ჩვენი ნაკრები ევროპის ჩემპიონატის პირველ დღეს ერთ ბრინჯაოს დასჯერდა
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში 19 ივნისს დაიწყო ახალგაზრდა მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატი, რომლის პირველი ორი დღეც თავისუფალი სტილით მოჭიდავეებს ეთმობათ.

ჩვენმა ნაკრებმა მოსამზადებელი ეტაპი ბრწყინვალედ გაიარა, თუმცა სტარტი არცთუ შთამბეჭდავი გამოუვიდა - პირველ დღეს მხოლოდ ერთ ბრინჯაოს დასჯერდა, რომელიც გორელმა ჯუმბერ ყველაშვილმა (74) მოიპოვა.

ანალოგიურ წარმატებამდე ერთი მოგება დააკლდა მისივე თანაქალაქელ ომარ გუსოშვილს (96), რომელმაც ბრინჯაოსთვის გამართული შეხვედრა დათმო და მეხუთე ადგილს დასჯერდა.

ორივე მათგანი ნახევარფინალში გავიდა და იქიდან მოუხდა გადაბარგება დამამშვიდებლის ფინალში.

ახალგაზრდებში საქართველოს ჩემპიონი ყველაშვილი პირველ წრეში ისვენებდა, სასტარტო შეხვედრაში კი ლატვიელი არნას დრაუგელისი ორ პერიოდში გვარიანი უპირატესობით დაჯაბნა - 4:1; 6;2. გერმანელ აჰმედ დუდაროვთან ბრძოლა ბევრად დაძაბული გამოდგა და ჩვენებურს დამატებითი დროც დასჭირდა -პირველი პერიოდი 0:1 დათმო, მეორე 1:1-ზე ბოლო ქულის წყალობით მოიგო, დამატებითში კი 1:0 იმარჯვა.

მესამე პერიოდამდე მივიდა საქმე ნახევარფინალში თურქ აბდულკადირ ოზმენთან, რომელთან შეხვედრაც გორელმა კატასტროფულად დაიწყო - 0:5 დამარცხდა.

მეორე პერიოდი მინიმალური ანგარიშით მოიგო - 1:0, დამატებითში კი 4:5 დამარცხდა და დამამშვიდებელში გადაინაცვლა, სადაც ბრინჯაოსთვის შერკინებაში რუმინელ სებასტიან უტას დააყრევინა ფარ-ხმალი - 1:0; 2:0.

ყველაშვილი ნაკრების დებიუტანტია და მისასალმებელია, უმედლოდ რომ არ დარჩა.

პირველ წრეში გუსოშვილიც ისვენებდა, რომელმაც ტურნირის ძირითად ბადეში სამი ორთაბრძოლა გამართა და აქედან მხოლოდ ერთი დაასრულა ორ პერიოდში.

მან პირველ შეხვედრაში დამატებით დროში ბერძენი ასიგკრიტოს მოურანტიდისი დაამარცხა - 2:3; 4:0; 2:0, მერე კი პოლონელ რობერტ ბარანს იოლად მოუგო - 4:0; 2:1. დასანანი იყო მარცხი ნახევარფინალში ბელარუს დმიტრი ჰარბუნოუსთან, რადგან დამატებითში მინიმალური ანგარიშით დამარცხდა - 0:1.

მან წააგო პირველი პერიოდიც - 0:3, თუმცა მეორეში 4:0 იმარჯვა და ანგარიში გაათანაბრა. სამწუხაროდ, კონცენტრაცია ვერც მესამე ადგილისთვის შეხვედრაში შეძლო აზერბაიჯანელ საიდ გამიდოვთან და ორ პერიოდში წააგო.

მართალია, ორივეში მინიმალური სხვაობით დამარცხდა - 2:3; 3:4, მაგრამ ეს წარუმატებლობას ვერ აბათილებს. არადა, გუსოშვილი გუნდში ერთადერთია, რომელმაც წლეულს საქართველოს პირველობა ვერ მოიგო - მეორეზე გავიდა. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ მოსამზადებელ პერიოდში უცხოურ ტურნირებში კონკურენტს აჯობა.

ამავე წონაში კიდევ ერთი ქართველი გამოდიოდა - სომხეთის სახელით ვიქტორ ყაზიშვილი ჭიდაობდა, ერთი შეხვედრაც მოიგო და მერე დამამშვიდებელშიც გადავიდა, თუმცა მაინც უმედლოდ დარჩა.

19 ივნისს კიდევ ორ ქართველს უნდა ეჭიდავა, მაგრამ ხალიჩაზე მხოლოდ ბექა ბუჯიაშვილი (50) გავიდა, ლევან ქელეხსაშვილი (60) კი არ აწონილა. სამწუხაროდ, ბუჯიაშვილი პირველივე შეხვედრაში დამარცხდა - უკრაინელ არმენ არაქელიანთან (1:3; 0:5) და მერე არც სანუგეშოში გადასვლის საშუალება მიეცა.

20 ივნისს ზაგრებში დარჩენილი წონების წარმომადგენლებიც იჭიდავებენ და, იმედია, ამჯერად მაინც ვიხილავთ ქართულ კვარტეტს.

ახალგაზრდებში მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი, ევროპის პრიზიორი ლაშა ტალახაძე (55), რომელიც აქამდე 50-ში გამოდიოდა, მაგრამ შარშან წონის დაკლება ისე გაუჭირდა, მსოფლიოს პირველობაზე ცუდად გახდა და ბრინჯაოსთვის შეხვედრა ვეღარ გამართა, წლეულს კი ახალ წონაში გადმოვიდა, პირველ ორთაბრძოლას რუს საიდ გაზიმაგომედოვთან გამართავს; კონსტანტინე ხაბალაშვილი (66) - მოლდოველ ტომა ვასკანთან; სანდრო ამინაშვილი (74) კოსოვოელ შალა ედონს ხვდება; ახალგაზრდებში ევროპის პრიზიორი, ჭაბუკებში მსოფლიოს ვიცე და ევროპის ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი (120) - უკრაინელ მურადინ კუშკოვს.

ბრინჯაოს დასაწყისი (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

კონსტანტინე პეტრიაშვილმა 23-წლამდელთა შორის მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
[VIDEO] დვალიშვილი სეხუდოსთან 35 წამში დამარცხდა
[VIDEO] ნუთუ ილიასთან ბრძოლაზე ფიქრობდა? - ცარუკიანი საჩემპიონო ბრძოლაში დამარცხდა
"სიტყვებს ვერ ვპოულობ... ეს ფაქტი ამ ამბავს განსაკუთრებულს ხდის!" - რა თქვა კეინმა "ოქროს ბურთის" მიღების შემდეგ
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"ოქროს ბურთის" "კვარას" ეკუთვნის - ეს მისთვის მეტისმეტად მცირე ნუგეში და აღდგენაში დახმარება იქნება" - ამბობს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი, რომელიც ფეხბურთელის დაბრუნების სავარაუდო დროს ასახელებს
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე