ყველაზე ტიტულოვანმა ესტონელმა კალათბურთელმა იაკ ლიპსომ დიდი კვალი დატოვა მსოფლიო კალათბურთის ისტორიაში
ყველაზე ტიტულოვანმა ესტონელმა კალათბურთელმა იაკ ლიპსომ დიდი კვალი დატოვა მსოფლიო კალათბურთის ისტორიაში.

თამაშის ელასტიკური მანერითა და მოძრაობებით მან თავის დროზე მოხიბლა არა მარტო სსრ კავშირში შემავალი რესპუბლიკების ქომაგები, არამედ მსოფლიოს ათეულობით ქვეყნის სპეციალისტები.

ამის საშუალება კი მას 1960-1970 წლებში საკმაოდ ჰქონდა - იყო მსოფლიოს ერთგზის და ევროპის სამგზის ჩემპიონი, ორი ოლიმპიადის (1964, 1968 წლებში) ვერცხლისა და ბრინჯაოს პრიზიორი, ევროპის ჩემპიონთა თასის ორგზის მფლობელი. იმ დროს, სსრ კავშირიდან სპორტსმენებს უცხოეთის კლუბებში სათამაშოდ არ უშვებდნენ, თორემ როგორც ამბობენ, ლიპსო უეჭველად მოხვდებოდა NBA-ში.

მახსოვს, 10-11 წლისა ვიყავი, როცა ის "კალევთან" ერთად სსრკ-ს პირველობის თამაშებისთვის თბილისში ჩამოდიოდა. დიდ სიმპატიებს იმსახურებდა თავისი ორიგინალური თამაშით. იმ დროს, მე სულ რამდენჯერმე მაქვს ნანახი ლიპსოს თამაში დარბაზში, როცა სოხუმიდან მამაჩემთან ერთად ჩამოვდიოდი თბილისში.

საქართველოს დედაქალაქი კი, იმ დროს სსრკ-სა და გარკვეულწილად, აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკალათბურთო ცენტრი იყო.

ლიპსომ კალათბურთის თამაში 1975 წელს დაასრულა, მერე ცოტა ხნით მწვრთნელადაც მუშაობდა.

იაკ ლიპსოს ტალინში 30 ივლისს შევხვდი. სხვა, დიდი დონის მოთამაშეებისგან განსხვავებით, მან უცბად მიპასუხა ტელეფონზე და ტალინის გარეუბანში აგარაკზე მიმიპატიჟა. მერე კი, ჩემი პაუზის შემდეგ მითხრა: აგარაკი ცოტა შორს არის და ამიტომ, თავად მოვალ ტალინის "საკუ სუურხალეს" არენაზეო. იქ ერთად ვუყურეთ ესტონეთისა და ჩეხეთის ნაკრებების თამაშს.

- ბატონო იაკ, ვიცი, რომ ესტონეთის დიდი პატრიოტი ბრძანდებით. მაინტერესებს, როგორ აღმოჩნდით ცსკა-ში და რატომ წახვედით "კალევიდან" 19 წლის ასაკში?

- ახალგაზრდული ასაკიდანვე მქონდა წარმატებები კალათბურთში და ამიტომ, 17 წლის ასაკში გავხდი ესტონეთის უძლიერესი გუნდის ტარტუს "კალევის" წევრი. ბევრს ვთამაშობდი სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებებში, როგორც ესტონეთის, ასევე სსრკ-ისაში.

ამიტომ, ვერ ვასწრებდი ტარტუს უნივერსიტეტში სიარულს და ერთ-ერთი საგანი ვერ ჩავაბარე, რადგან პროფესორმა ძალიან გამაწვალა. მას, თურმე, არ უყვარდა სპორტსმენები და მეუბნებოდა - ან კალათბურთი ან სწავლაო!

ამიტომაც, გამიწვიეს ჯარში და ასე აღმოვჩნდი რიგის სკა-ში, რომელიც სსრკ-ს ერთერთი გამორჩეული გუნდი იყო. 1963 წელს მოსკოვის ცსკა-ში მიმიწვიეს - ორჯერ მოვიგეთ ევროპის ჩემპონთა თასი და მრავალჯერ გავხდი სსკრ ჩემპიონი. დიდხანს ვთამაშობდი საბჭოთა ნაკრების შემადგენლობაში.

სამშობლოში თამაშზე მაინც ვფიქრობდი და 1969 წელს მოვახერხე ესტონურ "კალევში" დაბრუნება, სადაც 6 სეზონი ვითამაშე.

- ძალიან უყვარდით საქართველოში, როგორც სპორტსმენი და როგორც პიროვნება. რით დაიმსახურეთ ეს?

- პირველად საქართველოში 1957 წელს ჩამოვედი. მაშინ თბილისში ტარდებოდა სსრკ მოსწავლეთა სპარტაკიადა.

ესტონეთის ნაკრებმა მესამე ადგილი დაიკავა, ჩემპიონი კი საქართველოს ნაკრები გახდა. ზუსტად იმ დროს გავიცანი ლევან მოსეშვილი, რომელიც იყო საქართველოს ნაკრების წამყვანი მოთამაშე.

შემდგომ, მასთან მეგობრული ურთიერთობა ჩამომიყალიბდა. დიდი ხანია არ მინახავს, გთხოვთ, ბატონ ლევანს მოკითხვა გადასცეთ.

საერთოდ, ქართული კალათბურთი დიდი მოვლენაა. თბილისის "დინამო" 1950-1970 წლებში ძალაინ ძლიერი გუნდი იყო - დინამოელები რამდენჯერმე იყვნენ სსრკ-ს ჩემპიონები - ეს ადვილი არ იყო, არამარტო სპორტული კუთხით, არამედ იმიტომ, რომ საკავშირო ფედერაციასა და მსაჯების დიდ ნაწილს უფრო მეტად მოსკოვისა და ლენინგრადის გუნდები ესიმპათიურებოდათ.

1962 წელს თბილისის "დინამო"ევროპის ჩემპიონთა თასის მფლობელი გახდა -ფინალში "დინამომ" მადრიდის "რეალს" მოუგო ჟენევაში.

- "დინამომ" იმ წელს ნახევარფინალში მეორე გრანდი - მოსკოვის ცსკა დაამარცხა, რაც უფრო ძნელი იყო, ვიდრე "რეალის" ძლევა, რადგან, როგორც ამბობენ, მოსკოვი ცდილობდა სხვადასხვა ხასიათის ზეწოლას...

- კულისებში არა ვარ ჩახედული, მაგრამ მე, როგორც ცსკა-ს იმდროინდელ მოთამაშეს კარგად მახსოვს ის ორი თამაში. პირველ მატჩში მოსკოვში არ მითამაშია - მეორეში კი მოედანზე ვიყავი. ორივეში დინამოელებმა დამსახურებულად მოიგეს და ფინალში გავიდნენ.

ესტონელებს ყოველთვის მოგვწონდა ქართველი კალათბურთელების ტექნიკური თამაში და მათი იმპროვიზაცია.

ვიცი, რომ ბოლო წლებში საქართველოში კალთბურთი აღმავლობის გზაზეა და მინდა ვუსურვო დიდი წარმატება. ყოველთვის ვიყავი ქართველების ქომაგი.

მინდა ვთხოვო ქართველ კოლექცონერებს და საქართველოს ტელევიზიას - მათ არქივში თუ არის შემონახული 1960-1970 წლებში თბილისში "კალევის" ან ცსკა-ს შემადგენლობაში ჩემი მონაწილეობით ჩატარებული მატჩების ჩანაწერები, შემატყობინონ და მერე ვიზრუნებ იმაზე, როგორ შევიძინო ეს მატჩები ან ფრაგმენტები.

საუბრის დასრულების შემდეგ ბატონ იაკთან სამახსოვრო სურათი გადავიღე. 2010 წელს მას 70 წლის იუბილე გადაუხადეს, ამჟამად პენსიაზეა - ბოლო 20 წელი ლიპსო პედაგოგიურ-სამეცნიერო მუშაობას ეწეოდა.

სიმართლე რომ გითხრათ, დიდი სპორტსმენი და ისეთი თავმდაბალი, განათლებული და ინტელიგენტი, როგორ იაკ ლიპსო აღმოჩნდა, ნამდვილად იშვიათობაა.

თენგიზ პაჭკორია, ტალინიდან

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ერტელს "ზენიტში" გადასვლა არ აპატიეს და საფრანგეთის ნაკრებიდან მოკვეთეს
გარდაიცვალა ერთ-ერთი საუკეთესო პოლონელი კალათბურთელი ადამ ვუიჩიკი
აღიარება ლეგენდისგან - ოთხგზის ოლიმპიური ჩემპიონი ჰომოსექსუალია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა