ამერიკელი კალათბურთელი არგენტინასთან პირველ შეხვედრას იხსენებს
10 აგვისტოს, ნახევარფინალურ ეტაპზე ამერიკისა და არგენტინის ნაკრებები კიდევ ერთხელ შეხვდებიან ერთმანეთს. ამ გუნდების პირველი შეხვედრა ჯგუფურ ეტაპზე "დრიმ თიმის" დიდი უპირატესობით დასრულდა, თუმცა პირველ ტაიმში აბსოლუტურად თანაბარი თამაში იყო.

იმ მატჩში ათიდან რვა სამქულიანი ჩააგდო კევინ დურანტმა და სულ ცოტა დააკლდა პარტნიორის - კარმელო ენტონის რეკორდამდე, რომელიც 12-დან ათ სამქულიანს უდრის. მელომ ეს შედეგი ნიგერიასთან მატჩში დააფიქსირა.

დღევანდელი ნახევარფინალის წინ დურანტი იხსენებს არგენტინასთან პირველ შეხვედრას და ამბობს, რომ ისეთი დაცვით, როგორიც მის გუნდს პირველ ტაიმში ჰქონდა, ამერიკამ ნებისმიერ მეტოქესთან შეიძლება წააგოს.

- არგენტინასთან მატჩის პირველი ნახევარი "ყველა ვარსკვლავის მატჩს" უფრო ჰგავდა, ვიდრე ოფიციალურ შეხვედრას. რის ხარჯზე შეძელით დიდი შესვენების შემდეგ მეტოქის განადგურება?

- ასეთი გუნდი გვყავს... არაფერია გასაკვირი იმაში, რომ ყველა მატჩს ვიგებთ. ლებრონმა შესანიშნავად დაიწყო მეორე ნახევარი და ჩვენც აგვიყოლია.

მან ყველას დადებითი მუხტი გადმოგვცა. ჯეიმსს შეუძლია აგრესიულად მოქმედება. ის ყოველთვის ასეთი იყო და ეს თვისება სასარგებლოა ჩვენი ნაკრებისთვის. გამოვიყენეთ ის ენერგია, რომელიც მან გუნდს დაუმატა, ტემპი დავიჭირეთ და ბურთის ჩაგდება დავიწყეთ...

- რა გაკვეთილი გამოიტანეთ პირველი ტაიმიდან, რომელშიც 59 ქულა მიიღეთ საკუთარ ფარში?

- გაკვეთილი შემდეგი იყო: თუ ასე გავაგრძელებდით, ერთხელ სადმე აუცილებლად წავაგებდით. დაცვაში ასე თამაში, უბრალოდ, არ შეიძლება. იმისთვის, რომ მოიგო, მთელი მატჩის განმავლობაში მაქსიმალურად უნდა დაიხარჯო. არ არის მართებული მხოლოდ მესამე მეოთხედიდან თამაშის დაწყება. საბედნიეროდ, ჭკვიანი გუნდი გვყავს.

შეგვიძლია უშუალოდ მატჩის მსვლელობის დროს საკუთარი შეცდომების გამოსწორება. არგენტინასთან მატჩში დიდი შესვენების შემდეგ, დაცვაში უფრო აგრესიულად თამაში დავიწყეთ - გამოგვდიოდა დაფარებები, ჩაჭრები... მთავარია, მეტოქეს აღარ მივეცით იოლი ქულების დაგროვების საშუალება. ვფიქრობ, მესამე და მეოთხე მეოთხედში ჩვენი თამაშის მიმართ სამწვრთნელო შტაბს არანაირი პრეტენზია არ ჰქონდა. სწორედ ასე უნდა ვითამაშოთ პირველი წამებიდან.

- მსოფლიოს ბოლო ჩემპიონატზე, როცა სამქულიანი რკალის რადიუსი 6,25 მეტრი იყო, თქვენ, პრაქტიკულად, არ აცილებდით ამ მანძილიდან. ახლა FIBA-ს ჩინოვნიკებმა ეს მანძილი ნახევარი მეტრით გაზარდეს, მაგრამ მაინც უშეცდომოდ ისვრით. რამდენად მნიშვნელოვანია ის 49 სანტიმეტრი, რომელიც NBA-სა და ევროპული კალათბურთის სამქულიანის რკალებს შორის არსებობს (7,24 მ და 6,75 მ)? რამდენად გიადვილდებათ FIBA-ს ტურნირებზე სამქულიანების ჩაგდება, ვიდრე NBA-ს მატჩებში?

