ქალაქ პატაიაში 4-9 სექტემბერს 20-წლამდელთა შორის მსოფლიოს პირველობა ჩატარდება
27 აგვისტოს საქართველოს ახალგაზრდა ბერძენ-რომაელთა ნაკრები ტაილანდში გაფრინდა, სადაც ქალაქ პატაიაში 4-9 სექტემბერს 20-წლამდელთა შორის მსოფლიოს პირველობა ტარდება.

გუნდის თავკაცმა ვლადიმერ ადეიშვილმა ტაილანდში ბაჩანა ფუტკარაძე (50), ნიკა ცეცხლაძე (55), ფირუზ წულუკიძე (60), გიორგი დავითაია (66), თორნიკე ძამაშვილი (74), რობერტ ქობლიაშვილი (84), იაკობ ქაჯაია (96) და შოთა გოგისვანიძე (120) წაიყვანა.

ამათგან ნაკრებში ყველაზე ბოლოს ჭაბუკებში ევროპის ორგზის ჩემპიონი, ახალგაზრდების წლევანდელ ევროპირველობაზე ბრინჯაოს მედლისთვის ნაჭიდავები წულუკიძე მოხვდა, რომელსაც კონკურენციას თანაქალაქელი, ანუ ბათუმელი ამირან შავაძე უწევდა. სხვების საკითხი კი შედარებით ადრე გადაწყდა.

ადეიშვილმა წლევანდელ ევროპირველობაზე ნაჭიდავები გუნდი საფუძვლიანად გადაახალისა და იმათგან მხოლოდ ოთხი დატოვა - წულუკიძე, დავითაია, ქობლიაშვილი და ქაჯაია.

ამ ოთხეულიდან ქობლიაშვილი და ქაჯაია ევროპაზე მესამეზე გავიდნენ. ამჯერად გუნდში ვერ მოხვდა კონტინენტის ვიცე-ჩემპიონი ლევან არაბული (120) - ადეიშვილმა მას გოგისვანიძე ამჯობინა.

თუმცა უფრო სწორი იმის თქმა იქნება, რომ მწვრთნელს ამ ნაბიჯზე წასვლა ტაქტიკურმა მოსაზრებამ და ნაკრების სამომავლო გეგმებმა აიძულეს.

არაბული საქართველოს ჩემპიონიცაა და ადეიშვილს მის მიმართ პრეტენზია არ აქვს, მაგრამ გოგისვანიძე მსოფლიოს შარშანდელი ჩემპიონია და შანსს მას აძლევს. მით უფრო, შარშანდელი წარმატების შემდეგ გოგისვანიძეს წელისა თუ ნაირნაირი ტრავმის გამო ბევრი გაუცდა (საქართველოს პირველობაც გამოტოვა) და საშეჯიბრო პრაქტიკა სჭირდება.

დაახლოებით ამგვარი - ორი კადრის გამოცდის პრინციპია 74-შიც, სადაც ჭაბუკებში ევროპის შარშანდელი ვიცე-ჩემპიონი და მსოფლიოს მესამე პრიზიორი ლაშა გობაძე ძამაშვილით შეცვალა, თუმცა გობაძემ ევროპის წლევანდელი პირველობა ჩააგდო - ეტყობა, ახალგაზრდულში ადაპტაცია გაუჭირდა. ამჯერად ახალ წონაშია ცეცხლაძე, რომელიც შარშან 50-ში გამოდიოდა და ევროპაზე ვერცხლიც მოიპოვა.

ამ ნაკრებმა დასკვნითი შეკრება ბორჯომში, სპორტკომპლექს "ოლიმპში" გაიარა. ისინი ჩემპიონატში 4-5 სექტემბერს გამოვლენ, თუმცა ტაილანდში ცოტა ადრე გაფრინდნენ და ადაპტაციის მიზნით რამდენიმე დღე ადგილზე ივარჯიშებენ.

რაც შეეხება თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდულ ნაკრებს, ის მსოფლიოს პირველობისთვის ვარიანში ემზადება.

მისმა თავკაცმა ნუგზარ სხირელმა ხუთ წონაში უკვე გაარკვია მსოფლიოს პირველობის მონაწილე, ორში საკონტროლო შეხვედრას ჩაატარებს, ერთში კი ბოლო მომენტამდე დაელოდება ლიდერის მომზადებას.

უკვე გარკვეულია, რომ ტაილანდში მსოფლიოს ვერცხლის და ევროპის ბრინჯაოსმედალოსანი ლაშა ტალახაძე (55), კონსტანტინე ხაბალაშვილი (66), ევროპის წლევანდელი პირველობის ერთადერთი მედალოსანი - მესამე პრიზიორი ჯუმბერ ყველაშვილი (74), საქართველოს წლევანდელი ჩემპიონი გიორგი მეშვილდიშვილი (96) და ჭაბუკებში მსოფლიოს ვიცე და ევროპის ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი (120) იასპარეზებენ.

60 კილოგრამში მონაწილე საკონტროლო შეხვედრით გაირკვევა ლევან ქელეხსაშვილსა და ლაშა ბიტარაშვილს შორის, 84-ში კი, ანალოგიური წესით, საუკეთესო სანდრო ამინაშვილისა და ლევან გოგრიჭიანის პაექრობაში შეირჩევა.

50 კილოგრამში საკონტროლო შეხვედრა არ გაიმართება. აქ ყველაფერი დამოკიდებულია ბექა ბუჯიაშვილზე - შეძლებს თუ ვერა ის ზედმეტი 4-5 კილოგრამის დაკლებას. თუ ამას მოახერხებს, მაშინ ტაილანდშიც წავა, თუ ვერა - მის ნაცვლად იქ რამაზ დარჩიძე გაემგზავრება.

დასახელებულთაგან ევროპაზე ბუჯიაშვილმა, ტალახაძემ, ხაბალაშვილმა, ყველაშვილმა, ამინაშვილმა და პეტრიაშვილმა იჭიდავეს. ქელეხსაშვილი ტურნირზე კი წავიდა, მაგრამ ადგილზე ტრავმა მიიღო და არ უასპარეზია.

ერთადერთი ახალი სახე ამბროლაურელი მეშვილდიშვილია. ის საქართველოს ჩემპიონია - ფინალში ევროპაზე ნაჭიდავები ომარ გუსოშვილი დაამარცხა, მაგრამ შემდეგ საზღვარგარეთ გამართულ შესარჩევ შეჯიბრებებში გუსოშვილმა ყოველთვის აჯობა - ზოგან შედეგით, ზოგან კი პირადი შეხვედრა მოუგო.

სხირელმა ევროპაზეც პირადი შეგირდი გუსოშვილი წაიყვანა, თუმცა მაშინვე იყო გადაწყვეტილი, რომ შანსი მეშვილდიშვილსაც მიეცემოდა. მწვრთნელი ახლაც ორი კანდიდატის გამოცდის პრინციპს დაეყრდნო.

ეს გუნდი ტაილანდში 5 სექტემბერს გაფრინდება და 8-9-ში იჭიდავებს. ორივე ნაკრებიდან პირველ დღეს 50, 60, 74 და 96-ის ფალავნები გამოვლენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლაშა გობაძე რეპეშაჟში დამარცხდა და ოლიმპიური თამაშები მედლის გარეშე დაასრულა
ლაშა გობაძე ოლიმპიური თამაშების მეოთხედფინალში ბულგარელ მეტოქესთან დამარცხდა
რობერტ კობლიაშვილი ოლიმპიადის პირველივე შეხვედრაში დამარცხდა
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე