...მეფსონეებმაც ეგ თქვეს, "დინამოსთან" თამაში ან ჩაწყობილი იყო, ან "ზესტაფონი" ჩემპიონთა ლიგას არ უყურებსო
არ ვიცი, ვინ დაარქვა "დინამოს" და "ტორპედოს" დაპირისპირებას ქართული კლასიკო, მაგრამ ეს რომ მართლაც განსაკუთრებული პაექრობაა, წყალი არ გაუვა.

ეს არ არის "რეინჯერსი"-" სელტიკი", "რომა" - "ლაციო" თუ "სიტი" - "მანჩესტერი", რადგან საქართველოს ჩემპიონატი ჩვენთან ისე არ უყვართ, როგორც პრემიერლიგა და სერია A თავიანთ ქვეყნებში.

ჩვენთან ზოგადად, ფეხბურთი უყვართ. სიყვარული კი მრავალმხრივი გრძნობაა და ფეხბურთის ზოგადი სიყვარულიც ნამდვილი უნდა იყოს. "დინამოს" და "ტორპედოს" შეხლაც დაშ-ხოშიანი ბრძოლაა.

2002 წელს "ტორპედო" მესამედ გახდა საქრთველოს ჩემპიონი. გადამწყვეტი მატჩი ქუთაისში იყო. მაშინ "დინამოს" პრეზიდენტი ბადრი პატარკაციშვილი გახლდათ, მთავარი მწვრთნელი კი ივო შუშაკი. მთელი ქუთაისი ამ თამაშით ცხოვრობდა - ასეთი იყო მატჩის პრელუდია.

"დინამოს" მაშინ არაფერი არ აკლდა, შუშაკის გუნდი გამოცდილი, ნაკრებმოვლილი ფეხბურთელებით იყო დაკომპლექტებული, "ტორპედოში" კი მალხაზ ასათიანი თამაშობდა.

სტადიონი გაივსო, ყმაწვილკაცობა განათების ბოძებზეც კი აძვრა, რადგან ტრუბუნაზე ტევა არ იყო. ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ გამარჯვება უფრო "ტორპედოს" სჭირდებოდა, ქუთაისელებისთვის ეს გაცილებით დიდი გამოწვევა იყო, ვიდრე "დინამოს" გულშემატკივრებისთვის. "ტორპედოს" უკან მაშინ მთელი ქალაქი იდგა. ის თამაში "ტორპედომ" 1:0 მოიგო.

საქართველოს სხვა ჩემპიონებს ასეთი ტრიუმფი არ ჰქონიათ, "ტორპედო" ამიტომაც არის სხვებისგან განსხვავებული გუნდი. იყო დრო, ზოგი უგუნური ქომაგი ქვებს რომ ესროდა "ტორპედოს" მეტოქე მწვრთნელებსა და ფეხბურთელებს, მაგრამ ეს მავნე ჩვევა წარსულს ჩაბარდა. ერთმა ქუთაისელმა მითხრა, ჩვენი გულშემატკივრების ქცევას დიდად განაპირობებს ის, თუ ვინ არის კლუბის სათავეშიო.

6 მაისს"დინამო" და "ტორპედო" ერთხელაც გავლენ სარბიელზე. ამჯერად ისინი მესამე ადგილისთვის იბრძვიან, მაგრამ ამას დიდი მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს - ამ დაპირისპირებას ხომ სხვა ნიადაგიც აქვს, თუნდაც ის, რომ დედაქალაქის გუნდს ქვეყნის მეორე ქალაქის გუნდი ეპაექრება.

"დინამოს" ბოლო წლებში არაერთი პატრონი ჰყავდა, გულშემატკივრების მოზიდვა კი ჯერაც პრობლემად აქვს. ფან-კლუბი ძალიან კარგია, მაგრამ მხოლოდ ეს ვერ შეეხიდება "დინამოს".

ძალიან ძნელია გულშემატკივრობის გაღვივება თუ ამის ნიადაგი არ არსებობს. "დინამოს" აქვს ყველაზე დიდი ისტორია და ტრადიციები საქართველოში, მაგრამ ხანდახან "სიონის" თამაშზე უფრო მეტი ხალხი დადის, ვიდრე "დინამოს" საშინაო მატჩებზე.

გულშემატკივრის სტადიონზე მოყვანა თავსატეხია, კლუბი ფულს უფრო იოლად იშოვის, ვიდრე ქომაგს - ასეა "დინამოს" საქმე დამოუკიდებელ ქართულ ფეხბურთში. გულშემატკივარს სტადიონზე მოსვლა უნდა მოანდომო, მაგრამ როგორ? ვინ და როგორ მუშაობს ამ მიმართულებით ქართულ კლუბებში?

მენჯერი, ვისაც საფეხბურთო საკითხების გარდა სოციოლოგიაც მაგრად ესმის - იქნებ ასეთი კადრია მოსაძებნი?

ერთი სიტყვით, გვარიანად რთული საქმეა "დინამოს" მატჩებზე ბევრი ხალხის მოყვანა, არადა 6 მაისს "დინამო" - "ტორპედოა"...

ამასობაში ჩემპიონატის ცხრილის კენწეროში რუსთავის "მეტალურგი" მოექცა. მოედანზე ყველაფერს ფეხბურთელი აკეთებს, ოღონდაც ფეხბურთი მხოლოდ შემოხაზული მოედანი არ არის.

"მეტალურგმა" ყველაფერი ზუსტად გათვალა. ჩემპიონატის სისტემა ისეთია, რომ ფეხბურთის თამაშის გარდა მათემატიკაც უნდა გეხერხებოდეს. ზუსტი მეცნიერების გარდა ალღოც აუცილებელია. "მეტალურგის" ხელმძღანელობამ ყველა მიმართულებით კარგად იმუშავა, ჩემპიონატის მიწურულში რომ გალიდერდები, ეს ჰაერიდან არ მოდის.

"მეტალურგს" გამოცდილი მენეჯერი მართავს - ბუბა ტყავაძე. ის ბევრ რამეს გადააწყდა, როცა მანამდე "დინამოს" ხელმძღვანელობდა, "დინამო" კი მენეჯერისთვისაც დიდი სკოლაა.

სავარაუდოდ, "მეტალურგს" ამ სეზონში იმდენი ფული არ დაუხარჯავს, რამდენიც "ზესტაფონმა" ან "დინამომ", მაგრამ ლიდერია და უახლოეს მდევარს ხუთი ქულით უსწრებს. ტყავაძე ყაირათიანი მენეჯერია და ვფიქრობ, ეს საკამათო არავისთვის არ უნდა იყოს. სხვა საქმეა, რაზე კეთდება გათვლა "მეტალურგში" - მხოლოდ საქართველოს ჩემპიონობაზე თუ ევროსტანდარტებთან მიახლოებაზე.

როგორც უნდა იყოს, "მეტალურგის" მენეჯმენტის შედეგი სახეზეა.

მენეჯერ ტყავაძეს "დინამოშიც" ჰქონდა წარმატებები, მაგალითად, დიდიე ოვონოს საქმე ავიღოთ. კლუბმა ამ აფრიკელი მეკარის რეექსპორტი მოახდინა და დაგვანახა, რომ ფულის შოვნა ქართულ კლუბებს ამითაც შეუძლიათ.

როგორც ყველაფერი, ფეხბურთიც ნიუანსების სამყაროა. ჩემპიონატის წინა ტურში "დინამომ" ბოლო წუთზე გაუტანა გამარჯვების გოლი "ზესტაფონს". საგოლე ეპიზოდი ასეთი იყო: გიორგი მერებაშვილი მეტოქის საჯარიმიში ერთი მცველის წინააღმდეგ აღმოჩნდა, გასცდა მას, კარში დაარტყა და დამატებაზე ალექსანდრე კოშკაძემ იყოჩაღა.

ფეხბურთის სპეციალისტობაზე თავს ნამდვილად ვერ დავდებ, ოღონდაც ჩემპიონთა ლიგის მატჩების ყურება ნამდვილად არ მეზარება.

