მწვრთნელი, რომელსაც ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში არაფერი მოუგია, მაგრამ ის მაინც უდიდესი პოპულარობით სარგებლობს.

მწვრთნელი, რომელსაც ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში არაფერი მოუგია, მაგრამ ის მაინც უდიდესი პოპულარობით სარგებლობს. მეტიც, ბევრი ეთაყვანება კიდეც - თავად განსაჯეთ, მასზე კინოც კი გადაიღეს და სიმღერა დაწერეს. ჰაერიდან მოტანილი ინფორმაცია არ გეგონოთ, ფილმის რეჟისორი ჯუზეპე სანსონია, კომპოზიტორი კი ანტონელო ვენდიტი. გასაგებია, რომ არც ერთია ფედერიკო ფელინი და არც მეორე ენიო მორიკონე, მაგრამ ფაქტი მეტად საინტერესო და დამაფიქრებელია - როგორც ჩანს, არც მთლად ისეა საქმე, როგორც ხშირად ამბობენ: მთავარი ტაბლოაო. ერთმა ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ასეთი ფრაზა თქვა: ზდენეკ ზემანმა მარცხში გამარჯვების დანახვა გვასწავლა, მარჩელო ლიპიმ კი პირიქით, გამარჯვებაში მარცხის. დიახ, დღეს სწორედ ჩეხ სპეციალისტს, ზდენეკ ზემანს უნდა გადავცეთ სიტყვა, რომელიც ამჟამად სერია პრო1-ის კლუბს, "ფოჯას" უდგას სათავეში - სხვათა შორის, ჩეხმა სწორედ ამ გუნდში დაიწყო იტალიური სამწვრთნელო მოღვაწეობა.

- ჩემი ხედვა არ შეცვლილა და ზუსტად იმ პრინციპებით ვმუშაობ, როგორც წლების წინ. მთავარი არა შედეგი ან მოპოვებული ტროფეი, არამედ სტადიონზე გულშემატკივრის მოზიდვაა. მსახიობს პუბლიკა სჭირდება, მაყურებლის გარეშე ხომ თეატრს ფასი არ აქვს... ასეა ფეხბურთის შემთხვევაშიც, თუ სტადიონზე ხალხი არ ივლის, არ მესმის რისთვის უნდა ირბინონ ფეხბურთელებმა მოედანზე. მთავარია გულშემატკივარს მივანიჭოთ სიამოვნება და ამით ჩვენ თვითონ დავტკბეთ. იცით "ფოჯას" ბოლო მატჩების შედეგები? "ლანჩანოსთან" 5:3 წავაგეთ, "ფოლინოსთან" 4:4 ვითამაშეთ, "კავეზეს" კი 3:0 მოვუგეთ, აი ეს არის ნამდვილი ფეხბურთი.

- როგორ ფიქრობთ, წავიდა თქვენი დრო თუ ჯერ კიდევ დიდი გეგმები გაქვთ?

- არიან მწვრთნელები, რომლებიც ახალ იდეებს ამკვიდრებენ და სწორედ ასეთთა კატეგორიაში გამყავს ჩემი თავი. შესაბამისად, სანამ ჩემი მეთოდებით თუნდაც სხვა მწვრთნელები მუშაობენ, მეც აქტუალური ვრჩები. მახსოვს, როდესაც სამწვრთნელო საქმეში პირველ ნაბიჯებს ვდგამდი, ფიზიკურ მომზადებას არც თუ ისე დიდი ყურადღება ექცეოდა. ვარჯიშამდე ორ წრეს დაარტყამდნენ ფეხბურთელები მინდორს და პირდაპირ ბურთთან ურთიერთობაზე გადადიოდნენ. შეიძლება ვინმემ არ დაიჯეროს და სწორედ მე დავტვირთე პირველად ფეხბურთელები ფიზიკურად. მაშინ, ჩემი შეგირდები ნებისმიერ მეტოქეს სჯობდნენ ამ კომპონენტში და შემდეგ, სხვებმაც გადაიღეს ჩვენი მეთოდები. ეს ძალიან კარგია, რადგან შედეგად, ფეხბურთი უფრო მობილური და სწრაფი გახდა.

- იტალიაში ასე ამბობენ: ზემანის გუნდში ყველაზე რთული მეკარეობააო...

- მესმის ამ გამოთქმის ქვეტექსტი. დიახ, ჩემი გუნდები ხშირად ბევრ გოლს უშვებენ, მაგრამ არც იმდენს, რომ ასეთი მოარული ფრაზები შეითხზას. ამასწინათ, სპეციალურად ჩავეძიე სტატისტიკას და აღმოვაჩინე, რომ მხოლოდ ერთხელ იყო შემთხვევა, როდესაც ჩემმა გუნდმა ჩემპიონატში ყველაზე მეტი გოლი გაუშვა. თუმცა, მიუხედავად ამისა, ელიტარული დივიზიონი არც მაგ შემთხვევაში დაგვიტოვებია. ზემოთ თითქოს სიამაყით განვაცხადე, რომ "ლანჩანოსგან" 5 გოლი გავუშვით, "ფოლინიოსგან" კი - 4. სინამდვილეში, სხვა მწვრთნელების დარად, არც მე მსიამოვნებს, როცა ბურთს ჩვენს კარში ვხედავ.

- ის ფაქტი, რომ ამაზე ახსნა-განმარტების გაკეთება გიწევთ, უკვე საინტერესოა...

- გეთანხმებით... ზემოთ ვთქვი, რომ ჩემთვის მთავარი სტადიონზე გულშემატკივრის მოზიდვაა და არა რეზულტატი. გამომდინარე აქედან, ახსნა-განმარტებების გაკეთება მეტად უჩვეულო ამბებზე მიწევს. კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ სანახაობა უმთავრესია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ შედეგი არ გვაღელვებს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, გულშემატკივარი ყოველთვის გამარჯვებას ელის.

- რომელი გუნდი თამაშობს თქვენთვის მისაღებ, შეიძლება ითქვას იდეალურ ფეხბურთს?

- ასეთი გუნდი დღეს არ არსებობს. ყველაზე მეტად "ბარსელონას" თამაში მომწონს და ეს ადრეც არაერთხელ მითქვამს, მაგრამ ეს მაინც არ არის ის, რისკენაც მე მივისწრაფვი. "ბარსელონა" შემტევ, ძალიან ლამაზ ფეხბურთს თამაშობს, მაგრამ ეს უფრო ბურთის კონტროლის ხარჯზე ხდება და არა სისწრაფის. ჩემი დევიზი კი ასეთია: ფეხბურთელი უფრო სწრაფი უნდა იყოს, ვიდრე შეცდომა, რომელიც შეიძლება ნებისმიერ ადგილას იყოს ჩასაფრებული.

- ამბობენ, რომ დღესაც ვერ მოგინელებიათ ჩემპიონთა ლიგაში "ინტერის" მიერ "ბარსელონას" ძლევა. მართალია?

- ჩემი ლოგიკა მართივად აღსაქმელია: თუ მინდა, რომ მისაბაძი გუნდი მყავდეს და "ინტერს" ასეთი ამბიციები ნამდვილად აქვს, მაშინ უნდა შევქმნა ის, რისი მიბაძვაც სხვებს მოუნდებათ. მოურინიო კი არაფერს არ ქმნის, ის მხოლოდ ჩაშლაზეა ორიენტირებული. არადა, "ინტერს" აქვს იმის პოტენციალი, რომ თუნდაც "ბარსელონას" შემტევი ფეხბურთით აჯობოს. სხვათა შორის, რაფაელ ბენიტესი სწორედ ამ გზით მიდის და ეს ძალიან მომწონს. ის იმ პოზიციებზე აბრუნებს ფეხბურთელებს, რომლებზეც ყველაზე უკეთ გრძნობენ თავს. მაგალითისთვის სამუელ ეტოო ავიღოთ, რომელიც ტიპური ცენტრფორვარდია და არა გარემარბი.

- კი, მაგრამ თუ შედეგის მიღწევა გინდა, ალბათ "ბარსელონას" სწორედ ასე უნდა ეთამაშო. ორი წლის წინ, "ჩელსიმ" ჩაკეტილი თამაშით შეუქმნა პრობლემები კატალონიურ გრანდს, ერთი წლის შემდეგ კი "ინტერმა" სულაც გზიდან ჩამოიცილა...

- არ ვიცი, მე ჩემი ხედვა და პრინციპები მაქვს. ვფიქრობ, რომ თამაშის ჩაკეტვა და მხოლოდ ჩაშლაზე ფიქრი არასწორია.

- ამას წინათ, მასიმილიანო ალეგრიმ თქვენ მიერ გაწვრთნილი "რომა" და ლუიჯი დი ბიაჯო გაიხსენა, რომელიც შესანიშნავ გრძელ გადაცემებს აკეთებდა. "მილანის" თავკაცი მიიჩნევს, რომ პირლომ უფრო ხშირად უნდა გაშალოს თამაში ფლანგზე, როგორც ამას ლუიჯი აკეთებდა...

- პირლოს ნამდვილად არ ესწავლება პასი, ცენტრშიც შესანიშნავ გადაცემებს აკეთებს და ფლანგზეც, ასე რომ, ალეგრის განცხადება ჩემთვის მოულოდნელი იყო. "მილანის" მთავარი პრობლემა არა პირლო, არამედ თავდამსხმელთა ინერტულობაა. ფორვარდი სულ უნდა მოძრაობდეს, სულ უნდა იხსნებოდეს, რომ მცველებს გადაწყობა-გადმოწყობის დრო და საშუალება არ მიეცეთ. აი ამ მხრივ აქვს სამუშაო ალეგრის და იმედია, გაითვალისწინებს ჩემს რჩევას.

- მოგწონთ ახალი "იუვენტუსი"?

- არა. დელ ნერის "იუვენტუსი" ჩემს ფეხბურთს არ თამაშობს.

- და ბოლოს, თქვენი მიზნების შესახებ. "ფოჯასთან" ერთად სერია A-ში დაბრუნება გსურთ?

- "ფოჯაში" თავს შესანიშნავად ვგრძნობ. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ვართობთ, ვახალისებთ ერთმანეთს და თუ ამ ყველაფერს შედეგიც მოყვება და ელიტარულ დივიზიონში აღვზევდებით, უბედნიერესი ადამიანი ვიქნები.

აქვე, რამდენიმე ციტატა ზდენეკ ზემანის ცნობილი ფრაზებიდან

- არასდროს მითქვამს შეგირდისთვის: ეს არის შენი მოწინააღმდეგე, ყოველთვის ვამბობდი: ეს არის შენი ზონა!;

- მთავარია არა რამდენს დარბიხარ, არამედ სად მირბიხარ და რისთვის?!;

- პერსონალური მეურვეობა? - ვერასდროს გამოვუშვებ მოედანზე მოთამაშეს მხოლოდ იმიტომ, რომ ერთი ფეხბურთელი გაანეიტრალოს;

- ხანდახან, დამარცხებულები უფრო მეტ გაკვეთილს და მისაბაძ მაგალითს აძლევენ საზოგადოებას, ვიდრე გამარჯვებულები;

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მხოლოდ მესამე მწვრთნელი ისტორიაში - ამორიმი "მილანთან" ერთად წაუგებელია
ლაუტარო მარტინესი "ინტერს" ერთ თვეზე მეტხანს ვერ დაეხმარება
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
"დაბრუნდები ისე მაგრად, როგორც დიდ ჩემპიონს ეკუთვნის!" - ნონა გაფრინდაშვილმა ხვიჩა კვარაცხელიას მიმართა
ლიგა 1-ში პსჟ-ის მორიგ შეხვედრას სავარაუდოდ, გადადებენ
როგორ მოქმედებს SEO ოპტიმიზაცია ბიზნესის განვითარებაზე?
პსჟ კვარაცხელიას შემცვლელის შეძენას გეგმავს
საზონოვი ისევ არ ათამაშეს - "ხეტაფემ" "ლუგანოსთან" 5 გოლი გაუშვა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...