"ბილდისთვის" მიცემულ ინტერვიუში გერმანიის ნაკრების გამთამაშებელმა ბევრ საინტერესო თემებზე ისაუბრა
მესუთ იოზილმა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ვერ ითამაშა ისეთი ფეხბურთი, როგორსაც მისგან საფეხბურთო გერმანია ელის და ჩვენი გერმანელი კოლეგები "რეალის" 23 წლის გამთამაშებელს აკრიტიკებდნენ.

ამას ისიც დაემატა, რომ დანიასთან მატჩის დროს სოციალურ ქსელ "თვითერზე" იოზილის საწინააღმდეგო თემა გაიხსნა, რომელსაც ათიათასობით გამოხმაურება ჰქონდა - მესუთზე წერდნენ, ეგ ხომ გერმანელი არ არისო და ითხოვდნენ, ბუნდესგუნდში მხოლოდ იმ ფეხბურთელებმა უნდა ითამაშონ, ვისაც გერმანული გვარი აქვსო.

იოზილმა კრიტიკოსები საბერძნეთთან მეოთხედფინალურ მატჩში დაადუმა - ბერძნებთან მესუთი ერთ-ერთი საუკეთესო ბუნდესგუნდელი იყო.

"ბილდისთვის" მიცემულ ინტერვიუში გერმანიის ნაკრების გამთამაშებელმა ამ და სხვა საინტერესო თემებზე ისაუბრა და სრულიად გერმანიას აუხსნა, რატომ კიდია მისი სახლის მისაღებ ოთახში გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის ფოტო.

- ჰერ იოზილ, როგორ იზეიმეთ ნახევარფინალში გასვლა?

- განსაკუთრებული ზეიმი არ ყოფილა, რადგან ვალდებულები ვიყავით, რომ ნახევარფინალში გავსულიყავით.

მატჩის შემდეგ ყველამ ერთად ვივახშმეთ და დიდხანს ვსაუბრობდით - ეს იყო და ეს. თამაშის შემდეგ დაძინება მიჭირს ხოლმე და ზეიმის მიზეზიც რომ გვქონოდა, იმ ღამეს მაინც დასაძინებლად წავიდოდი.

- ერთი კათხა ლუდი ან ჭიქა ღვინო მაინც არ მიირთვით?

- მცირე დოზით ლუდის ან ღვინის დალევა გერმანიის ნაკრებში ნებადართულია, მაგრამ მე ალკოჰოლს არ მივკარებივარ.

სიმართლე გითხრათ, არ შემიმჩნევია, სვამდა თუ არა იმ საღამოს რომელიმე ფეხბურთელი ლუდს ან ღვინოს, პირადად მე კი "კოკა კოლა" დავლიე.

- საბერძნეთთან შეხვედრაში ოთხივე გოლში მონაწილეობა მიიღეთ და თამამად ვიტყვით, რომ ევრო 2012-ზე ეს თქვენი საუკეთესო თამაში იყო. წნეხს აღარ გრძნობთ?

- ამ მატჩმა ტვირთი მართლაც შემიმსუბუქა, რადგან დავამტკიცე, რომ ცუდ ფორმაში არ ვარ. ვაღიარებ, რომ პორტუგალიასთან, ჰოლანდიასთან და დანიასთან მატჩებში ისე ვერ ვითამაშე, როგორც მჩვევია და მიხარია, რომ საბერძნეთთან ჩემი შესაძლებლობები გამოვავლინე.

ახლა უფრო თავდაჯერებული ვარ, რაც ჩემთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. მხოლოდ იმაზე ვბრაზობ, რომ გოლი ვერ გავიტანე, მაგრამ არა უშავს - მთავარია, რომ მოვიგეთ და ნახევარფინალში ვართ.

- ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე ყველა ამბობდა, იოზილი ევრო 2012-ის ერთ-ერთი სუპერვარსკვლავიაო, რამაც, ცხადად გამოჩნდა, წნეხის ქვეშ მოგაქციათ...

- მთავარი ის არის, რომ მე არ ვწნეხავ ხოლმე საკუთარ თავს იმაზე ფიქრით, რომ თითქოს ვალდებული ვარ, თამაშები მარტომ მოვიგო.

არც მე ვარ რობოტი - ადამიანი ვარ და ყოველთვის უმაღლეს დონეზე ვერ ვითამაშებ. ზოგჯერ ყველაფერი კარგად გამომდის, ზოგჯერ კი უბრალო პასიც არაზუსტია ხოლმე. მაგრამ საბერძნეთთან შეხვედრაში ხომ ნათლად გამოჩნდა, რომ მინიმუმ სწორ გზას ვადგავარ და მაქსიმუმ კარგ ფორმაში ვარ.

- საბერძნეთთან მართლაც გაცილებით უკეთესად ითამაშეთ, ვიდრე პირველ სამ შეხვედრაში და როგორ ფიქრობთ, ეს იმის ბრალი ხომ არ იყო, იოახიმ ლიოვმა წინა ხაზზე სამი ფეხბურთელი რომ შეცვალა? ჯგუფურ ეტაპზე, თქვენთან ერთად, თომას მიულერი, ლუკას პოდოლსკი და მარიო გომესი უტევდნენ, საბერძნეთთან კი მარკო როისი, ანდრე შიურლე და მიროსლავ კლოზე...

- არ ვიცი, ისე კი ფაქტია, რომ ამ ბიჭებთან ერთად უფრო უკეთ ვითამაშე. შიურლე და როისი ძალიან მოძრავი შემტევი ნახევარმცველები არიან - აღარაფერს ვამბობ კლოზეზე, რომელიც ყველაზე მუშა თავდამსხმელია, ვისთან ერთადაც ოდესმე მითამაშია. როცა თანაგუნდელები ბევრს მოძრაობენ, გამთამაშებელიც უკეთ თამაშობს ხოლმე.

- გამოდის, კლოზე გჭირდებათ იმისათვის, რომ იბრწყინოთ?

- ასე არ ვიტყოდი: მირო კლოზეც და მარიო გომესიც ბრწყინვალე თავდამსხმელები არიან, უბრალოდ, ერთმანეთისგან თამაშის სტილით განსხვავდებიან. თავს ორივესთან კარგად ვგრძნობ.

- რამდენად მნიშვნელოვანი იყო საბერძნეთთან გამარჯვება ნახევარფინალისთვის?

- თავდაჯერება არც მანამდე გვაკლდა, რაც ჯგუფურ ეტაპზე ნათლად გამოჩნდა, მაგრამ საბერძნეთთან მართლაც ულამაზესმა გამარჯვებამ კიდე უფრო მეტად დაგვარწმუნა იმაში, რომ ევროპის ჩემპიონობა შეგვიძლია. ზედიზედ მე-15 ოფიციალური მატჩი მოვიგეთ, რაც, თურმე, რეკორდი ყოფილა - ამით მთელი გუნდი ამაყობს.

- კონკურენტებს ემუქრებით?

- არავითარი მუქარა, რადგან ჩვენ ყველა კონკურენტს და მეტოქეს პატივს ვცემთ. რაც მთავარია, ყველამ იცის, რომ გერმანიას ძალიან მაგარი ნაკრები ჰყავს. თავად განსაჯეთ: ბუნდესგუნდზე "რეალის" გასახდელშიც კი ბევრს ლაპარაკობენ ხოლმე...

- საბერძნეთთან მატჩს გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელიც დაესწრო, თამაშის შემდეგ კი თქვა, თუ ბიჭები ფინალში გავლენ, იმ თამაშზეც მივალო...

- მატჩის შემდეგ ფრაუ მერკელი გასახდელში ჩამოვიდა და გამარჯვება ყველას პირადად მოგვილოცა. რაღაცები გვითხრა, მაგრამ ამას ვერ გეტყვით.

მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ფრაუ მერკელს წარმოუდგენლად, დაუჯერებლად დადებითი აურა აქვს. ყოველთვის კარგ ხასიათზეა და ზოგადად ძალიან კარგი ქალია.

მადრიდში, ჩემი სახლის მისაღებ ოთახში, კედელზე ის ფოტო მაქვს ჩამოკიდებული, რომელშიც მერკელი და მე ბერლინის "ოლიმპიაშტადიონის" გასახდელში ვართ გადაღებულები.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს მინიფეხბურთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ესპანეთს დაუზავდა
დიდი დაბრუნება - ვლადიმირ ვაისი სლოვაკეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელია
ბუნდესლიგის ამომავალი ვარსკვლავი შეიძლება მამარდაშვილის ან კვარაცხელიას თანაგუნდელი გახდეს
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - აშშ
ანტმანი: თუ შანსებს ვერ იყენებ, ამით მეტოქე სარგებლობს
ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
რობერტსონი "ლივერპულიდან" "ტოტენჰემში" გადავიდა
BILD: აი, ასე დასცინოდა სლოტი "ლივერპულის" ახალწვეულებს
პალიკო ჯიმშელაძე ბორჯღალოსნებში ბრუნდება!
ვინგსმა ჰიუნდაი დაამარცხა და ფინალში ვსა-ს შეუწყვილდა | რა ხდება ასაკობრივ A ლიგებში?
"მე კი წავედი, მაგრამ მის ადგილას კარგად დავფიქრდებოდი" - კოულმა კალაფიორის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"შავი ლომი" | "ტოიოტა ჩელენჯს" "აირლინკ პუმასით" ვიწყებთ
კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ
ოფიციალურად - "ლივერპული" ირაოლამ ჩაიბარა
U21 | აშშ V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში ბრანსკოში
არც კოშტა და არც სვილარი - პსჟ იტალიელ მეკარეს დაიმატებს
Le Parisien: პსჟ-მ ბატრაკოვთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ესპანეთი
ქალთა ნაკრები ფარერის კუნძულების ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს
"ხვიჩა პირველივე წუთებიდან ითამაშებს... მამარდაშვილს ვურჩევდი, რომ სხვა კლუბში გადავიდეს" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია
ვან დერ ვაარტმა მიანიშნა, რომ რუსებმა ევროპირველობაზე დოპინგი მიიღეს
მატჩის დღე! ბაჰრეინთან "მამარდას" გარეშე და "კვარასთან" ერთად
ვლაჰოვიჩი "იუვენტუსს" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს