სანკტ პეტერბურგში გამართული რუსეთის ჩემპიონატი ადრინდელზე მშვიდი, მაგრამ არცთუ მთლად წყნარი გამოდგა
ნოსტრადამუსსაც კი შეეშინდება წინასწარმეტყველების, რა მოხდება რუსეთის ჩემპიონატშიო, კი თქვა ამ ტურნირის წინ მსოფლიოს ჩემპიონმა და სეულის ოლიმპიადის ვერცხლისმედალოსანმა ადლან ვარაევმა, მაგრამ დიდი სენსაციების მომსწრენი არ გავმხდარვართ და, ძირითადად, ისევ ფავორიტებმა გაიმარჯვეს.

ვინაიდან ეს შეჯიბრება საოლიმპიადოდ მთავარი შესარჩევი იყო, ხოლო მისი დასრულების შემდეგ რუსეთის "თავისუფალთა" ნაკრების მთავარ მწვრთნელად კვლავაც დატოვებულმა მაგომედ ჰუსეინოვმაც განაცხადა, ჩემპიონები ოლიმპიადაზე წავლენო, ამიტომ ლამის 100%-იანი სიზუსტით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ლონდონში ჩვენი "თავისუფლად" მოჭიდავეების სავარაუდო მეტოქეები რუსეთიდან ჯამალ ოთარსულთანოვი (55), ბესიკ კუდუხოვი (60), ალან გოგაევი (66), დენის ცარგუში (74), ანზორ ურიშევი (84), აბდუსალამ გადისოვი (96) და ბილიალ მახოვი (120) იქნებიან.

სანკტ პეტერბურგში გამართული რუსეთის ჩემპიონატი ადრინდელზე მშვიდი, მაგრამ არცთუ მთლად წყნარი გამოდგა - ამჯერად არ გვიხილავს მასობრივი ეთნოჩხუბები ჩრდილოკავკასიელთა მონაწილეობით, თუმცა ლეიბზე მწვრთნელთა შევარდნები, ხანგრძლივად შეჩერებული შეხვედრები, ტრიბუნების საქვეყნოდ ცნობილი "უუუუუ-ს" გუგუნი და მსგავსნი მრავლად იყო.

განსაკუთრებით "ცხელი შეხვედრებისას" (მაგალითად, აფხაზი ცარგუშისა და ჩეჩენი ადამ საიტიევის, ავარელ-დაღესტნელი გადისოვისა და ოსი ჰაჯიმურატ გაცალოვის ფინალებზე) ტრიბუნების წინ საგანგებო ფორმებში ჩაცმულ ჩაფხუტიან პოლიციელთა საგანგებო რაზმებიც გამოჩნდებოდნენ ხოლმე...

თუმცა მათ საქმეში ჩართვა მხოლოდ ერთხელ მოუხდათ, როცა ცარგუში-საიტიევის ფინალის დასრულების შემდეგ სახიფათოდ აგუგუნებული ჩეჩნების ტრიბუნა ალყაში მოაქციეს.

მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს მასობრივი ჩხუბი პეტერბურგის ქუჩაში გაგრძელდა, მაგრამ ეს ცნობა რუსულმა ფედერაციამ კატეგორიულად უარყო.

ამ ფინალიდან მეორე დღეს ჩეჩენი რასულ ჯუკაევისა და დაღესტნელ აზამატ ნურიკოვის დაძაბული შეხვედრის შემდეგ დიქტორმა პირდაპირ გამოაცხადა, მაყურებლებს შორის გაუგებრობა რომ არ მოხდეს, წესებს განვმარტავთო და მართლაც დაწვრილებით ახსნა მსაჯთა კონკრეტული გადაწყვეტილებები. საინტერესოა, რომ საპრიზო ფონდზე ჩეჩნეთის პრეზიდენტმა რამზან კადიროვმა იზრუნა.

