იტალიის დედაქალაქში წელს მესამედ ვიხილეთ ჯოკოვიჩისა და ნადალის დაპირისპირება

წვიმის გამო გადადებული რომის მასტერსის ფინალი 21 მაისს გაიმართა. იტალიის დედაქალაქში წელს მესამედ ვიხილეთ ნოვაკ ჯოკოვიჩისა და რაფაელ ნადალის დაპირისპირება.

შარშანდელ ფინალშიც ეს ჩოგბურთელები შეხვდნენ ერთმანეთს და ენდი მიურეისთან ურთულესი ნახევარფინალის შემდეგ ნოვაკმა მაინც შეძლო ნადალის დამარცხება, თანაც, ორ სეტში.

გუშინდელ მატჩამდე ურთიერთშეხვედრათა ანგარიში 17:14 იყო ესპანელის სასარგებლოდ. ბოლო ორ სეზონში კი ეს ჩოგბურთელები ცხრაჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და თან ყველა ეს მატჩი ფინალში შედგა.

საბედნიეროდ, 21 მაისს "ფორო იტალიკოს" თავზე აღარ გაწვიმებულა და თამაში ერთი წუთითაც არ შეწყვეტილა.

არადა, ამინდის პროგნოზი არადამაიმედებელი იყო და ორგანიზატორებს სათადარიგო გეგმაც ჰქონდათ მომზადებული - მატჩი დახურულ კორტზე, ჰარდის საფარზე მაყურებლების გარეშე ჩაივლიდა.

პირველივე წუთიდან ცხადი გახდა, რომ წინ გველოდა ჯოკოვიჩისა და ნადალის კლასიკური დაპირისპირება.

აქ იყო სწრაფი ტემპი, ბეიზლაინზე გრძელი გათამაშებები, ინიციატივის ხელიდან ხელში გადასვლა, დაძაბული გეიმები და სხვა ატრიბუტი.

ასევე, ჩანდა განსხვავება შარშანდელ ფინალთან. მაშინ ჯოკოვიჩი აღმავლობის გზაზე იყო. მას ზურგს უმაგრებდა გამარჯვებათა ბრწყინვალე სერია და ეს დამაჯერებლობა ნოვაკს ძალიან აქტიურ თამაშში ეხმარებოდა.

წლევანდელ გრუნტის სეზონში კი სიტუაცია შეიცვალა როგორც ფსიქოლოგიური, ასევე სათამაშო თვალსაზრისით. ნადალი იშვიათად აძლევდა მეტოქეს ინიციატივას. პერიოდულად სერბი დაცვაში უშვებდა მეტოქეს, მაგრამ ესპანელი ყოველთვის მზად იყო კონტრშეტევისთვის.

საერთო ჯამში, პირველ სეტში არცერთს განსაკუთრებული უპირატესობა არ ჰქონია. ნადალმა პირველმა გააკეთა ბრეიკი, მაგრამ ჯოკოვიჩმა მალე აღადგინა თანაფარდობა.

შემდეგ მატჩის გარკვეულ მონაკვეთში უპირატესობა ნოვაკს გააჩნდა - ის დამაჯერებლად იღებდა თავის მოწოდებას და მეტოქის გეიმებში ბრძოლას მართავდა, თუმცა სეტბოლამდე ვერ მიაღწია. მე-11 გეიმში მსოფლიოს პირველი ჩოგანი მოდუნდა, ზედიზედ რამდენიმე შეცდომა დაუშვა, რის შემდეგაც ბრეიკ-პოინტზე რაფამ ბრწყინვალედ ითამაშა.

გაბრაზებულმა სერბმა ჩოგანი დაამსხვრია (ამ ტურნირზე უკვე მეორედ), თუმცა ემოციების აქტიურად გამოხატვა ნოვაკს საპასუხო ბრეიკის გაკეთებაში ვერ დაეხმარა და პარტია ნადალმა 7:5 მოიგო.

მეორე სეტში რაფაელმა გააგრძელა თავისი წარმატებული სერია და მაშინვე ბრეიკი გააკეთა, თუმცა შემდეგ ჯოკოვიჩმა მოახერხა ვარდნის შეჩერება და თანდათან დაიბრუნა საკუთარი თამაში.

სერბს საპასუხო ბრეიკის რამდენიმე შესანიშნავი შანსი ჰქონდა, მაგრამ ბრეიკ-პოინტებზე უფრო ხშირად ის უშვებდა შეცდომებს.

რა თქმა უნდა, ნადალიც შესანიშნავად თამაშობდა და მეტოქეს რისკზე წასვლას აიძულებდა. მთელმა სეტმა სწორედ ჯოკოვიჩის უშედეგო მცდელობებში ჩაიარა. პარტიის ბოლოს კი ნადალმა კიდევ ერთხელ აიღო მეტოქის მოწოდება, რაშიც ჯოკოვიჩის ორმაგი შეცდომა დაეხმარა - 6:3.

ესპანელმა რომში მეექვსე, კარიერაში კი 49-ე ტიტული დაიმსახურა. ასე რომ, როლან გაროსზე შესაძლო ტრიუმფი 50-ე იქნება. რომში გამარჯვების წყალობით რაფამ რეიტინგში მეორე ადგილი დაიბრუნა, რომელიც გასულ კვირას დაკარგა. გარდა ამისა, ესპანელი თავის საყვარელ ტურნირს საკუთარ თავში დაჯერებული ხვდება.

Internazionali BNL d'Italia

რომი (იტალია). გრუნტი

საპრიზო ფონდი: 2 168 500 დოლარი

1/2-ფინალი

რაფაელ ნადალი (ესპ, 2)-ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 1) 7:5, 6:3.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა