ევროპის მოახლოებული ჩემპიონატის პოლიტიკური ბოიკოტი სახეზეა. ველოდოთ სპორტულსაც?

ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი მასპინძელი უკრაინა ისედაც კრიტიკის ობიექტი იყო, დნეპროპეტროვსკში მომხდარმა ტერაქტმა და ექს-პრემიერმინისტრ იულია ტიმოშენკოს გარშემო ატეხილმა სკანდალმა ვითარება კიდევ უფრო გაართულა.

ამ დღეებში არაერთმა პოლიტიკოსმა და საფეხბურთო ფუნქციონერმა ახსენა სიტყვა ბოიკოტი - რა თქმა უნდა, ევრო 2012-თან მიმართებაში - და არაერთხელ გაიჟღერა ფრაზამ იმის შესახებ, რომ "შესაძლოა, ევროპის ჩემპიონატის საუკრაინე მატჩები გერმანიაში გადაიტანონ", მაგრამ სპორტულ ბოიკოტზე საუბარს სერიოზული სახე არ მიუღია, ხოლო პოლიტიკური ბოიკოტი კი ნამდვილად სახეზეა: გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი სერიოზულად ფიქრობს იმაზე, რომ თავის მინისტრებს ევროპის ჩემპიონატის დროს უკრაინაში წასვლისგან თავის შეკავება ურჩიოს.

ვიქტორ იანუკოვიჩის რეჟიმზე ზეწოლა გაიზარდა: პირველი, ვინც უკრაინაში ოფიციალური ვიზიტით ჩასვლაზე უარი თქვა, გერმანიის პრეზიდენტი იოახიმ გაუკი იყო, რომელიც ევროპის ჩემპიონატის მასპინძელ ქვეყანაში მაისის შუა რიცხვებში უნდა გამგზავრებულიყო.

გაუკს ჩეხმა, სლოვენიელმა, ავსტრიელმა და იტალიელმა კოლეგებმაც მიბაძეს. ხსენებული ქვეყნების პირველი პირები უკრაინას პროტესტს 51 წლის ტიმოშენკოზე სასტიკი მოპყრობის გამო უცხადებენ. ყველაზე მეტად კი მაინც გერმანელი პოლიტიკოსები აქტიურობენ, რაც ექსპერტების დიდმა ნაწილმა იმის ნიშნად მიიღო, რომ გერმანიას უკრაინაში ჩასატარებელი მატჩების გადაბირება სურს.

გერმანელები ამაზე ღიად, რა თქმა უნდა, არ საუბრობენ. მეტიც, ასეთ სურვილს უარყოფენ, მაგრამ ფაქტია, რომ პოლიტიკური ბოიკოტის ტალღა სწორედ გერმანიიდან დაიწყო. მოსაზრება აბსოლუტურად ლოგიკურია, რადგან განსაკუთრებულ სიტუაციაში, პოლონეთთან ერთად, ევრო 2012-ის მასპინძლობის საუკეთესო შანსი სწორედ გერმანიას აქვს.

"ამ ბოიკოტით ჩვენ უკრაინას უნდა ვაჩვენოთ, რა შეიძლება მოხდეს ყველაზე ცუდ შემთხვევაში, - აცხადებს გერმანიის განვითარების მინისტრი დირკ ნიბელი (პარტია FDP) გაზეთ "რაინიშე პოსტისთვის" მიცემულ ინტერვიუში, - უკრაინა ვალდებულია, დაემორჩილოს კანონის სტანდარტებს და ეს ქვეყანა მხოლოდ ასე დაბრუნდება ევროპისკენ მომავალ გზაზე".

იანუკოვიჩის რეჟიმის პასუხმა, რა თქმა უნდა, არ დააყოვნა - უკრაინის პრეზიდენტის თანამოაზრეებმა გერმანია ცივი ომის მეთოდების გამოყენებაში დაადანაშაულეს და ანგელა მერკელს მოუწოდეს, შეეშვას სპორტის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას.

გერმანიაში რამდენიმე პარტიის წარმომადგენლებმა მართლაც მოითხოვეს უკრაინის, როგორც ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი მასპინძლის დისკვალიფიკაცია - ისინი უეფას მოუწოდებენ, უკრაინაში დაგეგმილი მატჩები ავსტრიაში ან გერმანიაში გადაიტანონ, რაც კიევს უდიდესი წნეხის ქვეშ მოაქცევდა.

ავსტრია ამ შემთხვევაში ზერელედ ნახსენები ქვეყანაა, რადგან ყველას ესმის, რომ განსაკუთრებულ შემთხვევაში ევროპის ჩემპიონატის მატჩების უპირველესი მისამართი გერმანიაა. თუმცა ზოგიერთი გერმანელი პოლიტიკოსი იმაზეც საუბრობს, რომ პოლონეთს ყველა მატჩის მასპინძლობაც შეუძლია.

ტიმოშენკო ხარკოვის ციხეში ევრო 2012-ის სტადიონიდან სამ კილომეტრშია და 11 დღეა, პროტესტს შიმშილობით გამოხატავს. ოფიციალურ ფოტოებზე ჩანს ის დაზიანებები, რის გამოც ექიმები მის მდგომარეობას სერიოზულს უწოდებენ და ტიმოშენკოს ბერლინში გადაყვანას ითხოვენ.

გერმანელი პოლიტიკოსები კი მთავრობას ტიმოშენკოს მხარდასაჭერად უფრო სერიოზული ნაბიჯების გადადგმას სთხოვენ და ღიად საუბრობენ იმის შესახებ, რომ უკრაინის ექს-პრემიერმინისტრის შემთხვევაში ევროპის ადამიანთა უფლებების კონვენცია სასტიკად დაირღვა.

გერმანიის საფეხბურთო კავშირის პრეზიდენტ ვოლფგანგ ნირსბახს გერმანელი პოლიტიკოსებისგან განსხვავებული პოზიცია აქვს - ანაც, სხვანაირად სპეციალურად საუბრობს.

"ამ პროტესტის მთავარი მიზანი ის არის, რომ უკრაინაში ადამიანის უფლებებს პატივი სცენ და არა ის, რომ ევროპის ჩემპიონატის მატჩები გერმანიაში ჩატარდეს. ერთი წამითაც არ მიფიქრია იმაზე, რომ უკრაინაში ჩასატარებელი მატჩები ჩვენ გადმოვიბიროთ. ეს არ არის ჩვენი თვითმიზანი! უკრაინელმა ხალხმა ევროპის ჩემპიონატი დაიმსახურა და მე სპორტული ბოიკოტის სასტიკი წინააღმდეგი ვარ", - აცხადებს ნირსბახი.

სამაგიეროდ, ბოიკოტი გადაწყვეტილი აქვს გერმანიის საფეხბურთო კავშირის ყოფილ პრეზიდენტ თეო ცვანციგერს, რომელმაც "ბილდისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, პირადად მე უკრაინაში დაგეგმილ არცერთ მატჩს არ დავესწრებიო.

"იმიტომ, რომ არ მომწონს, რაც უკრაინის პოლიტიკაში ხდება!" - დასძინა ცვანციგერმა.

"უკრაინელმა ხალხმა ევროპის ჩემპიონატიდან მოკვეთა არ დაიმსახურა. ეს უკრაინელთა საერთაშორისო იზოლირებას გამოიწვევს და ვფიქრობ, ეს არავის უნდა. უეფას ხელმძღვანელობას ვთხოვ, ამაზე ერთი წამითაც არ იფიქრონ", - ეს ვიტალი კლიჩკოს სიტყვებია.

"იმედი მაქვს, რომ მიშელ პლატინის საჭირო რეაქცია ექნება. ევროპის ჩემპიონატის ჩაშლის ან მატჩების სხვაგან გადატანის მომხრე არც მე ვარ. "ბაიერნის" და გერმანიის ნაკრების ფეხბურთელებს კი მოვუწოდებ, იულია ტიმოშენკოს მხარდაჭერა გამოუცხადონ და დაგმონ თავისუფლების აღკვეთის ისეთი აუტანელი პირობები, როგორშიც უკრაინის ყოფილი პრემიერმინისტრი იმყოფება," - ეს კი "ბაიერნის" პრეზიდენტ ული ჰიონესის განცხადებაა.

უკრაინა, ევროპის ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყანა, საფეხბურთო და პოლიტიკური ევროპისთვის ისეთი რთული კროსვორდი გახდა, რომ ფაქტია, მის ამოხსნას ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე ვერავინ შეძლებს...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფეხბურთიდან ომამდე: როგორ გადაიქცა შეხვედრა 100-საათიან ომად
ეიზელის ღამე: 39 გარდაცვლილი ქომაგი და ტრაგედია, რომელმაც ფეხბურთი შეცვალა
[VIDEO] მესის 922-ე გოლი და "მაიამის" ფრე "ფილადელფიაში"
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
"მანჩესტერ იუნაიტედი" ახალგაზრდა ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
აქვსენტი გიორგაძე ქართულ რაგბს დაუბრუნდა
"ამაზე საუბარი გვჭირდება" - რა თქვა ფლიკმა ფორვარდის შესაძლო დამატებაზე?
"თუ გაკპოს ტრანსფერი არ გამოვა - მუდრიკი ნიდერლანდელის ალტერნატივად განიხილება
"ბოლომდე ბედნიერი არ ვარ" - ფერან ტორესი დუბლის შემდეგ
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "რენთან" მატჩში?
[VIDEO] პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - ზედიზედ მეორე მარცხისგან დუბლით დებიუტანტმა ტორესმა იხსნა
კვერნაძის "ფროზინონე" "იუვენტუსთან" დაძაბულ მატჩში დამარცხდა
"რენთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
გენერალური რეპეტიცია შედგა - საქართველოს ნაკრებმა ისრაელი დაამარცხა
[VIDEO] "ლივერპული" "ნიუკასლთან" წაგებას გადაურჩა
[VIDEO] ომი "მეტროპოლიტანოზე". მატჩის MVP მიქაუტაძემ მცველი გააგდებინა და ობლაკს გაუტანა - კაცნაკლულმა "ატლეტიკომ" ფრეს მიაღწია
რა უშლის ხელს ოსიმენის "არსენალში" გადასვლას?
მამუკელაშვილი დონჩიჩის კემპიდან დაბრუნდა - საქართველოს ნაკრები ისრაელთან სრული შემადგენლობით ითამაშებს
[VIDEO] ზივზივაძემ პენალტი ვერ გაიტანა - "ჰაიდენჰაიმი" თასიდან რეგიონული ლიგის გუნდმა გამოაგდო
"მარსელს" სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე, მინიმუმ სამი ფეხბურთელი დატოვებს
ნოიერმა არ გამორიცხა - ლეგენდარულმა მეკარემ შესაძლოა, ამ სეზონის მერე კარიერა დაასრულოს
"ეს მისი დანაკარგია" - კურტუა როდრის მიერ "ბარსელონას" არჩევაზე