ჩემპიონთა ლიგის ფინალი ლამისა და შვაინშტაიგერის ტესტია

ოქროს ბიჭები თუ დაკარგული თაობა? ფილიპ ლამი და ბასტიან შვაინშტაიგერი მიუნხენში გასამართი ფინალის წინ განსაკუთრებით მძიმე წნეხის ქვეშ არიან.

"ბაიერნის" კაპიტანსა და ვიცე-კაპიტანს საერთაშორისო ტიტული არასდროს მოუგიათ და რაკი "ოქროს თაობის" გამართლების უპირველესი კრიტერიუმი სწორედ საერთაშორისო დონეზე ტიტულების მოგებაა, ფილიპი და ბასტიანი აღარ არიან ახალგაზრდები, ზეწოლა აბსოლუტურად ლოგიკურია.

...რადგან სწორედ "ბაიერნთან" ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგება აიყვანს ამ დუეტს ისეთი ლეგენდარული ბაიერნელების დონეზე, როგორებიც ფრანც ბეკენბაუერი, გერდ მიულერი, ზეპ მაიერი, ოლივერ კანი ან შტეფან ეფენბერგი არიან.

19 მაისს შვაინშტაიგერს და ლამს ჩემპიონთა ლიგის თასის აღმართვის მეორე შანსი მიეცემათ და თამამად ვიტყვით, პირველი შანსის განიავების (გაიხსენეთ "ინტერთან" წაგებული ფინალი) შემდეგ ზეწოლა, ფაქტობრივად, გაორმაგებულია.

"დიდი ერა ფეხბურთელისთვისაც და კლუბისთვისაც მხოლოდ ტიტულებთან ასოცირდება და თანაც, მხოლოდ საერთაშორისო ტიტულებთან.

თუ ახლა ან მომდევნო წლებში ჩემპიონთა ლიგას ვერ მოვიგებთ, "დიდ ერაზე" ან "ოქროს თაობაზე" საუბარი დაუშვებელი იქნება. ნებისმიერი "ოქროს თაობა" ასეთი მიღწევებით იზომება და ფაქტია ისიც, რომ არც მე და არც ბასტიან შვაინშტაიგერს იმედების ბოლომდე გასამართლებლად ბევრი დრო აღარ დაგვრჩა," - თქვა ორიოდე დღის წინ ლამმა, რომელიც უკვე 28 წლისაა.

სხვათა შორის, ფილიპსა და 27 წლის შვაინშტაიგერთან ერთად, ასეთი რანგის ტიტული არც მარიო გომესს (26 წლის), მანუელ ნოიერს (26), ფრანკ რიბერის (29) და არიენ რობენს (28) მოუგიათ.

"დროა, მართლაც დროა, რომ ჩემპიონთა ლიგა მოვიგო. ეს არის ტიტული, რომელიც თავმომწონე ფეხბურთელს ერთხელ მაინც უნდა ჰქონდეს მოგებული. არაერთი ქვეყნის ჩემპიონი გავხდი და რამდენჯერმე თასიც მოვიგე, მაგრამ ჩემპიონთა ლიგა სულ სხვაა," - ეს რობენის სიტყვებია.

ჰოლანდიელიც ეთანხმება იმ მოსაზრებას, რომ დიდი ფეხბურთელის სტატუსს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიმსახურებს, თუ ჩემპიონთა ლიგას მოიგებს.

გომესს კი განსხვავებული მოსაზრება აქვს: "შაბათს ჩვენ დიდი ტიტულის მოგების ბრწყინვალე შანსი მოგვეცემა, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ჩემთვის ნაღდად სულერთია, მომიხსენიებენ თუ არა "ოქროს თაობის" წარმომადგენლად მაშინ, როცა უკვე 60 წლის ვიქნები".

თუმცა ასე მხოლოდ გომესი ფიქრობს. "ბაიერნის" ვიცე-პრეზიდენტის, კარლ-ჰაინც რუმენიგეს აზრით, რომელმაც "ბაიერნთან" ერთად 1975 და 1976 წლებში ჩემპიონთა თასი მოიგო, 1980 წელს კი ევროპის ჩემპიონი გახდა, მიიჩნევს, რომ მოთამაშის გვარი ფეხბურთის ისტორიის წიგნებში მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაიწერება მსხვილი ასოებით, თუ ასეთ ტიტულს მოიგებს.

შვაინშტაიგერისთვის საერთაშორისო ტიტულისკენ სწრაფვა და წნეხი, რომელზეც ზემოთ ვისაუბრეთ, დამატებითი მოტივაციაა - შვაინი თითქმის დარწმუნებულია იმაში, რომ რეკორდმაისტერი "ჩელსის" დაამარცხებს.

ლამი კი ფიქრობს, რომ "ბაიერნი" ახლა უფრო მოტივირებული და სრულყოფილი გუნდია, ვიდრე ორი წლის წინ, როცა ბავარიელები მადრიდულ ფინალში "ინტერთან" 0:2 დამარცხდნენ. მაშინ გამარჯვების ნაკლებად გვჯეროდაო, ამბობს "ბაიერნის" კაპიტანი.

თავდაჯერება ლამს და შვაინშტაიგერს მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის 2010 წლის ფინალში როდი აკლდათ - კარიერის უმნიშვნელოვანესი მატჩებისთვის ბოლომდე მომწიფებულები არც 2010 წლის მუნდიალის ნახევარფინალში (ესპანეთთან 0:1), არც ევრო 2008-ის ფინალში (ასევე 0:1 ესპანეთთან) და არც 2006 წლის მუნდიალის ნახევარფინალში (0:2 იტალიასთან დამატებით დროში).

შვაინშტაიგერს და ლამს სერიოზული გამოცდის ჩაბარება ევროპის ჩემპიონატზეც მოუწევთ. ექს-კაპიტანი ოლივერ კანი, რომელმაც "ბაიერნთან" ერთად 2001 წელს ჩემპიონთა ლიგა მოიგო, ლამს და შვაინშტაიგერს გულით უსურვებს წარმატებებს - იმედი მაქვს, რომ ძალიან ბევრ მეორე და მესამე ადგილებს ბოლოს და ბოლოს ტიტულებსაც მოაყოლებენ და გერმანული ფეხბურთის ისტორიაში "ოქროს თაობის" წარმომადგენლების რანგში შევლენო.

2001 წლის ბრწყინვალე "ბაიერნის" კაპიტანი შტეფან ეფენბერგი კი რეკორდმაისტერის დღევანდელი ლიდერებისგან თავდადებას გაცილებით მკაცრად ითხოვს.

კითხვაზე, არის თუ არა შაბათს გასამართი ფინალი შვაინშტაიგერის სიმწიფის უმთავრესი ტესტი, ეფემ ასე უპასუხა: "დიახ! ოდესმე ხომ უნდა მოგვევლინოს ნამდვილ ლიდერად? ფანებს, პირველ რიგში, არა რობენის ან რიბერის, არამედ სწორედ შვაინშტაიგერის იმედი აქვთ! ბასტიანი უკვე ისეთ ასაკშია, რომ ბევრი დრო აღარ აქვს - სწორედ ახლა უნდა დაამტკიცოს, რომ ლიდერია."

19 მაისს ლამს და შვაინშტაიგერს მორიგი სერიოზული გამოცდა ელით, რომლის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში ლეგენდარულ ბაიერნელებთან ძალიან ახლოს მივლენ და მათთან გათანაბრებისთვის კიდევ რამდენიმე წელი დარჩებათ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დეზირე დუეს ძმა გერმანულ კლუბში გადაბარგდა
დაბრუნება ნაცნობ ადგილას - ნკუნკუ კვლავ "ლაიფციგისთვის" შეუტევს
ნოიერმა არ გამორიცხა - ლეგენდარულმა მეკარემ შესაძლოა, ამ სეზონის მერე კარიერა დაასრულოს
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
კვარაცხელიას 66 წუთი - პსჟ-მ "ბრესტს" მინიმალური ანგარიშით მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტინოსთან" ქულები გაიყო
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] მამაგეიშვილმა გაიტანა, კიტეიშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა - "შტურმმა" ლიდერს "ლასკს" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 2-2 დინამო (ბთ). ლიდერი ორშაბათამდე თუ..?
გოგლიჩიძე არ ათამაშეს - "მონცა" "ლეჩესთან" დამარცხდა
ქართველების გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ჰოლშტაინს" მოუგო
იეგოიანის "ექსელსიორი" სახლში "უტრეხტთან" დამარცხდა
ხვალ "სან სიროზე" სერია A-ში ჩაკვეტაძის დებიუტია მოსალოდნელი
"კრიტიკა არ მადარდებს" - დემბელემ "ოქროს ბურთის" მოგების შემდეგ მის მიმართ დამოკიდებულებაზე ისაუბრა
ნიკოლოზ ბასილაშვილი გუანჯოუს ჩელენჯერზე იასპარეზებს
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
ზაფხულის სატრანსფერო საგის მთავარი მონაწილე ტრავმირებულია
არაბეთიდან კატარში - ბროზოვიჩი აზიურ ტურნეს აგრძელებს
იქნება თუ არა დღეს კვარაცხელია ძირითადში - L'Équipe-ის პროგნოზი
"ზოგიერთმა მათგანმა ფეხბურთის შესახებ ბევრი არაფერი იცის" - კვარაცხელიას ჟურნალისტებმა შედარება სთხოვეს