ზედიზედ მეხუთედ ამერიკის ღია პირველობა ორშაბათს დასრულდა და პირველად ამ დღეს ფინალში მიურეიმ ითამაშა

ზედიზედ მეხუთედ ამერიკის ღია პირველობა ორშაბათს დასრულდა და პირველად ამ დღეს ფინალში ენდი მიურეიმ ითამაშა. მან დრამატულ და დაძაბულ ფინალში პირველად გაიმარჯვა "დიდი სლემის" ტურნირზე - ხუთსეტიან მარათონში გამოსტაცა მოგება ნოვაკ ჯოკოვიჩს.

აქამდე, ბრიტანელ ჩოგბურთელს "დიდი სლემის" ოთხი ფინალი ჰქონდა წაგებული - სამჯერ როჯერ ფედერერთან და ერთხელ ნოვაკ ჯოკოვიჩთან.

ამ მატჩებში ის შებოჭილი და პასიური იყო და ჯამში მხოლოდ ერთი სეტი მოიგო. ყველაფერი ლონდონის ოლიმპიადის მოგების შემდეგ შეიცვალა. გუშინდელი მატჩის წინ, ნოვაკი ამბობდა, რომ ენდიმ ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ძალიან მოუმატა, თავად სერბს კი ეს პრობლემა შარშანდელი სეზონიდან მოყოლებული არ აწუხებს და ბოლო შვიდი "დიდი სლემიდან" ოთხი თავის სასარგებლოდ დაასრულა.

ფინალის დაწყების წინ, ძლიერი ქარი ამოვარდა. ასეთ ამინდს ჯოკოვიჩი ვერ ეგუება და ამის გამო წააგო ნახევარფინალში სეტი დავიდ ფერერთან.

ახლაც, სერბმა თამაში ზედიზედ ოთხი შეცდომით დაიწყო და თავისი მოწოდება დათმო, თუმცა იქვე გაათანაბრა ანგარიში. პირველ სეტში ჯოკოვიჩს მოწოდება არ მისდიოდა და ენდის მუდმივად ჰქონდა ბრეიკის შანსი.

ბრიტანელმა კიდევ ერთხელ აიღო მეტოქის მოწოდება და 4:2 დაწინაურდა, მაგრამ სერბმა შეცდომებს უკლო, ზედიზედ სამი გეიმი აიღო და ორი ბურთი აშორებდა პარტიის მოგებისგან. ენდიმ მაინც მიაღწია ტაი-ბრეიკამდე, რომელიც ფინალის მშვენება გახდა.

მე-13 გეიმი 26 (!) წუთი გაგრძელდა და გათამაშებული ქულების რაოდენობით, ამერიკის ღიას ფინალების რეკორდი დამყარდა. ნოვაკმა ხუთი სეტბოლი მოიგერია, მაგრამ მეექვსეზე ბრიტანელმა კარგი მოწოდება შეასრულა. პარტია საათი და 27 წუთი (!) გრძელდებოდა.

რა თქმა უნდა, ნოვაკი ძალიან განაწყენდა თითქმის მოგებული სეტის წაგების გამო. მეორე სეტის სტარტზე მან ზედიზედ ოთხი გეიმი წააგო, ამასთან, ენდის მხოლოდ თამაშში ბურთის შენარჩუნება სჭირდებოდა, რადგან ქულებს მას თავად ჯოკოვიჩი ჩუქნიდა.

მაგრამ, თანდათან, შარშანდელი ჩემპიონი გონს მოვიდა და ისევ მოიგო ზედიზედ სამი გეიმი. მან ჯერ ერთი დაკარგული ბრეიკი დაიბრუნა, შემდეგ მეორე.

ნოვაკმა უფრო აქტიური მოძრაობა დაიწყო, კორტში შედიოდა და ამით პირველი დარტყმის უპირატესობაც მიიღო, თან მიღებაზეც გააუმჯობესა თამაში. 5:5-ზე მიურეიმ დიდი გაჭირვებით აიღო საკუთარი გეიმი, რადგან სათამაშო და ფსიქოლოგიური უპირატესობა მთლიანად სერბის მხარეს იყო.

და სწორედ ამ დროს მოხდა დაუჯერებელი რამ: ჯოკოვიჩი, რომელმაც ბოლო შვიდი გეიმიდან ხუთი მოიგო, იოლი სმეშის შესრულებისას შეცდა, მეტოქის სეტბოლზე კი აუტში გაუშვა ბურთი - 7:5.

მიურეიმ სეტებში 2:0 წაიყვანა ანგარიში, რაც აქამდე არასოდეს მომხდარა, მაგრამ ისიც ცხადი იყო, ნოვაკმა იპოვნა თავისი თამაში. სერბი პირველად დაწინაურდა ბრეიკით და მიუხედავად იმისა, რომ ენდის გადარჩენის არაერთი შანსი ჰქონდა, ნოვაკმა ზუსტად ითამაშა, კიდევ ერთხელ აიღო მეტოქის მოწოდება და დამაჯერებლად მოიგო მესამე სეტი.

ნიუიორკულ პუბლიკას ლამაზი და დრამატული ფინალი სურდა და ნოვაკის გულშემატკივრობა დაიწყო. მეოთხე სეტში მიურეიმ თავიდანვე წააგო თავისი მოწოდება და უბრალოდ არ იცოდა, როგორ ეთამაშა ასეთ ნოვაკთან. ჯოკოვიჩის თამაში თითქმის იდეალური იყო, თან მიურეის მეოთხე სეტში არ მისდიოდა პირველი მოწოდება (მხოლოდ 45-პროცენტიანი სიზუსტე), უკანა ხაზზე თამაშში ძლიერი აღარ იყო და ბევრს ცდებოდა.

და ამ ყველაფრის მიუხედავად, ბრიტანელმა უკეთ დაიწყო მეხუთე სეტი. ის მიხვდა, რომ ნოვაკზე ზეწოლა იყო საჭირო და ცდილობდა, დრო არ მიეცა მისთვის ბურთთან უკეთ მისასვლელად.

მეხუთე სეტში ყოველი ბურთისთვის ბრძოლა მიდიოდა. მიურეიმ სტარტზე ზედიზედ სამი გეიმი მოიგო და ორი ბრეიკით დაწინაურდა - 3:0. თითოეულში ანგარიში მინიმუმ 30:30 იყო. ჯოკოვიჩმა იქვე დაიბრუნა ერთი ბრეიკი და ყველას ეგონა, რომ მორიგი დაძაბული სეტის მოწმე გახდებოდა. მაგრამ მიურეის მეტი ძალა დარჩა ტურნირის მთავარი პარტიისთვის.

თან ჯოკოვიჩს ბარძაყის ტრავმა აწუხებდა და მოწოდებაში ხელს უშლიდა. ჩოგბურთელებმა საოცარი ამტანობა გამოამჟღავნეს და თითო გათამაშება ხანდახან 20-30 დარტყმა გრძელდებოდა. მათ 2012 წლის ტურნირის რეკორდი დაამყარეს - ერთ-ერთი გათამაშება 54 დარტყმისგან შედგებოდა!

ჯონ მაკინროიმ მოთამაშეებს "მებრძოლები" უწოდა. მართლაც, ენდი და ნოვაკი არა მხოლოდ ოსტატობასა და ფსიქოლოგიურ მომზადებაში ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს, არამედ ნამდვილი ომი გააჩაღეს მოედანზე. სხვათა შორის, მაკინროი ერთადერთი მოთამაშეა აშშ-ის ღიას ისტორიაში, ვინც ფინალში მოიგო პირველი ორი სეტი, წააგო შემდეგი ორი, მაგრამ, ბოლოს გამარჯვებული გამოვიდა.

მიურეიმ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მეორე ასეთი მოთამაშე გამხდარიყო. ბრიტანელმა 4:2-ზე მესამედ აიღო სეტში მეტოქის მოწოდება, თავის გეიმში კი სამმაგი მატჩბოლი მოიპოვა. პირველი ჯოკოვიჩმა მოიგერია, მაგრამ მეორე ცდაზე მიღებისთანავე აუტში გაუშვა ბურთი - 7:6(10), 7:5, 2:6, 3:6, 6:2. ენდი მიურეიმ კარიერაში პირველად მოიგო "დიდი სლემის" ტურნირი!

ბრიტანელის ემოციები ყველაზე კარგად მის მწვრთნელს ივან ლენდს ესმოდა - მანაც მეხუთე ცდაზე მოიგო "დიდი სლემის" პირველი ტურნირი. გუშინდელი ფინალი 4 საათი და 54 წუთი გაგრძელდა და ამ მაჩვენებლით გაუთანაბრდა 1988 წლის სარეკორდო ფინალს, როცა ლენდლმა მატს ვილანდერთან წააგო.

პირველად 2003 წლის შემდეგ, 2012 წელს "დიდი სლემის" ტურნირები ოთხმა სხვადასხვა ჩოგბურთელმა მოიგო. შეგახსენებთ, რომ ჯოკოვიჩი უძლიერესი იყო ავსტრალიაში, ნადალი - როლან გაროსზე, ფედერერი - უიმბლდონზე. გუშინდელ დღემდე, ამ სამეულმა 30 "დიდი სლემიდან" 29 გაინაწილა და გამონაკლისი მხოლოდ ხუან მარტინ დელ პოტროსთვის დაუშვა, რომელმაც 2009 წელს ამერიკის ღია მოიგო.

გარდა ამისა, დაემხო მთავარი რეკორდი, რომელიც 76 წელი არსებობდა - 1936 წელს, ფრედ პერის მიერ აშშ-ის ღიას მოგების შემდეგ, "დიდ სლემზე" არც ერთ ბრიტანელ მამაკაცს არ გაემარჯვა.

მატჩის შემდეგ ჯოკოვიჩმა მიულოცა ენდის და განაცხადა, რომ მან დაიმსახურა ეს გამარჯვება. სერბს ჰარდის საფარზე 27-მატჩიანი მოგებათა სერია ჰქონდა, რომელიც ამერიკის ღიას 2010 წლის ფინალიდან მოყოლებული გრძელდებოდა. მაგრამ ამჯერად, ფსიქოლოგიური და ფიზიკური ომი ენდიმ მოიგო...

ფინალი

ენდი მიურეი (ბრიტ, 3)-ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 2) 7:6(10), 7:5, 2:6, 3:6, 6:2. (იხილეთ ვიდეო)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობას საკვალიფიკაციო ეტაპიდანვე დაემშვიდობა
"შავი ლომი" ირლანდიაში 0:52 დამარცხდა
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
მოემზადეთ საგულშემატკივროდ - გულიაშვილი "ბარსელონას" პირველივე წუთებიდან შეუტევს
"ნოტინგემს ფორესტს" ზინჩენკოს იჯარის ვადაზე შეწყვეტა სურს
პარატიჩი კვლავ სამშობლოში - საფეხბურთო ფუნქციონერი იტალიაში დაბრუნდა
ოფიციალურად: კონორ გალაჰერი ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდა
ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის 18 ფეხბურთელით ემზადება
[VIDEO] ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ ევროპის ჩემპიონატზე მოკლე პროგრამა პირველ ადგილზე დაასრულეს
18 წ. | მესამედ ექვსი ერის ფესტივალზე
კვერნაძემ შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს
ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს
დიდი დებიუტის მოლოდინში - გულიაშვილი "ბარსელონასთან" სათამაშოდ მზადაა
"იბერია 1999"-მა ბართიშვილი და ღუდუშაური დაიმატა
"რუსეთში დაბრუნების ვარიანტს არ განვიხილავთ" - საზონოვის მამა შვილის შესაძლო ტრანსფერზე
"ვიღაც ნახევრად მელოტმა ბეჰემოთმა ხვიჩაზე ეს თქვა" - ძიუბა კვარაცხელიას განვითარებაში სლუცკის წვლილზე
"ნებისმიერი თანხა მოითხოვოს" - საუდის არაბეთის კლუბის პრეზიდენტის შეთავაზება მესის
საზონოვი ტრანსფერზეა - "ტორინო" ზამთარში ქართველის გაყიდვას შეეცდება
[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა
უარი ბერძნულ გრანდს - დავითაშვილისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის
ადესანია ოქტაგონს უბრუნდება - დანა ვაითი მარტში სიეტლში ღონისძიებას ჩაატარებს
ალონსოს პენალტით "ვიგომ" "სევილია" მატჩის მიწურულს დაამარცხა
[VIDEO] ზედიზედ 3 წაგების შემდეგ "ოკლაჰომამ" "სპურსი" მარტივად დაამარცხა