ოლიმპიადის ცურვის ტურნირი მსოფლიოს რეკორდითა და მაიკლ ფელპსის კრახით დაიწყო
ოლიმპიადის ცურვის ტურნირი მსოფლიოს რეკორდითა და მაიკლ ფელპსის კრახით დაიწყო.

უკვე ბევრჯერ დავწერეთ იმის შესახებ, რომ ლონდონის ზაფხულის თამაშების წინ ორ მთავარ ინტრიგას გამოყოფდნენ: მძლეოსნობაში იოჰან ბლეიკი უსაინ ბოლტის წინააღმდეგ და ცურვაში - რაიან ლოხტე მაიკლ ფელპსის წინააღმდეგ.

ამ ორი დიადი მოცურავის პირველი დუელი ოლიმპიადის პირველივე სათამაშო დღეს შედგა. თუმცა 400 მეტრზე კომპლექსურ ცურვაში შეიძლებოდა ეს დაპირისპირება ვერც გვენახა. ფელპსმა წინასწარი გაცურვა დამაჯერებლად მოიგო, მაგრამ დრო აჩვენა საკმაოდ მოკრძალებული - 4.13,33, რაც საკვალიფიკაციოს მერვე შედეგი იყო და მაიკლმა ძლივს გააღწია ფინალში.

ფელპსთან ერთად ცურავდა ევროპის მრავალგზის ჩემპიონი ლასლო ჩეხი, რომელიც თანაბრად ებრძოდა ამერიკელს. იგრძნობოდა, რომ ბოლოსკენ მას შეეძლო მომატება, მაგრამ, შესაძლოა, ლასლომ მიიჩნია, რომ რადგან ფელპსთან თანაბრად ცურავდა, ეს მას ფინალში უპრობლემოდ გასვლის საშუალებას მისცემდა.

მაგრამ ჩეხმა მაიკლთან მხოლოდ შვიდი მეასედი წამი წააგო და ფინალის მიღმა აღმოჩნდა. არადა, ათენსა და პეკინში ის ამ დისციპლინაში პრიზიორებს შორის იყო.

რაც შეეხება ლოხტეს, მან უპრობლემოდ მოიპოვა ფინალში გამოსვლის უფლება და გადამწყვეტ გაცურვაში თავისი უპირატესობა დამაჯერებლად დაამტკიცა. თუ ბატერფლაიში მაიკლ ფელპსი, ასე თუ ისე, ინარჩუნებდა ლოხტესთან თანაფარდობას, რაიანი ამის შემდეგ იოლად გაექცა მეტოქეებს და მის გამარჯვებაში ეჭვი არავის შეპარვია.

უფრო მეტიც, 350 მეტრს ლოხტე მსოფლიოს რეკორდის გრაფიკით ცურავდა, მაგრამ ბოლოსკენ დაიღალა და რეკორდი არ შედგა. თუმცა 4.05,18 - ბრწყინვალე შედეგია. სამ წამზე მეტი წააგო ამერიკელთან ბრაზილიელმა ტიაგო პერეირამ, რომელმაც ვერცხლი მოიპოვა. რაც შეეხება ფელპსს, ის საერთოდ ვერ მოხვდა საპრიზო სამეულში.

მაიკლმა ბრასის შემდეგ სამი პოზიცია დაკარგა, კროლში კი ვეღარ შეძლო იაპონელი კოსუკუ ჰაგინოსთან დაწევა. ამ უკანასკნელმა აზიის რეკორდი დაამყარა.

ფელპსზე უარეს დღეში აღმოჩნდა 400 მეტრზე თავისუფალი სტილით ცურვაში მსოფლიოს რეკორდსმენი პაულ ბიდერმანი - გერმანელმა საკვალიფიკაციო ეტაპიც კი ვერ გადალახა და ფინალის მიღმა აღმოჩნდა. მის არყოფნაში ოქროსთვის ბრძოლა აზიელებმა გამართეს.

დისტანციის 75 პროცენტი ერთად მიდიოდნენ ჩინელი იან სუნი და კორეელი ტაეხვან პარკი, მაგრამ ბოლო 50 მეტრზე სუნმა მკვეთრად უმატა სიჩქარეს და კინაღამ მსოფლიოს რეკორდი დაამყარა.

მისი დრო - 3.40,14 მხოლოდ შვიდი მეასედით უარესია ბიდერმანის რეკორდზე. სამაგიეროდ, ჩინელმა ლეგენდარული იან ტორპის მიერ 2004 წელს დამყარებული ოლიმპიური რეკორდი გააუმჯობესა.

მაგრამ იან სუნის საფინიშო სპურტი არაფერია იმასთან, რაც შემდეგ ფინალში ასევე ჩინელმა შივენ იემ შემოგვთავაზა - ქალებს შორის 400 მეტრზე კომპლექსურ ცურვაში. 16 წლის (!) იე დიდი ხანი ჩრდილში იყო.

ჯერ ლიდერობდა კატინკა ჰოსუ, შემდეგ წინ გაიჭრა ელიზაბეტ ბიზელი, მაგრამ თავისუფალი სტილით ჩინელმა ისეთი აჩქარება გააკეთა, რომ ყველას დაავიწყდა მისი კონკურენტები. ბოლო 100 მეტრი იემ ფანტასტიკურ დროში დაასრულა - 58,86 წამი (ბიზელს 1.02,33 ჰქონდა). ამ სპურტის წყალობით მან არათუ დიდი უპირატესობით დაასრულა გაცურვა, არამედ მსოფლიოს რეკორდიც დაამყარა - ძველ დროს წამზე მეტი ჩამოაჭრა!

ბიზელი მეორეზე დარჩა, ბრინჯაო კი ჩინეთის კიდევ ერთ წარმომადგენელს, სუანსუ ლის ერგო. აღსანიშნავია, რომ პეკინის ოლიმპიადის სამგზის ჩემპიონმა, ავსტრალიელმა სტეფანი რაისმა მხოლოდ მეექვსე ადგილი დაიკავა. სწორედ მისი რეკორდი გააუმჯობესა შივენ იემ.

მედლების ბოლო კომპლექტი ქალებს შორის 4x100 მეტრზე ესტაფეტაში გათამაშდა. ჩინელებმა შესანიშნავად დაიწყეს, მაგრამ შემდეგ ყველაფერი თავის ადგილზე დადგა და ლიდერები ავსტრალია და აშშ გახდნენ.

დიდი ხანი ისინი ერთად მიდიოდნენ, მაგრამ მეოთხე ეტაპზე ლიდერთა ბრძოლაში ჩაერია მსოფლიო სპრინტის ლიდერი, ჰოლანდიელი რანომი კრომოვიჯოჯო. მან თავის გუნდს ვერცხლის მედალი მოუტანა, ავსტრალიელი მელანი შლანგერის გასასწრებად კი, უბრალოდ, დრო არ ეყო.

საბოლოოდ ავსტრალიელებმა ოლიმპიური რეკორდით მოიგეს, ამერიკელები კი ბრინჯაოთი დაკმაყოფილდნენ.

კაცები

400 მ. კომპლექსური

1. რაიან ლოხტე (აშშ) 4.05,18

2. ტიაგო პერეირა (ჩინ) +3,68

3. კოსუკე ჰაგინო (იაპ) +3,76

4. მაიკლ ფელპსი (აშშ) +4,10

5. ჩად ლე კლო (ს. აფრ) +7,24

6. იუია ჰორიჰატა (იაპ) +8,12

7. ტომას ფრეზერ-ჰოლმსი (ავსტრა) +8,31

8. ლუკა მარინი (იტა) +9,71

400 მ. თავისუფალი

1. იან სუნი (ჩინ) 3.40,14 (ო.რ.)

2. ტაეხვან პარკი (ს. კორ) +1,92

3. პეტერ ვანდერკააი (აშშ) +4,55

4. იუნ ჰაო (ჩინ) +5,88

5. კონორ დუიაერი (აშშ) +6,25

6. გერგო კიში (უნგ) +6,89

7. დევიდ კარი (ბრიტ) +8,48

8. რაიან ნაპოლეონი (ავსტრა) +9,11

ქალები

400 მ. კომპლექსური

1. შივენ იე (ჩინ) 4.28,43 (მს. რ.)

2. ელიზაბეტ ბიზელი (აშშ) +2,84

3. სუანსუ ლი (ჩინ) +4,48

4. კატინკა ჰოშუ (უნგ) +5,06

5. ჰანა მაილი (ბრიტ) +5,74

6. სტეფანი რაისი (ავსტრა) +7,06

6. კეიტლინ ლევერენცი (აშშ) +7,06

8. მ. ბელმონტე გარსია (ესპ) +7,19

4x100 მ. თავისუფალი

1. ავსტრალია 3.33,15 (ო.რ.)

(ალისია კოუტსი, კეიტ კემპბელი, ბრიტანი ელმსლი, მელანი შლანგერი)

2. ჰოლანდია +0,64

(ინგე დეკერი, მერლინ ფელდჰუისი, ფემკე ჰემსკერკი, რანომი კრომოვიჯოჯო)

3. აშშ +1,09

(მისი ფრანკლინი, ჯესიკა ჰარდი, ლია ნილი, ელისონ შმიტი)

4. ჩინეთი +3,60

5. ბრიტანეთი +3,87

6. დანია +4,30

7. იაპონია +4,81

8. შვედეთი დისკ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მამაკაცმა მოცურავეების წინ გაისეირნა და აუზში პირდაპირ თავით გადახტა - კადრები სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა [VIDEO]
ნოე ფანცხავამ პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე 41-ე ადგილი დაიკავა
15 წლის ანა ნიჟარაძემ ოლიმპიადაზე გამოსვლა დაასრულა
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-1 რუსთავი. ერთპიროვნული ლიდერი ისევ "რუსთავია"
"მამარდაშვილი ძალიან კარგი მეკარეა" - ირაოლამ გაამხილა ვინ ითამაშებს "ტოტენჰემთან"
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
ლუის ენრიკემ ჰაკიმის ტრავმის შესახებ გააკეთა კომენტარი
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
[VIDEO] "მანჩესტერ იუნაიტედი" კაცნაკლულ "სიტისთან" დამარცხდა
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია