მთავარი პრიზისთვის ბრძოლასთან ერთად, უიმბლდონზე კლასიფიკაციაში პირველობისთვისაც იომებენ
მამაკაცებისგან განსხვავებით, ქალთა ტურნირზე განთესვა WTA-ის რეიტინგის მიხედვით მოხდა. იმის გამო, რომ წელს ტურნირზე გამოსვლა ვერ შეძლეს ესტონელმა კაია კანეპიმ (მე-16 ნომერი) და გერმანელმა ანდრეა პეტკოვიჩმა (18), TOP32-ში მოხვდა ორი რუსი ჩოგბურთელი - ანასტასია პავლიუჩენკოვა და სვეტლანა კუზნეცოვა.

ხანდახან, ტურნირის ორგანიზატორები ძველი დამსახურებების გამო განთესვის ნომერს ანიჭებენ ცნობილ ჩოგბურთელებს, რომლებიც სხვადასხვა მიზეზის გამო დაქვეითდნენ რეიტინგში. მაგრამ ამჯერად, უიმბლდონის ხუთგზის ჩემპიონისთვის, ამერიკელი ვენუს უილიამსისთვის (55-ე ნომერი) და "დიდი სლემის" ტურნირების ოთხგზის ჩემპიონისთვის, ბელგიელი კიმ კლაისტერსისთვის (53) გამონაკლისი არ დაუშვეს.

შესაბამისად, წილისყრის დროს ისინი ნებისმიერ ჩოგბურთელს შეიძლება შეხვედროდნენ. არ გაუმართლა ელენა იანკოვიჩს, რომელიც უკვე პირველ წრეში შეხვდება კლაისტერსს. მსოფლიოს ორი ყოფილი პირველი ნომრის მატჩი საწყისი რაუნდის მთავარი დაპირისპირებაა, ოღონდ ბელგიელის ჯანმრთელობის მდგომარეობაც გასათვალისწინებელია.

საქმე ისაა, რომ გასულ კვირას კიმი წარმატებით თამაშობდა ჰოლანდიური ჰერტოგენბოშის ტურნირზე, მაგრამ პარასკევს, უიმბლდონის ბადის გამოქვეყნების შემდეგ, უარი თქვა ნახევარფინალში თამაშზე მუცლის კუნთის ტრავმის გამო. დრო გვიჩვენებს, მოასწრებს თუ არა კლაისტერსი იანკოვიჩთან მატჩისთვის გამოჯანმრთელებას.

ვენუს უილიამსი კი პირველ წრეში ელენა ვესნინას შეხვდება. ამ უკანასკნელს ორმაგად არ გაუმართლა. თუ რუსმა შეძლო ამერიკელის ბარიერის გავლა, მეორე წრეში მას უკვე მსოფლიოს მე-3 ჩოგანი, პოლონელი აგნიეშკა რადვანსკა შეხვდება, თუ, რა თქმა უნდა, აგნიეშკამ შეძლო მაგდალენა რიბარიკოვას ბარიერის გადალახვა.

ძალიან საინტერესო იქნება ამ უიმბლდონზე რეიტინგში პირველობისთვის ბრძოლა. კლასიფიკაციის ახალი ლიდერი მარია შარაპოვა უახლოეს მდევარს ვიქტორია აზარენკას 690 ქულით უსწრებს.

რუსს ლონდონში 1400 ქულის დაცვა უწევს შარშანდელი ფინალის გამო, ბელარუსს კი მხოლოდ 900 ქულის შარშანდელი ნახევარფინალისთვის. ასე რომ, თანაბარი შედეგების შემთხვევაში, შარაპოვა შეინარჩუნებს პირველ ადგილს, მაგრამ თუ ვიქტორია მეტოქეზე ერთით მეტი რაუნდით წაიწევს წინ (1/8 ფინალიდან მოყოლებული), მაშინ შეიძლება დაიბრუნოს ლიდერობა WTA-ის რეიტინგში.

თეორიულად შეუძლია უიმბლდონის შემდეგ პირველი ჩოგანი გახდეს აგნიეშკა რადვანსკას, რომელმაც შარშან აქ მეორე წრეში დაასრულა გამოსვლა. თუმცა ამისთვის საჭიროა მისი მხრიდან ფინალში გასვლა და აზარენკასა და შარაპოვას ნაადრევი ეტაპებიდან გავარდნა.

არსებობის კიდევ ერთი ფანტასტიკური ვარიანტი, რომლის მიხედვითაც რეიტინგში პირველობის შანსი აქვს სამანტა სტოსურს. მაგრამ ამისთვის ავსტრალიელმა უნდა მოიგოს ტურნირი, შარაპოვამ წააგოს პირველი წრეში, აზარენკა არ უნდა გავიდეს მესამე წრეზე შორს და რადვანსკამ არ უნდა გააღწიოს ფინალში.

ასე რომ, პირველობის რეალური პრეტენდენტი ორია - შარაპოვა და აზარენკა. მარიამ როლან გაროსზე გამარჯვების შემდეგ ჩამოართვა პირველი ადგილი ვიქტორიას და ახლა, ამ უკანასკნელს რევანშის აღების შანსი აქვს.

შარაპოვას პირველ წრეში არც თუ ისე სასიამოვნო მეტოქე ერგო ანასტასია როდიონოვას სახით. მართალია, ავსტრალიის სახელით მოასპარეზე რუსს მარიასთან ოთხიდან ოთხი წაგება აქვს ისე, რომ სეტში სამ გეიმზე მეტი არ აუღია, მაგრამ მას ჩვევია კლასით მაღლა მდგომი მეტოქეების გამწარება.

საინტერესოა, რომ წარმატების შემთხვევაში, შემდეგ მატჩში მარია შეიძლება კიდევ ერთ ყოფილ რუსს შეხვდეს - მაისში სერბეთში გადასულ ვესნა დოლონცს, რომელიც ძირითად ბადეში კვალიფიკაციის გავლით მოხვდა.

თუ ბადის პირველ მეოთხედს დავაკვირდებით, აქ შარაპოვასთან ერთად არიან გერმანელები - ანჟელიკ კერბერი (8) და საბინ ლისიცკი (15), ზვონარევა-ბარტელისა და კლაისტერსი-იანკოვიჩის წყვილები და აგრეთვე რუსი ეკატერინა მაკაროვა, რომელმაც კარგად ითამაშა უიმბლდონის "გასახურებელ" ტურნირებზე - ბირმინგემსა (ნახევარფინალი) და ისტბურნში (მეოთხედფინალი).

სხვათა შორის ბირმინგემში მაკაროვამ ორ სეტში მოუგო უიმბლდონის მოქმედ ჩემპიონს პეტრა კვიტოვას.

ბადის მეორე მეოთხედში რადვანსკასა და ვენუს უილიამსის გარდა, აღმოჩდნენ სტოსური (5), მარია კირილენკო (17), ნადია პეტროვა (20), დანიელა ჰანტუხოვა (27), ნა ლი (11) და ფლავია პენეტა (16).

მესამე მეოთხედს ხსნის უიმბლდონის ოთხგზის ჩემპიონი სერენა უილიამსი (6), რომელსაც ძლიერი მეზობლები ჰყავს კვიტოვას (4), როლან გაროსის ფინალისტ სარა ერანის (10), დომინიკა ციბულკოვას (13), ლუსი საფაროვასა (19) და ფრანჩესკა სკიავონეს (24) სახით.

მეოთხე მეოთხედში ორი გამორჩეული მოთამაშეა - აზარენკა (2) და კაროლინ ვოზნიაცკი (7). მათ შეხვედრას მეოთხედფინალში შეიძლება ხელი შეუშალონ მარიონ ბარტოლიმ (9), ანა ივანოვიჩმა (14), იულია გორგესმა (22) და რობერტა ვინჩიმ (21).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად