ჩემპიონთა ლიგა. 1/2 ფინალი. პირველი მატჩის წინ

თავის დროზე ჟოზე მოურინიო ამას არაფრისდიდებით დაუშვებდა: "ბარსელონასთან" მატჩის წინ საფეხბურთო ინგლისმა კატალონიური გრანდი ქებით ცაში აიყვანა. სხვანაირადაც შეგვეძლო გვეთქვა: მოურინიო "ჩელსის" მწვრთნელი რომ იყო, მაშინ ინგლისური მედია "ბარსას" ქებას ამ დონეზე და ამ მასშტაბით ვერც გაბედავდა...

ლიონელ მესი შეუჩერებელიაო, თქვა ცნობილმა ფრანგმა ემანუელ პეტიმ, რომელსაც აქტიური სპორტული კარიერის დროს "ბარსელონაშიც" უთამაშია და "ჩელსიშიც".

ფრენკ ლემპარდმა აღიარა, რომ მესიმდე არასდროს უნახავს ასეთი შესაძლებლობების მქონე ფეხბურთელი და თამაშის ისეთი ხარისხი, რასაც არგენტინელი გვთავაზობს ხოლმე.

ავტორიტეტული ინგლისური გაზეთი "დეილი ტელეგრაფი" კი წერდა, ხოსეპ გვარდიოლამ ჩამოაყალიბა გუნდი, რომელმაც არა მარტო ფეხბურთში, არამედ ზოგადად სპორტშიც "უდიდესი და თანაც, დემოკრატიული რევოლუცია მოახდინაო".

"ჩელსის" ფეხბურთელებს, მწვრთნელს, ხელმძღვანელებს (რომან აბრამოვიჩის გარდა) და გულშემატკივრებს კი აშკარად ეტყობათ, რომ ანდრე ვილაშ ბოაშის ხელში გამოვლილი სამარცხვინო პერიოდის შემდეგ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ყოფნითაც ბედნიერები არიან და რომ დღეს "ბარსელონასთან" თამაში მათთვის დიდი პატივია.

მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ "ჩელსი" ფინალში გასვლისთვის ყველაფერს არ გააკეთებს...

მაინც რა უნდა დაუპირისპიროს ლონდონურმა კლუბმა "ბარსას"? პირველ რიგში, თავდაუზოგავი ბრძოლაა საჭირო. უდიდესი მნიშვნელობა ექნება იმ ტაქტიკა-სტრატეგიასაც, რასაც რობერტო დი მატეო დღეს ან საპასუხო შეხვედრაში აირჩევს.

და, რა თქმა უნდა, "ჩელსის" "ბარსელონასთან" წარმატების მისაღწევად იღბალიც უნდა ჰქონდეს - თუმცა რაღა "ც", იღბალი ლონდონელებს ლამის პირველ რიგში სჭირდებათ.

დროგბა: შანსები თანაბარია

კატალონიელებმა იციან, რომ "სტემფორდ ბრიჯზე" იოლი გასეირნება არ ელით. "ჩელსიმ" დი მატეოს ხელში აშკარა პროგრესი განიცადა და მართალია, "არისტოკრატები" ინგლისის ჩემპიონატში ლიდერ "მანჩესტერ იუნაიტედს" მთელი 25 ქულით ჩამორჩებიან, მაგრამ ის მაინც მოახერხეს, რომ ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვიან და კარგი შანსი აქვთ, გაისადაც ევროპის ელიტაში იასპარეზონ.

"ჩელსისა" და "ბარსელონას" დუელი ბოლოს 2009 წელს შედგა და მაშინაც ნახევარფინალში. "ბარსამ" იმხანად გუს ჰიდინკის "ჩელსი" ძლივს დაამარცხა და ფინალში გავიდა - გეხსომებათ მსაჯ ტომ ჰენინგ ოვრებოს საეჭვო გადაწყვეტილებებიც, რამაც მაშინ "ჩელსის" ფეხბურთელები კინაღამ ჭკუიდან გადაიყვანა.

"შანსები 50:50-ზეა და ორი მატჩის ჯამში ყველაფერი შესაძლებელია", - ოპტიმისტურადაა განწყობილი ლონდონელთა თავდამსხმელი დიდიე დროგბა.

კატალონიელები კი დიპლომატიურად საუბრობენ. ანდრეს ინიესტამ რთულ მატჩზე ისაუბრა და თქვა, "სტემფორდ ბრიჯის" შესანიშნავი საფეხბურთო ატმოსფერო "ჩელსის" დღევანდელ მატჩში მცირე უპირატესობასაც კი ანიჭებსო.

"ჩელსი" ძალიან კარგი გუნდია და ამ მატჩს თითოეული ჩვენგანი სიფრთხილით უნდა მოეკიდოს. სხვა რამეზე ფიქრი დაუშვებელია", - დასძინა ინიესტამ.

ბარსა არ დანაყრებულა

ამას წინათ, ესპანეთის ჩემპიონატში "ბარსა" "რეალს" ათი ქულით რომ ჩამორჩა, ჩვენი ესპანელი კოლეგები წერდნენ, გვარდიოლას გუნდი დანაყრდაო, მაგრამ მერე გაირკვა, რომ მწარედ ცდებოდნენ, რადგან "ბარსელონა" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდა, პრიმერადივიზიონში კი "რეალთან" ჩამორჩენა 4 ქულამდე შეამცირა.

შაბათს კი "ნოუ კამპზე" "ელ კლასიკო" გაიმართება და თუ "ბარსა" "რეალს" მოუგებს, მადრიდულ გრანდს სულაც ერთი ქულის დისტანციაზე მიუახლოვდება.

ყოველ შემთხვევაში, "ბარსელონას" დღემდე დანაყრებული გუნდისა არაფერი ეტყობა, რადგან გვარდიოლას ბიჭები ესპანეთის თასის ფინალში არიან, ლა ლიგაში "რეალს" სათოფეზე მიუახლოვდნენ, ჩემპიონთა ლიგაში კი მიუნხენის ფინალამდე ერთი ნაბიჯი, "ჩელსისთან" ორრაუნდიანი დუელის თავიანთ სასარგებლოდ გადაწყვეტაღა აშორებთ. თანაც, ფინალში შეიძლება "რეალს" შეხვდნენ და აი, იქ კი ნამდვილად აღარ უნდა ელოდონ ამდენ ქებას.

ჩელსის დაცვაში უჭირს

სტატისტიკით თუ ვიმსჯელებთ, დღეს "ჩელსი" კარგ მდგომარეობაშია: ლონდონელებმა ჩემპიონთა ლიგაში ყველა საშინაო მატჩი მოიგეს, გაიტანეს 16 და გაუშვეს მხოლოდ 2 გოლი. გასულ უქმეებზე კი დი მატეოს გუნდმა ასოციაციის თასზე "ტოტენჰემი" 5:1 გაანადგურა. თუმცა იტალიელ მწვრთნელს დაცვაში საკადრო პრობლემები აქვს: დავიდ ლუისის და გარი კეჰილის თამაში საეჭვოა.

ჯონ ტერის ტრავმა ბოლომდე ჯერ კიდევ არ მოუშუშებია, მაგრამ "ბარსელონასთან" მატჩში მოედანზე მაინც გავა. თავდასხმაში კი კითხვა ასე უნდა დაისვას: ფერნანდო ტორესი თუ დიდიე დროგბა? ფაქტია, რომ "ტოტენჰემთან" დროგბამ ითამაშა და თანაც, შესანიშნავად.

