გავიცნოთ საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების ახალწვეული ოთო ფხაკაძე
ქართულ კალათბურთთან მოშორებით მყოფმა ხალხმა ეროვნული ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობას თვალი რომ გადაავლო, რამდენიმე მოთამაშესთან ერთად ოთო ფხაკაძის გვარიც ეუცხოვა.

ფხაკაძეს უშუალოდ კალათბურთის სამყაროშიც ცოტა თუ იცნობს, რადგან ის 16 წლის იყო, ამერიკაში რომ წავიდა და სამწლიანი შესვენების შემდეგ ქართულ კალათბურთში კვლავ გამოჩნდა.

ოთო ფხაკაძეს ნათამაშები აქვს საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებში, ხოლო ამ ასაკში საქართველოს ჩემპიონატში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ფხაკაძე ახლა 20-წლამდელთა ნაკრებში ვარჯიშობს და დღეს ევროპის ჩემპიონატზე მიემგზავრება, რისი დასრულების შემდეგაც ეროვნულ ნაკრებს ავსტრიაში შეუერთდება.

მანამდე კი გავიცნოთ ოთო ფხაკაძე:

- სად დაიწყე კალათბურთის თამაში და რატომ აირჩიე სპორტის ეს სახეობა?

- ქუთაისელი ვარ და 6 წლის რომ ვიყავი, ბაბუამ სპორტსკოლაში მიმიყვანა, ჩოგბურთზე უნდოდა ჩემი შეყვანა.

იმ დღეს რატომღაც ჩოგბურთის მასწავლებელი სპორტსკოლაში არ იყო. სამაგიეროდ, დარბაზში კალათბურთის ვარჯიში მიმდინარეობდა და გადაწყვიტა, ბედი სპორტის ამ სახეობაში მომესინჯა.

კალათბურთი ძალიან მომეწონა, რაღაც-რაღაცეები გამომდიოდა და იმის შემდეგ სპორტის ეს სახეობა ჩემი უსაყვარლესი საქმიანობა გახდა.

- საქართველოს ჩემპიონატებში თბილისური გუნდების შემადგენლობაში გამოდიოდი...

- 12 წლის რომ ვიყავი, ქუთაისის სპორტსკოლიდან 2 კალათბურთელი გამოგვარჩიეს და სავარჯიშოდ ლიტვაში, შარუნას მარჩიულონისის აკადემიაში გაგვიშვეს.

ლიტვაში მე და გიორგი კვერნაძემ 1 წელი გავატარეთ და სამშობლოში დავბრუნდით, რის შემდეგაც თბილისში, საკალათბურთო აკადემიაში გადმომიყვანეს. "აკადემიაში" 3 წელი ვთამაშობდი, რის შემდეგაც 1 სეზონი 51-ე სკოლის გუნდში გავატარე და ამერიკაში წავედი.

- ამერიკაში კალათბურთის კუთხით წახვედი?

- დიახ... გამიჩნდა შანსი, რომ ერთ-ერთი სკოლის, ეგრეთ წოდებული ჰაი სქულის გუნდში მეთამაშა. ამერიკიდან მოწვევა ჩამომივიდა და მეც კალიფორნიის დედაქალაქ საკრამენტოსთან ახლომდებარე ქალაქ რედინგის სკოლის გუნდში ჩავირიცხე.

- ალღო მალე აუღე იქაურ თამაშს?

- მალე კი ავუღე, მაგრამ თავიდან არ მათამაშებდნენ. საქმე იმაშია, რომ თუკი "ჰაი სქულში" დამაკმაყოფილებელ დონეზე არ სწავლობ, მწვრთნელს მოედანზე არ გაჰყავხარ.

ამიტომ, სანამ სწავლა არ გამოვასწორე, თამაშის საშუალება არ მეძლეოდა. ეს პრობლემა მალე მოვაგვარე და მოედანზეც ხშირად გავდიოდი.

ამერიკული კალათბურთი ევროპულისგან ძალიან განსხვავდება. შესაძლოა, ადრეულ ასაკში განსხვავება უფრო იგრძნობა, რადგან "ჰაი სქულების" ჩემპიონატში გუნდები კომბინაციებს თითქმის არ ათამაშებენ. პასი, ბლოკი და უნდა გაეხსნა... გაქვს სივრცე, უნდა შეუტიო. ყველაფერი ძალიან მარტივია. თამაში მიდის ერთი-ერთზე.

- როგორი შედეგიანობით თამაშობდით შენ და შენი გუნდი?

- ტრაბახს ვერ დავიწყებ, თუმცა ცუდად რომ მეთამაშა, იქ დიდხანს არავინ გამაჩერებდა. ჩვენი გუნდი ხელწამოსაკრავი არ ყოფილა. "რედინგის" "ჰაი სქულმა" ერთ-ერთი რეგიონის დივიზიონი მოიგო, რისთვისაც სიმბოლურად ბეჭდებიც კი მივიღეთ.

ამის შემდეგ გავედით სრულიად კალიფორნიის ჩემპიონატში, სადაც ყველა დივიზიონის გამარჯვებული გამოდიოდა. იქ პირველი მატჩი მოვიგეთ, მეორეში კი დავმარცხდით და პირველობისთვის ბრძოლას გამოვეთიშეთ. ეს იყო ყველაზე კარგი შედეგი იმ 3 წელიწადში, რაც "რედინგის" გუნდში ვითამაშე.

- ამ სამი წლის მანძილზე საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებში არაერთხელ გამოგიძახეს, მაგრამ არ ჩამოსულხარ...

- დიახ, 18-წლამდელთა ნაკრებში არ მითამაშია და ამის მიზეზი ისაა, რომ საქართველოში ვერ ჩამოვდიოდი.

საქმე იმაშია, რომ ამერიკაში საზაფხულო სკოლაში მიწევდა სწავლა და ეს იმიტომ, რომ ინგლისურის კარგად არცოდნის გამო ჩემი ასაკის კლასს 1 წლით ჩამოვრჩებოდი.

ჩამორჩენა რომ ამენაზღაურებინა, დამატებითი სასწავლო გაკვეთილები უნდა გამევლო. ეს საზაფხულო სკოლაში ხდებოდა და მეც არდადეგების ნაცვლად სწავლით ვიყავი დაკავებული.

- ახლა რომ ჩამოხვედი, სწავლის პრობლემა აღარ გქონდა?

- არა, ჩამორჩენა წინა წლებში ავანაზღაურე და წელს სკოლა დავამთავრე კიდეც. საქართველოში გამომგზავრებამდე შემოთავაზება მივიღე სტუდენტური ლიგის, ეგრეთ წოდებული NCAA-ს გუნდისგან და მომავალი სეზონიდან კვლავ ამერიკაში ვითამაშებ.

- სტუდენტურ ლიგამდე კოლეჯების ჩემპიონატია...

- ეგრეა, მაგრამ თუკი მოწვევა გექნება, აუცილებელი არაა კოლეჯების ჩემპიონატში თამაში. კოლეჯში ისინი მიდიან, ვისაც თამაშის დახვეწა უნდა, ანაც სწავლაში მოიკოჭლებს. სხვათა შორის, კოლეჯის გუნდიც მიწვევდა, მაგრამ უნივერსიტეტის შანსი მქონდა და უარი რატომ უნდა მეთქვა?!

- რომელმა უნივერსიტეტმა მიგიწვია და რამდენად ძლიერი გუნდი ჰყავს?

- დასავლეთ ვირჯინიის შტატში მდებარეობს ვერმონტის უნივერსიტეტი, რომელსაც გუნდი NCAA-ს მეორე დივიზიონში ჰყავს. კალათბურთის თამაშთან ერთად, ვერმონტის უნივერსიტეტში რომელიმე პროფესიას დავეუფლები.

- როდის მიდიხარ ამერიკაში?

- სავარაუდოდ, 10 აგვისტოს.

- მაგ დროს ხომ ეროვნული ნაკრების შეკრება იქნება?!

- თუკი ნაკრებს 10 აგვისტოს მერეც დავჭირდები და ჩათვლიან, რომ გუნდთან ერთად უნდა ვიყო, ამერიკაში არ წავალ.

ამის თაობაზე უკვე ველაპარაკე ნაკრების მწვრთნელ დავით უსტიაშვილს და თუკი საჭირო ვიქნები, ჩემს ამერიკულ გუნდს წერილს გაუგზავნიან, რომ ეროვნულ გუნდში ვარ დაკავებული. ეს პირიქით, ძალიან კარგი იქნება ჩემთვის და ამერიკელები პრობლემას არ შემიქმნიან.

- ეროვნულ გუნდში გამოძახებას თუ ელოდი?

- არ ველოდი და ძალიან გამეხარდა, შანსი რომ მომცეს.

- როგორ ფიქრობ, რატომ გამოგიძახეს ეროვნულ ნაკრებში?

- ალბათ, რაღაცას ხედავენ ჩემში. ვიცი, რომ გამთამაშებლებს დიდ ყურადღებას აქცევენ საქართველოში და თუკი ვინმე გამოჩნდება, მას აუცილებლად მისცემენ შანსს. ალბათ, უფრო კარგად ნახავენ, თუ რა შემიძლია და გამოვადგები თუ არა ნაკრებს მომავალში.

- შენი აზრით, მოედანზე ყველაზე კარგად რა შეგიძლია?

- მიადვილდება ბურთის ტარება და მოედანზე თანაგუნდელის მოძებნა. თუ ვინმე ხელსაყრელ პოზიციაშია, პასს არასდროს ვუგვიანებ.

- სუსტ წერტილზე რას იტყვი?

- შორს სროლა არ მივარგა და სამიანების გამოსწორებაზე აქტიურად ვმუშაობ.

- საქართველოს ნაკრებიდან რომელი კალათბურთელის თამაში მოგწონს?

- გიორგი ცინცაძის. მიხარია, რომ ეროვნულ ნაკრებში მასთან ერთად მომიწევს ვარჯიში. ვეცდები, მისგან ისეთი რამ შევითვისო, რაც მომავალში გამომადგება. ასევე მომწონს ვიქტორ სანიკიძისა და ზაზა ფაჩულიას თამაში.

- რამდენიმე კვირაა, 20-წლამდელთა ნაკრებში ვარჯიშობ. 4 საკონტროლო მატჩიც ჩაატარეთ, მაგრამ დამარცხდით. როგორ ახსნი ისრაელსა და ესტონეთთან წაგებებს?

- შეთამაშება გვინდა, რაც დროის ამბავია. უნდა ვითამაშოთ გუნდური კალათბურთი და არ უნდა ვიზრუნოთ პირად სტატისტიკაზე. ვარჯიშებმა და ჩატარებულმა თამაშებმა ნაყოფი უკვე გამოიღო და ეხლა გაცილებით უკეთეს ფორმაში ვართ, ვიდრე, ვთქვათ, 10 დღის წინ.

- როგორ ფიქრობ, ევროპის ჩემპიონატზე რა შანსები გვაქვს?

- მჯერა, რომ ლატვიას მოვუგებთ. ჩვენ ამის ძალა ნამდვილად გაგვაჩნია. მთავარია, ერთიანი ძალებით ვითამაშოთ და ყველამ მაქსიმუმი გავიღოთ.

ესპანეთს და თურქეთს გაცილებით ძლიერი შემადგენლობა ჰყავთ და ფავორიტებად ითვლებიან, თუმცა მათთანაც მხოლოდ მოსაგებად გავალთ მოედანზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

saxeli
მაგარი ხარ ოთიკო და აბა შენ იცი!!!ნაკრების მომავალი ხარ და აწი შენ რო გვეყოლები არარ დაგვჭირდება ნატურალიზება არავისი!!!
საქართველოს ნაკრები ჩინეთთან დამარცხდა, თუმცა მასპინძლებს მედგარი წინააღმდეგობა გაუწია
საქართველოს ნაკრების კანდიდატთა გუნდმა ჩინეთში მონტენეგრო დაამარცხა
საქართველოს ნაკრებმა ჩინეთში, ჰაიკოუს Wuyuanhe Gymnasium-ში ივარჯიშა
ტრაპიზონში საგიჟეთია - სალაჰს 25 ათასი ფანი დახვდა
18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ
ტყვიის სროლა. დიდი წარმატება ვროცლავში
კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
ხანგლძრივი მოლაპარაკებების შემდეგ, "არსენალმა" ბრუნო გიმარაეში შეიძინა
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
20 წ. | საიმონ კიბლი: საქართველომ გამორჩეულად წარმატებული ტურნირი ჩაატარა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
[VIDEO] მძიმე მატჩი, შედეგი სასურველი - "იბერია 1999"-ს მომდევნო რაუნდში გასვლის კარგი შანსი აქვს
"ლარნესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
ოფიციალურად: საბა საზონოვი “ხეტაფეს” ფეხბურთელია
ჩატარდება თუ არა დღეს "ლარნესა" და "იბერიას" მატჩი - ქართულმა გუნდმა ინფორმაცია გაავრცელა
ალისონმა მუნდიალის შემდეგ 5 კვირა დაისვენა და "ლივერპულს" დაუბრუნდა
ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
გადადის თუ არა ფერან ტორესი პსჟ-ში?
მამისა და შვილის სხვა განცხადება - ნეიმარი ბრაზილიის ნაკრებში კიდევ ითამაშებს?
"რეალმა" ვინისიუსს წლიურ გასამრჯელოდ 22 მილიონი შესთავაზა - ბრაზილიელი მეტს ითხოვს
"ბარსელონამ" ტერ შტეგენი "აიაქსში" გაუშვა