საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრები ხორვატიაში ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატში იასპარეზებს
საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრები უკვე ხორვატულ პორეჩშია, სადაც 21 სექტემბერს ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატი დაიწყება, რომელიც 23-მდე გასტანს.

ჩვენი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი გუგავამ უკლებლივ გამოიყენა კვოტა, ანუ ყველა წონაში 2-2 სპორტსმენი წაიყვანა: ლერი ჭელიძე, მინდია ღოლიჯაშვილი (ორივე - 55), ვაჟა მარგველაშვილი, ლუხუმ ჩხვიმიანი (60), ბექა ტუღუში, ბექა ვიბლიანი (66), ლევან გუგავა, ფრიდონ გიგანი (73), ბექა ღვინიაშვილი, ბექა დონღვანი (81), ლაშა ტაველური, რევაზ წულუკიძე (90), გურამ თუშიშვილი, გიორგი ქავთარაძე (100), ლევან მატიაშვილი, როსტომ ხახალეიშვილი (+100).

ძიუდოს ქომაგი იოლად შეამჩნევს, რაოდენ გადახალისებულია ეს ნაკრები შარშანდელს შემდეგ - იმ გუნდიდან მხოლოდ ევროპის ვიცე-ჩემპიონები - ჭელიძე და მატიაშვილი, აგრეთვე - მარგველაშვილი, გიგანი და ქავთარაძე დარჩნენ.

მართალია, შარშანვე ამ გუნდში მსოფლიოზე ღვინიაშვილმა და თუშიშვილმაც იჭიდავეს, როგორც ჭაბუკებში მსოფლიოს ჩემპიონებმა და ღვინიაშვილმა ბრინჯაო მოიპოვა, მაგრამ ის მათთვის გამოსაცდელი ტურნირი იყო.

წლეულს ორივეს შანსი ეძლევა იმის დასამტკიცებლად, რომ შარშანდელი მათი წარმატება შემთხვევითი არ იყო და ისინი ჭაბუკებიდან გადმოსვლის შემდეგაც აგრძელებენ კანონზომიერ პროგრესს.

ეს განსაკუთრებით ღვინიაშვილზე ითქმის, რომელმაც შარშან 17-წლამდელებში ყველაფერი მოიგო - ევროპისა და მსოფლიოს პირველობა, ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი (რასაც ზემოხსენებული მსოფლიოს ახალგაზრდული ბრინჯაოც ემატება), თუმცა წლეულს წააგო გერმანიის ტურნირი.

ჭაბუკთა ნაკრები ძალზე სპეციფიკურია - იქ წარმატება სასიამოვნოა, საყურადღებოც, მაგრამ ახალგაზრდული ნაკრები სულ სხვა დონეა და იქ გადასულებს თავიდან უწევთ საკუთარი სიძლიერის დამტკიცება. ცხადია, ეს ეხება ყველას, მაგრამ ღვინიაშვილისნაირი ტალანტები განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევენ.

ბარემ აქვე იმასაც გეტყვით, რომ თუშიშვილისა და ღვინიაშვილის გარდა, ჭაბუკთა ნაკრებიდან ჩხვიმიანი, ვიბლიანი, დონღვანი და ხახალეიშვილი გადმოვიდნენ.

სამწუხაროდ, პორეჩში გოგოების ტურნირში მონაწილე არ გვეყოლება და მხოლოდ ბიჭების შეჯიბრება გვექნება საქომაგო. 21-ში მათგან 55, 60 და 66-ის ფალავნები იჭიდავებენ, 22-ში 73 და 81-ის წარმომადგენლები იასპარეზებენ, დასკვნით დღეს - 23 სექტემბერს - დანარჩენები.

აქვე გავიმეორებთ ჩვენი ახალგაზრდული ნაკრების მონაგარს ბელგიურ ლომელში ევროპის თანატოლთა შარშანდელ პირველობაზე - თითო ოქრო-ბრინჯაო და ორი ვერცხლი. ოქროს მედალი შარშან აწ უკვე ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა შავდათუაშვილმა (66) მოიგო, ვერცხლისმედალოსნებზე ზემოთაც გითხარით - ჭელიძე და მატიაშვილი, ბრინჯაოს მედალს კი მიხეილ ჩოხელი (73) დაეუფლა.

მართალია, გუგავას წლეულს გადახალისებული გუნდი ჰყავს, მაგრამ ვინძლო, მათ შორის ამჯერადაც იყოს მომავალი ოლიმპიური ჩემპიონი, თორემ შარშან ამ დროს შავდათუაშვილის ტალანტის მიუხედავად, ძნელად რომ ვინმეს ეფიქრა მისგან ოლიმპიური ოქრო. ყოველ შემთხვევაში - ასე მსწრაფლ, დროის ასე მოკლე მონაკვეთში.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEOS] ორი ოქრო და ორი ბრინჯაო! - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა