გერმანელი ქალი ჩოგბურთელების სწრაფი პროგრესი - 2012 წელს ქალთა პროფესიულ ტურში მთავარი განსახილველი თემაა
გერმანელი ქალი ჩოგბურთელების სწრაფი პროგრესი - 2012 წელს ქალთა პროფესიულ ტურში მთავარი განსახილველი თემაა.

დაახლოებით ერთ პერიოდში სცენაზე გამოვიდა რამდენიმე ნიჭიერი მოთამაშე, რომელიც საკმაოდ მაღალ დონეზე თამაშობს.

ჯერჯერობით არცერთ მათგანს მოუპოვებია დიდი ტიტული და წელს ფედერაციის თასის მსოფლიოს ჯგუფში გერმანიის ნაკრებს არ გამოუვიდა თამაში.

ამ გუნდმა პირველივე რაუნდში წააგო მოქმედ ჩემპიონ ჩეხეთთან და ვერც გაისად იბრძოლებს ჩემპიონობისთვის, რადგან პლეი ოფში ავსტრალიასთან დამარცხდა. მიუხედავად ამისა, ამ გუნდს დიდი პოტენციალი აქვს...

ანდრეა პეტკოვიჩი

მე-12 ნომერი, 24 წლის

ანდრეა იუგოსლავიაშია დაბადებული, მაგრამ ექვსი წლის ასაკში, მისი მშობლები გერმანიაში გადავიდნენ საცხოვრებლად. საკუთარ თავს ჩოგბურთელი ასე უწოდებს - "გერმანელი დიდი სერბული გულით".

პირველად მან სერიოზული ყურადღება 2010 წელს მიიქცია. მაშინ ტოპ-50-ში შეაღწია და საფრთხეს წარმოადგენდა ნებისმიერი ჩოგბურთელისთვის. განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო მისი ბრძოლა მოსკოვში ვიქტორია აზარენკას წინააღმდეგ, როცა ბელარუსს ძალიან სჭირდებოდა მოგება წლის შემაჯამებელ ტურნირში მოსახვედრად.

ვიქტორიამ მიაღწია გამარჯვებას, მაგრამ ამისთვის ძალიან დიდი ენერგია დახარჯა. სწორედ მაშინ დაანახა ანდრეამ ყველას, რომ მისი შესაძლებლობების გაუთვალისწინებლობა არ შეიძლებოდა. 2011 წელი ჯერჯერობით საუკეთესოა მის კარიერაში.

მან "დიდი სლემის" სამი ტურნირის მეოთხედფინალში გააღწია, გავიდა პეკინის პრესტიჟული ტურნირის ფინალში და რეიტინგის საუკეთესო ათეულში შეაღწია.

სამწუხაროდ, წლის ბოლოს სერიოზული ტრავმა მიიღო და ახალი სეზონი მხოლოდ აპრილში დაიწყო, მაგრამ შტუტგარტში, საშინაო ტურნირზე ისევ დაიმტვრა და ორი თვე გამოეთიშა პროფესიულ ტურს. თუმცა რჩება მცირე შანსი იმისა, რომ ანდრეა მოახერხებს ლონდონის ოლიმპიადაზე თამაშს.

პროგრესირებად გერმანელებს შორის პეტკოვიჩს ყველაზე დაბალანსებული თამაში აქვს. მას კარგად გამოსდის შეტევა, თუმცა დაცვაშიც შეუძლია საიმედო მოქმედება. კორტზე მისი საფირმო ელემენტი არა რომელიმე დარტყმა ან ილეთი, არამედ გამარჯვების ცეკვაა, რომელსაც გულშემატკივრებმა ასე უწოდეს - "პეტკოდენსი".

თავიდან მარტივი მოძრაობებით დაიწყო, მაგრამ შემდეგ რეპერტუარში სხვა ქორეოგრაფიული ილეთებიც დაამატა.

საბინ ლისიცკი

მე-13 ჩოგანი, 22 წლის

ლისიცკი გერმანიაშია დაბადებული, თუმცა პოლონური ფესვები გააჩნია. საჩოგბურთო განათლება ლეგენდარული ნიკ ბოლეტიერის აკადემიაში მიიღო. ამ სახელგანთქმულ სკოლას სხვა გერმანელი ვარსკვლავებიც აღუზრდია - ბორის ბეკერი, ტომი ჰაასი, ანკე ჰუბერი...

