18-წლამდელთა ნახევარფინალური სერიის მორიგ მატჩში "ქუთაისმა" "შსს აკადემია" 86:78 დაამარცხა
18-წლამდელთა ნახევარფინალური სერიის მორიგ მატჩში "შსს აკადემიისა" და "ქუთაისის" დაპირისპირება გაიმართა, რომელსაც ვაკეში მდებარე საკალათბურთო აკადემიის დარბაზმა უმასპინძლა.

შეხვედრა ქუთაისელთა გამარჯვებით დასრულდა, რომელმაც მეტოქე დამაჯერებლად, 86:78 დაამარცხა. მასპინძლებმა სერიაში 2:0 იმარჯვეს და ფინალური საგზური მოიპოვეს.

მატჩის საწყისი წუთები აკადემიელთა სასარგებლოდ წარიმართა და მათივე უპირატესობით, 28:25 დასრულდა. "შსს აკადემიამ" მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნება მეორე პერიოდშიც მოახერხა და ტაიმში 52:47 დაწინაურდა.

ძალიან დაძაბული გამოდგა მესამე მეოთხედი, რომელიც გუნდების გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. აღნიშნული პერიოდის ბოლოს მინიმალური სხვაობით წინ ქუთაისელები გავიდნენ და ანგარიში თავიანთ სასარგებლოდ, 67:66 დააფიქსირეს.

გადამწყვეტ, დასკვნით პერიოდში ქუთაისის გუნდმა შეძლო თამაშზე მობილიზება და პერიოდის შუაწელში 81:74 გავიდა წინ. ამის შემდეგ შეხვედრა "იმერელთა" სასარგებლოდ წარიმართა. "შსს კადემია" მდევრის როლში აღმოჩნდა, თუმცა მეტოქესთან დაწევა ვერ შეძლო და შეხვედრა მარცხით დაასრულა.

ქუთაისელთა შემადგენლობაში 27-27 ქულა ლევან გრძელიძემ და ნოდარ გოგოძემ მიითვალეს, ხოლო "ძალოვანთა" რიგებში 25 ქულით თავი ლევან ლოლიშვილმა გამოიჩინა. ორმაგი დუბლი მიითვალა ლოლიშვილის თანაგუნდელმა შოთა გელაზონიამ, რომელმაც საკუთარ გუნდს 15 ქულა და 12 მოხსნა შესძინა.

მატჩის დასრულებისას ორივე გუნდის მწვრთნელებს, ზურაბ სამხარაძესა და ირინა მელქაძეს გავესაუბრეთ.

ზურაბ სამხარაძე (შსს აკადემია):

- "შსს აკადემია" ახალბედა გუნდია, "ქუთაისი" კი უკვე საკმაოდ გამოცდილი და ბევრად უფრო შეთამაშებულია. ეს გუნდი ყოველთვის გამოირჩეოდა შორეული ტყორცნებით, რომლებიც დღესაც ჩინებულად გამოუვიდა და ღირსეულად გავიდა ფინალში.

რაც შეეხება ფინალურ შეხვედრას, სადაც ქუთაისისა და რუსთავის გუნდები ხვდებიან ერთმანეთს, ვთვლი, რომ ორივე გუნდს თანაბარი შანსები აქვს. კალათბურთის თამაში შემოქმედებითი პროცესია და შესაძლოა, აქ უბრალო განწყობამაც კი გადაწყვიტოს მატჩის ბედი.

- როგორ შეაფასებდით მიმდინარე ასაკობრივ ჩემპიონატებს და რას ურჩევდით ახალგაზრდა მწვრთნელებს?

- კალათბურთში წინსვლა აშკარად იგრძნობა, როგორც უმაღლეს ლიგაში, ასევე დუბლშემადგენლობასა და ასაკობრივ ლიგებში, მაგრამ, ვფიქრობ, უფრო მეტია საჭირო, რომ მოწინავე ქვეყნებს დავეწიოთ.

როგორც გამოცდილი მწვრთნელი, ახალგაზრდა კოლეგებს ვურჩევდი, რომ ნაკლებად იყვნენ გატაცებულნი კომბინაციებით და მეტი იმუშაონ შეტევასა და ტექნიკურ მომზადებაზე, რაც უფრო მიესადაგება ქართულ ხასიათს. თამაშის ნელი ტემპით მოწინააღმდეგეს ვერც სიურპრიზს შესთავაზებ და ვერც მწყობრიდან გამოიყვან. ამიტომ ქართველებმა სწრაფი და შემტევი კალათბურთი უნდა ითამაშონ.

სასიამოვნოა რეგიონების ჩართულობა ჩემპიონატებში. აღსანიშნავია მარნეულის გუნდი, სადაც შესანიშნავი მწვრთნელი ზაზა გაბისონია მუშაობს. მიმაჩნია, რომ პერიფერიის გუნდებმა აუცილებლად უნდა მიიღონ მონაწილეობა ასაკობრივ ჩემპიონატებში და მას უნდა განვიხილავდეთ, როგორც კალათბურთის განვითარებას სხვადასხვა რეგიონში.

უახლოეს ხანში რეგიონები აუცილებლად უნდა იყოს ათვისებული, რასაც საკალათბურთო სამყაროს მაქსიმალური ხელშეწყობა ესაჭიროება.

- როგორ შეაფასებდით ახალგაზრდა თაობას, რომელიც 18-წლამდელთა ჩემპიონატში ასპარეზობს?

- ახალგაზრდებმა, რაც შეიძლება, მეტი უნდა იშრომონ. კონკურენცია დიდია არა მხოლოდ ჩვენთან, არამედ ევროპაში, სადაც კალათბურთი ძალიან წინ წავიდა. მოთამაშემ მაქსიმუმი უნდა გაიღოს, რათა გარკვეულ შედეგს მიაღწიოს.

ბავშვებთან საჭიროა კვალიფიციური მიდგომა უფროსებისგან, რომლებიც მათ მისცემენ სწორ მიმართულებას და მიუთითებენ საკუთარ შეცდომებზე.

დიდი სპორტისთვის ბევრი რამ უნდა გაიღო - დრო, ხარჯები და ა.შ. დღეს დილეტანტების კალათბურთი აღარ არსებობს და დიდი შრომისა და მონდომების გარეშე ვერაფერს მიაღწევ.

ირინა მელქაძე (ქუთაისი):

- ჩვენი ბიჭები ძალიან იყვნენ მონდომებულნი. მათ თავი არ დაუზოგავთ და ბოლომდე იბრძოლეს. რა თქმა უნდა, იყო ხარვეზები და შეცდომები, მაგრამ ჩვენი გუნდი არ დაიბნა, მაქსიმალური კონცენტრაცია მოახდინა და გაიმარჯვა.

ფინალში "რუსთავს" ვეთამაშებით, რომელსაც შესანიშნავი "სნაიპერები" ჰყავს და მთლიანობაში, ძალიან შეკრული და ორგანიზებული გუნდია. ამიტომ მაქსიმალურ აქცენტს დაცვაზე გავაკეთებთ, რაზეც არაერთხელ გვაქვს ნამუშევარი. თუმცა ბოლომდე კმაყოფილები მაინც არა ვართ და, ამ მხრივ, ბევრად მეტი ორგანიზებულობა და დახვეწილობა გვმართებს.

აუცილებლად გავამახვილებთ ყურადღებას აგრეთვე ცენტრალურ თავდამსხმელებზე.

რაც შეეხება წლევანდელ სეზონს, მას ძალიან დადებითად შევაფასებდი. კალათბურთში დონე ყოველ წელს მატულობს, მაგრამ წელს განსაკუთრებით ორგანიზებული ჩემპიონატია და ხარვეზებიც მინიმუმამდე იყო დაყვანილი. კმაყოფილი ვარ წლევანდელი მსაჯობითაც.

- კალათბურთზე მოთხოვნა გაიზარდა... რა სიტუაციაა ქუთაისში ამ მხრივ?

- ქუთაისში აქტიურად ვმუშაობთ. მოთხოვნა მართლაც ძალიან დიდია, რაზეც დარბაზის გადატვირთული გრაფიკიც მოწმობს. დილიდან საღამომდე ვარჯიშებია და ამის გამო ორჯერადი ვარჯიშის ჩატარებას ფიზიკურად ვერ ვახერხებთ.

ქუთაისში პატარა ასაკის ბავშვებთან მაქსიმალურად ვმუშაობთ. ძირითადი აქცენტიც სწორედ მათზე გვაქვს გაკეთებული და ამის ხარჯზე ვაღწევთ შედეგს.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ "ქუთაისი" წარმატებულად ასპარეზობს სუპერლიგაში, რაც ბავშვებისთვის დიდი სტიმული, ხოლო მშობლებისთვის დიდი ინტერესია.

www.u-18.ge

საქართველოს კანდიდატთა ნაკრებმა ჩინეთში ტურნირი გამარჯვებით დაასრულა
ბათუმმა თსუ ფანტასტიკურ ფინალში დაამარცხა და საქართველოს ჩემპიონი გახდა!
"ბათუმის" გამარჯვება ქომაგების ოვაციების ფონზე და აჭარლები ჩემპიონობას მიუახლოვდნენ
ტრაპიზონში საგიჟეთია - სალაჰს 25 ათასი ფანი დახვდა
18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ
ტყვიის სროლა. დიდი წარმატება ვროცლავში
კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
ხანგლძრივი მოლაპარაკებების შემდეგ, "არსენალმა" ბრუნო გიმარაეში შეიძინა
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
20 წ. | საიმონ კიბლი: საქართველომ გამორჩეულად წარმატებული ტურნირი ჩაატარა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
[VIDEO] მძიმე მატჩი, შედეგი სასურველი - "იბერია 1999"-ს მომდევნო რაუნდში გასვლის კარგი შანსი აქვს
"ლარნესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
ოფიციალურად: საბა საზონოვი “ხეტაფეს” ფეხბურთელია
ჩატარდება თუ არა დღეს "ლარნესა" და "იბერიას" მატჩი - ქართულმა გუნდმა ინფორმაცია გაავრცელა
ალისონმა მუნდიალის შემდეგ 5 კვირა დაისვენა და "ლივერპულს" დაუბრუნდა
ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
გადადის თუ არა ფერან ტორესი პსჟ-ში?
მამისა და შვილის სხვა განცხადება - ნეიმარი ბრაზილიის ნაკრებში კიდევ ითამაშებს?
"რეალმა" ვინისიუსს წლიურ გასამრჯელოდ 22 მილიონი შესთავაზა - ბრაზილიელი მეტს ითხოვს
"ბარსელონამ" ტერ შტეგენი "აიაქსში" გაუშვა