ერთ-ერთმა პირველებმა ოლიმპიადაზე მედლები ველოსპორტში გუნდური რბოლის მონაწილეებმა გაითამაშეს
ერთ-ერთმა პირველებმა ოლიმპიადაზე მედლები ველოსპორტში გუნდური რბოლის მონაწილეებმა გაითამაშეს.

ორგანიზატორებმა სტარტისთვის სახელგანთქმული მოლი აირჩიეს - ბულვარი, რომელიც სამხრეთ-დასავლეთ ლონდონს ბუკინგემის სასახლესთან აკავშირებს. თავად ტრასა კი მსოფლიოს საუკეთესო სპრინტერის, ბრიტანელი მარკ კევენდიშისთვის შექმნეს. ადგილობრივი გულშემატკივრებიც მოსალოდნელი ტრიუმფის იმედით მივიდნენ ამ საინტერესო რბოლის საყურებლად.

როგორც კი პელოტონმა ქალაქის ისტორიული ცენტრი მიატოვა, მაშინვე წარმოიშვა გაქცეულთა პირველი ჯგუფი 11 ველომრბოლელის შემადგენლობით.

აქ იყვნენ ცნობილი სპორტსმენები - ავსტრალიელი სტიუარტ ო'გრეიდი, რუსი დენის მენშოვი, სლოვენიელი იანეც ბრაიკოვიჩი და ბელარუსი ვასილი კირიენკო.

გაქცეულებმა სწრაფად მიიღეს ოთხწუთიანი უპირატესობა, მაგრამ შემდეგ გააქტიურდა ძლიერი ბრიტანული გუნდი ტურ დე ფრანსის გმირების - კრისტოფერ ფრუმისა და ბრედლი უიგინსის მეთაურობით და მათ კონტროლი დააწესეს ლიდერთა ტემპზე.

მარკ კევენდიშისთვის სერიოზული გამოცდა უნდა ყოფილიყო ადგილობრივი ღირსშესანიშნაობა - ბოქს ჰილის ბორცვი, რომელსაც ყოველწლიურად 850 ათასი ტურისტი სტუმრობს. სწორედ აქ დაიწყო ნამდვილი ომი ბრიტანელი სპრინტერის წინააღმდეგ, რაზეც სტარტის წინ ბევრი გუნდის მწვრთნელი ლაპარაკობდა.

პირველად სოლო-შეტევის მცდელობა ავსტრალიელ მაიკ როჯერსს ჰქონდა, შემდეგ ფრანჩესკო ნიბალიმ და ფილიპ ჟილბერმა აიყოლიეს მრბოლელთა მთელი ჯგუფი. უიგინსი და კომპანია ახერხებდა ამ იერიშების მოგერიებას, მაგრამ რაღაც მომენტში შეტევების რაოდენობა მართლაც საგანგაშო გახდა. ამიტომაც ფინიშამდე 100 კილომეტრით ადრე თითქმის ცხადი იყო, რომ მასპინძლებს ფინიშისთვის, შესაძლოა, ძალები აღარ შერჩენოდათ.

გადამწყვეტ შეტევაზე ფილიპ ჟილბერი წავიდა. ჯერ კიდევ ერთი წლის წინ მისი გარღვევები ნებისმიერ კლასიკურ რბოლაში დიდი პრობლემა იყო პელოტონისთვის, მაგრამ დღეს ბელგიელი ფორმაში არ არის. მალე მას რამდენიმე ველომრბოლელი დაეწია, მათ შორის, ფაბიან კანჩელარა და ალექსანდრ ვინოკუროვი.

ფინიშამდე 35 კილომეტრით ადრე, ბრიტანელებმა ჩამორჩენა ერთ წუთამდე შეამცირეს, მაგრამ ბოლო სპურტისთვის მათ ძალები არ ეყოთ. თავიდან დანებდა ფრუმი, შემდეგ კი უიგინსი. დაძაბულობა იგრძნობოდა ლიდერთა ჯგუფშიც, სადაც მოსახვევში ვერ შევიდა და დაეცა კანჩელარა.

როცა ლიდერთა ჯგუფი ლონდონის ცენტრში დაბრუნდა, ცხადი გახდა, რომ პელოტონი ვეღარ მოახერხებდა 50-წამიანი ჩამორჩენის გაბათილებას. ამიტომაც დრო იყო, გაქცეულებს ერთმანეთში დაეწყოთ ურთიერთობის გარკვევა.

სწორედ ამ დროს სპურტზე გადავიდნენ ვინოკუროვი და რიგებორტო ურანი, რომლებსაც სხვებზე მეტი ძალა ჰქონდათ შერჩენილი. ორი ლიდერი პატიოსნად ენაცვლებოდა ერთმანეთს. ფინიშამდე 500 მეტრით ადრე კი ყაზახმა საფირმო საფინიშო სპურტი აჩვენა, ურანმა მას ვერაფერი დაუპირისპირა და მეორე ადგილითაც კმაყოფილი დარჩა. ბრინჯაოს მედალი სპრინტით ნორვეგიელმა ალექსანდრ კრისტოფმა მოიგო.

ვინოკუროვის გამარჯვება ყველას გაუხარდა: დიქტორს, მეტოქეებს, რომლებიც რიგში ჩადგნენ ყაზახისთვის მისალოცად და მაყურებლებს. ისინი კარგა ხანი ვერ მიხვდნენ, რა მოხდა ამ საინტერესო რბოლაში.

დოპინგსკანდალებისა და შარშანდელ ტურ დე ფრანსზე მიღებული საშინელი ტრავმის შემდეგ ყველამ ხაზი გადაუსვა ასაკოვანი ველომრბოლელის კარიერას. მან კი 39 წლის ასაკში ყველაზე დიდ გამარჯვებას მიაღწია და ოლიმპიური ოქროთი ტოვებს დიდ სპორტს.

განსხვავებული სცენარით წარიმართა ქალების რბოლა 140-კილომეტრიან დისტანციაზე. აქ ვერცერთმა გაქცევამ შედეგი ვერ მოიტანა და ყველაფერი სპრინტერულმა ფინიშმა გადაწყვიტა.

გამარჯვება ჰოლანდიელმა მარიან ფოსმა მოიპოვა, რასაც ორი თვის წინ ვერავინ წარმოიდგენდა, რადგან გუშინდელ ტრიუმფატორს ლავიწის ძვალი ჰქონდა მოტეხილი. მაგრამ ფოსმა გამოჯანმრთელება მოასწრო და ბოლო ორ დღეში მეორედ გააწბილა ბრიტანელი გულშემატკივრები.

ადგილობრივი ელიზაბეტ არმიტსტედი ვერცხლის მედალს დასჯერდა, თუმცა ესეც სასიხარულო უნდა იყოს, რადგან ეს ბრიტანეთის ოლიმპიური გუნდის პირველი მედალი იყო მიმდინარე თამაშებზე.

საგზატკეცილო. გუნდური რბოლა. კაცები

1. ალექსანდრ ვინოკუროვი (ყაზ) 5.45,57

2. რიგობერტო ურანი (კოლ) იგივე დრო

3. ალექსანდრ კრისტოფი (ნორ) +0,08

4. ტეილორ ფინი (აშშ) +0,08

5. სერგეი ლაგუტინი (უზბ) +0,08

6. სტიუარტ ო'გრეიდი (ავსტრა) +0.08

ქალები

1. მარიან ფოსი (ჰოლ) 3.35,29

2. ელიზაბეტ არმიტსტედი (ბრიტ) იგივე დრო

3. ოლგა ზაბელინსკაია (რუს) +0,02

4. ინა ტოიტენბერგი (გერ) +0,27

5. ჯორჯია ბრონცინი (იტა) +0,27

6. ემა იოჰანსონი (შვედ) +0,27

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საერთაშორისო აღიარება - საქართველოს ხმა მსოფლიო ველოსპორტის არჩევნებში
ინგლისში ტრანსგენდერები ქალთა ტურნირებიდან მოკვეთეს
ველოფესტივალი BIKE FEST-ი 15 ოქტომბერს დაარსებიდან უკვე მესამედ გაიმართება
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა