ჰაინკესს შეუძლია, ათამაშოს, ვინც უნდა... ”ბაიერნს” ვერ აჩერებენ

ზედიზედ მეხუთე გამარჯვება ბუნდესლიგაში, მხოლოდ მოგებული მატჩები გერმანიის თასსა და ჩემპიონთა ლიგაში - მიუნხენის „ბაიერნი“ ამ სეზონში ჯერჯერობით შეუჩერებელია!

25 სექტემბერს „ბავარიულმა ტორნადომ“ ფელიქს მაგათი და მისი „ვოლფსბურგიც“ გაანადგურა (3:0) და ლოგიკურად გაჩნდა კითხვა: ნუთუ „ბაიერნის“ შეჩერება მართლა შეუძლებელია?

ფაქტია, რომ ეს ვერც უაღრესად მოტივირებულმა „ვოლფსბურგმა“ მოახერხა. მიუნხენელები მთელი მატჩის განმავლობაში ვოლფსბურგელებზე ორი თავითა და კლასით მაღლა იდგნენ, 3:0 აბსოლუტურად უპრობლემოდ დააფიქსირეს და ახლა უკვე ნებისმიერი სტატისტიკით შეიძლება იმის თქმა, რომ „ბაიერნს“ ამაზე უკეთესო სტარტი არასდროს ჰქონია.

შესაბამისი იყო მიუნხენური გრანდის ქომაგთა რეაქციაც, რომლებსაც ეჭვი ოდნავადაც აღარ ეპარებათ იმაში, რომ რეკორდმაისტერი „ვერცხლის სინს“ დაიბრუნებს - „ვოლფსბურგთან“ მატჩის 76-ე წუთიდან „ბაიერნის“ ფანობამ ძველი და ყველასათვის კარგად ნაცობი სიმღერა შემოსძახა ტექსტით „გერმანიის ჩემპიონი მხოლოდ „ბაიერნი“ გახდება“.

ყველაზე საინტერესო და შთამბეჭდავი ისაა, რომ გუნდის მთავარი მწვრთნელი იუპ ჰაინკესი მუდმივად როტაციას მიმართავს, მაგრამ ვინც არ უნდა ათამაშოს, „ბაიერნი“ უპრობლემოდ იმარჯვებს. მაგალითად, „ვოლფსბურგთან“ მან უარი თქვა იმ ფეხბურთელების სასტარტო შემადგენლობაში გამწესებაზე, რომლებმაც „ბაიერნს“ წინა ტურში, გელზენკირხენში მოაგებინეს - „დონ იუპმა“ იდეალურ ფორმაში მყოფი თომას მიულერი, რომლის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში 4 გოლი და ამდენივე საგოლე პასია, განაცხადს მიღმა დატოვა (გაციებული იყო), ტონი კროოსი კი თამაშში ოდენ მეორე ტაიმში ჩართო. მათ ნაცვლად, ძირითადში ახალწვეულები, ხავი მარტინესი და ჯერდან შაჩირი ვიხილეთ.

ბრწყინვალე იყო ფრანკ რიბერი, რომელიც არიენ რობენს ხშირად უცვლიდა პოზიციას და ვოლფსბურგელებს ორივე ფლანგიდან არბევდა; ბასტიან შვაინშტაიგერი, რომელიც ახლახან გამოჯანმრთელდა, ფორმაში შევიდა და მალე პიკს მიაღწევს, რაც 25 სექტემბერს მორიგი გოლით (მესამე ამ სეზონში) დაამტკიცა; მანამდე კი ბურთი ორჯერ მოარტყა „მგლების“ მეკარე დიეგო ბენალიოს კარის ძელს.

მარიო გომესის არყოფნაში „ბაიერნის“ ბომბარდირი სწორედ „ვოლფსბურგიდან“ გადაბირებული ხორვატი თავდამსხმელი მარიო მანჯუკიჩია, რომელმაც ყოფილ გუნდს დუბლი შეუსრულა და ბომბარდირთა რეიტინგში 5 გოლით (5 მატჩში) პირველ ადგილზე გადაინაცვლა. აქვე ისიც ვთქვათ, რომ 8 საუკეთესო ბომბარდირს შორის 4 ბაიერნელია - მანჯუკიჩი (5), მიულერი (4), შვაინშტაიგერი (3) და კროოსი (3).

მარტინესი ბუნდესლიგის მატჩში სასტარტო შემადგენლობაში პირველად იყო გამწესებული და ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა - დაცვის ხაზის წინ არავის არაფერი გააბედვინა და ჭკვიანური პასებითაც გამოირჩა. და მაინც: რა არის „ბაიერნის“ ასეთი ტრიუმფალური სვლის მთავარი საიდუმლო? მანჯუკიჩი ამ კითხვაზე ასე პასუხობს: „ყველა ყველასათვის იბრძვის. ასევე უნდა გავაგრძელოთ! ფეხბურთის თამაში მაგრად გვსიამოვნებს“.

ფაქტია, რომ „ბაიერნის“ კონკურენტებს უკვე აღარ ეცინებათ - მათ შორის არც ბრემენის „ვერდერს“, რომელსაც „ბავარიული ტორნადო“ შაბათს ესტუმრება...

რობენი და მარტინესი გადარჩნენ

სტატიაშიც ვთქვით, რომ ჰაინკესმა ხავი მარტინესი ბუნდესლიგაში პირველად გაამწესა სასტარტო შემადგენლობაში. 72-ე წუთზე ბილბაოს „ატლეტიკიდან“ 40 მილიონ ევროდ შეძენილმა ნახევარმცველმა ტრავმა მიიღო და შესაცვლელი გახდა. ასეთივე ბედი ეწია „ბაიერნის“ ჰოლანდიელ ლიდერ არიენ რობენსაც.

26 სექტემბერს გაირკვა, რომ მარტინესის და რობენის ტრავმები არ არის სერიოზული და რომ მომდევნო მატჩში (შაბათს, „ვერდერთან“) მოედანზე გასვლა ორივეს შეეძლება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"გერმანია არასაკმარისად თეთრი" და "არასაკმარისად გერმანულია"? - კლოპმა კრიტიკოსებს უპასუხა
ახალი კონტრაქტი ოლისეს - ფრანგი "ბაიერნში" შესაძლოა, ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდეს
გადაიხდის "ბაიერნი" ჰოლანში 220 მილიონს?
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ვინისიუსი მნიშვნელოვნად გაიაფდა
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები ბელფასტში მარცხისგან მამარდაშვილმა იხსნა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ჩემთვის ეს პრობლემა მარტივად მოგვარებადია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა რონალდოსთან კონფლიქტზე ისაუბრა
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს