საქართველოს ნაკრების 26 წლის მცველს კარიერის გაგრძელება ისევ თურქეთის ჩემპიონატში სურს
აკაკი ხუბუტიამ, რომელიც ჯერ კიდევ რუმინული "გაზ მეთანის" საკუთრებად რჩება, გასული სეზონი თურქულ "სამსუნსფორში" იჯარით გაატარა.

თურქეთის სუპერლიგაში საქართველოს ეროვნული ნაკრების 26 წლის მცველმა 19 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა. გადაწყვეტილია - ხუბუტია მომავალ სეზონში არც "გაზ მეთანში" ითამაშებს და არც "სამსუნსფორში". რუმინეთში დაბრუნება მის გეგმებში არ შედის, "სამსუნი" კი სუპერლიგიდან გავარდა და აკაკის იქ დარჩენა ავტომატურად გამოირიცხა.

ხუბუტიამ "ლელოსთან" ინტერვიუში თურქეთში გატარებული სეზონი შეაფასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

- "სამსუნსფორი" "ტოტო ქაფზე" ასპარეზობას განაგრძობს. ამჟამინდელ გუნდში ამ ტურნირის დასრულებამდე დარჩები?

- კი, ასე მირჩევნია. მართალია, სუპერლიგიდან გავვარდით და "ტოტოზე" თამაშს სპორტული თვალსაზრისით არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ იქ გამოსვლით ფორმას მაინც შევინარჩუნებ და საქართველოს ნაკრების უახლოეს მატჩს მზადყოფნაში შევხვდები.

- ალბათ, გაორებული განწყობა გაქვს. საერთო ჯამში, გასულმა სეზონმა დადებითი ემოციები უფრო მოგიტანა თუ უარყოფითი?

- რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია, რომ გუნდი სუპერლიგიდან გავარდა. არ მაკმაყოფილებდა ისიც, რომ ზოგჯერ ძირითად შემადგენლობაში ვერ ვხვდებოდი.

სეზონს დადებითად ნამდვილად ვერ შევაფასებ, მაგრამ მთლიანობაში, "სამსუნში" გატარებული პერიოდი ცუდი მაინც არ ყოფილა. მატჩების დაახლოებით ორ მესამედში მივიღე მონაწილეობა, ვითამაშე უფრო ძლიერ ლიგაში, ვიდრე რუმინეთშია, მონაწილეობა მივიღე ყველა გრანდის წინააღმდეგ ჩატარებულ შეხვედრაში.

ერთი სიტყვით, საკმაო გამოცდილება შევიძინე, რაც მომავალში უთუოდ წამადგება.

- "სამსუნსფორი" კი, როგორც ჩანს, ვერ გამოდგა მაინცდამაინც ძლიერი გუნდი...

- ფაქტია, რომ სუპერლიგაში დარჩენა ვერ შევძელით, მაგრამ მაინც მგონია, რომ ამის თავიდან აცილება თავისუფლად შეიძლებოდა. სამწვრთნელო შტაბი კლუბის ხელმძღვანელობის მითითებებს ასრულებდა და თურქ ფეხბურთელებს გადამეტებულად ეყრდნობოდა, მაშინ როცა "სამსუნს" მაღალი დონის ლეგიონერები არ აკლდა.

ჩემს თავზე არაფერს ვიტყვი და სხვებს რაც შეეხება, გუნდში თამაშობენ საბერძნეთის, უნგრეთის, ნიგერიისა და სლოვენიის ეროვნული ნაკრების წევრები. მათი უფრო ეფექტურად გამოყენება და ცხრილის შუა ნაწილში დამკვიდრება თავისუფლად შეიძლებოდა.

- ერთი მატჩი ნახევარმცველის პოზიციაზეც ჩაატარე.

- მწვრთნელის ეს გადაწყვეტილება ჩემთვის ძალიან მოულოდნელი იყო, მაგრამ ვფიქრობ, დაკისრებულ ამოცანას თავი ნორმალურად გავართვი. სხვა დროს კი ყოველთვის ჩვეულ პოზიციაზე, დაცვის ცენტრში ვთამაშობდი.

- სასიამოვნოდ გასახსენებელი მატჩებიც გექნება.

- "ბეშიქთაში" და "ფენერბახჩე" დავამარცხეთ და ეს შეხვედრები არასდროს დამავიწყდება.

- იყო ერთი უსიამოვნო არასაფეხბურთო ეპიზოდიც...

- ჩვენი გუნდის ავტობუსი ავარიაში მოჰყვა, მაგრამ საბედნიეროდ, მხოლოდ ავტობუსი დაზიანდა და არავინ დაშავებულა. იმ დროს მე მეძინა და არაფერი გამიგია, ასე რომ, სტრესი არ გადამიტანია (იხილეთ ვიდეო).

- საცხოვრებელი პირობები თუ გქონდა დამაკმაყოფილებელი?

- სამსუნი შავიზღვისპირეთში მდებარეობს, მშვენიერი ქალაქია და მეც და ჩემთან ჩამოსული სტუმრებიც თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობდით. სამსუნი ბათუმიდან 500 კილომეტრით არის დაშორებული და საქართველოსთან სიახლოვეც სასიამოვნო იყო.

მოკლედ, კლუბის შეცვლა მხოლოდ სპორტული მიზეზებით მსურს, თორემ სამსუნში ცხოვრება ძალიან კარგი იყო.

- მწვრთნელებთან და თანაგუნდელებთან ურთიერთობაში ენობრივი ბარიერი ხომ არ გიშლიდა ხელს?

- მათ ინგლისურად ვეკონტაქტებოდი. ცოტა თურქულიც ვისწავლე და იმედი მაქვს, ამ ქვეყანაში დარჩენისა და ჩემი თურქულის გაუმჯობესების საშუალება მომეცემა.

- კარიერის გაგრძელებას სად აპირებ?

- შესაძლო ვარიანტებზე ჩემი მენეჯერი მუშაობს, ყველაფერი ახლო მომავალში გაირკვევა. თურქეთში დიდი სიამოვნებით დავრჩებოდი და გამორიცხული არ არის, ასეც მოხდეს. კლუბებს არ დავაკონკრეტებ, მაგრამ თურქული სუპერლიგის რამდენიმე მონაწილისგან დაინტერესება არის და ვნახოთ, რა გამოვა.

- რომელიმე ქართულ კლუბში თამაშს გამორიცხავ?

- ამას ასი პროცენტით გამოვრიცხავ. თურქეთში დარჩენის დიდი იმედი მაქვს, ძლიერ ჩემპიონატში თამაში ყველა ფეხბურთელს უნდა და ჩემს ადგილზე ყველა ასე მოიქცეოდა.

- უკვე საკმაო ხანია, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი ხარ, რამაც, ალბათ, ბევრი რამ შეგძინა.

- ნებისმიერი ფეხბურთელის წინსვლაში ნაკრებში თამაში უდიდეს როლს ასრულებს და გამონაკლისი არც მე ვარ. ნაკრებში მოხვედრა ყველა ფეხბურთელის ოცნებაა და ბედნიერი ვარ, რომ თემურ ქეცბაიამ ამხელა ნდობა გამომიცხადა.

- კახა კალაძის სრულფასოვანი შეცვლა მოხერხდება?

- კახა ნაკრების უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელი იყო და დიდ როლს ასრულებდა არა მხოლოდ დაცვაში, არამედ მთელი გუნდის თამაშში. მისი შეცვლა ძალიან ძნელია, მაგრამ იმედია, ამას შევძლებთ.

- რას იტყოდი შენს სავარაუდო მეწყვილეებზე ნაკრების დაცვის ცენტრში?

- ხიზანიშვილმა თურქეთში კარგი სეზონი ჩაატარა, კაშიასაც სერიოზული პროგრესი აქვს და საკუთარ კლასს ჰოლანდიაში ამტკიცებს, რაც ცოტა ნამდვილად არაა. ამისულაშვილი კი რუსეთის ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო მცველია და ამით ყველაფერია ნათქვამი.

- რის იმედი უნდა გვქონდეს ახლო მომავალში საქართველოს ნაკრებისგან?

- ამ გუნდს პერსპექტივა უდავოდ აქვს. მთავარია, ყველამ საკუთარი საქმე ვაკეთოთ და თითოეული მატჩისგან მაქსიმუმის მიღება ვისწავლოთ. ეს თუ შევძელით, შედეგი აუცილებლად მოვა.

ჩემი უპირველესი ოცნება ევროპის ან მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე თამაშია და არ ვფიქრობ, რომ ეს მიუღწეველი ამოცანაა.

”აკაკი ხუბუტია: თურქეთში დიდი სიამოვნებით დავრჩებოდი” (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა