საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები 10 მაისს ბაქოში გაემგზავრება, სადაც მსოფლიოს თასზე იასპარეზებს

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები 10 მაისს ბაქოში გაემგზავრება, სადაც 12-13 მაისს "სერხედჯის" ოლიმპიურ კომპლექსში მსოფლიოს თასზე იასპარეზებს. ეს ტურნირი ერთ-ერთია ოლიმპიადისთვის მზადების გზაზე და ამიტომ მწვრთნელები იქ ლონდონში წასვლის ყველა იმ კანდიდატს აჭიდავებენ, ვისაც საშეჯიბრო პრაქტიკა აკლია. ცხადია, ვინც ისვენებს, მათ ნაცვლად ბაქოში სათადარიგოები წავლენ.

ოლიმპიადის ფაქტორიდან გამომდინარე, გუნდში ამჯერად გიორგი ედიშერაშვილი (55), მალხაზ ზარქუა (60), ზურაბ იაკობაშვილი (66), დავით ხუციშვილი, იაკობ მაქარაშვილი (ორივე - 74), დავით მარსაგიშვილი (84), ელიზბარ ოდიკაძე (96) და დავით მოძმანაშვილი (120) შევიდნენ.

მსოფლიოს თასზე იმ საუკეთესო ათეულს იწვევენ, რომლებიც ამ სიაში მსოფლიოს ჩემპიონატის შედეგებით შევიდნენ. ამჯერად ესენი არიან მასპინძელი აზერბაიჯანის, საქართველოს, რუსეთის, აშშ-ის, ირანის, ყაზახეთის, ბელარუსის, ბულგარეთის, თურქეთის და იაპონიის წარმომადგენლები. თუმცა არაა გამორიცხული, ვინმემ იუაროს მონაწილეობა, ოღონდ ამაზე ფინანსური სასჯელია.

11 მაისს წილისყრა გაიმართება და ჩვენი მეტოქეების ვინაობასაც მაშინ გავიგებთ. ზაზა თურმანიძის შეგირდებს იქ გამარჯვების დიდი შანსი აქვთ - ისევ და ისევ ოლიმპიადის ფაქტორის გამო გუნდების უმეტესობა იქ შესუსტებული შემადგენლობით ჩავა.

უპირველესად - მასპინძლები და რუსები. მათ შემადგენლობები ჯერ არ დაუსახელებიათ, თუმცა რუსები 24-28 მაისს შინაურ ჩემპიონატს ატარებენ, რაც საოლიმპიადოდ მთავარი შესარჩევი შეჯიბრება იქნება. ამიტომ მთელი ყურადღება იქით იქნება გადატანილი და საეჭვოა, ვინმე ბაქოში ჭიდაობას დათანხმდეს.

ეგ კი არა, იმდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ქვეყნის პირველობას, სალიცენზიო ტურნირებშიც არ სურდათ მონაწილეობა და აი, იქ იქნება, თუ იქნება ამბები! სხვა საქმეა, რომ მათ იმდენად ძლიერი სათადარიგოები ჰყავთ, მსოფლიოს თასზე რუსების მეორე-მესამე ნომრებიც პირველობისთვის იბრძოლებენ. ლიდერთა არყოფნა სხვა გუნდებს საქმეს ნამდვილად გაუადვილებს.

სავარაუდოდ, უმთავრესი ლიდერი - ევროპის ორგზის და მსოფლიოს ჩემპიონი, ოლიმპიური მედალოსანი ხეტაგ გოზიუმოვი (96) არც მასპინძლებს ეყოლებათ. მან ორი კვირის წინათ ჩინეთში იჭიდავა სალიცენზიოზე და საეჭვოა, ასე მალე კიდევ გამოვიდეს ტურნირში. წინ ოლიმპიადა რომ არ იყოს, მაშინ არც ამაზე დაიხევდა უკან, მაგრამ ახლა ის ლონდონისთვის საგანგებო გრაფიკით ემზადება.

სალიცენზიო შეჯიბრებებში ბლომად მოჭიდავეთი წარსდგნენ ბულგარეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, თურქეთი, იაპონია და, სავარაუდოდ, იქ ნაასპარეზებ ფალავნებს (განსაკუთრებით მათ, ვინც საგზურები მოიპოვეს) ისინიც დაასვენებენ.

თუმცა, ისიც სათქმელია, რომ ბაქოში უძლიერესი შემადგენლობით არც ჩვენები გამოვლენ, რადგან სამ წონაში ლიდერები ისვენებენ - ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა (55), ოთარ თუშიშვილმა (66) და გიორგი გოგშელიძემ (96) ბოლო ერთ თვეში ასევე იასპარეზეს სალიცენზიო ტურნირებში, საგზურებიც მოიპოვეს და საშეჯიბრო პრაქტიკაც შეივსეს.

მწვრთნელთა გადაწყვეტილებით, ოლიმპიადამდე მათ მეტი ჭიდაობა აღარ სჭირდებათ. როგორც ვხედავთ, ამ ტრიოს გარეშე დარჩენილ გუნდში ოთხი პოტენციური ოლიმპიელია - ევროპის ვიცე-ჩემპიონი ზარქუა, ევროპისა და მსოფლიოს ბრინჯაოსმედალოსანი ხუციშვილი, ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოს მესამე პრიზიორი მარსაგიშვილი და ასევე მსოფლიოს ბრინჯაოს მფლობელი მოძმანაშვილი. ამ კვარტეტმა საგზური შარშან მსოფლიოს პირველობაზე მოიპოვა.

მსოფლიოს თასი ჩვენი ნაკრებისთვის საოლიმპიადო სამზადისში ბოლო ტურნირია - მეტ შეჯიბრებაში აღარ გამოვლენ, დარჩენილ დროში კი ოთხ შეკრებას გაივლიან.

ოლიმპიადისთვის მზადებას გუნდი კვლავაც ნაცნობ მისამართზე შეუდგება - 23 მაისს სომხეთში გაემგზავრება, სადაც "წახკაძორის" ოლიმპიურ ბაზაზე ფიზიკური მომზადებისთვის განკუთვნილ შეკრებას გაივლის. ამას ორი შეკრება მოჰყვება დუშეთში. მზადების დასკვნით ციკლს კი ბორჯომის სპორტკომპლექსში ჩაატარებენ.

ამდენად, ბაქოს ტურნირი ჩვენი გუნდის ბოლო რეპეტიციაა. შორს ვართ იმ აზრისგან, რომ მომავალ ოლიმპიელთა ოთხეული იქ საუკეთესოდ იჭიდავებს ან ფორმის პიკში იქნება - ამ ეტაპზე ეს არც მოეთხოვებათ და კარტები ბოლომდე არც უნდა გამოამზეურონ.

თუმცა ეს ტურნირი მათ მომზადებაზე, კონკრეტულად კი იმაზე, რამდენად სწორად გაიარეს აქამდე განვლილი პერიოდი, გარკვეულ წარმოდგენას ნამდვილად შეგვიქმნის. ამჯერად დასვენებულთა სამეულმა ეს გამოცდა სალიცენზიო ტურნირებში წარმატებით ჩააბარა და დაგვაიმედა, რომ სწორი მზადების შემთხვევაში ოლიმპიადაზე წარმატებით გამოსვლას უნდა ველოდოთ.

ისიც გავითვალისწინოთ, რომ გუნდი ოლიმპიური თამაშებისთვის მიზანმიმართულ მზადებას ბაქოური შეჯიბრების შემდეგ დაიწყებს და მაშინ კიდევ უფრო უნდა მოუმატონ.

"ბოლო რეპეტიცია" (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] დვალიშვილი სეხუდოსთან 35 წამში დამარცხდა
[VIDEO] ნუთუ ილიასთან ბრძოლაზე ფიქრობდა? - ცარუკიანი საჩემპიონო ბრძოლაში დამარცხდა
[VIDEO] დიდებული მერაბ დვალიშვილი! - ქართველმა საოცარი ბრძოლა შემოატრიალა და ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
არ დაადგა საშველი - ლეაომ არაბებს უარი შეუთვალა და ევროპიდან ახალი მსურველი ჰყავს
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ბუნდესლიგის დაწყების წინ ლოჩოშვილმა თასის მატჩში ტრავმა მიიღო
ფეხბურთიდან ომამდე: როგორ გადაიქცა შეხვედრა 100-საათიან ომად
"ატლეტიკო" ალვარესის გაყიდვას დათანხმდა, მაგრამ ძალიან ძვირად აფასებს
შენგელია პირველი ტიტულისთვის! დუბაი ევროლიგის სუპერთასზე ითამაშებს
"ნიუკასლის" მწვრთნელს მიაჩნია, რომ მსაჯმა "ლივერპულს" პენალტი აჩუქა
ჰიუგოს გმირი "კვარა" - რას მოიტანს კონკურენცია ხვიჩასა და გუნდისთვის
ენეს მაჰმუტოვიჩი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
ფერან ტორესი: მთლად კმაყოფილი არ ვარ
"მანჩესტერ იუნაიტედი" ახალგაზრდა ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
"მანჩესტერ სიტი" როდრის შემცვლელს 100 მილიონ ევროდ შეიძენს
აქვსენტი გიორგაძე ქართულ რაგბს დაუბრუნდა