აზერბაიჯანულ "თავისუფალთა" ნაკრებში არ იასპარეზებს ოლიმპიური მედალოსანი, რომელიც გოგშელიძის უმთავრეს კონკურენტად მიიჩნეოდა
18 აპრილს, დილით, საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა სამკაციანი ნაკრები სოფიაში გაფრინდა, სადაც 20-22 აპრილს ევროპის ზონის სალიცენზიო შეჯიბრებაში იასპარეზებს.

გუნდის თავკაცმა ზაზა თურმანიძემ ბულგარეთში ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (55), ზურაბ იაკობაშვილი (66) და გიორგი გოგშელიძე (96) წაიყვანა.

სამივე ჩვენებური 20 აპრილს იჭიდავებს. ამასობაში კი ჩვენთვის ფრიად საინტერესო ერთი ამბავი გაირკვა - აზერბაიჯანელ "თავისუფალთა" ნაკრებში არ იასპარეზებს ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი, ოლიმპიური მედალოსანი ხეტაგ გოზიუმოვი (96), რომელიც გოგშელიძის ერთ-ერთ უმთავრეს კონკურენტად მიიჩნეოდა.

არადა, აზერბაიჯანული მხარე აქამდე ყოველთვის გადაჭრით აცხადებდა, რომ ის აუცილებლად გამოვიდოდა სოფიაში. ახლა კი მის ნაცვლად კიდევ ერთი ოსი ლეგიონერი ასლანბეკ ალბოროვი წაიყვანეს.

იქაურთა ნაკრების დაღესტნელ თავკაც საიპულა აბსაიდოვს ცვლილების მიზეზი არ განუმარტავს, თუმცა არ გამოვრიცხავთ, მის ამ გადაწყვეტილებაზე გავლენა რუსთა გუნდის შემადგენლობამაც იქონია - მათ 96-ში ევროპის წლევანდელი ჩემპიონი აბდუსალამ გადისოვი დააყენეს, რომელმაც ევროპის პირველობაზე ბრწყინვალე სპორტული ფორმა აჩვენა. არადა, მანამდე რუსთა ბანაკიდან გამოდიოდა ხმები, რომ სოფიაში არა ის, არამედ ივან იარიგინის ტურნირის ვიცე-ჩემპიონი იბრაგიმ საიდოვი გამოვიდოდა.

მასთან გოზიუმოვს ბევრად მეტი შანსი ექნებოდა, ვიდრე - გადისოვთან. შესაძლოა, აზერბაიჯანელებმა ოლიმპიადისთვის საგანგებო გრაფიკით მოვარჯიშე გოზიუმოვი პრინციპულ მეტოქეს - გადისოვს ტაქტიკური მოსაზრებებით დაუმალეს.

ყოველ შემთხვევაში, გადაწყვეტილება რუსების მიერ შემადგენლობის გამოცხადების შემდეგ შეცვალეს, თორემ სხვა წონებში ადრევე დასახელებული ფალავნები მიჰყავთ - ევროპის ექსჩემპიონი მაჰმუდ მაგომედოვი (55) და ევროპის წლევანდელი ჩემპიონი ტოგრულ ასკეროვი (60). თუმცა, რაც უნდა იყოს გოზიუმოვის სახლში დატოვების მიზეზი, ამით გოგშელიძის შანსი იზრდება.

მართალია, იოლად გასავლელი არც ალბოროვი იქნება, მაგრამ გოზიუმოვი შეუდარებლად მაღალი დონეა.

შეგახსენებთ, რომ სოფიაში ორ-ორი ლიცენზია გაიცემა, ანუ მის მისაღებად ფინალში გასვლაა აუცილებელი. 96-ში ევროპელ ლიდერთაგან თურქეთმა და ბელარუსმა შარშან მსოფლიოზე მოიპოვეს საგზურები, რუსეთს, აზერბაიჯანსა და ბულგარეთს კი ხელი მოეცარათ. თუმცა ამ სამეულიდან ბულგარელებს არ ჰყავთ ძლიერი ფალავნები. წლევანდელი ევროპირველობის შემდეგ ვერცხლისმედალოსანი უკრაინელი ვალერი ანდრეიცევიც ლიდერებს უნდა მივათვალოთ.

"თავისუფლები" ტურნირში 20 აპრილს ჩაებმებიან და პირველი ექვსი წონა იასპარეზებს. მხოლოდ მძიმე წონაა გადატანილი 21-ში. ანუ ჩვენ 20 აპრილს უკვე გვეცოდინება, შევავსებთ თუ ვერა ბოლომდე ოლიმპიურ გუნდს და რამდენ საგზურს შევმატებთ მსოფლიოზე მოპოვებულ ოთხ ლიცენზიას.

21-ში "თავისუფალთა" მძიმე წონის გარდა, შეჯიბრებაში ბერძენ-რომაელებიც ჩაებმებიან - მათგან 55, 60, 66, 74 და 84 კილოგრამის ფალავნები იჭიდავებენ. 22-ში ბერძენ-რომაელთაგან 96-120 და ქალთა ოთხივე ოლიმპიური წონის (48, 55, 63, 72) წარმომადგენლები იასპარეზებენ.

ჩვენი ბერძენ-რომაელები სოფიაში ამ დილით გაფრინდებოდნენ ასეთი შემადგენლობით: გოდერძი დავითაძე (55), ფირუზ წულუკიძე (60), ზურაბ დათუნაშვილი (74), სანდრო დიხამინჯია (96) და სერგო გოგისვანიძე (120).

ძიუდო: სემინარი ბავშვთა მწვრთნელებისთვის

უკვე ორი დღეა, გლდანის ოლიმპიური მზადების ცენტრში ძიუდოში მომუშავე ბავშვთა მწვრთნელებისთვის სემინარი მიმდინარეობს, რომელსაც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით საქართველოს ძიუდოს ფედერაცია ახორციელებს.

მასში ქვეყნის ყოველი რეგიონიდან შერჩეული ორ-ორი მწვრთნელი მონაწილეობს, რომლებიც თავად რეგიონულმა ფედერაციებმა შეარჩიეს - სულ 26 მწვრთნელი. სემინარს პროფესორი გურამ რატიშვილი უძღვება, მონაწილენი კი ათდღიან თეორიულ-პრაქტიკულ კურსს გაივლიან, რომელიც 38 აუცილებელ საკითხს მოიცავს.

პირველი რვა დღე თეორიულ მეცადინეობას დაეთმობა, რასაც ერთდღიანი პრაქტიკული კურსი მოჰყვება; მეათე დღეს კი მწვრთნელებს ტესტირება ჩაუტარდებათ, რომლის წარმატებით გავლის შემთხვევაშიც სათანადო სერთიფიკატს მიიღებენ.

შეგახსენებთ, რომ ძიუდოს ფედერაცია რეგიონებშიც ატარებს სამდღიან გასვლით თეორიულ-პრაქტიკულ მეცადინეობებს, რომელიც კახეთიდან დაიწყო, უახლოეს დღეებში კი სხვა რეგიონებშიც გაგრძელდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] გთხოვთ, ეს ბიჭები ციხიდან გამოუშვით" - მერაბ დვალიშვილმა ტატამიდან აბუ-დაბის მთავრობას მიმართა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა