პორეჩში გამართული ევროპის ჩემპიონატის ვერცხლისპრიზიორები ვაჟა მარგველაშვილი და ბექა ღვინიაშვილი განვლილ პერიოდზე საუბრობენ
ახლახან ხორვატიის ქალაქ პორეჩში გამართული ევროპის ჩემპიონატით დასრულდა საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრების წლევანდელი სპორტული სეზონი.

წლეულს მსოფლიოს ჩემპიონატი არ ტარდება და საქართველოს ნაკრებსაც არც ერთ საერთაშორისო ტურნირზე მონაწილეობა არა აქვს დაგეგმილი.

ახალგაზრდა ქართველი ძიუდოისტებიდან ზოგიერთი უკვე დიდების ნაკრებსაც გაუშინაურდა და წლის დარჩენილ დროს ამ გუნდთან ერთად შეკრებებსა და ტურნირებზე ასპარეზობაში გალევს.

გორის ძიუდოს სკოლიდან ახალგაზრდულ ნაკრებს პორეჩში სამი ფალავანი: მინდია ღოლიჯაშვილი (55 კგ), ვაჟა მარგველაშვილი (60 კგ), ბექა ღვინიაშვილი (81 კგ) ახლდა.

უკანასკნელი ორი ხორვატიიდან მედლებით დაბრუნდა. ორივემ მხოლოდ ფინალი დათმო. ევროპის პრიზიორებთან საუბარი სწორედ პორეჩით დავიწყეთ.

ბექა ღვინიაშვილს შარშანდელი ბრწყინვალე სეზონის შემდეგ მიმდინარე წელიწადი ნაკლებშედეგიანი გამოუვიდა.

ტრავმების გამო ზოგი შეჯიბრება გამოტოვა, ზოგჯერ კი არასათანადოდ მომზადების გამო ვერ მიაღწია დასახულ მიზანს. სამაგიეროდ, ხორვატიაში თითქმის ყველაფერი დალაგდა.

- თიაქარის ოპერაციის შემდეგ ექიმებმა ექვსი თვე დასვენება მირჩიეს, მაგრამ ორი თვის მერე განვაახლე ვარჯიშები და, საბედნიეროდ, ჩვეულ ფორმაშიც მალე ჩავდექი.

ევროპის ჩემპიონატის წინ ნაყოფიერი გამოდგა როგორც ფიზიკური, ისე ტექნიკურ-ტაქტიკური ვარჯიშები. რაც მთავარია, ორგანიზმმა შემიწყო ხელი, ევროპის ჩემპიონატს შესაბამის კონდიციებში შევხვედროდი - გვითხრა ბექა ღვინიაშვილმა.

- უშუალოდ პორეჩის ტატამზე როგორ განვითარდა მოვლენები?

- ექვსიდან ხუთი შეხვედრა დამაჯერებლად მოვიგე, აქედან სამი იპონით. მათ შორის რუსი ევროპის მოქმედი ჩემპიონი ხალმურზაევი დავამარცხე.

ფინალში ბერძენ ალექსიოს ნტანაციდისთანაც არ მიდიოდა საქმე ურიგოდ, ვგრძნობდი, რომ ბერძენის ძლევა ნამდვილად შემეძლო, მაგრამ ამ შეხვედრის მიმდინარეობისას ილეთის გასაკეთებლად კიმონოში რომ ჩავავლე მეტოქეს, ვეღარ გავხსენი თითები...

- თითების ტკივილი ადრეც ხომ გაწუხებდათ?..

- ანალოგიურად დამემართა თბილისის ტურნირის ფინალში, შემდეგ ჩეხეთის ტურნირზე და ახლა უკვე მესამედაც.

ექიმებმა ამიხსნეს, რომ ჩემი ორგანიზმი მაგნიუმის ნაკლებობას განიცდის და დიდი დატვირთვის მერე, ანუ ძირითადად შეჯიბრებათა ფინალებში ზედიზედ ჩატარებული ორთაბრძოლებისას მისგან გამოწვეული პრობლემა იჩენს ხოლმე თავს.

ახლა ამაზეც ვმკურნალობ. ისე კი, ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა წონის ჩვეულებრივზე მეტად დაკლებაც იყოს და გამორიცხული არაა, 90 კგ-ში გადავიდე.

- წლის ბოლომდე რომელ შეჯიბრებაზე გიხილავთ?

- დიდების ნაკრებში მომიწევს რომელიმე საერთაშორისო ტურნირზე ასპარეზობა. იქამდე კი საწვრთნელ შეკრებას გავივლი პირველ ნაკრებთან ერთად ანაკლიაში.

ანაკლიაში ეროვნული გუნდის შეკრებაზე ბექასთან ერთად ვაჟა მარგველაშვილიც გაემგზავრა. უცხოდ ამ გუნდში არც ის იგრძნობს თავს. მარგველაშვილი თავის ასაკში, საერთაშორისო წარმატების გარდა, დიდების საქართველოს ჩემპიონატებზეც ორჯერ გავიდა საპრიზო ადგილზე.

- ვაჟა, შევახსენოთ მკითხველს, ამ სეზონში რა გზა გაიარე ევროპის ჩემპიონატამდე...

- ჯერ საქართველოში გამართული ორივე სარეიტინგო ტურნირი მოვიგე, შემდეგ ერთ საერთაშორისო შეჯიბრებაზეც პირველი ვიყავი.

მწვრთნელებმა ჩემს წონაში იქიდანვე ჩამთვალეს უკონკურენტოდ და საქართველოს ჩემპიონატზე დასვენების საშუალება მომცეს. მერე იყო კიდევ ერთი წარმატებული გამოსვლა საზღვარგარეთ და ევროპის ჩემპიონატისათვის მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში ნაყოფიერი შეკრებები ბაკურიანსა და გორში.

- მოპოვებული ვერცხლის მედლით შენ და ნაკრების მწვრთნელი გია გუგავა კმაყოფილი ხართ?

- ბატონ გიასაც ოქროს იმედი ჰქონდა და მეც ამას ვუგეგმავდი საკუთარ თავს ხორვატიაში. სამწუხაროდ, ფინალში რუსი ზაურ კალაშაოვის ძლევა ვერ მოვახერხე. არადა, თავდაპირველი ვაზარით ჩამორჩენას იუკოთი ვუპასუხე, ორჯერაც გავაფრთხილებინე, უპირატესობა მქონდა. ცოტა დროც რომ ყოფილიყო, ვფიქრობ, მოვუგებდი.

- ფინალამდე ოთხი შეხვედრიდან უმეტესობა წმინდად მოიგე...

- პირველს იუკოთი, მომდევნო სამს კი მართლაც იპონით ვაჯობე. მოწინააღმდეგეთაგან ერთ-ერთი, ესპანელი ფრანსისკო გარიგო ამ სეზონში უკვე მყავდა დამარცხებული გერმანიის საერთაშორისო ტურნირზე. ფრანგ კევინ აზემას და იტალიელ ლორენტოს კი პირველად შევხვდი და ვაჯობე.

ახალგაზრდულ ნაკრებში თავისი შეგირდების გამოსვლის შესახებ შეფასება მათ მწვრთნელ ანზორ თენაძესაც ვთხოვეთ.

"ნაკრების სამივე გორელი ფალავანი: ღოლიჯაშვილი, მარგველაშვილი, ღვინიაშვილი ევროპის ჩემპიონატზე მედლების კანდიდატებად მოიაზრებოდა. ორმა გაამართლა იმედები, თუმცა მათგან ოქროსაც ველოდით.

დასანანი იყო ღოლიჯაშვილის კვარცხლბეკს მიღმა დარჩენა. მინდიამ პირველი შეხვედრა მოიგო, მეორესაც დამაჯერებლად იგებდა, მაგრამ ახალი წესებით აკრძალული ილეთის - ფეხში შესვლის გამო მოხსნეს ასპარეზობიდან.

რა გაეწყობა, ასეთი შეცდომა დიდებსაც მოსდით. მთავარია, მომავალში უკეთ კონცენტრირებული გავიდეს ტატამზე.

მინდიას გაისად კიდევ აქვს შანსი, ახალგაზრდებს შორის საერთაშორისო არენაზე თავისი სიტყვა თქვას. ამავე ასაკში (ახალგაზრდებს შორის) ჯერაც ორი წელი აქვს დარჩენილი ბექა ღვინიაშვილს, მაგრამ მისთვის უკვე პირველი ნაკრების კარიც ღიაა.

დღის წესრიგში დგას მისი წონის გამოცვლის საკითხი. ღვინიაშვილი ჯერ მხოლოდ 16 წლისაა, მზარდი ორგანიზმი აქვს და ისეც არ იყო მოულოდნელი ზედა წონაში ანაცვლება, მაგრამ წლევანდელ შეჯიბრებებზე თითების ტრავმის რამდენიმე შემთხვევამ გვაფიქრებინა, ეს საკითხი ცოტა ადრე წამოგვეწია წინ, თუმცა ექიმები ამაზე მკურნალობენ და ვიდრე საბოლოოდ გადავწყვეტდეთ, 81 კგ-ში ერთ-ორ ტურნირზე ზედმიწევნით დავაკვირდებით მის მდგომარეობას.

ბოლო სეზონი ჰქონდა ახალგაზრდებში მარგველაშვილს. მე კმაყოფილი ვარ მისი სტაბილური ზრდით და, ვფიქრობ, დიდებშიც დაიმკვიდრებს ადგილს" - თქვა გორელ ძიუდოისტთა ამ სამეულის ერთ-ერთმა მწვრთნელმა ანზორ თენაძემ.

დავით ასპანიძის ფოტო

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

არის ოქრო! - ლიპარტელიანი ლოზანის გრანდ-სლემის გამარჯვებულია
ეთერ ლიპარტელიანი ლოზანის გრანდ-სლემის ფინალში იასპარეზებს
ლოზანას გრანდ-სლემზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
"მეცმა" ფრედ ითამაშა, აბუაშვილმა - 59 წუთი
პრემიერ ლიგის სხვა გუნდში - ჯექსონი "ასტონ ვილაში" გადავიდა
ქართველების თანაგუნდელმა სუსომ 32 წლის ასაკში კარიერის დასრულების შესახებ გვაუწყა
უკან სამშობლოში - ალვარო მორატა ესპანეთში დაბრუნდა
[VIDEO] კვლავ გამარჯვების გარეშე - მიქაუტაძის "ვილიარეალი" "ალავესთან" დამარცხდა
[VIDEO] ლა ლიგაში გულიაშვილის დებიუტი შედგა - "რასინგმა" "ელჩეს" მოუგო
"ლილთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
არის ოქრო! - ლიპარტელიანი ლოზანის გრანდ-სლემის გამარჯვებულია
[VIDEO] უკეთესმა გუნდმა გაიმარჯვა - საქართველოს ნაკრებმა მონტენეგრო დაჯაბნა
"ნაპოლიმ" ნახევარმცველი ისევ იჯარით გაუშვა
სალაჰმა "ფერენცვაროშთან" განადგურების შემდეგ ოპტიმისტური კომენტარი გააკეთა
"ასტონ ვილა" მზადაა აბრაჰამი გაანათხოვროს
ეთერ ლიპარტელიანი ლოზანის გრანდ-სლემის ფინალში იასპარეზებს
კონფერენს ლიგაზე "იბერიას" მეტოქეები გაირკვა
ფეხბურთელი, რომელსაც კლოპმა საუკუნის ტალანტი უწოდა, კარიერას არაბეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
ევროპა ლიგის წილისყრა - კიტეიშვილის და მამაგეიშვილის მეტოქეები ცნობილია
"ზოგჯერ წასვლა საუკეთესო გამოსავალია", - ამორიმმა ლეაოზე ისაუბრა
"ახლა ფეხბურთელებისთვის" დროის დათმობაა საჭირო"- ლუის ენრიკე
"მაიამის ინტერმა" ახალ მთავარ მწვრთნელთან შეთანხმებას მიაღწია
თბილისის "დინამომ" ბერძენ მცველს გაუფორმა კონტრაქტი