ესპანელმა სეზონში მესამე გამარჯვება მოიპოვა და მნიშვნელოვნად გაიმყარა ლიდერობა საერთო ჩათვლაში
ფერნანდო ალონსომ სეზონში მესამე გამარჯვება მოიპოვა და მნიშვნელოვნად გაიმყარა ლიდერობა საერთო ჩათვლაში. სებასტიან ფეტელი კი ტრასის მიღმა გადავიდა და ისე გაუსწრო ჯენსონ ბატონს, რის გამოც მას მეორე ადგილი ჩამოართვეს.

"ჰოკენჰაიმრინგზე" უქმეების სცენარი იგივე იყო, რაც ორი კვირის წინ სილვერსტოუნში - წვიმა პარასკევის თავისუფალ პრაქტიკებსა და შაბათს, კვალიფიკაციის დროს და გუშინდელი რბოლა მშრალ ასფალტზე. და ისევე, როგორც ორი კვირის წინ, საკვალიფიკაციო რბოლა ალონსომ მოიგო. სამმა მრბოლელმა - გროსჟანმა, როსბერგმა და უებერმა ხუთი ადგილი დაკარგეს გადაცემათა კოლოფის შეცვლის გამო; პერესმა კი ანალოგიური ჯარიმა კვალიფიკაციაზე ალონსოსა და რაიკონენის ბლოკირებისთვის მიიღო.

სტარტის წინ ასფალტის ტემპერატურა 30 გრადუსამდე ავიდა. ბევრი რამ იყო დამოკიდებული დასაწყისში საბურავის შემადგენლობის არჩევანზე - პილოტების უმრავლესობამ "სოფტი" აირჩია.

ალონსომ დამაჯერებლად დაიცვა თავისი პოული, ფეტელს კი თავდაცვა მოუწია მიხაელ შუმახერის შეტევებისგან. ჰიულკენბერგმა შეინარჩუნა მეოთხე ადგილი, მის უკან კი ბატონი, მალდონადო, უებერი და ჰემილტონი აღმოჩნდნენ. ათეულს ასრულებდნენ რაიკონენი და დი რესტა.

მასამ, სენამ და გროსჟანმა ბოქსებში შეუხვიეს ინციდენტების შემდეგ მანქანების რემონტისთვის. მასას "ფერარის" წინა ანტიფრთის ნამსხვრევებმა ჰემილტონის მანქანის უკანა მარცხენა საბურავი გამოიყვანა მწყობრიდან და ლუისი ბოქსებისკენ გაემართა, რითაც პელოტონის ბოლოში აღმოჩნდა.

ამის შემდეგ ბრიტანელი პერიოდულად სწრაფ წრეებს გადიოდა, მაგრამ მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა ვერ შეძლო.

ამასობაში რაიკონენმა პირველ წრეებში მაინც შეძლო პოლ დი რესტას დაცვის დაძლევა. სერხიო პერესმა კი უკვე მეხუთე წრისთვის მე-17 ადგილიდან მეათემდე გადაინაცვლა. მერვე წრეზე ჰიულკენბერგის საბურავები გაცვდა და მეექვსე მოსახვევში მას გვერდი აუარა ბატონმა. ამ უკანასკნელმა რამდენიმე წრის შემდეგ მესამე ადგილი წაართვა შუმახერს.

"ფორს ინდიას" ავტომობილებზე საბურავები საბოლოოდ გამოვიდა მწყობრიდან და მე-11 წრეზე დი რესტამ გახსნა პიტ-სტოპების პირველი სერია.

რბოლის მეორე ნაწილში ფეტელი თანდათან დაეწია ალონსოს და სახიფათო დისტანციაზეც მიუახლოვდა ლიდერს, მაგრამ ესპანელმა შეტევის ერთი შანსიც არ მისცა გერმანელს. მესამე პოზიციაზე მყოფი ბატონი კი მიუახლოვდა ამ დუეტს - ჩამორჩენა წამნახევარს შეადგენდა.

პირველ სამეულში ცვლილება მეორე პიტ-სტოპის შემდეგ მოხდა. ბატონი ერთი წრით ადრე შევიდა ბოქსებში. შემდეგ სინქრონულად შეცვალეს საბურავები ალონსომ და ფეტელმა. ესპანელი ბატონის წინ დაბრუნდა ტრასაზე. სამაგიეროდ, სებასტიანი აღმოჩნდა ჯენსონის უკან მესამე პოზიციაზე.

ბატონი ალონსოს გამოეკიდა - ინგლისელი რამდენიმე წრის განმავლობაში წამზე ნაკლებ დისტანციაზე იყო ლიდერთან, მაგრამ ვერც "მაკლარენის" წარმომადგენელმა შეძლო იერიშის განხორციელება. ამასობაში არც ფეტელი აპირებდა დანებებას - მსოფლიოს ჩემპიონი ახლოს იყო დაწინაურებულ დუეტთან.

ალონსოსთან რამდენიმეწრიანი ბრძოლით ბატონმა საბურავები გაცვითა და ტემპის დაკარგვა დაიწყო.

"მაკლარენის" პილოტის ჩამორჩენა სამ წამამდე გაიზარდა, ფეტელი კი ბრიტანელს უახლოვდებოდა.

სებასტიანმა ფინიშამდე ერთი წრით ადრე განახორციელა შეტევა - ბატონმა სცადა ტრაექტორიის გადაკეტვა, მაგრამ ფეტელი უფრო სწრაფი აღმოჩნდა, თუმცა მას მანევრის დასრულება ტრასის მიღმა მოუწია. ამიტომაც ეს ინციდენტი მსაჯებმა შეისწავლეს და რბოლის შემდეგ გერმანელი 20 წამით დააჯარიმეს. ამით ჩემპიონი მეორედან მეხუთე პოზიციამდე ჩამოქვეითდა და პოდიუმზე ადგილი დაკარგა.

ფერნანდო ალონსო კი იმ მომენტისთვის უკვე ხუთ წამს უგებდა კონკურენტებს და მარტომ გადაკვეთა ფინიშის ხაზი. ეს ესპანელის მეორე მოგებაა ბოლო სამ რბოლაში და 30-ე კარიერაში. გარდა ამისა, ფერნანდომ ჰოკენჰაიმში მესამედ გაიმარჯვა.

ბატონი, აპრილის შუა რიცხვებიდან მოყოლებული, პირველად ავიდა პოდიუმზე. მესამეზე გავიდა რაიკონენი, რომელმაც პირველი პიტ-სტოპის შემდეგ არავის დაუთმო ეს პოზიცია.

სეზონში მესამე გამარჯვების შემდეგ ალონსოს უპირატესობა საერთო ჩათვლაში 34 ქულით გაიზარდა. ასე რომ, მომდევნო ეტაპის - უნგრეთის გრანპრის შემდეგ, ესპანელი ნებისმიერ შემთხვევაში შეინარჩუნებს ლიდერობას.

მარკ უებერმა და სებასტიან ფეტელმა შეინარჩუნეს მეორე და მესამე პოზიცია - "რედ ბულის" პილოტებს შორის სხვაობა 10 ქულაა. რაიკონენმა მეოთხე ადგილი ჩამოართვა ჰემილტონს. ბატონი მეშვიდე პოზიციაზე გადავიდა.

კონსტრუქტორთა თასზე "რედ ბულსა" და "ფერარის" შორის თითქმის იგივე სხვაობა დარჩა, რაც წინა ეტაპის წინ იყო. "მაკლარენმა" დაიბრუნა მესამე ადგილი, თუმცა ბრიტანელები მხოლოდ ერთ ქულას უგებენ "ლოტუსს".

ჩემპიონატის მე-11 ეტაპი ერთი კვირის შემდეგ, უნგრეთის "ჰუნგარორინგზე" გაიმართება, რის შემდეგაც ჩემპიონატში ერთთვიანი შესვენება გამოცხადდება.

გერმანიის გრანპრი. X ეტაპი

ჰოკენჰაიმი (67 წრე, 306.458 კმ)

1(1). ფერნანდო ალონსო (ფერარი, იტალია) 1:31.05,862 (2 პიტ-სტოპი)

2(7). ჯენსონ ბატონი (მაკლარენი, ბრიტანეთი) +6,949 (2)

3(10). კიმი რაიკონენი (ლოტუსი, ფინეთი) +16,409 (2)

4(13). კამუი კობაიაში (ზაუბერი, იაპონია) +21,925 (2)

5(2). სებასტიან ფეტელი (რედ ბული, გერმანია) + 23,732 (2)

6(12). სერხიო პერესი (ზაუბერი, მექსიკა) +27,896 (2)

7(4). მიხაელ შუმახერი (მერსედესი, გერმანია) +28,970 (3)

8(3). მარკ უებერი (რედ ბული, ავსტრალია) +46,941 (2)

9(5). ნიკო ჰიულკენბერგი (ფორს ინდია, გერმანია) +48,162 (3)

10(17). ნიკო როსბერგი (მერსედესი, გერმანია) +48,889 (3)

11(9). პოლ დი რესტა (ფორს ინდია, ბრიტანეთი) +59,227 (2)

12(11). დანიელ რიკარდო (ტორო როსო, ავსტრა) +1.11,428 (2)

13(14). ფელიპე მასა (ფერარი, ბრაზილია) +1.16,829 (2)

14(18). ჟან-ერიკ ვერნი (ტორო როსო, საფრანგეთი) +1.16,965 (3)

15(6). პასტორ მალდონადო (უილიამსი, ვენესუელა) 1 წრე (3)

16(20). ვიტალი პეტროვი (კატერჰემი, რუსეთი) 1 წრე (3)

17(16). ბრუნო სენა (უილიამსი, ბრაზილია) 1 წრე (3)

18(15). რომენ გროსჟანი (ლოტუსი, საფრანგეთი) 1 წრე (3)

19(19). ჰეიკი კოვალაინენი (კატერჰემი, ფინეთი) 2 წრე (4)

20(21). შარლ პიკი (მარუსია, საფრანგეთი) 2 წრე (2)

21(23). პედრო დე ლა როსა (HRT, ესპანეთი) 3 წრე (2)

22(22). ტიმო გლოკი (მარუსია, გერმანია) 3 წრე (2)

23(24). ნარაიან კართიკეიანი (HRT, ინდოეთი) 3 წრე (2)

24(8). ლუის ჰემილტონი (მაკლარენი, ბრიტანეთი) 10 წრე (2)

საერთო ჩათვლა

1. ფერნანდო ალონსო (ფერარი, იტალია) - 154 (3); 2. მარკ უებერი (რედ ბული, ავსტრალია) - 120 (2); 3. სებასტიან ფეტელი (რედ ბული, გერმანია) - 110 (1); 4. კიმი რაიკონენი (ლოტუსი, ფინეთი) - 98; 5. ლუის ჰემილტონი (მაკლარენი, ბრიტანეთი) - 92 (1 მოგება); 6. ნიკო როსბერგი (მერსედესი, გერმანია) - 76 (1); 7. ჯენსონ ბატონი (მაკლარენი, ბრიტანეთი) - 68 (1); 8. რომენ გროსჟანი (ლოტუსი, საფრანგეთი) - 61; 9. სერხიო პერესი (ზაუბერი, მექსიკა) - 47; 10. კამუი კობაიაში (ზაუბერი, იაპონია) - 33; 11. პასტორ მალდონადო (უილიამსი, ვენესუელა) - 29 (1); 12. მიხაელ შუმახერი (მერსედესი, გერმანია) - 29; 13. პოლ დი რესტა (ფორს ინდია, ბრიტანეთი) - 27; 14. ფელიპე მასა (ფერარი, ბრაზილია) - 23; 15. ნიკო ჰიულკენბერგი (ფორს ინდია, გერმანია) - 19; 16. ბრუნო სენა (უილიამსი, ბრაზილია) - 18; 17. ჟან-ერიკ ვერნი (ტორო როსო, საფრანგეთი) - 4; 18. დანიელ რიკარდო (ტორო როსო, ავსტრა) - 2.

კონსტრუქტორთა თასი

1. რედ ბული - 230; 2. ფერარი - 177; 3. მაკლარენი - 160; 4. ლოტუსი - 159; 5. მერსედესი - 105; 6. ზაუბერი - 80; 7. უილიამსი - 47; 8. ფორს ინდია - 46; 9. ტორო როსო - 6.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თბილისში მატჩზე ან სპორტულ ღონისძიებაზე დასასწრებად მოგზაურობა: სად ვიქირაოთ ბინა და როგორ დავზოგოთ საცხოვრებელზე
ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა