1 ოქრო, 2 ვერცხლი, 1 ბრინჯაო და ერთიც მეხუთე ადგილი - ასეთია ჩვენი ხუთკაცა გუნდის მონაგარი "უკრაინის სომეხთა კავშირის თასზე"
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები წარმატებით გამოვიდა კიევში, "უკრაინის სომეხთა კავშირის თასზე". 1 ოქრო, 2 ვერცხლი, 1 ბრინჯაო და ერთიც მეხუთე ადგილი - ასეთია ჩვენი ხუთკაცა გუნდის მონაგარი.

ტურნირის გამარჯვებული ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოსა და ოლიმპიური პრიზიორი დავით მარსაგიშვილი (84) გახდა, ოლიმპიადისა და ევროპის ვიცე-ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (60) და ელიზბარ ოდიკაძე (96) ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ, ევროპისა და მსოფლიოს ბრინჯაოსმედალოსანი დავით ხუციშვილი (74) კი მესამეზე გავიდა.

ბრინჯაოსთვის იჭიდავა ახალგაზრდა გენო პეტრიაშვილმაც (120), მაგრამ დამარცხდა და მეხუთეზე დარჩა.

ნაოლიმპიადევი მარსაგიშვილი ჯერაც შორსაა სასურველი ფორმისგან, თუმცა კიევის სპორტის სასახლეში მაქსიმალური შედეგი მაინც აჩვენა. პირველ შეხვედრაში რუსი ვლადისლავ ვალიევი ძალიან იოლად, ორი პერიოდის ჯამში 8:0 დაამარცხა, თუმცა მომდევნო შეხვედრებში - უკრაინელ ელდარ მანსუროვთან და კანადელთა ოს ტამერლან ტაგიევთან, ცოტა არ იყოს, გაუჭირდა.

უკრაინელს ჯამში 2:1 აჯობა, თუმცა მეორე პერიოდი მხოლოდ ბოლო ქულის დამსახურებით მოუგო, ტაგიევთან კი ორივე სეტში ერთნაირი ანგარიშით, 2:1 იმარჯვა. საბედნიეროდ, ამის შემდეგ ბრჭყალები ბოლომდე გამოაჩინა და ზედიზედ სძლია რუსებს - ნახევარფინალში ახმედ მაგომაიევი დადო ბეჭებზე, ფინალში კი მაგომედ ზუბაიროვს დააყრევინა ფარ-ხმალი, თუმცა საამისოდ დამატებითი დრო დასჭირდა. აქ პირველი პერიოდი ჩვენებურმა საკმაოდ უსიამოვნო ანგარიშით - 0:3 დათმო, მაგრამ მომდევნოებში 1:0;1:0 იმარჯვა და ჩემპიონი გახდა.

ხინჩეგაშვილი პირველად ჭიდაობდა 60 კილოგრამში, სადაც საბოლოოდ გადაბარგდა და შეიძლება ითქვას, ურიგოდ არ უასპარეზია. მით უფრო, რომ ფინალში მსაჯთა სიმპათიები აშკარად მასპინძლის, ევროპის სამგზის ჩემპიონის, მსოფლიოსა და ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონ ვასილ ფედორიშინის მხარეს იყო.

ჩვენებურმა ყველა შეხვედრაში ბლომად დააგროვა ქულები, ანუ იჭიდავა ჩვეულად ტექნიკურად, სწრაფ ტემპში, შემტევ სტილში და ლამაზად. მას ოთხი შეხვედრიდან ორში დამატებითი დრო კი დასჭირდა, მაგრამ ეს მის გამოსვლას არ აკნინებს. მით უფრო, რომ მესამე პერიოდში ბრძოლა მეორედ ფინალში გაუგრძელდა, პირველად კი სადავო პერიოდი 1:1-ზე ბოლო ქულის გამო დათმო.

ხინჩეგაშვილმა პირველ შეხვედრაში მასპინძელი ვიტალი რუდენკო უპრობლემოდ, ორი პერიოდის ჯამში 8:3 აოტა. დიდი პრობლემები არც ახალგაზრდებში სომეხთა ევროპისა და მსოფლიოს წლევანდელ მესამე პრიზიორ ვალოდია ფრანგულიანთან შეჰქმნია იმის მიუხედავად, რომ დამატებითი დრო პირველად მასთან დასჭირდა.

ჩვენებურმა პირველი პერიოდი 4:0, მესამე კი 4:1 მოიგო - ვფიქრობთ, ანგარიში ყველაფერზე მეტყველებს. ხინჩეგაშვილმა მეორე პერიოდი 1:1-ზე დათმო, რაც მის გამოსვლას არ აკნინებს. მესამე შეხვედრაც გორელის დიდი უპირატესობით წარიმართა მურშიდ მუტალიმოვთან და ხინჩეგაშვილის დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა საერთო ანგარიშით 6:1.

აი, ფინალი ის შემთხვევა გამოდგა, როცა ქართველი მსაჯებს ვერ გადაახტა. ყველაფრიდან ჩანდა, რომ არბიტრები მასპინძელს გზას უკაფავდნენ ჩემპიონობისკენ. ამის დასტურად თუნდაც შეხვედრის მალ-მალე შეჩერება გამოდგება, რაც 31 წლის ვეტერანს ახალგაზრდა, ენერგიულ და მოძრავ ვიზავისთან შეხვედრაში სულის მოთქმის საშუალებას აძლევდა. ამ ყველაფრის მიუხედავად, ლადომ მეორე პერიოდში 2:0 მოგება მაინც მოახერხა, თუმცა დანარჩენები 0:1 დათმო.

ოდიკაძემ, რომელიც ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონის, ოლიმპიადის ორგზის ბრინჯაოსმედალოსან გიორგი გოგშელიძის ყველაზე რეალურ შემცვლელად მოიაზრება, წინა კვირას ბაქოში "ოქროს დიდი პრიზის" ფინალური ტურნირი მოიგო, კინაღამ ზედიზედ მეორედ იზეიმა ჩემპიონობა, თუმცა მორიგი ტრიუმფი ქვედა წონიდან ამონაცვლებულმა რუსმა მსოფლიოს შარშანდელმა პრიზიორმა ალბერტ სარიტოვმა არ დაანება. ქართველმა ფინალამდე ორი შეხვედრა მოიგო უკრაინელებთან - ერნესტ მარდოვნცი 3:0; 6:0 გაანადგურა, ევროპის პრიზიორ პავლო ოლეინიკთან ასე ბლომად ქულების აღება კი გაუჭირდა, თუმცა ძირითად დროში საერთო ანგარიშით 3:0 მაინც მოუგო.

სარიტოვთან შეხვედრაში გადამწყვეტი სიტყვა, ალბათ, მაინც ოდნავ უფრო მეტმა გამოცდილებამ და კლასმა თქვეს - ჩვენებური ორ პერიოდში 0:3 დამარცხდა.

ხუციშვილი რუსთა ნაკრების სათადარიგო მუსლიმ დადაევთან დამარცხდა. ჩვენებურმა, ძირითადად, მაინც არ უღალატა თავის სტილს და უფრო პრაგმატულად იჭიდავა. ბევრი ქულა არ მოუპოვებია, თუმცა იყო გამონაკლისებიც - მეორე წრეში უკრაინელ დმიტრო პრიადკოს ორ პერიოდში 8:0 მოუგო, ბრინჯაოსთვის პაექრობაში კი კიდევ ერთი მასპინძელი ოლეგ ზახარევიჩი 8:1 დაჯაბნა.

სამაგიეროდ, კიდევ ერთ უკრაინელ სერგეი ოდინაკთან და მოლდოველ ევგენი ნედეალკოსთან მინიმალურ უპირატესობას დასჯერდა. ხუციშვილმა დადაევთან შეხვედრაც მოგებით დაიწყო - პირველ პერიოდში 1:0 იმარჯვა, მაგრამ მეტი ვეღარ მოახერხა და მომდევნოები 1:2; 2:4 დათმო.

კიევიდან უმედლოდ დაბრუნება პეტრიაშვილმა საკუთარ თავს უნდა დააბრალოს. ცხადია, 18 წლის ბიჭს დაღვინება, გამოცდილება აკლია, რასაც დრო მოიტანს, თუმცა ლეიბზე მეტი ყურადღება, მეტი კონცენტრაციაა საჭირო - ეს აუცილებელი თვისებები თავად უნდა გამოიმუშავოს. კიევშიც რომ ასე ეჭიდავა სლოვაკთა ოს სოსლან გაგლოევთან ბრინჯაოსთვის შეხვედრაში, მედალი ნამდვილად მას დარჩებოდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] ქართველი, რომელსაც არაფერი აშინებს - საბა ლაზიშვილმა ლეგენდარული ურაია ფეიბერი დაამარცხა!
[VIDEO] გთხოვთ, ეს ბიჭები ციხიდან გამოუშვით" - მერაბ დვალიშვილმა ტატამიდან აბუ-დაბის მთავრობას მიმართა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად