ჩემპიონთა ლიგა. ნახევარფინალი. საპასუხო მატჩი
ჩემპიონთა ლიგა. ნახევარფინალი. საპასუხო მატჩი

რეალი-ბაიერნი 22:45

პირველი მატჩი: 1:2

სავარაუდო შემადგენლობები

რეალი (4-2-3-1): კასილიასი - არბელოა, პეპე, სერხიო რამოსი, კოენტრაო - ხედირა, ჩაბი ალონსო - კ. რონალდო, იოზილი, დი მარია - ბენზემა.

ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - ლამი, ბოატენგი, ბადშტუბერი, ალაბა - ლუის გუსტავო, შვაინშტაიგერი - რობენი, კროოსი, რიბერი - გომესი.

არბიტრი: ვიქტორ კასაი (უნგრეთი)

რეალი

"ბაიერნმა" პირველი თამაში 2:1 მოიგო, რაც იმას ნიშნავს, რომ გერმანულ გიგანტს 25 აპრილს მადრიდში აწყობს ის ანგარიში, რომელიც "სანტიაგო ბერნაბეუს" ტაბლოზე მატჩის დასაწყისში იქნება დაფიქსირებული.

აქედან გამომდინარე, ლოგიკური და ლეგიტიმურია საფეხბურთო ექსპერტების დიდი ნაწილის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ბავარიელები შეტევებით თავს არ მოიკლავენ და რაკი მაინცდამაინც შემტევ ფეხბურთს არც "რეალი" თამაშობს, რეალობასმოკლებული ნაღდად არაა ის მოსაზრება, რომ შეხვედრა, როგორც მინიმუმ, დაბალ ტემპში დაიწყება.

თუმცა მადრიდელთა პორტუგალიელი დამრიგებელი ჟოზე მოურინიო ასე არ ფიქრობს - არა იმიტომ, რომ თავად დებს პირობას, უკანმოუხედავ შეტევებში წავალთო, არამედ იმის გამო, რომ დარწმუნებულია: "ბაიერნი" შეუტევს!

"მიუნხენელებმა იციან, რომ ფინალში ისე ვერ გავლენ, თუ მადრიდში, მინიმუმ, ერთი გოლი მაინც არ გაიტანეს, რადგან ჩვენ, მინიმუმ, ერთს გავიტანთ, - თქვა მოურინიომ 24 აპრილს, ნაშუადღევს გამართულ პრესკონფერენციაზე და იქვე დასძინა, - ზუსტად ვიცი, მიუნხენელები შემოგვიტევენ".

ბაიერნი მაგარია, მაგრამ ჩვენ უფრო მაგრები ვართ!

პორტუგალიელი თავდაჯერებულია და იმასაც ამბობს, "რეალს" საკმარისი პოტენციალი აქვს საიმისოდ, რომ თუნდაც უაღრესად დამღლელი "ელ კლასიკოს" შემდეგ "ბაიერნს" სასურველი ანგარიშით მოუგოს და ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდესო.

თუმცა ჟოზე საპასუხო მატჩის წინაც ორიგინალური იყო იმ მხრივ, რომ ზუსტად ისე, როგორც პირველი მატჩის წინ, "ბაიერნი", ანუ თავისი გუნდის მეტოქე, ამჯერადაც არაადეკვატურად აქო და ადიდა.

"ადრეც ვთქვი და კიდევ სიამოვნებით გავიმეორებ, რომ მიუნხენელებს ძალიან კარგი გუნდი და შესანიშნავი მწვრთნელი ჰყავთ. შესაბამისად, ლეგიტიმურია მათი ოცნებაც - გავიდნენ ფინალში, რომელიც მათ სტადიონზე უნდა გაიმართოს, - აღნიშნა ჟოზემ და ის ის იყო, ესპანელმა ჟურნალისტებმა იფიქრეს, მატჩის წინ გარკვეულ ალიბის იქმნისო, რომ The Special One-მა იქვე დასძინა, - მაგრამ არა მარტო ფინალში თამაშს, არამედ მის მოგებასაც ჩემი გუნდი უფრო იმსახურებს".

ჟოზემ ისიც გაიხსენა, რომ პირადად მას ჩემპიონთა ლიგის არაერთი ნახევარფინალი აქვს წაგებული. შარშან "რეალი" მისი ხელმძღვანელობით ასევე ნახევარფინალიდან გავარდა და თანაც, "ბარსასთან" ორრაუნდიან დუელში დამარცხდა (0:2, 1:1) და ეს არ იყო პირველი ნახევარფინალი, რომელიც მოურინიომ ვერ გადალახა.

"პორტუსთან" (2004) და მილანის "ინტერთან" (2010) ერთად მიღწეულ ტრიუმფებს ნახევარფინალში სამჯერ განცდილი კრახი გასდევს და ჟოზე ფიქრობს, რომ სამივე შემთხვევაში არ გაუმართლა - ერთხელ არჩასათვლელი გოლის გამო გამოვარდა (2005 წელს "ლივერპულთან" განცდილი მარცხი იგულისხმა), ერთხელ უაზრო პენალტების სერიაში (2007, ასევე "ლივერპულთან"), ხოლო შარშანდელის გახსენება აღარც ღირს, რადგან ისედაც ყველამ იცის, რატომ ვერ გადალახა "რეალმა" "ბარსელონას" ბარიერიო.

ვისაც არ ახსოვს, გავახსენებთ, რომ ერთი წლის წინ, "ბარსასთან" გავარდნის შემდეგ, მოურინიომ თავის წაგებაში არა მარტო უეფა, არამედ თვით UNICEF-იც კი დაადანაშაულა.

ჟოზე ფანებს არაფერს სთხოვს

"საერთო ჯამში იმის თქმა მინდა, რომ ნახევარფინალებში ხშირად არ მიმართლებდა და იმედია, ახლა ასე აღარ იქნება" , - დაასკვნა "რეალის" თავკაცმა.

მისი თქმით, "რეალის" ფეხბურთელები "ბაიერნთან" მატჩისთვის ასპროცენტიან მზადყოფნაში არიან:

"რა თქმა უნდა, დაძაბულები ვართ, მაგრამ ეს ნორმალურია. ემოციური თამაში გამოვა, რადგან ფეხბურთელებს ზომიერ აგრესიასაც ვამჩნევ და ეს ძალიან მომწონს. მოკლედ, ჩემს გუნდში ყველაფერი ისეა, როგორც მე მინდა", - აღნიშნა მოურინიომ და კითხვაზე, რას ეტყოდა "რეალის" ფანებს ამ მატჩის წინ, ასე უპასუხა:

"ქომაგებს მე არასდროს არაფერს ვთხოვ და არც ახლა მოვთხოვ. მათ ფეხბურთელებს უნდა მიუძღვნან ის, რასაც ბიჭები დაიმსახურებენ".

ბაიერნი

"ხვალ თქვენ ნახავთ ყველაფერს, რის გამოც ჩვენ ყველას ფეხბურთი ასე ძლიერ გვიყვარს", - ასე დაიწყო "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა იუპ ჰაინკესმა 24 აპრილის საღამოს პრესკონფერენცია და არა მარტო რეკორდმაისტერის, არამედ, ზოგადად, ფეხბურთის გულშემატკივრებს საუკეთესო საფეხბურთო სანახაობას დაჰპირდა.

ამ განცხადებას "დონ იუპმა" "ბაიერნის" ქომაგების გულისსაამებელი კომენტარიც მოაყოლა - ჩვენ არავისი გვეშინია, მათ შორის, არც "რეალის" და "სანტიაგო ბერნაბეუზე" ყოველგვარი შიშის გარეშე ვიბრძოლებთო.

ისევე, როგორც პირველი მატჩის წინ, ჰაინკესმა ბასტიან შვაინშტაიგერის საკითხი ამჯერადაც ღია დატოვა, ოღონდ ამჯერად მიზეზი უკვე დეტალურად განმარტა - შვაინიმ უმძიმესი ტრავმა გადაიტანა და ფორმაში არაა, რის გამოც დღესაც არ ვიცი, გავამწესებ თუ არა ძირითად შემადგენლობაშიო.

"მინდა, ხვალინდელ ვარჯიშს დაველოდო და ბასტიანსაც დაველაპარაკო. გადაწყვეტილებას ხვალ საღამოს მივიღებ", - თქვა "დონ იუპმა".

რეკორდმაისტერის თავკაცს საკადრო საკითხებზე მეტი არაფერი უთქვამს. სამაგიეროდ, პროგნოზების კეთებას მოჰყვა. თუ "ბაიერნის" დამრიგებლის ინტუიციას ვენდობით, მატჩი ძალიან დაძაბული უნდა გამოვიდეს, რომლის გამარჯვებული იოლად არ გამოვლინდება, "სანტიაგო ბერნაბეუს" ტრიბუნებზე კი ჰაინკესი იდეალურ საფეხბურთო ატმოსფეროს ელის. მისი თქმით, "რეალისა" და "ბაიერნის" ბრძოლა "გიგანტების დუელი" იქნება - "ორი საფეხბურთო ფილოსოფიის და ტაქტიკის ჭიდილი".

ჰაინკესმა "რეალს" და "ბაიერნს" ერთი დონის გუნდები უწოდა და იქვე დასძინა, თუკი რამდენიმე კვირის წინ "ბარსელონა" იყო უძლიერესი, "ელ კლასიკოს" შემდეგ "რეალმა" და "ბარსამ" როლები გაცვალეს. ახლა კი ჩვენ უნდა გავუცვალოთ "რეალს" როლიო.

"ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და მჯერა, რომ ფინალში გავალთ, რადგან ნამდვილად გვაქვს იმის პოტენციალი, რომ მადრიდში სასურველი შედეგი დავაფიქსიროთ, - თქვა ჰაინკესმა, - მე ძალიან კარგად ორგანიზებული გუნდი მყავს, რაზეც ბუნდესლიგაში დაფიქსირებული ბურთების შეფარდებაც მიუთითებს (71:21 - ავტ.)".

ესპანურმა სპორტულმა გაზეთმა "მარკამ" პირველ გვერდზე "რეალის" ლეგენდარული ფეხბურთელის, ხუანიტოს სიტყვები ("ბერნაბეუზე 90 წუთი ყველასათვის ძალიან ბევრია") გერმანულ ენაზე, დიდი შრიფტით დაბეჭდა. ჰაინკესის კომენტარი: "ეს 90 წუთი თავისუფლად შეიძლება, "რეალისთვისაც" ძალიან გაიწელოს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ის "ოქროს ბურთის" უდავო გამარჯვებულია" - რაისმა თავისი ფავორიტი დაასახელა
[VIDEO] "არსენალმა" "ბაიერნთან" ფრეს მიაღწია - "რეალმა", "ასტონ ვილამ" და "ბეტისმა" მორიგი გამარჯვებები მოიპოვეს
"კომომ" "მანჩესტერ იუნაიტედი" გაანადგურა, "გალათასარაიმ" "ლილს" სძლია
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა