ბოლნისური გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელი მუშაობას დიდი ენთუზიაზმით იწყებს
ბოლნისის "სიონის" მთავარი მწვრთნელის პოსტი ხვიჩა ქასრაშვილმა დატოვა. გამოთავისუფლებულ თანამდებობაზე დანიშვნის ერთ-ერთი ყველაზე რეალური კანდიდატი არმაზ ჯელაძე იყო და ეს მოლოდინი გამართლდა - იგი ბოლნისელთა ახალი თავკაცია.

სამწვრთნელო კარიერა ჯელაძემ ამბროლაურის "რაჭაში" დაიწყო, რასაც რუსთავის "მეტალურგში" გატარებული წლები მოჰყვა, სადაც უმეტესად, მთავარი მწვრთნელის ასისტენტად მუშაობდა, ბოლო პერიოდში კი "მეტალურგის" დუბლშემადგენლობას წვრთნიდა. იგი სამწვრთნელო A კატეგორიის ლიცენზიის მფლობელია.

ჯელაძე ახალ პოსტზე მუშაობას დიდი ენთუზიაზმით იწყებს და იმედოვნებს, რომ მისი ეს ნაბიჯი გამართლებული აღმოჩნდება.

"ლელო" "სიონის" ახალ მთავარ მწვრთნელთან ინტერვიუს გთავაზობთ.

- უპირველესად, "სიონის" თავკაცად დანიშვნას გილოცავთ. მოულოდნელი იყო თქვენთვის ეს შეთავაზება?

- მადლობა მოლოცვისთვის. ნამდვილად მოულოდნელი იყო, როცა "სიონიდან" დამიკავშირდნენ და გუნდის მთავარი მწვრთნელობა შემომთავაზეს. გადაწყვეტილების მიღებამდე დიდხანს არ მიფიქრია.

ჩემთვის "სიონში" მუშაობა უდავოდ წინგადადგმული ნაბიჯია, დიდი პატივი და გამოწვევაა და შევეცდები, ჩემი შრომით ბოლნისელი გულშემატკივრები გავახარო და მათი პატივისცემა დავიმსახურო.

კლუბის ხელმძღვანელობას კი ასეთი ნდობისთვის დიდ მადლობას ვუხდი.

- როგორ კონდიციებში დაგხვდათ გუნდი და რისი გაკეთება მიგაჩნიათ საჭირო წარმატებისთვის?

- აუცილებლად უნდა აღვნიშნო ჩემი წინამორბედის, ხვიჩა ქასრაშვილის ღვაწლი - მან კარგად მომზადებული გუნდი დამახვედრა. დანარჩენი კი უკვე ჩემზე, მთლიან სამწვრთნელო შტაბსა და ფეხბურთელებზეა დამოკიდებული - ყველაფერს ვიღონებთ იმისთვის, რომ სეზონი მაღალ დონეზე ჩავატაროთ.

- როგორია თქვენი სამწვრთნელო გემოვნება?

- გუნდს ყოველი მატჩისთვის დავალებებს იმის მიხედვით მივცემ, თუ როგორ მეტოქესთან გვექნება საქმე. ზოგადად კი, შემტევი და კომბინაციური ფეხბურთის მიმდევარი ვარ და მიმაჩნია, რომ ქართველებს წარმატებას სწორედ ამ სტილში თამაში მოგვიტანს.

- "სიონში" ბევრი გამოცდილი ფეხბურთელი თამაშობს, რომლებთანაც საერთო ენის გამონახვა, ალბათ, არ უნდა გაგიჭირდეთ...

- დიახ, ისინი, ფაქტობრივად, ჩემი თაობის წარმომადგენლები არიან და მათი თანადგომის დიდი იმედი მაქვს. "სიონის" ყველა ფეხბურთელმა თბილად მიმიღო. ყველას კარგად გვესმის, რომ წარმატების მისაღწევად პროფესიონალიზმი და დისციპლინა აუცილებელია.

მომავალს ოპტიმისტურად ვუყურებთ. ნამდვილად გვაქვს ის რესურსი, რაც კარგი შედეგების მიღწევისთვის არის აუცილებელი.

- კლუბის ხელმძღვანელობამ კონკრეტული მიზანი თუ დაგისახათ?

- ამ სეზონში ჩვენი პროგრამა-მინიმუმი უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებაა, თუმცა იმის პოტენციალიც გვაქვს, რომ ჩემპიონატის ექვს საუკეთესო გუნდში მოსახვედრად ვიბრძოლოთ.

- უახლოეს დღეებში "სიონის" შემადგენლობაში მნიშვნელოვან ცვლილებებს ხომ არ უნდა ველოდოთ?

- შემადგენლობის კარდინალური გადახალისება ნამდვილად არ იგეგმება, მაგრამ თუ უახლოეს პერიოდში საინტერესო ფეხბურთელების დამატების საშუალება მოგვეცა, მათზე უარს ნამდვილად არ ვიტყვით.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის