საქართველოს ნაკრებისა და ბელგიური "შარლერუას" ფორვარდი ტრევიზოს კემპის ამბებზე საუბრობს
თორნიკე შენგელიამ NBA-ს მიერ იტალიაში ორგანიზებულ კემპზე თავი ისახელა და დრაფტზე წარმატებულ ნომრად არჩევის შანსები მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა.

ტრევიზოში ევროპის კონტინენტის ყველაზე პრესპექტიულმა ახალგაზრდებმა მოიყარეს თავი. სწორედ ეს კემპი გახლავთ ყველაზე კარგი საშუალება საიმისოდ, რომ NBA-ს კლუბების წარმომადგენლებს საკუთარი შესაძლებლობები დაანახო.

ტრევიზოს კემპი ერთგვარი ფანჯარაა, რომლიდანაც ევროპის პერსპექტიული ახალგაზრდები NBA-ში გადადიან.

იტალიურ კემპზე იმყოფებოდა საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი იგორ კოკოშკოვიც, რომელიც შიდა-ტურნირის ერთ-ერთ გუნდს ხელმძღვანელობდა.

ტრევიზოში მომხდარ ამბებზე კალათბურთის ფედერაციის ვებგვერდს თორნიკე შენგელია ესაუბრება, რომელსაც ბელგიაში დავუკავშირდით.

- სანამ შენი გამოსვლის შესახებ გკითხავდე, იმ გარემოს შესახებ გვითხარი, რომელიც ტრევიზოში სუფევდა...

- გარემო შესანიშნავი იყო. ტრევიზოში თავი ევროპის თითქმის ყველა პერსპექტიულმა ახალგაზრდა კალათბურთელმა მოიყარა.

სპეციალისტებზე, სკაუტებსა და დამკვირვებლებზე ხომ საუბარიც ზედმეტია. იქ იყო NBA-ს 30-ივე გუნდის წარმომადგენელი; ასევე, ევროპის ყველა ქვეყნიდან იყვნენ მენეჯერები, მწვრთნელები და დამკვირვებლები.

ყველას აინტერესებდა იმ თაობის ხილვა, რომელიც ევროპულ კალათბურთში მოდის. უშუალოდ კემპისთვის მოწვეულნი იყვნენ საუკეთესო სპეციალისტები, რომლებიც ვარჯიშებს ატარებდნენ და თამაშებში გუნდებს ხელმძღვანელობდნენ. ერთ-ერთი მათგანი იგორ კოკოშკოვიც იყო.

- მასთან ურთიერთობა ხომ არ მოგიწია?

- კოკოშკოვს პირადად ვხვდებოდი და ვსაუბრობდით ხოლმე. ისე კი, იგი ჩვენი გუნდის მწვრთნელი არ ყოფილა. იგორი ნიკა მეტრეველის გუნდს ხელმძღვანელობდა. ძალიან გამეხარდა მათი ტრევიზოში ნახვა.

- როგორი იყო კემპის დღიური განრიგი?

- კემპზე დაახლოებით 50 მონაწილე ვიყავით. დილას ვარჯიშები გვქონდა. სხვადასხვა კომპონენტში გვამზადებდნენ. ვაბარებდით ნორმატივებს ხტომაში, სირბილში, დრიბლინგში და ასე შემდეგ.

შუადღეს თამაში გვქონდა, ხოლო დღის ბოლოს კი "ოლ სტარი" იმართებოდა, რომელშიც გამორჩეული კალათბურთელები თამაშობდნენ.

- პირველ დღეს "ოლ სტარში" რატომ არ ითამაშე?

- გადაღლილობის გამო. მიუხედავად იმისა, რომ "ოლ სტარში" ჩემი თამაში თავიდანვე გადაწყვეტილი იყო, ეს გარემოება გაითვალისწინეს და დავისვენე.

საქმე იმაშია, რომ 8 ივნისის ღამეს, ბელგიის ჩემპიონატის ფინალური მატჩი რომ ვითამაშე, 3 საათში იტალიაში გავემგზავრე. დილას ვივარჯიშე, მერე ვითამაშე და "ოლ სტარში" ნამდვილად ვეღარ გამოვავლენდი ჩემს შესაძლებლობებს.

- სამაგიეროდ, მეორე დღის "ოლ სტარის" საუკეთესო მოთამაშე გახდი. არადა, შუადღის მატჩში მხოლოდ 4 ქულას დასჯერდი...

- დიდი მნიშვნელობა არ ენიჭებოდა, თუ ვინ რამდენ ქულას მოაგროვებდა. "ოლ სტარში" იმ მოთამაშეებს იწვევდნენ, ვისი ნახვაც სკაუტებს და მწვრთნელებს განსაკუთრებით აინტერესებდათ.

რაც შეეხება პირველ "ოლ სტარს", ნორმალურად ვითამაშე. ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დამაკლდა. უკეთესადაც შემეძლო, მაგრამ...

- მესამე დღესაც "ოლ სტარში" მიგიწვიეს. ეს ნიშნავს, რომ შენი თამაშის ნახვაზე დიდი მოთხოვნილება იყო...

- კონკრეტულად ვერაფერს ვიტყვი, ვის უნდოდა ჩემი ნახვა. მესამე დღის "ოლ სტარი" კი შემაჯამებელი მატჩი იყო, რომელსაც მთლიანად ტურნირის "ყველა ვარსკვლავის" მატჩის დატვირთვა ჰქონდა.

თუმცა ამ შეხვედრამდეც მნიშვნელოვანი მატჩი ჩავატარეთ. საქმე იმაშია, რომ ტრევიზოს კემპის ისტორიაში ყველა მატჩი რამდენიმე გუნდს თუ მოუგია.

ამიტომ ჩვენს მწვრთნელს და ჩვენც, მოთამაშეებს, გამარჯვება გვინდოდა. საბედნიეროდ, მოვიგეთ და ტურნირი მაქსიმალური შედეგით დავასრულეთ.

- კემპის შემაჯამებელ "ოლ სტარშიც" ერთ-ერთი მთავარი ფიგურა იყავი...

- ძალიან რთული თამაში იყო. ძლიერი მეტოქე გვყავდა საფრანგეთის ახალგაზრდული ნაკრების სახით. აქაც ერთგვარი ტრადიცია არ დავარღვიეთ, რომლის თანახმადაც, ტურნირის "ყველა ვარსკვლავთა" გუნდი არ აგებს.

არადა, მესამე მეოთხედში 15 ქულით ჩამოვრჩით, მაგრამ საბოლოოდ გამარჯვება მაინც მოვიპოვეთ.

- რა გამოხმაურება მოჰყვა შენს თამაშს?

- არ ვიცი, კონკრეტულად რომელი გუნდის წარმომადგენლები დაინტერესდნენ და რას აპირებენ მომავალში.

თუკი დაინტერესება იქნება, კლუბები ჩემს მენეჯერებს დაუკავშირდებიან. ჯერჯერობით არ ვიცი, კონკრეტულად რომელი კლუბი დაინტერესდა.

- შენი უახლესი გეგმები როგორია?

- შემდეგ კვირაში ამერიკაში მივემგზავრები, სადაც, სავარაუდოდ, წინასადრაფტო ვარჯიშებში მივიღებ მონაწილეობას, თუმცა, როგორც უკვე გითხარით, ჯერჯერობით კონკრეტული გუნდების შესახებ არაფერი ვიცი.

- ამერიკულ ვებგვერდებზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ შენი შანსები გაიზარდა. წერენ, შენგელიას დრაფტის მეორე რაუნდის დასაწყისში აირჩევენო...

- დრაფტი ისეთი რამეა, რომ გადაჭრით ვერ იტყვი, რომელ ნომრად აგირჩევენ. ასეთი მყარი გარანტია იშვიათია.

- დრაფტზე არჩევის შემთხვევაში მოახერხებ თუ არა, შენი ამრჩევი გუნდისგან კონტრაქტი დაიმსახურო?

- ძნელია ამის თქმა. თუკი დრაფტზე ამირჩიეს, მერე ახალ გუნდთან კიდევ მომიწევს სხვადასხვა კემპზე გამოსვლა. იქ, ამერიკაში, სულ სხვა კალათბურთია.

ასე რომ, ძნელი სათქმელია, რას ვიზამ. ჩემის მხრივ კი ცდას არ დავაკლებ და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩემი ამრჩევი გუნდისგან კონტრაქტი დავიმსახურო.

gbf.ge

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა