ფიფას ლიტველი არბიტრის შვილი საქართველოს ეწვევა
ფეხბურთის სტაჟიანი გულშემატკივრებისა და ვეტერანი სპორტსმენებისთვის კარგად არის ცნობილი გამოჩენილი ლიტველი რეფერის, ფიფას არბიტრის, კესტუტის ანძიულისის სახელი.

ის 1960-70 წლებში სსრ კავშირის და აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო არბიტრად ითვლებოდა და ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატების შესარჩევი ტურნირისა და ევროპის საკლუბო გუნდების 50-50 საერთაშორისო შეხვედრა იმსაჯა.

სხვათა შორის, ამ მატჩებზე ანძიულისი ყველაზე ხშირად მსაჯთა იმ ბრიგადაში იყო, რომლის წევრი ან მთავარი რეფერი გამოჩენილი ქართველი არბიტრი კარლო ყრუაშვილი გახლდათ.

საქართველოში და სხვაგან ანძიულისს იცნობდნენ როგორც ობიექტურ, სამართლიან მსაჯსა და პიროვნებას. ფიფას არბიტრი ანატოლი მილჩენკო, რომელიც 2000 წელს საქართველოს მე-20 საუკუნის საუკეთესო მსაჯად აღიარეს, რამდენი წლის წინათ მიყვებოდა, რომ ანძიულისი ეკუთვნოდა მსაჯთა იმ კატეგორიას, რომელსაც ვერც საკავშირო ფედერაცია და სპორტკომიტეტი, ვერცერთი მოსკოვური ან სხვა კლუბი ვერ გაუბედავდა იმის თქმას, რომ ემსაჯა მოსკოვის ან სხვა რომელიმე გუნდის სასარგებლოდ, რადგან კესტუტისს ყოველთვის ჰქონდა სუფთა მსაჯის სახელი და ეს რეალობა ყველამ იცოდა.

კესტუტისის მსაჯობა პირადად მახსოვს, როცა 1970-იან წლებში ის გაზაფხულობით ზოგჯერ ჩამოდიოდა სოჭში, გაგრასა და სოხუმშიც, სადაც მსაჯობდა უმაღლესი ლიგის გუნდების საკონტროლო მატჩებს.

მახსოვს, როცა თბილისსა და დონეცკში მსაჯობდა, შესაბამისად, თბილისის "დინამოსა" და "შახტიორის" ოფიციალურ მატჩებს სსრკ-ს სხვადასხვა გუნდთან. არაერთხელ მინახავს ლიტველი არბიტრის იუველურულ-პუნქტუალური და ობიექტური მსაჯობა, თუმცა მას პირადად არ ვიცნობდი და 1980-იან წლებში მხოლოდ ტელეფონით მისაუბრია მასთან.

სამაგიეროდ, ამას წინათ ლიტვაში ყოფნის დროს გავიცანი ანძიულისის ქალიშვილი, ქალბატონი ნერინგა. 3 წლის წინათ მას რამდენჯერმე ვესაუბრე ანატოლი მილჩენკოსთან ერთად, როცა ვაგროვებდით ფოტომასალებს მილჩენკოს კოლეგებზე და მაინტერესებდა ანატოლის და კესტუტისის საერთო ფოტოები.

ბატონი ანატოლის პირადი არქივის დიდი ნაწილი 1993 წლის სექტემბრის ბოლოს სოხუმის დაცემის შემდეგ განადგურდა სოხუმში. მის ბინაში შესულმა ბოევიკებმა გაანადგურეს ის მასალებიც, რომლებიც ეხებოდა ფიფას არბიტრის, ანატოლი მილჩენკოს დიდ ცხოვრებას, დაწყებული დაბადების ადგილიდან (ბორჯომი), გაგრძელებული მისი სოხუმში ცხოვრებით და საერთაშორისო ტურნირების მსაჯობით.

გადარჩა მისი არქივის ის ნაწილი, რომელსაც ანატოლი ინახავდა თავის დედასთან ბორჯომში.

სოხუმის დაცემის შემდეგ ანატოლი მეუღლესთან, სოლიკო ტყებუჩავასთან რამდენიმე წელი კიევში ცხოვრობდა, მუშაობდა საქართველოს საელჩოში უკრაინაში, 1999 წელს კი მეუღლესთან ერთად დაბრუნდა საქართველოში. თბილისში დაიწყო ცხოვრება და მუშაობდა ფეხბურთის ფედერაციაში მსაჯთა კომიტეტის ხელმძღვანელად, 2005 -2010 წლებში იყო კლუბ "ვიტ-ჯორჯიას" სპორტული დირექტორი; 2011 წელს კი კვლავ ფეხბურთის ფედერაციაში დაბრუნდა, სადაც კურირებდა ახალგაზრდა მსაჯების მომზადების პროცესს.

მას სურდა წასვლა ლიტვაში, რათა ენახა მისი დიდი ხნის მეგობრის, კესტუტის ანძიულისის საფლავი და წვეოდა მის ქალიშვილს, მაგრამ ვერ მოასწრო - 2011 წლის 31 დეკემბერს თბილისში გარდაიცვალა.

ამას წინათ, ლიტვაში ყოფნის დროს, ნერინგას შევხვდი კაუნასში. შეხვედრას ესწრებოდა ცნობილი ლიტველი კალათბურთელი და მწვრთნელი, ქართული კლუბის, "სოხუმის" ყოფილი მთავარი მწვრთნელი რიმვიდას სამულენასი. ისიც არ იცნობდა პირადად ნერინგას. ვუთხარი: რიმვიდას, ხომ ხედავთ, მე რომ არ ჩამოვსულიყავი, ანძიულისის შვილს ვერ გაიცნობდი-მეთქი. ორივეს გაეცინა და ორივემ ერთად დამათვალიერებინა კაუნასის ძველი ისტორიული უბანი.

ნერინგა აღმოჩნდა ფეხბურთის დიდი მცოდნე, თუმცა ახალგაზრდობაში გატაცებული იყო ტანვარჯიშით და კალათბურთით.

"მამაჩემი სულ მეუბნებოდა - შენ უნდა გახდე დიდი სპორტსმენიო, მაგრამ ბევრი მიზეზისა და ტრავმის გამო ეს ვერ მოვახერხე", - გვითხრა ნერინგამ.

მან დეტალურად გამომკითხა ვეტერან ქართველ ფეხბურთელებზე და დღევანდელ თაობაზეც. მითხრა - სსრ კავშირის დროს თბილისის "დინამო" ყველაზე ტექნიკური და საყვარელი გუნდი იყო მრავალი მილიონი ადამიანისთვისო და დასძინა:

"მამაჩემს ძალიან უყვარდა საქართველო, უყვარდა კოტე მახარაძე და ფეხბურთელები, თუმცა მინდორზე ყოველთვის ობიექტური და მიუკერძოებელი იყო. მას არ უყვარდა ოჯახის წევრების წაყვანა ტურნირებსა და მატჩებზე. ამიტომ მე ცხოვრებაში არასოდეს ვყოფილვარ საქართველოში.

ძალიან მინდა საქართველოში ჩამოსვლა და ჩემი თვალით ვნახო ის ქვეყანა, რომელიც ასე უყვარდა მამაჩემს".

ნერინგამ მაჩვენა კაუნასში ის სახლი, სადაც სიცოცხლის ბოლომდე ცხოვრობდა მამამისი - კესტუტის ანძიულისი - პატარა, ჩვეულებრივი ბინა კაუნასის ძველ ისტორიულ უბანში - ახლა იქ ნერინგა რემონტს აკეთებს.

ვკითხე - "მემორიალური დაფა რატომ არ არის კედელზე, რომ აქ ცხოვრობდა ანძიულისი?" მიპასუხა - "აპირებდნენ, მაგრამ მე ხომ არ დავიწყებ ლობირებას? - უხერხულია".

ვიფიქრე - ნერინგა ისეთივე მორიდებულია, როგორიც მამამისი იყო-მეთქი.

მოვიპატიჟე საქართველოში. დამპირდა - ჩამოვალ აუცილებლად, საქართველოს ნაკრების რომელიმე თამაში მინდა ვნახოო თბილისში...

ცნობისათვის:კაუნასში კესტუტის ანძულისის სახელობის ჭაბუკთა ტურნირი დიდი ხანია, ტარდება. რაც შეეხება საპატიო დაფას - რატომღაც დაიგვიანა მისმა დამზადებამ. თუმცა ასეთი დაგვიანება მარტო ლიტვაში არ ხდება.

თენგიზ პაჭკორია, ვილნიუსი-თბილისი

ფოტოზე: ნერინგა ანძიულისი და რიმვიდას სამულენასი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...