19 წლის ასაკში საბინი პირველად მოხვდა "დიდი სლემის" ტურნირის ძირითად ბადეში. ეს მელბურნში მოხდა, სადაც საბინმა სენსაციურად დაამარცხა რუსი ვარსკვლავი დინარა საფინა. იმ მომენტისთვის ლისიცკის არავინ იცნობდა. ასე რომ, ეს დიდი მოულოდნელობა იყო.

ერთი წლის შემდეგ კი საბინმა უიმბლდონის მეოთხედფინალს მიაღწია, მაგრამ იმავე საფინასთან დამარცხდა.

საერთოდ, ბალახის საფარი მისთვის ყველაზე მეტად მოსახერხებელია. 2011 წელს იმავე უიმბლდონზე გერმანელი ნახევარფინალში გავიდა, სადაც მარია შარაპოვამ გააჩერა.

მიმდინარე სეზონში საბინის შედეგები მოიკოჭლებს, მაგრამ ეს, ძირითადად, ტრავმებით არის გამოწვეული. ჯერჯერობით ლისიცკისთვის ჯანმრთელობა - მთავარი პრობლემაა, რომელიც არ აძლევს პოტენციალის სრულად წარმოჩენის საშუალებას.

ასეთ ადრეულ ასაკში მან უკვე მოასწრო დიდი ხნით თამაშიდან გამოთიშვა. რამდენჯერმე კი საბინმა აცრემლებულმა დატოვა კორტი.

ის პეტკოვიჩის მსგავსად ძალიან აგრესიულად თამაშობს და აღემატება კიდეც თანამემამულეს აქტიურობაში. თუმცა ამას ხანდახან უამრავი უნებლიე შეცდომა მოაქვს, მაგრამ, როცა ის კარგ ფორმაშია, მის წინააღმდეგ ნებისმიერს უჭირს.

ანჟელიკ კერბერი

მე-14 ჩოგანი, 24 წლის

პოლონური წარმოშობის კიდევ ერთი გერმანელი. ბავშვობაში, ჩოგბურთის გარდა, ცურვითაც იყო დაკავებული. ჩოგბურთზე საბოლოო არჩევანი მან უკვე საშუალო სკოლის დასრულების შემდეგ გააკეთა და შესაძლოა, ამით აიხსნება ის, რომ თავიდანვე ვერ შეძლო საკუთარი შესაძლებლობების გამომჟღავნება.

კერბერის შემთხვევაში ბევრი არც ელოდა მაღალ შედეგებს - 23 წლამდე ის იყო საშუალო დონის ჩოგბურთელი ყოველგვარი მნიშვნელოვანი წარმატების გარეშე, მაგრამ ყველაფერი შეიცვალა აშშ-ის ღია პირველობაზე, სადაც მან სენსაციურად გააღწია ნახევარფინალში.

მეორე რაუნდში ანჟელიკმა აგნიეშკა რადვანსკა გამოთიშა ბრძოლას, დანარჩენი ბადე კი მას შედარებით იოლი ჰქონდა.

ნახევარფინალში გერმანელის შეჩერება სამანტა სტოსურმა მოახერხა. ამასთან, კერბერმა შეძლო მომავალი ჩემპიონისთვის ერთი სეტის ართმევა. სკეპტიკოსები დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ეს შემთხვევითი წარმატება იყო და ასეთ დონეზე თამაშის გაგრძელება კერბერს გაუჭირდებოდა. ეს მოსაზრება გაამყარა 2011 წლის სეზონის ბოლო მატჩში ვივიან სხოფსთან წაგებამ.

მაგრამ 2012 წელს კერბერი მნიშვნელოვნად შეიცვალა. მან თავის თამაშს აგრესიულობა დაუმატა და დაემგვანა სხვა გერმანელებს, რომლებიც აქცენტს შეტევაზე აკეთებენ. ავსტრალიის ღია პირველობაზე მარია შარაპოვასთან წააგო, მაგრამ ორი კვირის შემდეგ პარიზში კერბერმა რევანში აუღო რუს ვარსკვლავს და მოიგო ის ტურნირი.

მოგვიანებით, აპრილში, კოპენჰაგენის ტურნირში გამოიჩინა თავი, სადაც ფინალში კაროლინ ვოზნიაცკი დაამარცხა. არადა, დანიელს საშინაო ტურნირში არცერთი მარცხი არ ჰქონდა.

საჩემპიონო რბოლაში ის ახლა მეხუთე ადგილზეა (საუკეთესო შედეგი გერმანელებს შორის). სულ რაღაც ნახევარ წელიწადში ანჟელიკი საშუალო დონის ჩოგბურთელიდან მიმდინარე სეზონის ერთ-ერთ ვარსკვლავად იქცა.

იულია გორგესი

მე-20 ჩოგანი, 23 წლის

იულია, ალბათ, ყველაზე გერმანელი გერმანელია ქვეყნის ამჟამინდელ თაობაში. მთელი მისი ოჯახი, მათ შორის და, სადაზღვევო ბიზნესში მუშაობს, მაგრამ მან სპორტი არჩია.

იულიას მშობლები ადგილობრივ კლუბში სამოყვარულო დონეზე თამაშობდნენ. ერთხელაც ექვსი წლის ქალიშვილი თან წაიყვანეს და გოგონას კორტი მოეწონა.

გორგესი სავსებით შეესაბამება თამაშის სტილით დანარჩენ თანამემამულეებს. მის თამაშში განსაკუთრებით გამოკვეთილია ფორჰენდი, რომელმაც შეიძლება წონასწორობიდან გამოიყვანოს დაცვითი სტილის ნებისმიერი გამორჩეული მოთამაშე. სწორედ შესანიშნავმა შემტევმა ჩოგბურთმა მისცა პროგრესის საშუალება გრუნტის შარშანდელ სეზონში.

მაშინ იულიამ შტუტგარტის პრესტიჟული საშინაო ტურნირის ფინალში კაროლინ ვოზნიაცკი დაამარცხა, რომელიც იმ დროს სათავეში ედგა WTA-ს რეიტინგს. ორი კვირის შემდეგ გორგესმა თავისი წარმატება მადრიდში გაიმეორა და გარკვეული ხანი ვოზნიაცკის ყველაზე უხერხული მეტოქე გახდა.

წლევანდელ სეზონში გორგესმა დუბაის დიდი ტურნირის ფინალამდე მიაღწია, სადაც გადამწყვეტ მატჩში რადვანსკასთან წააგო.

უკვე ჩამოთვლილი გერმანელებისგან განსხვავებით, იულიას ჯერ არ მიუღწევია "დიდი სლემის" ტურნირის მეოთხედფინალამდე და მეოთხე წრეშიც მხოლოდ ერთხელ იყო - 2012 წლის ავსტრალიის ღია პირველობაზე. წელს მას კარიერული რეკორდი ჰქონდა, როცა WTA-ს კლასიფიკაციაში მე-15 ადგილამდე ავიდა.

მონა ბარტელი

31-ე ჩოგანი, 21 წლის

ბარტელი ყველაზე ახალგაზრდაა გერმანელი ჩოგბურთელების ახალ თაობაში და მისი ნიჭი მხოლოდ ახლა იხსნება. მონა სპორტულ ოჯახში გაიზარდა.

მამამისი უმაღლეს დონეზე გამოდიოდა მძლეოსნობაში, უფროსი და კი ჩოგბურთელობაზე ოცნებობდა, მაგრამ მისი კარიერა მხრის ტრავმის გამო არ აეწყო. სამაგიეროდ, მონას გამოუვიდა ეს საქმე. მას ასევე ურჩევნია თავად შექმნას თამაში კორტზე და ამისთვის საკმარისად ძლიერი დარტყმა გააჩნია.

2012 წელს ბარტელმა პირველი ტიტული მოიგო ჰობარტში, მაგრამ ეს არ გახლავთ მისი მთავარი მიღწევა.

გერმანელმა ამ სეზონში ორჯერ გაუმართა დიდი ბრძოლა თვით ვიქტორია აზარენკას. პირველად ეს მოხდა ინდიან უელსის ტურნირის მეორე რაუნდში. თავიდან მონა უიმედოდ აგებდა, მაგრამ მან შეძლო მატჩის ბედის შემოტრიალება და მესამე სეტის ბოლოს აზარენკა ერთი ნაბიჯით იყო დაშორებული წაგებას. მსგავსი სიტუაცია შეიქმნა შტუტგარტის ტურნირის მეოთხედფინალში.