რუსები - ისევ კავკასიელთა იმედად

როგორც ვხედავთ, რუსთა ნაკრებში ბოლოდროინდელი ტრადიცია არც ამჯერად დაირღვა და მთლიანად ჩრდილოკავკასიელებითაა დაკომპლექტებული.

იქ რუსები რომ წამლად არსად ჩანან, ბოლო წლებში მივეჩვიეთ, მაგრამ ამჯერად ვერც ციმბირელები მოხვდნენ. ამან დიმიტრი მინდიაშვილის შეგირდთა რაოდენობაც შეიწირა, რომელსაც ახლა მხოლოდ ურიშევი დარჩა, თუმცა მისი ერთპიროვნული მწვრთნელი არაა.

წარმოდგენილ ჩემპიონთა შორის მეტ-ნაკლებად მოულოდნელი კადრი ოთარსულთანოვია, რადგან აქ ტიტულებით ვიქტორ ლებედევი გამოირჩეოდა, თუმცა ესეც პირობითად. საქმე ისაა, რომ მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ლებედევი მედლებით მართლაც აღემატება ევროპის სამგზის ჩეჩენ ჩემპიონს, მაგრამ მას წონის პრობლემაც აწუხებს.

ლებედევი სახა-იაკუტიის რესპუბლიკიდანაა და ავტონომიის პრეზიდენტ ეგორ ბორისოვის სიძეა (სიძის გამოსვლას ისიც ესწრებოდა). ცხადია, მაქსიმალური მხარდაჭერითაც სარგებლობს და საუკეთესო პირობებში ვარჯიშობს, მაგრამ წონის დაკლება ძალიან უჭირს.

ამ მიზეზით ის ბოლო წლებში იარიგინის მემორიალზე არ ჭიდაობდა და ევროპის პირველობებსაც ტოვებდა.

იქნებ სხვა დროს დაუყოვნებლივ გადასულიყო 60-ში, მაგრამ ახლა იქ კუდუხოვი ბატონობს და ესეც უპერსპექტივო ჩანდა. ამიტომ რჩებოდა 55-ში, ემზადებოდა მსოფლიოსთვის და ბოლო ორი პირველობა ზედიზედ მოიგო. ახლა ისე გამოდის, რომ ლიცენზია მან მოიპოვა, მაგრამ ოლიმპიადაზე სხვა წავა.

ოთარსულთანოვმა ულამაზესი, დრამატული ფინალი მოიგო, თუმცა კი დამაჯერებლად, ლებედევისთვის იოტისოდენა შანსის დაუთმობლად.

ლებედევი სავარჯიშოდ კრასნოიარსკში გადავიდა მინდიაშვილთან. ამჟამად კი მისი პირადი მწვრთნელი გორელი მსოფლიოს ჩემპიონი ვლადიმერ მოდოსიანია. ის ნუგზარ სხირელის აღზრდილია და ლებედევს რომ მოეგო, ისე გამოვიდოდა, ლონდონში თავისი მწვრთნელის შეგირდ ვლადიმერ ხინჩეგაშვილს მოუმზადებდა მეტოქეს, ანუ თავის ამაგდარ დამრიგებელს მწვრთნელის რანგში დაუპირისპირდებოდა.

ოთარსულთანოვმა სამი ევროპული ოქროდან ორი ბოლო ორ ტურნირზე მოიპოვა, თუმცა წლევანდელი ბელგრადული შეჯიბრებიდან აქამდე საგრძნობლად მოუმატებია - სისწრაფეში, ფიზიკურ გამძლეობაში თუ სხვა ასპექტებში. ადრინდელთან შედარებით, ახლა ბევრად უფრო შემტევ სტილში იჭიდავა. მუდმივად მოძრაობდა, წნეხში ჰყავდა მეტოქე, ფიზიკური კონდიციების ამაღლებასთან ერთად, ტაქტიკური სიახლეებიც აშკარაა.

ლებედევმა, ძირითადად, მის სწრაფ, აგრესიულ ტემპს ვერ გაუძლო. ვფიქრობთ, ეს ყველაფერი ჩვენი მწვრთნელებისთვის საყურადღებო უნდა იყოს, რადგან ამ წონაში ხინჩეგაშვილი გვყავს ოლიმპიადაზე წასვლის უმთავრესი კანდიდატი.

შარშან ევროპის ჩემპიონატის ფინალში ოთარსულთანოვმა ხინჩეგაშვილს რომ მოუგო, მაშინ ისინი დაახლოებით ერთ დონეზე იდგნენ, მაგრამ ჩეჩენი ახლა შეუდარებლად ძლიერია. ოღონდ სუსტი წერტილები მასაც მოეძებნება.

პროგრესი აქვს, მაგრამ არც დაუმარცხებელია, ოღონდ კარგად უნდა შეისწავლონ. მისი ყველა შეხვედრა დევს რუსეთისა თუ დაღესტნის ჭიდაობის ფედერაციების საიტებზე და, იმედია, მწვრთნელები დაამუშავებენ.

რეზონანსული შეხვედრები

რუსეთის ჩემპიონატის რამდენიმე ფინალმა თუ რამდენიმე წონაში განვითარებულმა მოვლენამ სხვებზე მეტი ინტერესი გამოიწვია. ცარგუშ-საიტიევის მოსალოდნელ ფინალს მთელი საჭიდაო რუსეთი ელოდა და მათი პორტრეტებიანი პოსტერი ყველა საიტზე იდო.

მას შემდეგ, რაც უფროსმა საიტიევმა ოლიმპიადის სამგზის, ევროპისა და მსოფლიოს ექვს-ექვსგზის ჩემპიონ ბუვაისა საიტიევს სპორტში დაბრუნებაში ხელი, როგორც მისმა პირადმა მწვრთნელმა მინდიაშვილმა განაცხადა, ვლადიმერ პუტინის წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობამ შეუშალა, უმცროსი ძმის ქომაგობის მეტი არაფერი დარჩენოდა, თუმცა შედეგი არც ამან გამოიღო.

ცარგუშმა ამ სეზონში უკვე მეორედ მოუგო ადამ საიტიევს, თუმცა ამჯერად გაცილებით ფრთხილად ჭიდაობდა, მაგრამ მაინც დამაჯერებლად აჯობა.

ცოტა უცნაურია, რატომ არ დაუბრუნდა საიტიევი 84 კილოგრამს, სადაც ადრე ჭიდაობდა და საიდანაც 74-ში ჩამონაცვლება ძმის გამო გადაწყვიტა - ბუვაისა წონას ვერ იკლებდა და იქ გადაწყვიტა დაბრუნება, მაგრამ როცა ეს არ გამოუვიდა, ადამს რა უშლიდა ხელს? ამ უცნაურობაზე ყურადღება ცარგუშმაც გაამახვილა.

სამაგიეროდ, 84-ს დაუბრუნდა თბილისიდან წასული ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი, ოლიმპიური პრიზიორი გიორგი კეტოევი, რომელიც 96-იდან დიდ კონკურენციას გამოექცა. წარმატება არც ამან მოუტანა - იმ გიორგი რუბაევთან წააგო, რომელიც შარშან დავით მარსაგიშვილმა ცხარე ცრემლით ატირა.

მარსაგიშვილს ლონდონში კვლავაც მოუწევს შეხვედრა ყაბარდოელ ურიშევთან, ვისაც შარშან ევროპირველობის ფინალი, პრაქტიკულად, მოუგო, თუმცა მსაჯებმა სხვანაირად განსაჯეს.

პეტერბურგში ამ წონაში ფინალამდე ბევრად უფრო რთული გზა ჩეჩენმა მსოფლიოს პრიზიორმა ალბერტ სარიტოვმა გაიარა. ურიშევმა კი ნახევარფინალში ანზორ ბოლტუკაევი ორივე პერიოდში ხელებით წინ ცოტა უცნაურად დაიქნია და თითო ქულა აართვა. ფინალში კი სარიტოვთან წილისყრაზე ჩოქბჯენში იმარჯვა - პირველად თავი დაიცვა, მეორედ კი თვითონ აიყვანა ფეხიდან.

მის ჭიდაობაში რაიმე განსაკუთრებული სიახლე არ დაგვინახავს. ერთადერთი - თითქოს უფრო თავისუფლად, გახსნილად ჭიდაობდა.

ძალიან ძლიერად იჭიდავეს გადისოვმა და მახოვმა. მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონმა მახოვმა ძველებურად მიყარ-მოყარა ყველა.

ფინალში მეორე პერიოდში ალან ძამპაევმა ანგარიში გაუთანაბრა, რისი გაპროტესტებაც მწვრთნელმა მოინდომა, მაგრამ მახოვმა უკან მოისროლა საპროტესტო ფირნიში, შებრუნდა და შავი დღე აყარა ოსს. გადისოვმა ფინალამდე იოლად მოუგო ოლიმპიურ ჩემპიონ შირვანი მურადოვს, ერთ დროს გაცალოვის "თავის ტკივილ" იბრაგიმ საიდოვს, ბოლოს კი გაცალოვსაც აჯობა.

გაცალოვს კვლავაც ეტყობა უმაღლესი კლასი, მაგრამ სისწრაფე აშკარად აკლია. ახალგაზრდებში მსოფლიოს ჩემპიონ შამილ ახმედოვს ნახევარფინალში არც დონე ეყო მის დასამარცხებლად და არც ძალა, თორემ წასაგებად ისიც ცოდვა იყო.

ოლიმპიურმა ჩემპიონმა საგიდ მურთაზალიევმა გადისოვზე განაცხადა, ოლიმპიადაზე უმაღლესი ამოცანების გადაჭრა შეუძლიაო, რაშიც სრულიად ვეთანხმებით და იმავეს მახოვთან დაკავშირებითაც ვიტყვით. ჩვენებს შემადგენლობა ჯერ არ გამოუცხადებიათ, თუმცა ამ წონებში ვისაც დააყენებენ - გიორგი გოგშელიძეს (96), დავით მოძმანაშვილს (120) თუ სხვას, ამ ფალავანთაგან უსერიოზულესი საფრთხე ემუქრებათ.

ოსური დუეტი

მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონ კუდუხოვზე ახალს ვერაფერს ვიტყვით. ის უმაღლესი დონის ფალავანია და ფინალში ევროპის ორგზის ჩემპიონ ოპან სატს ჩოქბჯენში ჭიდაობის გაკვეთილი ჩაუტარა - თავსაც მშვენივრად იცავდა, უმცირეს შანსსაც იყენებდა. თუმცა სატი რაღაც შებოჭილი ჩანდა, თითქოს რიდით ეჭიდავებოდა.

ევროპის წლევანდელი და მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი გოგაევი რუსთა ძველი თავკაცის - ჯამბულათ თედეევის საყვარელი მოსწავლე იყო, თუმცა ახალგაზრდული ნაკრებიდან გადმოსულს ადაპტაცია გაუჭირდა. ვერ ვიტყვით, რომ მან რამე ახალი და განსაკუთრებული გვაჩვენა. ალბათ, ეს ის შემთხვევაა, როცა რუსებთან დაპირისპირებაში ძალთა თანაფარდობა ერთ-ერთი ყველაზე თანაბარი იქნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია!
პეტრიაშვილმა და ჭეჭელაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედლები მოიპოვეს!
ევროპის ჩემპიონატზე ბოლქვაძემ და ხეცურიანმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება
ტონი კროოსმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარე დაასახელა
"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში
"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა
[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა
"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა
"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს
"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა
"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი
"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?
"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა
"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა
ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია