მსოფლიოს ბრინჯაოსმედალოსანი და ლონდონის ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი ჯერჯერობით ტრავმირებულია და ლეიბზე ვერ ვარჯიშობს
მსოფლიოს ბრინჯაოსმედალოსანი, ლონდონის ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი დავით მოძმანაშვილი (120) ჯერჯერობით ტრავმირებულია და ლეიბზე ვერ ვარჯიშობს.

მას ოლიმპიადის შემდეგ არსად უჭიდავია, თუმცა თავდაპირველი გეგმით, სექტემბრის ბოლოს ჯერ კიევში, მერე კი წინა უქმეებზე ხასავიურტში საკონტინენტთაშორისო თასზეც უნდა ეჭიდავა, მაგრამ ყველაფერი კოჭის ტრავმამ ჩაშალა, რომელიც სპორტსმენმა 22 სექტემბერს ვარჯიშზე მიიღო.

"ფეხზე ვიღაც დამახტა. არც კი ვიცი - ვინ, დარბაზში იმდენი ხალხი იყო. ძვალია დაზიანებული და პირველი ერთი კვირა ტკივილისგან საერთოდ ვერ დავდიოდი.

ახლა ფიზიკურად ვემზადები, მაგრამ ფეხს კვლავაც ვტვირთავ, მხოლოდ დაწოლილი თუ ვივარჯიშებ შტანგებზე. სავარაუდოდ, ერთ კვირაში ლეიბზე შესვლას შევძლებ, კიდევ ერთ კვირაში კი სრული დატვირთვით ვარჯიშს შევუდგები" - გვითხრა 24 ოქტომბერს მოძმანაშვილმა.

ვიდრე მოძმანაშვილი იძულებით ისვენებდა, ამასობაში ამ წონაში მისთვის თანდათან სახიფათოდ ამოიზარდა გიორგი საკანდელიძის კანდიდატურა.

არა, ის უცხო ან დამალული არც აქამდე ყოფილა - ის წონის მეორე ნომერია, მაგრამ ამ პერიოდში მიჯრით მოიგო ოთხი ტურნირი, თუმცა კიევში არ უასპარეზია. მათი გზები მხოლოდ ხასავიურტში თუ გადაიკვეთებოდა. ახლა კი დაველოდოთ საქართველოს ჩემპიონატს და ჩვენს ფალავანთა შერკინებას.

ქვეყნის პირველობა 25 ნოემბერს იყო ჩანიშნული, მაგრამ 1-2 დეკემბრისთვის გადაიტანეს, რაც პირდაპირ კავშირშია ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის (FILA) აღმასკომის სხდომასთან, რომელმაც მთელი რიგი გლობალური ცვლილებების პროექტი უნდა განიხილოს.

მათ შორის - წესების ცვლილება, წონითი კატეგორიების შემცირება, მაგრამ ეს საკითხები ჯერ განხილვის პროცესშია. თუ დამტკიცდება, მაშინ ჩვენებიც ახალი წესებით ჩაატარებენ ჩემპიონატს და ამიტომაც ელოდებიან იმ აღმასკომს.

თუმცა ადრე იქნება თუ გვიან, ჩემპიონატიც შედგება და იქ - მოძმანაშვილ-საკანდელიძის პაექრობაც, რადგან ამ შეჯიბრებაში გამოსვლას მოძმანაშვილი უეჭველად გეგმავს. საკითხავი მხოლოდ ისაა, მსოფლიოსა და ოლიმპიადის მედალოსანი ფორმაში შესვლას თუ მოასწრებს. არადა, ამ წყვილში ჯერჯერობით ფავორიტად კვლავაც ის მოჩანს.

დასასრულს, ჩვენი დღევანდელობის ერთ მწარე რეალობაზეც უნდა ვთქვათ, რომელიც პირდაპირ კავშირშია მოძმანაშვილის ტრავმასთან - გადატვირთული დარბაზები, რასაც სპორტული ბაზების სიმცირე ქმნის.

ბოლო წლებში ქვეყანაში ძალიან ბევრი სპორტული ბაზა აშენდა, მაგრამ ამან კრიზისი მაინც ვერ მოხსნა. ჯერ ერთი, იმ არენების უმეტესობა მარტივი ტიპის საფეხბურთო მოედნებია, რაც ახალგაზრდობის გასართობად კარგია, მაგრამ მაღალი მიღწევების სპორტის საჭიროებას ვერ აკმაყოფილებს და მეორეც - მშენებლობის იმ პროცესში სხვა სახეობები, უბრალოდ, "გამორჩათ" და მათთვის მხოლოდ აქა-იქ თუ აშენდა ბაზები.

იმავე ჭიდაობებზე ბევრჯერაც დაგვიწერია და ახლაც გავიმეორებთ - ძალიან ხშირად გახდა "მოძმე" ძიუდოსგან ჩაგვრის მსხვერპლი, რაც პირდაპირ კავშირშია ამ სახეობების "კრიშების" გავლენასთან და ბოლო წლებში არაერთი დარბაზი დაკარგა. ამას მთლად ძიუდოსაც ვერ დავაბრალებთ, რადგან რიგ შემთხვევებში, ბიზნესმაც შეიწირა.

მაგალითად, ცნობილი "პეტრეს დარბაზი", რომელიც ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ერთ-ერთი ცნობილი კერა იყო, ერთ-ერთმა ბანკმა შეისყიდა; მის მეზობლად მდებარე გივი კარტოზიას სახელობის ახალაშენებული დარბაზის ადგილას მალევე ბაზრობა გაიხსნა...

არც ერთ შემთხვევაში არც ბიზნესს და არც მერიას (ის ბაზები მათი კუთვნილება იყო და საპრივატიზაციო თანხაც მათ ჩაერიცხათ და არა ფედერაციას) სპორტსმენებისთვის ალტერნატიული ფართის შეთავსებაზე არ უზრუნიათ, მოჭიდავეები აიყვანეს და სხვა დარბაზებში გადაანაწილეს, რამაც ზედახორა შექმნა.

ალბათ, კანონი მეორე მხარის (ამ შემთხვევაში - სპორტის) ინტერესს უფრო მკაცრად უნდა იცავდეს და ასეთი ობიექტების პრივატიზაციას თუ არ გამორიცხავს, მათთვის პროფილის რაღაც დონით შენარჩუნებაზე მაინც უნდა იზრუნოს.

როგორც ჩრდილოკავკასიური საჭიდაო საიტებიდან ვიცი, აზერბაიჯანში საწვრთნელ-მოსამზადებელ ცენტრებში იმხელა ფართია, ერთბაშად 14 ლეიბია გაშლილი; თავად დაღესტანში დარბაზებია, სადაც 1200-1400 ბავშვი ვარჯიშობს. ჩვენთან, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მოვარჯიშეთა საერთო რაოდენობა ბევრად არ აღემატება ამ ციფრს, მაგრამ მაინც ასეთი ჭედვაა.

შორს ვართ იმ აზრისგან, რომ მოძმანაშვილს (გნებავთ - სხვასაც) მსგავსი ტრავმა სიხალვათის პირობებში მიეღო - ეს ჩვეულებრივი სპარინგისას, ერთი-ერთზე ვარჯიშის დროსაც შეიძლებოდა მომხდარიყო, მაგრამ ფალავანთა კლუბის დარბაზი, სადაც ნაკრები ვარჯიშობს, მეტისმეტად პატარაა და შეუფერებელი. თუმცა იგივე ვითარებაა სხვა დარბაზებშიც, განსაკუთრებით - რეგიონებში.

მაგალითად, გაოცებული დავრჩი, როცა გორის დარბაზი ვიხილე, რომელიც საჯარო სკოლის სტანდარტულ დარბაზზე ოდნავ დიდია. არადა, იქ ოლიმპიური ნაკრების ნახევარი ვარჯიშობს, ფალავნები კი ლამის თავზე ასხედან ერთმანეთს. როგორც მწვრთნელები ამბობენ, ასეთი დაუშვებელი სიმჭიდროვეცაა იმის ერთ-ერთი მიზეზი, ჩვენს მოჭიდავეებს ილეთების გაკეთება რომ უჭირთ.

იმედია, ახალი ხელისუფლება სპორტული ბაზების პრობლემას ერთხელ და სამუდამოდ დადებითად გადაჭრის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

კონსტანტინე პეტრიაშვილმა 23-წლამდელთა შორის მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
[VIDEO] დვალიშვილი სეხუდოსთან 35 წამში დამარცხდა
[VIDEO] ნუთუ ილიასთან ბრძოლაზე ფიქრობდა? - ცარუკიანი საჩემპიონო ბრძოლაში დამარცხდა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...