გვარდიოლას საკადრო პრობლემები არ აქვს: დანი ალვეში, ჟერარდ პიკე, სეიდუ კეიტა და იბრაჰიმ აფელაი ბრუნდებიან. დაცვის ცენტრში პეპი, სავარაუდოდ, ისევ მასკერანოსა და პიკეს დუეტს დაეყრდნობა. სხვათა შორის, მასკერანოს საპასუხო მატჩისთვის დისკვალიფიკაციის საფრთხე ემუქრება - ისევე, როგორც პუიოლს.

მატა: ბარსელონას გაგდება შეგვიძლია!

"ბარსასთან" წარმატების მიღწევა ძალიან ძნელია, მაგრამ შეუძლებელი არ არის, - თქვა "ჩელსის" ესპანელმა ფორვარდმა ხუან მატამ, - ფაქტია, რომ მაგრად შემოგვიტევენ და გვაიძულებენ, დაცვაში ჩავდგეთ, მაგრამ ჩვენ გვაქვს საკმარისი პოტენციალი იმისათვის, რომ "ბარსელონას" ზეწოლას გავუძლოთ და ვალდესის კართან საგოლე მომენტები შევქმნათ.

ჩვენ ვიცით, რომ სტადიონი, სადაც "ბარსელონას" ყველაზე მეტად უნდა გაუჭირდეს თავისი ფეხბურთის თამაში, სწორედ ჩვენი "სტემფორდ ბრიჯია".

"ჩელსის" ფეხბურთელები 2009 წელს გამართულ მატჩებს იხსენებდნენ - რომ არა ოვრებო და მისი "ოინები", "ბარსელონას" ნაცვლად ფინალში ჩვენ გავიდოდით და მერე ფინალსაც მოვიგებდითო.

კატალონიელთა მარჯვენა მცველი დანი ალვეში ამ მოსაზრებებს, რა თქმა უნდა, არ ეთანხმება:

"მოედანზე ჩვენზე მეტნი იყვნენ და 1:0-ს იგებდნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ უნდა შემოეტიათ. ამის ნაცვლად, შეშინებულები ჩანდნენ და დაცვაში იდგნენ. სწორედ ამიტომ დაისაჯა მაშინ "ჩელსი", - უთხრა 28 წლის ბრაზილიელმა "გარდიანს".

მაშინ "ბარსა" ფინალში ინიესტამ გაიყვანა, რომელიც ამბობს: "იმ მომენტს, როცა "ჩელსის" გოლი გავუტანე, ყოველთვის უდიდესი სიამოვნებით ვიხსენებ ხოლმე, მაგრამ ეს უკვე წარსულია და ამჯერად ყველაფერი ნულიდან იწყება".

სავარაუდო შემადგენლობები

ჩელსი (4-2-3-1): ჩეხი - ივანოვიჩი, ტერი, კეჰილი, კოული - მიკელი, ლემპარდი - რამირესი, მატა, კალუ - დროგბა.

ბარსელონა (4-3-3): ვალდესი - დანი ალვეში, პიკე, მასკერანო, პუიოლი - ჩავი, ბუსკეტსი, ინიესტა - სანჩესი, მესი, პედრო.

არბიტრი: ფელიქს ბრიხი (გერმანია)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

BARCA2012
პროსტა სირცხვილია ავტორის ასეთი არაპროფესიონალიზმი "დუელი ბოლოს 2009 წელს შედგა და მაშინაც ნახევარფინალში. "ბარსამ" იმხანად მოურინიოს "ჩელსი" ძლივს დაამარცხა" მაურინიო ჩელსიდან 2007-ში ცავიდა. 2009-ში მწვრთნელი იყო გუს ჰიდინგი.
"ის "ოქროს ბურთის" უდავო გამარჯვებულია" - რაისმა თავისი ფავორიტი დაასახელა
[VIDEO] "არსენალმა" "ბაიერნთან" ფრეს მიაღწია - "რეალმა", "ასტონ ვილამ" და "ბეტისმა" მორიგი გამარჯვებები მოიპოვეს
"კომომ" "მანჩესტერ იუნაიტედი" გაანადგურა, "გალათასარაიმ" "ლილს" სძლია
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა