი სამქულიანიც კი ვერ ჩააგდო. უესტბრუკმა 16-იდან 12 ტყორცნა ააცილა.

ჰოვარდის, დევისისა და თურქოგლუს არყოფნაში "ორლანდომ", შესაძლოა, რეგულარულის ბოლომდე დარჩენილი ყველა შეხვედრა წააგოს, მაგრამ "მეჯიქმა" გუშინ კარგად გამოიყენა ბოლო წლებში თავისი მთავარი კოზირი - სამქულიანები.

"ფილადელფიას" წინააღმდეგ "ჯადოქრებმა" 60 (!) პროცენტის სიზუსტით ისროლა შორეული ტყორცნები. ამ მხრივ მათ განსაკუთრებით მეორე მეოთხედში გამოიჩინეს თავი, რომელშიც 40 ქულა დააგროვეს და 6-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს. დიდი შესვენების შემდეგ კი სხვაობა ორნიშნა გახდა და "სიქსერზი" მეტოქეს ვეღარ დაეწია.

"მინესოტასთვის" აპრილი ტრადიციულად უიღბლო თვე გამოდგა. ბოლოს ამ გუნდმა გაზაფხულის მეორე თვეში გამარჯვება 2009 წელს მოიპოვა და ეს უიღბლო სერია 26 მატჩამდე ავიდა. კიდევ ერთი წაგება და "მგლები" დაამხობს NBA-ს ანტირეკორდს. რაც შეეხება "ინდიანას", მან ამ მოგებით, ფაქტობრივად, გაინაღდა მესამე ადგილი აღმოსავლეთ კონფერენციაში.

"სან ანტონიომ" პირველ ტაიმში 70 ქულა ჩაუგდო "გოლდენ სტეიტს", სულ კი მატჩი 120 ქულით დაასრულა. "სპურსი" აქტიურად იყენებდა როტაციას. შედეგად, დანკანმა 12 წუთი გაატარა მოედანზე და 13 ქულის მოგროვება მოასწრო.

"გოლდენ სტეიტის" შემადგენლობა კი საკმაოდ ეგზოტიკურად გამოიყურებოდა - სასტარტოში NBA-ს 4 (!) დებიუტანტი ვიხილეთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] ბრანსონის 30 ქულა - "ნიქსმა" სუპერფინალი მოგებით გახსნა
[VIDEO] მოქმედი ჩემპიონი დამარცხებულია - "სან ანტონიო სპურსი" NBA-ის სუპერფინალში ითამაშებს
[VIDEO] სუპერსერია მეშვიდე მატჩით დასრულდება - "სან ანტონიომ" "ოკლაჰომა" დაამარცხა და
ბარკოლა არსად მიდის, ბატრაკოვი გამოირიცხა - პსჟ-ის სატრანსფერო ფანჯარაზე ახალი გეგმები აქვს
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - აშშ
ანტმანი: თუ შანსებს ვერ იყენებ, ამით მეტოქე სარგებლობს
ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
რობერტსონი "ლივერპულიდან" "ტოტენჰემში" გადავიდა
BILD: აი, ასე დასცინოდა სლოტი "ლივერპულის" ახალწვეულებს
პალიკო ჯიმშელაძე ბორჯღალოსნებში ბრუნდება!
ვინგსმა ჰიუნდაი დაამარცხა და ფინალში ვსა-ს შეუწყვილდა | რა ხდება ასაკობრივ A ლიგებში?
"მე კი წავედი, მაგრამ მის ადგილას კარგად დავფიქრდებოდი" - კოულმა კალაფიორის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"კვარა", ნევეში, თუ ვიტინია? - პერესმა მომდევნო კვირას 150-მილიონიანი ტრანსფერი დაანონსა
"შავი ლომი" | "ტოიოტა ჩელენჯს" "აირლინკ პუმასით" ვიწყებთ
კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ
ოფიციალურად - "ლივერპული" ირაოლამ ჩაიბარა
U21 | აშშ V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში ბრანსკოში
არც კოშტა და არც სვილარი - პსჟ იტალიელ მეკარეს დაიმატებს
Le Parisien: პსჟ-მ ბატრაკოვთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ესპანეთი
ქალთა ნაკრები ფარერის კუნძულების ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს
ვან დერ ვაარტმა მიანიშნა, რომ რუსებმა ევროპირველობაზე დოპინგი მიიღეს
მატჩის დღე! ბაჰრეინთან "მამარდას" გარეშე და "კვარასთან" ერთად