როცა "ბაიერნს" რიბერიც და რობენიც მოედანზე ჰყავს, გარკვეულ პერიმეტრზე რიცხობრივი უპირატესობის მოპოვების შანსი უჩნდება. მიიღებს ბურთს ფლანგზე რობენი და როცა ერთი მცველი ჰყავს მოსატყუებელი, მეორეც იქვეა, დაზღვევაზე. ანუ ერთ კაცს ორი ეთამაშება.

შარშანწინ "ბაიერნმა" ჩემპიონთა ლიგის ფინალი მილანის "ინტერთან" რომ წააგო, რიბერი დისკვალიფიკაციის გამო არ ჰყავდა, მის ნაცვლად ვან გაალმა ჰამით ალტინტოპი გაამწესა. მოურინიომაც ალტინტოპის ფლანგზე ერთი მცველი გაამაგრა, ვისაც სადაზღვევო თანაგუნდელი არ მიუჩინა და "ბაიერნსაც" გაუჭირდა რიცხობრივი უპირატესობის შექმნა ორივე ფლანგიდან.

კარგმა დრიბლიორმა მერებაშვილმა კი საჯარიმოში ბურთი რომ მიიღო, ერთი ზესტაფონელი მცველი ჰყავდა მოსატყუებელი, "ზესტაფონის" საჯარიმოში ზესტაფონელები უფრო მეტნი იყვნენ, ვიდრე დინამოელები, მაგრამ მერებაშვილთან მყოფ მცველს არავინ არ აზღვევდა.

მეფსონეებმაც ეგ თქვეს, თამაში ან ჩაწყობილი იყო, ან "ზესტაფონი" ჩემპიონთა ლიგას არ უყურებსო.

ფეხბურთს თეორიებიც ალამაზებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გიორგი
ვინ პატარკაციშვილი (ფეხბურთზეა სტატია), ვინ შუშაკი, ტორპედოს ვინ წვრთნიდა მაშინ იქნებ ისიც გაგხსენებოდათ.
საქართველოს მინიფეხბურთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ესპანეთს დაუზავდა
დიდი დაბრუნება - ვლადიმირ ვაისი სლოვაკეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელია
ბუნდესლიგის ამომავალი ვარსკვლავი შეიძლება მამარდაშვილის ან კვარაცხელიას თანაგუნდელი გახდეს
ანტმანი: თუ შანსებს ვერ იყენებ, ამით მეტოქე სარგებლობს
ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
რობერტსონი "ლივერპულიდან" "ტოტენჰემში" გადავიდა
ვინგსმა ჰიუნდაი დაამარცხა და ფინალში ვსა-ს შეუწყვილდა | რა ხდება ასაკობრივ A ლიგებში?
"მე კი წავედი, მაგრამ მის ადგილას კარგად დავფიქრდებოდი" - კოულმა კალაფიორის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"შავი ლომი" | "ტოიოტა ჩელენჯს" "აირლინკ პუმასით" ვიწყებთ
კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ
ოფიციალურად - "ლივერპული" ირაოლამ ჩაიბარა
U21 | აშშ V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში ბრანსკოში
არც კოშტა და არც სვილარი - პსჟ იტალიელ მეკარეს დაიმატებს
Le Parisien: პსჟ-მ ბატრაკოვთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ესპანეთი
ქალთა ნაკრები ფარერის კუნძულების ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს
"ხვიჩა პირველივე წუთებიდან ითამაშებს... მამარდაშვილს ვურჩევდი, რომ სხვა კლუბში გადავიდეს" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია
[VIDEO] სოხუმის "ცხუმი" ქართულ ფეხბურთში დაბრუნდა
ვან დერ ვაარტმა მიანიშნა, რომ რუსებმა ევროპირველობაზე დოპინგი მიიღეს
მატჩის დღე! ბაჰრეინთან "მამარდას" გარეშე და "კვარასთან" ერთად
ვლაჰოვიჩი "იუვენტუსს" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს
"3-4 წლის წინ, არავინ მომისმინა" - "ჩელსის" ყოფილმა ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"რეალის" ფეხბურთელობისას რომ ეს მეთქვა, მომკლავდნენ, მაგრამ..." - აზარმა ერთმანეთს მესი და რონალდო შეადარა