სეზონის მთავარი ტრანსფერი ცხვა, ცხვა და "რეალისთვის" ყველაზე რთულ ხანაში გამოცხვა
სეზონის მთავარი ტრანსფერი ცხვა, ცხვა და "რეალისთვის" ყველაზე რთულ ხანაში გამოცხვა - ლა ლიგა ჟოზე მოურინიოს ბიჭებმა საშინლად დაიწყეს (ფრე და წაგება "ხეტაფესთან"!) და წააგეს სუპერთასის პირველი თამაში "ბარსელონასთან" - ხორვატი პლეიმეიქერი ლუკა მოდრიჩი ამიერიდან "სამეფო კლუბში" ითამაშებს. გუშინ ტრანსფერი ოფიციალურად ორივე მხარემ დაადასტურა.

ჯერ კიდევ ევრო 2012-ის წინ დაწყებული საგა, როგორც იქნა, დასრულდა - გუშინ ლუკამ მადრიდის კლინიკაში სრული სამედიცინო შემოწმება გაიარა.

მაშინ, როცა ფანებს და ჟურნალისტებს "რეალის" სამარცხვინო წაგებაზე უნდა ემსჯელათ, მათ ახალი სალაპარაკო გაუჩნდათ. "რეალმა" ლუკა მოდრიჩის სანაცვლოდ 42 მილიონი ევრო გადაიხადა (თანხა ოფიციალური არაა და ზოგიერთი წყარო გაცილებით ნაკლებს ასახელებს).

სხვათა შორის, ეს ევროპული სატრანსფერო სეზონის რეკორდის მხოლოდ გამეორებაა, რადგან "პარი სენ ჟერმენმა" ამდენივე გაიღო ტიაგო სილვას შესაძენად. "ტოტენჰემმა" 26 წლის ზადარელი 2008 წელს იყიდა ზაგრების "დინამოდან". მაშინ ნახევარმცველში ლონდონელებმა 21 მილიონ ევრომდე გადაიხადეს, რაც კლუბის ისტორიაში ყველაზე ძვირი ტრანსფერის (დარენ ბენტი - 2007 წ.) გამეორებაა.

ლუკას კონტრაქტი "რეალთან" 5-წლიანია. ის კვირაში 150 ათას ევროს მიიღებს. შეგახსენებთ, რომ "ტოტენჰემის" ბოსს, დანიელ ლევის, ზუსტად ერთი წლის წინათ მოდრიჩის გაყიდვა უფრო ძვირადაც შეეძლო - "ჩელსი" ხორვატის სანაცვლოდ 50 მილიონ ევროს იხდიდა, მაგრამ მაშინ ლუკა "უაით ჰართ ლეინზე" შეინარჩუნეს, თუმცა ცხადი იყო, რომ დიდხანს ეს შეუძლებელი იქნებოდა.

ახლა ანდრე ვილაშ-ბოაშს მოდრიჩის შემცვლელი ესაჭიროება (ჟოაო მოუტინიო, მუსა დემბელე), მაგრამ ეს უკვე ესპანურ გრანდს აღარ ანაღვლებს.

შეგახსენებთ, რომ ზაფხულში მოდრიჩმა სრული ბოიკოტი გამოაცხადა, გუნდს ამერიკულ შეკრებაზე არ გაჰყვა და არც ჯგუფთან ერთად ვარჯიშობდა. მას ცალსახად ჰქონდა გადაწყვეტილი მადრიდში წასვლა.

პარასკევს ის ჩიგველში, "ტოტენჰემის" ბაზაზე მივიდა და კლუბის სტაფსა და ფეხბურთელებს გამოემშვიდობა.

ტრანსფერი, როგორც აღმოჩნდა, სატრანსფერო ფასის გამო ფერხდებოდა - "ტოტენჰემი" საერთო ჯამში (ბონუსების ჩათვლით) 46 მილიონ ევროს ითხოვდა, მაგრამ საბოლოოდ 42-ს დაყაბულდა. სხვათა შორის, მოდრიჩი "რეალის" პირველი და, ალბათ, უკანასკნელი შენაძენია ამ ზაფხულს.

კაკა დღეს წავა?

როგორც კი ჟოზე მოურინიომ განუცხადა კაკას, რომ მას სასტარტოში თამაშს ვერ ჰპირდებოდა და "ხეტაფესთან" მატჩის განაცხადშიც არ შეიყვანა, ცხადი გახდა, რომ ბრაზილიელის დღეები "რეალში" დათვლილია.

მოდრიჩის ტრანსფერის შემდეგ კი 30 წლის ნახევარმცველის შანსები ნულის ტოლი გახდა. "გაძეტა დელო სპორტი" წერს, რომ დღეს მადრიდში "მილანის" ვიცე-პრეზიდენტი ადრიანო გალიანი ჩავა კაკას ტრანსფერის საბოლოოდ შესათანხმებლად.

კაკა "რეალში" 2010 წელს გადავიდა 68 მილიონ ევროდ! "რიკიმ" 5-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა "სამეფო კლუბთან", თუმცა ვერ გაამართლა - სასტარტოში მოხვედრა უჭირდა, ხშირად იღებდა ტრავმებს და "მილანელი კაკას" აჩრდილი იყო. გალიანის მისია მხოლოდ ბრაზილიელით არ შემოიფარგლება, "მილანს" ფრანგი ჩამშლელი ლასანა დიარაც სურს. იტალიურმა გრანდმა სეზონი ცუდად დაიწყო. ის აშკარად საჭიროებს გაძლიერებას.

სხვათა შორის, ფაქტია, რომ "რეალმა" ბალასტი იოლად მოიცილა - ფერნანდო გაგო (3,5 მილიონი ევრო) და სერხიო კანალესი (7,5) "ვალენსიაში" გადავიდნენ, ჰამით ალთინთოპი - "გალათასარაიში" (3,5), როისტონ დრენტე "ბეშიქთაშში" (თავისუფალი აგენტი) წავიდა, ჩამოფასებული ნური შაჰინი კი - "ლივერპულში" (იჯარა, 5 მილიონად გამოსყიდვის უფლებით).

რას გვიკეთებ, შე ნაბიჭვარო...

"ხეტაფესთან" 1:2 დასრულებული მატჩის 88-ე წუთზე მსაჯმა პერეს ლასამ პორტუგალიელი ფაბიო კოენტრაო გააძევა, რომელიც არც კი თამაშობდა - სათადარიგოთა სკამზე იჯდა.

როგორც ჩანს, პორტუგალიელს ცუდად აქვს საქმე - პერეს ლასამ პატაკში შემდეგი დაწერა: "კოენტრაომ ასე მომმართა - რას გვიკეთებ, შე ნაბიჭვარო". "რეალის" მცველს 4-დან 12 მატჩამდე დისკვალიფიკაცია ელის.

მოუმ, სამართლიანიაო

მარცხის შემდეგ ჟოზე მოურინიომ პრესკონფერენციაზე შემდეგი განაცხადა:

"პირველ ტაიმშიც კი, რომელიც მოვიგეთ, კარგად არ გვითამაშია. მეორე ტაიმიც ანალოგიურად ვითამაშეთ, ოღონდ ამჯერად დავისაჯეთ.

მარცხს დიდად არ განვიცდი, რადგან შედეგი სამართლიანია. "ვალენსიასთან" ვერ მოვიგეთ, თუმცა კი ვიმსახურებდით. ამ მატჩში კი მოიგო იმ გუნდმა, რომელიც ამას მეტად იმსახურებდა. "ბარსელონასთან" 5-ქულიანი ჩამორჩენა უკვე სერიოზულია, სეზონის სტარტი აშკარად არ გამოგვივიდა.

მარცხს კონკრეტულად ვერაფერს დავაბრალებ. უფრო ჩვენ ვითამაშეთ სუსტად, ვიდრე მეტოქემ - კარგად.

ჩემი ფეხბურთელები ამბობენ, რომ "ხეტაფეს" მეორე გოლისას კოლუნგამ ხელით ითამაშაო. ისინი ასევე ამტკიცებენ, რომ კოენტრაოს მსაჯისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია. გუნდის პრობლემებზე ჟურნალისტებთან ლაპარაკს არ ვაპირებ, ამას თავად ფეხბურთელებს ვეტყვი.

ბოლო დროს ბევრი ვიდეო გავაანალიზეთ და ბურთის კონტროლს დიდი დრო დავუთმეთ, მაგრამ ერთი ინდივიდუალური შეცდომა წყალში ყრის შრომას".

რონი, მთავარი პრობლემა

და მაინც, რა მოხდა "ხეტაფესთან"? ფაქტია, "რეალი" იგებდა და თითქოს აკონტროლებდა სიტუაციას. მეორე ტაიმში კი ჯერ ვალერამ, შემდეგ კი კონტრშეტევაზე ბარადამ კასილიასის კარი ორჯერ დალაშქრეს. მეორე ეპიზოდში უკიდურესად ცუდად იმოქმედა რაულ ალბიოლმა, რომელმაც სრულფასოვნად ვერ შეცვალა პეპე.

ასევე მოისუსტებდნენ ალვარო არბელოა, ლასანა დიარა, ქარიმ ბენზემა; ვერც ანხელ დი მარიაა სათანადო ფორმაში, მესუთ იოზილი კი რაღაც ინერტულია. აუგი მხოლოდ გონსალო იგუაინზე (2 გოლი 2 მატჩში) და ჩაბი ალონსოზე არ გვეთქმის.

მაგრამ, ჩვენი აზრით, მთავარი პრობლემა მაინც კრიშტიანო რონალდოს თამაშია. პორტუგალიელმა თავადაც თქვა, რომ ფორმაში არაა.

სტატისტიკას მოვიშველიებთ - მადეირელმა "ვალენსიასთან" და "ხეტაფესთან" ჯამში 11-ჯერ დაარტყა კარისკენ და აქედან ზუსტად მხოლოდ 3-ჯერ. მის ანგარიშზე არც გოლია, არც საგოლე პასი და ერთის გარდა, არც საგოლე მომენტი. "რეალს" 30 აგვისტოს სუპერთასის საპასუხო მატჩი ელის "ბარსელონასთან".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] მბაპეს ულამაზესი გოლებით - "რეალმა" სტუმრად "ატლეტიკს" უპრობლემოდ მოუგო
მესი იჯარით "ბარსელონაში" დაბრუნდება? - კომენტარი დეკომ გააკეთა
პირველად "ბარსელონას" ისტორიაში - ლევანდოვსკიმ ანტი-რეკორდი დაამყარა
"ახლა გუნდებს სჯერათ, რომ ჩვენთან დადებითი შედეგის მიღწევა შეუძლიათ" - სლოტმა "სანდერლენდთან" მატჩი შეაფასა
კიტეიშვილის "შტურმი" სახლში დამარცხდა და ვერ გალიდერდა
ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს
[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა
პირველად "ბარსელონას" ისტორიაში - ლევანდოვსკიმ ანტი-რეკორდი დაამყარა
[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან
"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს
[VIDEO] "ბარსელონამ" სახლში "ატლეტიკოს" მოუგო
20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"
"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს
"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა
მამის ნაკვალევზე - ისაგო სილვამ "ჩელსისთან" კონტრაქტი გააფორმა
"შეცდომებს დაუშვებს - დრო მიეცით" - ზაბარნიზე კომენტარი საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა გააკეთა
იტალიაში საუკეთესოები აღიარეს - მაკტომინეი, "ნაპოლი", კონტე
რაფინიას პრემიერ ლიგაში უხმობენ - "ბარსელონას" ფინანსური პრობლემების გამო შესაძლოა, ფეხბურთელის დათმობა მოუწიოს
"ბრენტფორდს" კიდევ ერთ ფორვარდს გამოსტაცებენ? - 50-მილიონიანი ტრანსფერი დაიგეგმა
"ბაიერნის" პრეზიდენტმა ჰარი კეინის მომავალზე ისაუბრა
დიდი დაბრუნება სამწვრთნელო პოსტზე "რეალში"? - ალონსოს მუშაობა შესაძლოა, ძალიან მოკლევადიანი აღმოჩნდეს