ხორვატულ პორეჩში კონტინენტის ვიცე-ჩემპიონები ლერი ჭელიძე და ვაჟა მარგველაშვილი გახდნენ
ჩვენმა ნაკრებმა უცნაურად დაიწყო გამოსვლა ხორვატულ პორეჩში, ახალგაზრდა ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე - 21 სექტემბერს ორი ფინალი ვიჭიდავეთ, მაგრამ ორივეში დავმარცხდით და ვერცხლის მედლებს დავჯერდით.

ხელიდან გავუშვით ბრინჯაოს მოპოვების შანსიც...

ევროპის ვიცე-ჩემპიონები ლერი ჭელიძე (55) და ვაჟა მარგველაშვილი (60) გახდნენ, ბექა ვიბლიანს (66) კი ჰოლანდიელები დაუძლეველ ზღუდედ ექცნენ და მეხუთეზე გავიდა.

უცნაურია ისიც, რომ ჭელიძემ ზედიზედ მეორედ იჭიდავა ევროპირველობის ფინალში და მეორედაც დამარცხდა - ის კონტინენტის შარშანდელი ვიცე-ჩემპიონია და წლეულს შედეგის გაუმჯობესების მშვენიერი შანსი მიეცა - მეოთხედფინალში სწორედ ის სომეხი გარიკ ჰარუთინიანი დააიპონა, ვისთანაც შარშანდელი ფინალი წააგო, ამჯერად გადამწყვეტი შეხვედრა კი ბელგიელ ადრიან ქვერტიმონტთან უწევდა, ვისაც შარშან ნახევარფინალში აჯობა...

სამწუხაროდ, ჩვენი იმედები არ გამართლდა და ბელგიელმა იუკოთი იმარჯვა.

შარშანდელისგან განსხვავებით, ჭელიძემ წლეულს მხოლოდ ერთი იპონი მიითვალა ზემოხსენებულ ჰარუთინიანთან, სხვებთან კი უფრო მოკრძალებული ანგარიშით იმარჯვა.

ის პირველ წრეში ისვენებდა, მერე კი ჯერ უნგრელი აკოშ ბარტა დაამარცხა იუკოთი, სომეხის შემდეგ კი ნახევარფინალში ფრანგი ვინსენტ მანქო დაჯაბნა ასევე ვაზარით.

ტურნირი ძლიერად დაიწყო ვაჟა მარგველაშვილმა, რომელიც ჭელიძესთან ერთად შარშანდელიდან შემორჩენილი მცირერიცხოვანი გუნდიდან ერთ-ერთია - ფინალამდე ოთხი შეხვედრა მოიგო.

პირველ წრეში ისიც ისვენებდა, მერე კი იუკოთი დაამარცხა ებრაელი იუვალ კალიფა, დააიპონა ფრანგი კევინ აზემა, ესპანელი ფრანსისკო გარიგოსი და ნახევარფინალში - იტალიელი მარია კარმინე დი ლორეტო.

ფინალში მისი მეტოქე რუსი ზაურ კალაშაოვი აღმოჩნდა, რომელიც შარშანაც გამოდიოდა ანალოგიურ ტურნირში, თუმცა მაშინ წარუმატებლად იჭიდავა, ამ ჯერად კი საწადელს მიაღწია - მარგველაშვილი ვაზარ-იუკოს უპირატესობით დაგვიმარცხა.

შარშანდელი ჩაგდებული სეზონის ფონზე ვერცხლი ჩვენებურისთვის არაა ურიგო შედეგი, თუმცა ორი წაგებული ფინალი ნაკრების მწვრთნელებს - გია გუგავასა და გურამ მოდებაძეს რა ხასიათზე დააყენებდა, იოლად მიხვდებით.

მწვრთნელებისთვის ხასიათის ცოტათი გამოკეთება ვიბლიანს შეეძლო, რომელიც მეოთხედფინალამდე მივიდა, მერე კი სანუგეშო წრეშიც მოიგო ერთი შეხვედრა და ბრინჯაოსთვის ბრძოლის უფლება მოიპოვა...

პირველ წრეში არც ვიბლიანი ჭიდაობდა, მერე კი ესტონელ ოსკარ პერტელსონს ყველა სინჯის გდება ჩაუტარა, ხოლო მისი ტანჯვა ბოლოს იპონით დაასრულა. მეორე ბალტიისპირელთან, ლატვიელ მიხალის შტაინბუკსთან იუკოთი იმარჯვა, მეოთხე წრეში კი ჰოლანდიელთა მომავალ ფინალისტ ხორდი ბაკესთან წააგო.

დამამშვიდებელში სერბ ილია ციგანოვიჩს ვაზარი ჩაუტარა, ბრინჯაოს მომტანი პაექრობა კი მეორე ჰოლანდიელ ხუნიორ დეგენტან წააგო, ვისაც ქართველებთან თავისი ანგარიშები ჰქონდა გასასწორებელი - შარშან ევროპირველობაზე ლაშა შავდათუაშვილთან დამარცხდა. სხვათა შორის, მაშინ ჩვენს მომავალ ოლიმპიურ ჩემპიონთან ციგანოვიჩმაც წააგო.

21 სექტემბერს პორეჩში თითო შეხვედრა მოიგეს ლუხუმ ჩხვიმიანმა (66) და ბექა ტუღუშმა (66), მინდია ღოლიჯაშვილი (55) კი პირველივე წრეში მოხსნეს ფეხში ხელით შესვლისთვის.

22 სექტემბერს ევროპაზე კიდევ ოთხი ქართველი იჭიდავებს. ლევან გუგავა (73) პირველ წრეში პორტუგალიელ რენატო იგნასიოს შეხვდება, ხოლო ამავე წონაში ფრიდონ გიგანი თავიდან ისვენებს და პორტუგალიელი ნუნო სარაიავასა და სერბ იოვან ნისკანოვიჩის შეხვედრას დაელოდება, სადაც მისი მეტოქე გაირკვევა.

გიგანის ახლოსაა რომან მასტოპულოსი, ჭაბუკთა ნაკრების მწვრთნელ გიორგი რევაზიშვილის შვილი, რომელიც საბერძნეთის ღირსებას იცავს.

22-შივე გაიმართება შეხვედრები 81 კილოგრამშიც, სადაც შარშან ჭაბუკებში ყველაფრის მომგები, ხოლო ახალგაზრდებში მსოფლიოს პრიზიორი ბექა ღვინიაშვილი პირველ წრეში სლოვაკ ფილიპ სტანცელს დაეჭიდება, ბექა დონღვანი და მისი მომავალი მეტოქე, ბულგარელი ივაილო ივანოვი კი ამ დროს ისვენებენ.

დანარჩენი წონების წარმომადგენლები 23 სექტემბერს იჭიდავებენ. შეგახსენებთ, რომ იმ წონებში საქართველოს ღირსებას ლაშა ტაველური (ეს პირველივე წრეში ევროპის შარშანდელ ჩემპიონსა და მსოფლიოს ვერცხლის მედალოსან ხუსეინ ხალმურზაევს ხვდება) და რევაზ წულუკიძე (ორივე - 90), გიორგი ქავთარაძე, ჭაბუკებში მსოფლიოს ჩემპიონი გურამ თუშიშვილი (100), როსტომ ხახალეიშვილი და ახალგაზრდებში ევროპის ვიცე-ჩემპიონი ლევან მატიაშვილი (+100) დაიცავენ.

კვარცხლბეკი. ბიჭები.

55 კგ. 1. ადრიან ქვერტიმონტი (ბელგია), 2. ლერი ჭელიძე (საქართველო), 3. გარიკ ჰარუთინიანი (სომხეთი), აურელიან გლაქსი (საფრანგეთი).

60 კგ. 1. ზაურ კალაშაოვი (რუსეთი), 2. ვაჟა მარგველაშვილი (საქართველო), 3. აჰმეტ შაჰინ კაბა (თურქეთი), მარია კარმინე დი ლორეტო (იტალია).

66 კგ. 1. გეორგიოს აზოიდისი (საბერძნეთი), 2. ხორდი ბაკესი, 3. ხუნიორ დეგენი (ორივე - ჰოლანდია), ნიკოლა გუსიჩი (სერბეთი). 5. ბექა ვიბლიანი (საქართველო).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ოლიმპიურ თამაშებზე რომ დავმარცხდი, კარიერის დასრულებამდე სერიოზულად დავფიქრდი" - ლაშა შავდათუაშვილი
საქართველო 2027 წლის ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატს უმასპინძლებს
[VIDEO] არის მეოთხე ოქრო! - გურამ თუშიშვილი ევროპის ჩემპიონია!
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - აშშ
ანტმანი: თუ შანსებს ვერ იყენებ, ამით მეტოქე სარგებლობს
ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
რობერტსონი "ლივერპულიდან" "ტოტენჰემში" გადავიდა
BILD: აი, ასე დასცინოდა სლოტი "ლივერპულის" ახალწვეულებს
პალიკო ჯიმშელაძე ბორჯღალოსნებში ბრუნდება!
ვინგსმა ჰიუნდაი დაამარცხა და ფინალში ვსა-ს შეუწყვილდა | რა ხდება ასაკობრივ A ლიგებში?
"მე კი წავედი, მაგრამ მის ადგილას კარგად დავფიქრდებოდი" - კოულმა კალაფიორის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"შავი ლომი" | "ტოიოტა ჩელენჯს" "აირლინკ პუმასით" ვიწყებთ
კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ
ოფიციალურად - "ლივერპული" ირაოლამ ჩაიბარა
U21 | აშშ V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში ბრანსკოში
არც კოშტა და არც სვილარი - პსჟ იტალიელ მეკარეს დაიმატებს
Le Parisien: პსჟ-მ ბატრაკოვთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ესპანეთი
ქალთა ნაკრები ფარერის კუნძულების ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს
"ხვიჩა პირველივე წუთებიდან ითამაშებს... მამარდაშვილს ვურჩევდი, რომ სხვა კლუბში გადავიდეს" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია
ვან დერ ვაარტმა მიანიშნა, რომ რუსებმა ევროპირველობაზე დოპინგი მიიღეს
მატჩის დღე! ბაჰრეინთან "მამარდას" გარეშე და "კვარასთან" ერთად
ვლაჰოვიჩი "იუვენტუსს" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს