ჰოკეი. NHL. სტენლის თასი
გუშინ, სტენლის თასის მერვედფინალურ ეტაპზე, ორი შეხვედრა გაიმართა. "რეინჯერსმა" მეშვიდე მატჩამდე მიიყვანა "ოტავასთან" სერია, "ჩიკაგო" კი სერიის მეექვსე მატჩის შემდეგ საბოლოოდ დანებდა "ფინიქსს" და მას მეოთხედფინალისკენ გაუხსნა გზა.

"სენატორებმა" შესანიშნავად წარმოაჩინა თავი პლეი ოფის პირველ ეტაპზე და სერიოზული ბრძოლა გაუმართა აღმოსავლეთი კონფერენციის საუკეთესო გუნდს. ნიუიორკელები სერიაში ორჯერ გავიდნენ წინ, მაგრამ კანადურმა კლუბმა ორივეჯერ მოგებით უპასუხა, მეხუთე მატჩში კი "მედისონ სკვერ გარდენში" დაამარცხა "რეინჯერსი" და სერიოზული განაცხადი გააკეთა მეოთხედფინალში გასვლაზე.

მეექვსე მატჩი "ოტავას" შეტევებით დაიწყო, მაგრამ შვედების - იაკობ სილვერბერგისა და დანიელ ალფრედსონის დარტყმებს მათი თანამემამულე ჰენრიკ ლუნდკვისტი იოლად გაუსწორდა. მასპინძლები პირველ რიცხობრივ უპირატესობას დაელოდნენ და მაიკ რუპის გაძევებით ეს შანსი მალე მიიღეს. ცისფერი ხაზიდან სერგეი გონჩარმა გაისროლა და მის დარტყმულს ოდნავ შეუცვალა მიმართულება კრის ნილმა - 1:0.

"ნიუ იორკმა" მეტოქეს მეორე პერიოდში უპასუხა. სტუმრებსაც წარმატება რიცხობრივმა უპირატესობამ მოუტანა, თანაც ორჯერ.

დერეკ სტეპანი, რომელსაც სერიის პირველ ხუთ მატჩში ქულა არ ჰქონდა მოპოვებული, შორეულ ძელთან დახვდა ბრედ რიჩარდსის პასს - 1:1. რვა წუთის შემდეგ თავად რიჩარდსმა აიღო კრეიგ ანდერსონის კარი, სტეპანმა და დელ ზოტომ კი საგოლე პასები ჩაიწერეს აქტივში. სანამ "ოტავა" გონს მოდიოდა, მის კარში მესამე გოლი გავიდა. შეუჩერებელმა სტეპანმა კრის კრაიდერს გაატანა შაიბა და მანაც კუთხეში ზუსტად დაარტყა - 3:1.

მესამე პერიოდში სტუმრებმა ინიციატივა "სენატორებს" გადაულოცეს, მაგრამ კანადელებმა მეორედ ვერაფრით აიღეს ლუნდკვისტის კარი. დაახლოებით ათი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, სირენამდე წუთნახევრით ადრე, "რეინჯერსის" კართან ნამდვილი ზედახორა წარმოიშვა და სიტუაციაში ყველაზე კარგად ჯეისონ სპეცა გაერკვა, რომელმაც მინიმუმამდე შეამცირა სხვაობა. მაგრამ "ოტავას" დრო თითქმის აღარ ჰქონდა თამაშის ოვერტაიმში გადასაყვანად.

"რეინჯერებმა" 3:2 მოიგო და სერიაში ანგარიში გაათანაბრა. ახლა მეოთხედფინალის საგზურის ბედს მეშვიდე მატჩი გაარკვევს, რომელიც 26 აპრილს ნიუ იორკში გაიმართება.

"ფინიქსმა" და "ჩიკაგომ" უძლიერესის გამოსავლენად ექვსი მატჩი იკმარეს. შეგახსენებთ, რომ წინა ხუთი შეხვედრის ბედი ოვერტაიმმა გადაწყვიტა, მაგრამ ამჯერად "კოიოტების" მეკარის, მაიკ სმიტის ბრწყინვალე თამაშმა არ დაუშვა ზედიზედ მეექვსე დამატებითი დრო.

შეხვედრა ჩიკაგოელების შტურმით დაიწყო, მაგრამ "ფინიქსის" წყობიდან გამოყვანა არც ისე იოლი საქმეა. ეს ამ გუნდმა ჩიკაგოში ორი მოგებით დაამტკიცა. პირველ პერიოდში "ბლეკჰქოსმა" 16 დარტყმა შეასრულა, "ფინიქსმა" - მხოლოდ ორი, მაგრამ ტაბლოზე ნულები ეწერა.

პირველი გოლი მეორე 20-წუთეულში სტუმრებმა გაიტანეს. "ჩიკაგოდან" გაძევება მიიღო ჯონათან ტეუვზმა და "ფინიქსმა" რიცხობრივი უპირატესობა ეფექტური კომბინაციით გამოიყენა, რომლის კულმინაცია იყო 20 წლის მცველის, ოლივერ ეკმან-ლარსონის შორეული დარტყმა.

მასპინძლებმა მორიგი რამდენიმე შანსი ვერ გამოიყენეს, მესამე პერიოდის დასაწყისში კი საკუთარ კართან წამით უყურადღებოდ დატოვეს ჟილბერ ბრული, რომელმაც კაილ ჩიპჩურას პასი გამოიყენა.

მალე "ჩიკაგოს" ფორვარდმა ჯიმი ჰეიესმა ძალიან უხეშად ითამაშა და ხუთწუთიანი ჯარიმა მიიღო. უპირატესობა ანტუან ვერმეტმა გამოიყენა, ორი წუთის შემდეგ კი ჩიპჩურამ საბოლოოდ დაასამარა ჩიკაგოელთა იმედები - 4:0.

"ფინიქსი" სტენლის თასის მეოთხედფინალში გავიდა, სადაც "ნეშვილს" შეხვდება. მეორე დასავლური წყვილი "სენტ ლუისმა" და "ლოს ანჯელესმა" შეადგინეს.

ჰოკეის ეროვნულმა ლიგამ კიდევ ორ ნომინაციაში დაასახელა კანდიდატები. დაცვითი სტილის საუკეთესო ფორვარდის პრიზზე ("სელკე ტროფი") პრეტენზიას სამი ჰოკეისტი აცხადებს: პაველ დაციუკი ("დეტროიტი"), პატრის ბერჟერონი ("ბოსტონი") და დევიდ ბექსი ("სენტ ლუისი"). გამარჯვებული ჟურნალისტების გამოკითხის შედეგად გამოვლინდება.

აღსანიშნავია, რომ დაციუკს ეს პრიზი ზედიზედ სამჯერ აქვს მოგებული (2008-10).

გარდა ამისა, NHL-მა თავის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნა "ლედი ბინგ ტროფის" პრეტენდენტების სია. ეს პრიზი წლის ჯენტლმენს გადაეცემა. ნომინანტები კი არიან: ბრაიან კემპბელი ("ფლორიდა"), ჯორდან ებერლე ("ედმონტონი") და მეტ მოულსონი ("აილენდერსი").

ჰოკეის ეროვნულის ლიგის 2011-12 წლების სეზონის ლაურეატებს 20 ივნისს ლას ვეგასში, გალა-წარმოდგენაზე დაასახელებენ.

ოტავა-ნიუ იორკი 2:3

1:0, 0:3, 1:0

გოლები: 1:0 კ. ნილი-2 (გონჩარი-2, ფოლინო-3), 1:1 სტეპანი-1 (ბ. რიჩარდსი-3, სტრალმანი-2), 1:2 ბ. რიჩარდსი-2 (დელ ზოტო-2, სტეპანი-1), 1:3 კრაიდერი-1 (სტეპანი-2, მ. სტაალი-1), 2:3 სპეცა-3 (გრინინგი-1).

სერია: 3-3

ჩიკაგო-ფინიქსი 0:4

0:0, 0:1, 0:3

გოლები: 0:1 ეკმან-ლარსონი-1 (იენდლი-5, რეი უიტნი-2), 0:2 ბრული-2 (ჩიპჩურა-1), 0:3 ვერმეტი-4 (ბოდკერი-2, ეკმან-ლარსონი-2), 0:4 ჩიპჩუპა-1 (ბრული-1, ლენგკოუ-3).

სერია: 2-4

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი | ორი პენალტი, გაძევება, პროტესტი მსაჯობის გამო...
VIDEO | საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი | ...უკვე მაშინ, როცა ყველა პენალტებისთვის ემზადებოდა - "დილა" ნახევარფინალშია!
[VIDEO] საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასზე სამი მეოთხედფინალისტი გაირკვა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა