განა პირველი აფრიკული მერცხალია

D ჯგუფი

13 ივნისი. პრეტორია. ლოფტუს ვერსფელდი. 38 833 მაყურებელი

სერბეთი-განა 0:1

სერბეთი (4-2-2-2): სტოიკოვიჩი - ივანოვიჩი, ვიდიჩი, ლუკოვიჩი, კოლაროვი - სტანკოვიჩი, მილიაში (62. კუჟმანოვიჩი) - კრაშიჩი, იოვანოვიჩი (76. სუბოტიჩი) - პანტელიჩი, ჟიგიჩი (69. ლაზოვიჩი).

განა (4-1-4-1): კინგსონი - პანტსილი, ვორსა, მენსა, შარპეი - ანანი - ტაგოე, ასამოა (73. აპია), კ. პ. ბოატენგი (91. ადი), აიევი - გიანი (91. ოვუსუ-აბეიე).

გოლი: 0:1 გიანი (84-პენალტით)

გაძევება: ლუკოვიჩი (74. სერბეთი)

მატჩი დაიწყო: განა; გაფრთხილება: 3-2; დარტყმა: 14(2)-15(1); ჯარიმა: 10-16; კუთხური: 4-4; ბურთის ფლობა: 50%-50%.

არბიტრი: ექტორ ვალტერ ბალდასი (არგენტინა)

მატჩის ქრონოლოგია

30' - სერბეთის ნაკრები მეტოქის კართან ხიფათს მხოლოდ სტანდარტულების დროს ქმნის. კოლაროვმა 22 მეტრიდან ძალიან სახიფათო საჯარიმო დარტყმა შეასრულა. ბურთი განის ნაკრების კარს მცირე მანძილით ასცდა.

55' - ტაგოემ მარჯვენა ფლანგზე გაილაღა და თავისუფლად ჩააწოდა. მას შორეულ ძელთან აიევი გამოეხმაურა, მაგრამ თავით არაზუსტად დაარტყა.

61' - განელების გრძელი აუტი, გიანმა საჰაერო ბრძოლა მოიგო, მაგრამ მისი თავური დარტყმის შემდეგ, შვიდი მეტრიდან, ბურთი სერბეთის კარის ძელს მოხვდა.

74' - ლუკოვიჩმა მოედნის ცენტრში ანანს მაისურზე მძლავრად დაქაჩა, რის გამოც მეორე გაფრთხილება მიიღო და შესაბამისად, წითელი ბარათი დაიმსახურა. სერბები კაცნაკლულები დარჩნენ.

79' - სერბების შესანიშნავი შანსი: ლაზოვიჩის გამჭოლი პასი საჯარიმოში, პანტელიჩმა ბურთს ფეხი ააცილა, კრაშიჩმა კი დაარტყა, მაგრამ პირდაპირ განელთა მეკარისკენ, რომელმაც ბურთი მუშტებით მოიგერია.

83' - პენალტი სერბეთის კარში: აიევის ჩაწოდების შემდეგ, კუჟმანოვიჩს ბურთი ხელზე მოხვდა. საკამათო არაფერია, განა პენალტს დაარტყამს.

84' - გიანის გამორბენი, დარტყმა და 1:0. სტოიკოვიჩი მოტყუვდა და ბურთის მოგერიების შანსი არ ჰქონდა.

...და ასე უნდათ სერბებს მინიმუმ, რაც შეიძლება შორს წასვლა და მაქსიმუმ მსოფლიოს ჩემპიონობა? რადომირ ანტიჩის ამბიციური გუნდი ასეთი თამაშითა და შემართებით ჯგუფიდანაც კი ვერ გავა! განის ნაკრები ჯერ ისედაც რა არის და მერე, მიკაელ ესიენის გარეშე დარჩენილი რაღა უნდა ყოფილიყო - გასაკვირი სულაც არ არის ის, რომ ამ გუნდს ბევრს არაფერს უწინასწარმეტყველებდნენ. მაგრამ ნახეთ, მილოვან რაიევაცის (რომელიც, სხვათა შორის, სერბია) გუნდმა, ამ წყვილში ფავორიტად შერაცხულ სერბეთს აბსოლუტურად დამსახურებულად მოიგო.

ანტიჩის გუნდი ვერ უტევდა, ფეხბურთელები უმარტივეს სიტუაციებში ცდებოდნენ. მოკლე პასები, მაღალი ჩაწოდებები, შორეული დარტყმები - გუშინ, სერბული ფეხბურთისთვის დამახასიათებელი ატრიბუტიკების ათი პროცენტიც ვერ ვნახეთ. სერბები უმეტესად მაღალ ბურთებს გზავნიდნენ პანტელიჩ-ჟიგიჩის წყვილისკენ, რომლებსაც განის ნაკრების ცენტრალური მცველები ვორსა და მენსა მშვენივრად აკონტროლებდნენ. ნაქებმა მილოშ კრაშიჩმა მარჯვენა ფლანგზე ვერანაირი ხიფათი ვერ შექმნა, მარცხნივ კი იოვანოვიჩი არ ვარგოდა. კრეატიულობის ნიშანწყალიც კი არ ეტყობოდათ ცენტრალურ ნახევარმცველებს, გუნდის ლიდერ სტანკოვიჩის და მილიაშს. კინგსონის კართან ნაძალადევი ხიფათის შექმნას სერბები მხოლოდ სტანდარტული მდგომარეობების დროს ახერხებდნენ და ერთადერთი, რის გამოც ანტიჩის გუნდი უნდა შევაქოთ, ის არის, რომ როცა ბურთს განა ფლობდა, სერბები სიამოვნებით დარბოდნენ. სამაგიეროდ, დაეუფლებოდნენ თუ არა ბურთს თვითონ, მაშინვე ჩერდებოდნენ...

განის ნაკრებმა გაცილებით გააზრებული ფეხბურთი ითამაშა.

კარგი თამაში ჩაატარა კევინ-პრინს ბოატენგმა. ის და ანანი, მოედნის ცენტრიდან ძალიან კარგად კომბინირებდნენ გარემარბებთან, აიევთან და ტაგოესთან, რომლებსაც, უკნიდან შარპეი და პაინტსილი ეხმარებოდნენ. შესაბამისად, სერბეთის ნაკრების ფლანგის მცველები, კოლაროვი და ივანოვიჩი მთელი მატჩის განმავლობაში წნეხის ქვეშ იყვნენ მოქცეულები.

მოკლედ, განამ აბსოლუტურად ლოგიკურად მოიგო. მართალია, თერთმეტმეტრიანით, მაგრამ დამსახურებულად - თანაც, პენალტი ასპროცენტიანი გახლდათ. ასე რომ, სერბებს ერჩივნათ, ბევრი ბაქი-ბუქის ნაცვლად, კარგად ევარჯიშათ. ფაქტია, რომ ანტიჩის გუნდის მდგომარეობა ამ მარცხმა ძალიან დაამძიმა. სერბებს ახლა გერმანიის და ავსტრალიის დამარცხება სჭირდებათ იმისათვის, რომ ჯგუფიდან გავიდნენ. თანაც, ანტიჩს ბევრი დრო არ აქვს იმისათვის, რომ კარგად გაანალიზოს, რატომ ვერ გამოიყენეს მისმა შეგირდებმა უდიდესი პოტენციალი, რომელიც, ამ გუნდს, ვერ დავუკარგავთ და მართლა აქვს.

არადა, არც განის ნაკრები უქნია მაინცდამაინც ღმერთს. უბრალოდ, აფრიკელებმა უფრო აზრიანად ითამაშეს - ეს იყო და ეს. რაიევაცმა ლიდერ ესიენის არყოფნის კომპენსირება ტაქტიკური დისციპლინითა და გუნდისთვის უდიდესი მონდომების ჩანერგვით შეძლო. სხვათა შორის, ტურნირის წინ, განელებმაც თქვეს, ძალიან შორს უნდა გავიდეთ, როგორც მინიმუმ, მერვედფინალს უნდა გავცდეთო. პირველი ნაბიჯი უკვე გადადგმულია...

საუკეთესო ფეხბურთელი

ჯონ მენსა (განა)

განის ნაკრების დაცვის ბურჯმა და დროებითმა კაპიტანმა ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა. ცენტრალური მცველი ჯონ მენსა უშეცდომო და იდეალური იყო, როგორც პოზიციური თამაშისას, ისე ორთაბრძოლებშიც. თანაც, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მას უმეტესად მსოფლიოს ჩემპიონატის ყველაზე მაღალ თავდამსხმელთან, ნიკოლა ჟიგიჩთან ჰქონდა საქმე.

მატჩის შემდეგ

ასამოა გიანი (განის ნაკრების ფორვარდი): "ღმერთის დახმარებით მოვიგეთ. ამ მატჩის მოგებას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. ვფიქრობ, ჩვენმა გამარჯვებამ ყველა აფრიკელი გაახარა".

რადომირ ანტიჩი (სერბეთის ნაკრების მწვრთნელი): "მატჩის ბედი ლუკოვიჩის წითელმა ბარათმა გადაწყვიტა, ანუ, ერთმა შეცდომამ. განის ნაკრებს დღეს უბრალოდ უფრო გაუმართლა, ვიდრე ჩვენ. რომ არა თერთმეტმეტრიანი, ჩვენ განას დღეს მოგების შანსი არ ექნებოდა. მარცხი ჩვენთვსი დიდი შოკია, მაგრამ ამ შოკიდან აუცილებლად გამოვალთ."

გოტფრიდ ლენცი

ენეს მაჰმუტოვიჩი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 3-4 სამგურალი. უხვი გოლი და ორი განსხვავებული ტაიმი
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 3-0 გაგრა. როგორც ლიდერს ეკადრება...
ფერგიუსონი ისტორიაში პრემიერ ლიგის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს
პრემიერ ლიგის მორიგ კლუბში - "ჩელსიმ" ლიამ დელაპი გაასხვისა
კვლავ ლა ლიგაში - ადამა ტრაორე ესპანეთის ჩემპიონატს დაუბრუნდა
პსჟ ნახევარმცველთან კონტრაქტის გასაწყვეტად მზადაა
დაბრუნება ნაცნობ ადგილას - ნკუნკუ კვლავ "ლაიფციგისთვის" შეუტევს
ხარობს სრულიად აზერბაიჯანი - "საბაჰი" ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"პსჟ-ში ხელშეუხებელი ფეხბურთელი აღარ არსებობს, ენრიკემ მეთოდები გაამკაცრა" - რას წერს ფრანგული პრესა კვარაცხელიასა და დემბელეს შეცვლის შემდეგ
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
[VIDEO] მეტოქეს შესანიშნავად დაუტრიალდა და ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა - სალიამ ახალგაზრდული პრემიერ ლიგა ბრწყინვალედ დაიწყო
"საბოლოოდ გაგაჩუმებს" - დვალიშვილმა ოქტაგონზე რუსეთის დროშის გამოჩენაზე უკმაყოფილება გამოხატა და მას პასუხი მახაჩევმა გასცა
[VIDEO] მამარდაშვილის უნიკალური შემთხვევა ვარჯიშზე - რა გააკეთა და რა პირობებში იყო "ლივერპულის" ქართველი მეკარე
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
არ დაადგა საშველი - ლეაომ არაბებს უარი შეუთვალა და ევროპიდან ახალი მსურველი ჰყავს
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ბუნდესლიგის დაწყების წინ ლოჩოშვილმა თასის მატჩში ტრავმა მიიღო