საბოლოოდ, ორივე შემთხვევაში გამარჯვებული მსოფლიოს პირველი ნომერი რჩებოდა. ჯერჯერობით ბარტელს, უბრალოდ, გამოცდილება არ ჰყოფნის, მაგრამ დროთა განმავლობაში ესეც მოვა და ის უფრო სახიფათო გახდება.

გერმანიის მეექვსე ნომერია სარა გრონერი, რომელიც ჰერმაფროდიტია, მაგრამ ჩოგბურთის მხრივ, ჯერ ბევრისთვის არ მიუღწევია. ამიტომაც მასზე დაწვრილებით ლაპარაკი არ ღირს.

რაც შეეხება ჩამოთვლილ "ბრწყინვალე" ხუთეულს, მათ, ეროვნების გარდა, ბევრი რამ აერთიანებთ - ახალგაზრდები არიან, პერსპექტიულები, დაცვას შეტევას ამჯობინებენ და ჯერჯერობით არცერთს დაუპყრია დიდი მწვერვალი.

გერმანიაში გაიზარდა ჩოგბურთელთა შესანიშნავი თაობა და ისინი უკვე გავიდნენ პირველ ადგილზე ტოპ-ოცეულში, წარმომადგენლების რაოდენობით. ამ მხრივ, მათ გაუსწრეს რუსეთს, რომელიც ბოლო პერიოდში დომინირებდა ამ მაჩვენებლით.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"უიმბლდონის" ყოფილ ჩემპიონს 4-წლიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს
ბასილაშვილმა სონეგო დაამარცხა და ჰალეს ტურნირის ძირითად ბადეში ითამაშებს
ბასილაშვილმა ბალახის სეზონი მარცხით დაიწყო
"ბარსელონაში" ტრანსფერი დაუბლოკეს - ალვარესს პრემიერ ლიგაში დაბრუნების ვარიანტი შერჩა
"მილანმა" პსჟ-ს თავდამსხმელის ტრანსფერზე მიმართა
20 წ. | გამარჯვებული შემადგენლობით უელსთან
ესპანური ვერცხლი შენგელიას | საქართველოს ნაკრების კაპიტანმა საკლუბო სეზონი დაასრულა
20 წ. | ლუკა ნარსია: ჩვენი მიზანი ისტორიის დაწერაა
პსჟ-ს ნახევარმცველი ატლეტიკოში გადასვლაზე დათანხმდა
აფრიკელებიდან ყველა დროის რეკორდი მოხსნა - "ბაიერნის" ახალწვეულის მიღწევა მსოფლიო ჩემპიონატზე
მეკარეთა გადაადგილება "ტოტენჰემში" - ვიკარიო მიდის, კინსკის დუბლიორი დუბრავკა იქნება
"მოურინიომ პირადად დამირეკა, ამაყი ვიყავი" - კუკურელია "რეალში" გადასვლაზე
[VIDEO] სენსაცია. სამხრეთ აფრიკა პლეი-ოფშია, ჩეხეთი ჯგუფში ჩარჩა
[VIDEO] სულ სხვა ბრაზილია ვინისიუსის წინამძღოლობით და ნეიმარის დაბრუნება - შემდეგ ეტაპზე სელესაოსთან ერთად მაროკო გავიდა
საქართველოს ნაკრები აფრიკის ჩემპიონთან დამარცხდა
[VIDEO] B ჯგუფი: შვეიცარია და კანადა პლეი-ოფში გავიდნენ
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - სამხრეთ აფრიკა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 0-0 სამგურალი. რომ არა ეს, მატჩის სცენარიც და საბოლოო შედეგიც იქნებ სულ სხვა ყოფილიყო...
აი, რატომ ვერ ივარგა კეინმა - თურმე, შამანს შეულოცია
ტაბიძე გუნდში გადადის, რომელმაც უკეთესი პირობები შესთავაზა
ნეიმარი ბრუნდება და ვნახოთ, რამდენად დაეხმარება ბრაზილიის ნაკრებს
"ეროვნული სიამაყის შთაგონების წყაროს წარმოადგენ" - მესის დაბადების დღეს ულოცავენ
"ჩელსიმ" "ინტერს" ფეხბურთელი წაართვა - პალესტრა პრემიერლიგაში ითამაშებს