- საერთოდ, მე უნივერსალური ფორვარდი ვარ და კალათბურთში საკმაოდ ბევრი შემიძლია - მხოლოდ სამქულიანების ჩაგდებით არ შემოვიფარგლები. უბრალოდ, გარემოება მოითხოვს, რომ კონკრეტულად ამ გუნდს ჩემგან ყველაზე მეტად შორიდან ტყორცნები სჭირდება და მე ეს როლი ძალიან მომწონს.

მით უმეტეს, რომ თქვენ მართალი ხართ - ნახევარი მეტრი შესამჩნევ გავლენას ახდენს სროლაზე. ევროპაში სამქულიანის ჩაგდება უფრო იოლია. ერთადერთი, რაც მჭირდება - პარტნიორის პასი დავიჭირო და მაშინვე ვისროლო.

- მიუხედავად ამისა, ერთხელ ცხრა მეტრიდან ჩააგდეს ბურთი...

- სროლის წინ არასოდეს ვფიქრობ ისეთ წვრილმანებზე, როგორიცაა მანძილი ფარამდე. ვგრძნობდი, რომ შემეძლო ჩაგდება და ვიცოდი - როგორც კი გადაცემას მივიღებდი, მაშინვე შევუტევდი. როცა კარგ რიტმს იჭერ, საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად მოშორებული ხარ სამქულიანის ხაზს. შინაგანი დამაჯერებლობა უფრო მნიშვნელოვანია.

- როგორ ახერხებთ ბურთის მიღებას სიტუაციაში, როცა თქვენს გარშემო არცერთი მეტოქე არ დგას? სუპერსნაიპერის რეპუტაცია გაქვთ და წესით, მცველები მუდმივად ყველგან უნდა დაგდევდნენ...

- გუნდში ძალიან კარგი გამთამაშებლები გვყავს. საკმარისია, წამის მეათედით დაუსხლტე მეურვეს - ბურთი უკვე შენ გაქვს. რჩება მხოლოდ ფარის მიმართულებით სროლა.

- იმავე არგენტინასთან მატჩში სერიოზულად იუხეშეს კარმელო ენტონის წინააღმდეგ და თქვენ ყველაზე აქტიურად ცდილობდით არგენტინის სათადარიგო სკამთან მისვლას...

- იმ ძალისმიერმა ილეთმა, რომლის გამოც მელო დაზარალდა, ძალიან გაგვაბრაზა. ჩვენ არგენტინას ოლიმპიადის წინ, ბარსელონაში ვეთამაშეთ და მაშინაც მოხდა პატარა ჩხუბი. ამან ძალიან ამოგვაგდო სათამაშო რიტმიდან და შედეგად, ძალიან რთული გამარჯვება მოვიპოვეთ.

ახლა კი მნიშვნელოვანია, ყველა მეტოქეს ვაგრძნობინოთ - ამერიკის ნაკრებს ვერ დააშინებენ. ამას ვერავინ გააკეთებს. ჩვენ მეტოქის უხეშობას სწორი და ადეკვატური პასუხი უნდა გავცეთ და ვფიქრობ, ეს გამოგვივიდა.

- კმაყოფილი ხართ იმ სპორტული ფორმით, რომლითაც ამერიკა პლეი ოფს შეხვდა?

- მე მგონი, იმავე არგენტინასთან და შემდეგ, მეოთხედფინალში ავსტრალიასთან მატჩმა პასუხი გასცა იმ კრიტიკოსებს, რომლებმაც ლიტვასთან მატჩის შემდეგ უსიამოვნო ფრაზები ისროლეს ჩვენი მისამართით.

- გქონდათ თუ არა საშუალება, სპორტის სხვა სახეობის სტარტებს დასწრებოდით?

- დიახ. ვიყავი ცურვაზე, კრივზე, მძლეოსნობაზე... შესანიშნავი შთაბეჭდილება იყო, ძალიან მომეწონა. შეძლებისდაგვარად, ვცდილობ, თანამემამულეებს მხარი დავუჭირო.

- უსაინ ბოლტმა მოიგო მორიგი ოქროს მედალი. თქვენ რა დროში შეგიძლიათ 100 მეტრის გარბენა?

- წარმოდგენა არ მაქვს. სავარაუდოდ, რვა წამში... ნებისმიერ შემთხვევაში, ოლიმპიადის ფინალში ბოლო ადგილზე გავიდოდი.

- როგორც ჩანს, წარმოდგენა არ გაქვთ, რას უდრის 100 მეტრზე სირბილში მსოფლიოს რეკორდი...

- დიახ, მართალი ხართ. სირბილი არასოდეს ყოფილა ჩემი გატაცება. ბავშვობიდან მხოლოდ კალათბურთს ვთამაშობ და ამის გამო სულაც არ ვნაღვლობ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"რაც მთავარია, ჩემი ოჯახი უსაფრთხოდაა" - ლებრონ ჯეიმსი ბოლოდროინდელ სკანდალს გამოეხმაურა
რამდენიმე საათში, რაც თანაგუნდელმა ვადაგასულ რძეს შეადარა - კრისტაპს პორზინგისმა კალათბურთელის კარიერა დროებით შეაჩერა
"ეს უბრალოდ ფარსია!" - კასანომ რონალდინიო კარიერის განახლების გამო გააკრიტიკა
უკრაინასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
საქართველოს ნაკრებმა პირველი ვარჯიში თბილისი არენაზე გამართა
საბა ლაზიშვილი: უმართან ბრძოლა ჩემთვის პირადულია, რადგან კულისებს მიღმა ისეთი რაღაცები მოხდა...
ერლინგ ჰოლანმა შესაძლოა, ზაფხულში "სიტი" დატოვოს
დვალიშვილის თხოვნის შემდეგ, უსმან ნურმაგომედოვი და მისი თანაგუნდელები აბუ-დაბის ციხიდან გაათავისუფლეს
[VIDEO] "ილიასთან მთელი ცხოვრების გატარება მინდოდა... ურთიერთობის გაგრძელება ამას ნიშნავდა" - თოფურიას ყოფილმა მეუღლემ საჯაროდ განქორწინებაზე პირველად ისაუბრა
რომელუ ლუკაკუმ 33 წლის ასაკში სანაკრებო კარიერა დაასრულა
მილევსკიმ უკრაინა ანდორას დონეზე დააყენა და ჩვენ უფრო ცუდ დღეში მოგვიხსენია - მაშინ სადაა საქართველოს ნაკრები?!
რამოსი კვლავ ლა ლიგაში? - ლეგენდარულ ესპანელს ახალი ვარიანტი აქვს
მესი კვლავ არგენტინის ნაკრებში და უკვე სხვა როლით? - ლეოს ახალი წინადადება აქვს
წლის რჩეული მამაკაცი - საფრანგეთში ამ პრიზის მფლობელი კვარაცხელია გახდა
ოფიციალურად: "კრისტალ პალასს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
"ყველაზე სამწუხარო, შენი სასოწარკვეთის ეს დონეა" - ბასილაშვილის პასუხი იმ ადამიანს, რომელმაც გარიგებულ მატჩებში დაადანაშაულა
[VIDEO] 5:0 - კლოპის გერმანიამ ჩავის ნიდერლანდები გაანადგურა და ჯგუფის გამარჯვებული გახდა
უკრაინელთა მწვრთნელი: ფეხბურთელებს საქართველოსთან გამარჯვების უზარმაზარი სურვილი აქვთ - ამას იმსახურებენ
"აზაროვმა მითხრა, რომ ხვალ გაგვაბახებენ" - გაუმხილა უკრაინელმა ფეხბურთელმა ჟურნალისტს
კაკაბაძე: გამარჯვებას მონატრებული ვართ და გვინდა, გულშემატკივარი გავახაროთ
შევჩენკომ უკრაინის ნაკრების მწვრთნელს მხარდაჭერა გამოუცხადა
მატჩის დღე! რა შეუძლია საქართველოს ნაკრებს?