სეოკ-ის პრეზიდენტის ქება იმ ფედერაციებმა დაიმსახურეს, რომლებმაც ლიცენზიები მოიპოვეს
19 ივლისს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის რიგგარეშე სესია გაიმართა, რომლის დღის წესრიგშიც შემდეგი საკითხები შედიოდა:

- ლონდონის ოლიმპიადაზე ქართველ სპორტსმენთა გამოსვლა; - სეოკ-ის წესდებაში ცვლილებების შეტანა;

- სადისციპლინო და სააპელაციო საბჭოების, აგრეთვე, სეოკ-ის პრეზიდენტის მრჩევლის დამტკიცება და ოლიმპიური ორდენით დაჯილდოება.

ამავე ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ოლიმპიური სპორტული ეკიპირების წარდგენა (იხილეთ ვიდეო).

განვლილი ოლიმპიური ციკლი სეოკ-ის პრეზიდენტმა გია ნაცვლიშვილმა შეაჯამა. სულ მოპოვებულია 35 ლიცენზია სპორტის 12 სახეობაში.

ამ 35-დან 27 თამაშების დებიუტანტია. ცხადია, სეოკ-ის პრეზიდენტის ქება იმ ფედერაციებმა დაიმსახურეს, რომლებმაც ლიცენზიები მოიპოვეს.

უპირველესად - ძიუდოსა და ჭიდაობის ფედერაციებმა, რომელთა წილადაც საგზურების უმეტესობა - 20 მოდის. ქება დაიმსახურეს მშვილდოსნობამ, ტყვიის სროლამ, ცურვამ, ტანვარჯიშმა, ძალოსნობამ და მძლეოსნობამ.

შექების პარალელურად, გააკრიტიკეს რიგი ლიცენზირებული ფედერაციები, რადგან მათგან მეტს ელოდნენ. მაგალითად - კრივი, სადაც მხოლოდ ერთი საგზური მოვიპოვეთ და პეკინური შედეგი გავანახევრეთ.

ამის სავარაუდო მიზეზად საწვრთნელ პროცესში დაშვებული შეცდომები დაასახელეს, თორემ ფედერაციამ ნაკრებს მოსამზადებლად ყველა პირობა შეუქმნა, მერე კი სალიცენზიო შეჯიბრებებზე სანატრელ წილისყრაზეც იზრუნა.

ამ სახეობების გარდა, საგზურები მოვიპოვეთ ჩოგბურთსა და ველოსპორტში, ოღონდ ამ უკანასკნელში - "ნუგეშის ბარათით", ხოლო ჩოგბურთში რა გზითაა მოპოვებული, ამაზე ნაცვლიშვილმა იხუმრა, ზუსტად ვერც მე გეტყვითო.

წყვილებში ანა ტატიშვილმა და მაკა ჩახნაშვილმა ნამდვილად "ნუგეშის ბარათით" რომ მიიღეს, ეს საკამათო არაა, მაგრამ გაურკვეველია ერთეულთა თანრიგში ტატიშვილის ამბავი. ის სალიცენზიო სიაში ნომერ პირველი სათადარიგოა, თუმცა ლიცენზირებულთაგან ზოგი ტრავმის, ზოგიც კი პირადი მოსაზრებით უარს ამბობს ლონდონში გამოსვლაზე.

სამ შემთხვევაში ტატიშვილი თავისითაც შედის სალიცენზიო რეიტინგში და ეს კვოტა ნაჩუქარ ბარათად არ ეთვლება.

ნაცვლიშვილმა ის ფედერაციები თუ სახეობებიც დაასახელა, სადაც ახლა იქნებ ვერ მოვიპოვეთ ლიცენზია, ან - ლონდონში მედლის დიდი იმედი არ უნდა გვქონდეს, მაგრამ რიო დე ჟანეიროს თამაშებზე ისინი აუცილებლად მიაღწევენ წარმატებას.

ასეთთა შორის მოხვდნენ ცურვა, ძალოსნობა, მხატვრული ტანვარჯიში, ფარიკაობა და მშვილდოსნობა, სადაც ამჯერად, ქალების პარალელურად, ვაჟებზეც იმედიანად ალაპარაკდნენ - მათ ამჯერადაც სულ ცოტა დააკლდათ საგზურამდე.

ტყვიის სროლის მაგალითზე ნაცვლიშვილმა სპორტული ბაზების პრობლემის მოგვარების აუცილებლობაზეც გაამახვილა ყურადღება - პრაქტიკულად, ამ სახეობას სავარჯიშო ბაზა არ აქვს და სომხეთში ემზადებიან, თუმცა ანალოგიურ ვითარებაში, ანუ მოსამზადებელი პირობების გარეშე კიდევ რამდენიმე სახეობაა.

ნაცვლიშვილმა ობიექტურ-სუბიექტური მიზეზით დაკარგულ საგზურებზეც სინანულით ილაპარაკა.

მაგალითად, ბატუტისტმა თენგიზ კოშკაძემ სალიცენზიო ტურნირამდე ორი დღით ადრე ფეხი იტკინა; მშვილდოსნების ამბავს შეხსენებაც არ სჭირდება, როცა მოგებული შეხვედრა გადაათამაშებინეს; წყალში ხტომაში თავიდანვე გაირკვა, ვის ააღებინებდნენ ლიცენზიებს, თორემ ჩვენი სპორტსმენი არაფრით იყო იმათზე ნაკლები, ვინც ეს საგზურები მოიპოვეს.

წყალში ხტომის, მხატვრული ტანვარჯიშისა და კიდევ რამდენიმე სახეობის მაგალითზე, სადაც ძალზე დიდია მსაჯთა სუბიექტურობის საფრთხე, პრეზიდენტმა ფედერაციებს საერთაშორისო კატეგორიის მსაჯთა კორპუსის გაზრდისა და საერთაშორისო ფედერაციებთან უფრო აქტიური თანამშრომლობისკენ მოუწოდა.

კონკრეტულად ლონდონის ოლიმპიადის შედეგებთან დაკავშირებით ნაცვლიშვილმა განაცხადა, რომ ის ახლა უფრო იმედიანად უყურებს თამაშებს, ვიდრე - ორი წლის წინათ. ამჯერად თურმე 7-8 მედალს მოელის, ოღონდ ხარისხზე და კონკრეტულად - ოქროზე დაზუსტებით ლაპარაკი უჭირს.

წესდებაში ცვლილებების შეტანა ოფისის შეცვლამ გამოიწვია. ამასთან, უფრო დაკონკრეტდა და გამოიკვეთა, ვინ უნდა იყოს სეოკ-ის წევრი.

ამიერიდან წესდებაში ჩაიწერა, რომ ამის უფლება აქვთ საერთაშორისო ოლიმპიურ სტრუქტურებში თუ ფედერაციებში ინტეგრირებულ პირებს, ოლიმპიურ ჩემპიონებს, სეოკ-ის რეგიონალურ ფედერაციებს, ოლიმპიურ აკადემიას, ოლიმპიურ მუზეუმს, ოლიმპიური ფილატელიისა და სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციებს, მოძრაობას "სპორტი ყველასათვის", ანტიდოპინგურ კომისიას, სპორტული მედიცინის ასოციაციას, პარალიმპურ კომიტეტს, იმ სამ არაოლიმპიურ ფედერაციას, რომლებსაც განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ საქართველოში სპორტის პოპულარიზაციაში - ჭადრაკს, ქართულ ჭიდაობას და სამბოს, ბიზნესის თუ სხვა კუთხით ქართული სპორტის წინაშე დამსახურებულ პიროვნებებს და სხვას, რომელთა სახელებიც უკვე პირდაპირ ჩაიწერება წესდებაში, ოღონდ მათ ავტომატურად არ ენიჭებათ წევრის სტატუსი - საამისოდ განცხადებით უნდა მიმართონ სეოკ-ის აღმასკომს.

ამასთან, შეიქმნა სადისციპლინო და სააპელაციო საბჭოები სპორტული სადამსჯელო ღონისძიებების მისაღებად, თუ ამის საჭიროება დადგება დღის წესრიგში. სადისციპლინო საბჭოს იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი შენგელი ფიცხელაური უხელმძღვანელებს. მისი მოადგილე ექიმი და სასამართლო ექსპერტი ლევან ჩაჩუა იქნება. საბჭოშია სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ელგუჯა ბერიშვილიც.

სააპელაციო საბჭოს ცნობილი ადვოკატი ზვიად კორძაძე ჩაუდგა სათავეში, საბჭოს წევრები კი მწერალი დათო ტურაშვილი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი რამინ ყურაშვილი და დამსახურებული მწვრთნელი ძიუდოში გურამ პაპიტაშვილი იქნებიან. პაპიტაშვილი ნაცვლიშვილის მრჩევლადაც დაამტკიცეს.

სხდომის დასასრულს ღირსების ორდენით ოლიმპიური ჩემპიონი მძლეოსნობაში რობერტ შავლაყაძე დააჯილდოვეს.

წინასაოლიმპიადო შეჯამება (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თბილისში მატჩზე ან სპორტულ ღონისძიებაზე დასასწრებად მოგზაურობა: სად ვიქირაოთ ბინა და როგორ დავზოგოთ საცხოვრებელზე
ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა