ნიუ იორკში დასასრულს მიუახლოვდა ამერიკის ღია პირველობა ჩოგბურთში

ნიუ იორკში დასასრულს მიუახლოვდა ამერიკის ღია პირველობა ჩოგბურთში.

მანამდე კი ქალების ფინალში ერთმანეთს შეხვდნენ დღეისთვის პროფესიული ტურის საუკეთესო ჩოგბურთელები - სერენა უილიამსი და ვიქტორია აზარენკა.

ურთიერთშეხვედრებში სერენა 9:1-ს უგებდა აზარენკას. ამასთან, ბოლოს ბელორუსმა ამერიკელს სეტი 2010 წელს, ავსტრალიის ღიაზე მოუგო, როცა 6:4, 4:0 მიჰყავდა ანგარიში და იმ მატჩის წაგება მოახერხა. მომდევნო ხუთი შეხვედრა ორ სეტში დასრულდა და პრინციპში, ბრძოლა მხოლოდ ერთ მატჩში იყო - 2012 წლის უიმბლდონზე, როცა აზარენკა მეორე სეტში თანაბრად ებრძოდა უმცროს უილიამსს.

ამ შეხვედრამდე ამერიკელი ჩოგბურთელი იოლად უსწორდებოდა თავის მეტოქეებს და ფინალიც ასეთივე სტილში დაიწყო. სერენამ თავიდანვე გააკეთა ბრეიკი და შემდეგ დამაჯერებლად ინარჩუნებდა უპირატესობას. პარტიის ბოლოს მან კიდევ ერთხელ აიღო მეტოქის მოწოდება და 34 წუთში 6:2 მოიგო.

უილიამსს 16 "ვინერსი" ჰქონდა, აზარენკას - მხოლოდ ორი. აღსანიშნავია, რომ ვიქტორიამ ამ სეტში ერთი ბრეიკ-პოინტიც ვერ მოიპოვა.

თამაშის სურათი მეორე სეტში შეიცვალა. ამ პარტიის სცენარი დაახლოებით იგივე იყო, როგორიც პირველის, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ამჯერად აზარენკამ გააკეთა პირველივე გეიმში ბრეიკი, შემდეგ მეორედ მოიგო მეტოქის მოწოდება და 4:1 წაიყვანა ანგარიში. ბელორუსს არ გასჭირვებია ამ უპირატესობის შენარჩუნება და სეტი 38 წუთში 6:2 მოიგო.

დაინიშნა გადამწყვეტი, მესამე სეტი, რომელშიც თავიდანვე დაძაბული ბრძოლა გაჩაღდა. მეორე გეიმში სერენამ ბრეიკ-პოინტი ვერ გამოიყენა, შემდეგ კი თავის მოწოდებაზე ცუდად ითამაშა და აზარენკა წინ გავიდა - 2:1. თუმცა ამერიკელმა იქვე დაიბრუნა დაკარგული ბრეიკი, შემდეგ კი დაწინაურება მოახერხა - 3:2.

მესამე სეტი გარდამავალი უპირატესობით მიდიოდა. სულ მალე აზარენკამ "მშრალი" ანგარიშით მოიგო სერენას გეიმი, მომდევნო გეიმში კი ბრეიკ-პოინტი მოიგერია და 5:3 დაწინაურდა.

ბელორუსს ერთი გეიმი აშორებდა გამარჯვებამდე, მაგრამ 5:4-ზე, მატჩზე ჩაწოდებისას, ვიქტორიამ ზეწოლას ვერ გაუძლო, ანერვიულდა და თავის გეიმში მხოლოდ ერთი ქულა აიღო - 5:5. ბელორუსი ფსიქოლოგიურად გატყდა და ზედიზედ ორი გეიმის წაგებით, თითქმის მოგებული მატჩი ჩააბარა ამერიკელს. 2 საათსა და 18 წუთში უილიამსმა 6:2, 2:6, 7:5 გაიმარჯვა.

სერენამ მატჩში 13 ეისი ჩააწოდა, აზარენკას არც ერთი ასეთი მოწოდება არ ჰქონია. ამერიკელს 44 "ვინერსი" დაუგროვდა, ბელორუსს - 13, ხოლო უნებლიე შეცდომები სერენას გაცილებით მეტი ჰქონდა - 45 28-ის წინააღმდეგ.

სერენამ წელს მეექვსე, კარიერაში კი 45-ე ტიტული მოიგო. მან მე-15-ედ გაიმარჯვა "დიდი სლემის" ტურნირებზე. აქედან ოთხი ტრიუმფი ამერიკის ღიაზე მოდის.

11 სექტემბერს უმცროსი უილიამსი დომინირებს ქალთა პროფესიულ ტურში - ბოლო ორთვენახევრის განმავლობაში მან ზედიზედ მოიგო სამი დიდი ტურნირი - უიმბლდონი, ლონდონის ოლიმპიადა და ამერიკის ღია პირველობა. გუშინდელი ტრიუმფისთვის სერენამ მილიონ 900 ათასი დოლარი და 2000 სარეიტინგო ქულა დაიმსახურა.

და კიდევ, სერენა უილიამსმა ამერიკის ღიაზე გამარჯვების წყალობით წლის შემაჯამებელ ტურნირზე თამაშის უფლება მოიპოვა, რომელიც 23-28 ოქტომბერს სტამბულში გაიმართება. უფრო ადრე, წლის მთავარ ჩემპიონატში მონაწილეობა გაინაღდეს აზარენკამ და მარია შარაპოვამ.

ბოლოს გთავაზობთ ქალებს შორის ლიდერებს "დიდი სლემის" ტიტულების რაოდენობით:

1. მარგარეტ კორტი 24

2. შტეფი გრაფი 22

3. ჰელენ უილს მუდი 19

4. კრის ევერტი 18

4. მარტინა ნავრატილოვა 18

6. სერენა უილიამსი 15

7. ბილი ჯინ კინგი 12

8. მორინ ქონოლი ბრინკერი 9

8. მონიკა სელეში 9

10. სუზან ლენგლენი 8

10. მოლა ბიურსტედტ მელორი 8

ფინალი

სერენა უილიამსი (აშშ, 4)-ვიქტორია აზარენკა (ბლრ, 1) 6:2, 2:6, 7:5.

ამავე დღეს, ამერიკის ღიაზე კიდევ ერთი ფინალი გაიმართა - გამარჯვებული გამოვლინდა ქალებს შორის წყვილთა თანრიგში.

ამ სეზონში დიდი სლემის მეორე ტიტული მოიგეს იტალიელებმა - სარა ერანიმ და რობერტა ვინჩიმ. ფინალში მათ საათი და 16 წუთი დასჭირდათ ჩეხების - ლუსი ჰრადეცკასა და ანდრეა ჰლავაჩკოვას დუეტის დასამარცხებლად - 6:4, 6:2.

ერანისა და ვინჩის კარიერაში დიდი სლემის ორი ტურნირი აქვთ მოგებული და ორივე ტრიუმფს წელს მიაღწიეს. ამას ემატება წელსვე აღებული ექვსი ტიტული. ამ დამსახურებების გამო ერანი გუშინდელი დღიდან წყვილთა რეიტინგის პირველი ნომერი გახდა.

ამერიკის ღია პირველობის შემდეგ სამმა დუეტმა გაინაღდა წლის შემაჯამებელ ტურნირში თამაში: ერანი-ვინჩი, ჰლავაჩკოვა-ჰრადეცკა და ამერიკელთა წყვილი ლიზელ ჰუბერისა და ლაიზა რეიმონდის შემადგენლობით.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილის ბადე - ნიკოლოზი მადრიდის მასტერსის ძირითად ეტაპზე დღეს ჩაერთვება
ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
crocobet დიდი 10 | "ბათუმი" საქართველოს ჩემპიონია!
თორნიკე შენგელიას ბრწყინვალე თამაში ყოფილი გუნდის წინააღმდეგ და "ბარსელონას" რთული გამარჯვება
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 0-1 დილა. დამსახურებული გამარჯვება კონტრზომების გარეშე
[VIDEO] ქვილითაიამ საფრანგეთში ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა
საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე რვა მედალი მოიპოვა
ლოჩოშვილის "ნიურნბერგმა" "მაგდებურგს" მოუგო
ლევანდოვსკის MLS-ში ტრანსფერი ჩაიშალა
თსუ კავკასიასთან 2:0 დაწინაურდა, ორბმა მარგვეთს სერია გაუთანაბრა
ლეგიონერები - ირაკლი კბილაშვილი საუკეთესო იყო, წარმატებული კვირა ჰქონდა გიორგი ცხოვრებაძეს
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდა - "ჰამბურგი" ისევ დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 1-2 დინამო (თბ). ქეცბაიას 3-ქულიანი დებიუტი - "დინამომ" 7-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა
"ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] "ბაიერნის" ქამბექი 0:3-დან და ოლისეს ზღაპრული გოლი - "რეკორდმაისტერი" პსჟ-სთან მატჩს კარგ ხასიათზე ხვდება
კვერნაძის "ფროზინონემ" ისევ გაიმარჯვა და სერია A-ში დაბრუნებასთან ახლოსაა
[VIDEO] ზივზივაძე დაფრინავს - ქართველის ზედიზედ მესამე გოლი ბუნდესლიგაში
"უოტფორდის" ზედიზედ მეოთხე მარცხი - ჩაკვეტაძე და გოგლიჩიძე სათადარიგოთა შორის იყვნენ
ბენზემამ გამორიცხა - კარიმი ფეხბურთელის რანგში მშობლიურ გუნდში არ დაბრუნდება
"მილანი" ძლიერდება - "როსონერი" ორი ტრანსფერის განხორციელებასთან ძალიან ახლოსაა
"არ ვცდილობთ, რომ მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანები ვიყოთ" - ბრუნომ ახსნა, რატომ არ წავიდა საუდის არაბეთში
"ცოტ-ცოტას ყველაფერს მიირთმევს, მაგრამ... " - რონალდოს ყოფილმა შეფ-მზარეულმა კრიშტიანოს კვებაზე ისაუბრა