საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XI ტური
"დილას" ხორვატი მეკარის, მარინ სკენდერის მშრალი სერია, რომელიც შვიდ თამაშს ითვლიდა და აგვისტოდან მოყოლებული გრძელდებოდა, "მერანთან" მატჩში შეწყდა, თუმცა ბურთი მას თამაშიდან არც ამჯერად გაუშვია.

სკენდერს პენალტით გაუტანა გივი დიდავამ, რომელიც თავის მხრივ ასევე რეკორდზე მიდის და მომდევნო შეხვედრაში საქართველოს ჩემპიონატის რეკორდსმენი გახდება ჩატარებული მატჩების რაოდენობით.

გრძელდება გიორგი დარასელიას ხელმძღვანელობით "დილას" მოგებების სერიაც...

მართალია, მატჩის შემდგომ თვითონ დარასელიამაც აღიარა, რომ ეს არ იყო ისეთი გამარჯვება, როგორსაც მისმა გუნდმა მიაჩვია მაყურებელი, მაგრამ ცხადია, მასპინძლებისთვის უფრო მნიშვნელოვანი სამი ქულის მოპოვება გახლდათ.

შეხვედრის დაწყების წინ "დილას" ვებ-გვერდზე გამოკითხვის შედეგად გამოვლენილ გასული თვის საუკეთესო ფეხბურთელს გიორგი კახელიშვილს ფან-კლუბ "ლომკაცების" წარმომადგენელმა ბექა ბუხნიკაშვილმა პრიზი გადასცა. პასუხად გორელთა გუნდის მარჯვენაფლანგელმა ამ თამაშშიც მარჯვედ იმოქმედა და გაამართლა გულშემატკივრის იმედი.

მე-6 წუთზე სწორედ კახელიშვილის ზუსტად ჩაწოდებულს გამოეხმაურა მასპინძელთა ბრაზილიელი ლეგიონერი ნათან ჟუნიორი, საჰაერო ბრძოლა ორ მცველს მოუგო და ზუსტი თავურით გოლი გაიტანა.

ჟუნიორი გორში პირველად თამაშობდა და საკმაოდ მონდომებულიც იყო. ის არა მხოლოდ გატანილი გოლებით გამოირჩა, მისი თამაშიდანაც ჩანდა, რომ ბრაზილიელი ლეგიონერი შესამჩნევად გააძლიერებს გუნდის შეტევით პოტენციალს.

აქვე აღვნიშნავთ, რომ "დილაში" კიდევ ერთი ბრაზილიელის, რამოს დოს სანტოს ლეონარდოს ხილვაა მოსალოდნელი, რომელიც ამ მატჩს ტრიბუნიდან ადევნებდა თვალს.

დებიუტშივე დაწინაურებამ მასპინძლებს ნაადრევად დამშვიდების საშუალება მისცა, თუმცა გორელებს თამაშის სადავეები ხელიდან არ გაუშვიათ, აშკარა ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდნენ და მეთოდურად "ამწიფებდნენ" მორიგ გოლს. უნდა აღინიშნოს, რომ მასპინძელთა იერიშები, ძირითადად, ფლანგებზე იშლებოდა და საჯარიმოში ჟუნიორის მისამართით ჩაწოდებებით მთავრდებოდა.

შეტევის მარჯვენა ფლანგიდან კახელიშვილი, საპირისპირო ფლანგზე კი ჯერ გურული, ხოლო პირველი ტაიმის შუაწელიდან მისი ცენტრში შემოწევის შემდეგ კლიმიაშვილი ხშირად ამწვავებდნენ თამაშს.

ჟუნიორი გოლის მერე ერთხელ ისევ თავურით დაემუქრა მეტოქის კარს, მაგრამ ამჯერად შეროზიამ არ გაატანინა.

36-ე წუთზე სტუმართა მცველების მიერ უხეიროდ მოგერიებული ბურთი კლიმიაშვილმა კარისკენ რომ გაგზავნა, კვლავ შეროზიამ მოიგერია კუთხურზე.

ვინაიდან საპასუხო კონტრშეტევები მარტვილელ ფეხბურთელებს მწვავე არ გამოსდიოდათ, რამდენჯერმე შორეული დარტყმებით სცადეს ხეირის ნახვა. ამ გზით, განსაკუთრებით სახიფათოდ მე-17 წუთზე ნოდარ ნოზაძე დაემუქრა სკენდერის კარს, თუმცა ხორვატმა ეფექტური ნახტომით მოიგერია ბურთი.

ცოტა ხანში გიორგი რეხვიაშვილისა და გიორგი ონიანის ორთაბრძოლას "დილას" კარის მიმართულებით დანიშნული პენალტი მოჰყვა, რომლის რეალიზება დიდავამ ზუსტად შეასრულა - 1:1.

როგორც გორელი ფეხბურთელები, ისე ადგილობრივი მაყურებლები უკმაყოფილონი დარჩნენ დანიშნული პენალტით და მომდევნო პერიოდში არბიტრის მიერ მიღებულ მასპინძელთა საწინააღმდეგო ლამის ყოველ გადაწყვეტილებებზე მწვავედ რეაგირებდნენ.

ყველაზე დიდი ხმაური 57-ე წუთზე "მერანის" კართან შექმნილი არეულობის შედეგად ჟუნიორის მიერ გატანილ მეორე გოლს მოჰყვა, რომელიც თანამსაჯის მიერ თამაშგარედ შეფასდა.

მთავარი მსაჯი არსენ ნონიკაშვილი თავდაპირველად დაეთანხმა მას, თუმცა მასპინძელთა პროტესტისა და კოლეგასთან კონსულტაციის შემდეგ გოლი ჩათვალა - 2:1.

ანგარიშში ხელახლა დაწინაურებული "დილა" ხასიათზე მოვიდა, უფრო ენერგიულად შეუტია და მართალია, თამაშის სანახაობრივი მხარე არ გაზრდილა, მაგრამ სახიფათო მომენტებმა მარტვილელთა კართან იმატა. თუმცა გოლამდე ორიოდ წუთით ადრე გიორგი კახელიშვილის აშკარად ხელსაყრელი მომენტიც უნდა გამოვყოთ, როდესაც მისი თავური ცარიელ კარს ასცდა.

ამის შემდეგ გიგა ბეჭვაიას შორეული ძლიერი დარტყმა მცირედით აცდა კარის ძელს. ერთხელაც ჟუნიორის მსგავსმა მცდელობამ ჩაიარა ფუჭად.

ანგარიშში მინიმალური სხვაობის მიუხედავად, "დილას" მოგება ეჭვის ქვეშ აღარ დაუყენებია; მეტიც, 86-ე წუთზე სწრაფი სახიფათო კონტრშეტევისას გოგიტა გოგუას რომ მასზე გაცილებით უკეთეს პოზიციაში მყოფი გურულისთვის გაეკეთებინა პასი, ადვილი შესაძლებელი იყო, მესამე გოლიც გვენახა.

მატჩის შემდეგ

არჩილ ჩხაბერიძე (მერანი):

"გაცილებით რთულ თამაშს ველოდით, თუმცა 1:1-ზე იმის შესაძლებლობა გაჩნდა, რომ წინაც გავსულიყავით.

შესამჩნევი დაძაბულობის გამო თამაშის დინამიკა სახარბიელო არ ყოფილა. მეორე გოლის მომენტში კი ჩემთვის გაუგებარია, რატომ არ დაეთანხმა მთავარი მსაჯი თანამსაჯის მიერ ნაჩვენებ თამაშგარეს".

გიორგი დარასელია (დილა):

"ეს იყო პირველი თამაში, როდესაც ჩვენ ვერ მოვიგეთ ისე დამაჯერებლად, როგორც გასულ მატჩებში, თუმცა ჩემმა ფეხბურთელებმა ყველაფერი გააკეთეს მოსაგებად და შედეგიც მიიღეს.

არბიტრის მოქმედებებზე კი არც არასოდეს გამიკეთებია კომენტარი და არც ახლა ვაპირებ".

საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XI ტური

27. 10. გორი. თ. ბურჯანაძე. 3000 მაყურებელი

დილა-მერანი 2-1

1:0 ჟუნიორი (6, კახელიშვილის პასით), 1:1 დიდავა (38, პენალტით), 2:1 ჟუნიორი (57)

დილა მერანი

4-2-3-1 4-5-1

სკენდერი შეროზია

ალადაშვილი მჭედლიშვილი

გ. ონიანი იობაშვილი

თომაშვილი ქარქუზაშვილი

კვირკველია გელაჭეიშვილი

ბეჭვაია ბუკია

გოგუა დიდავა

კახელიშვილი ნ. ნოზაძე

კლიმიაშვილი კუჭუხიძე

ს. გურული ფონიავა

ჟუნიორი რეხვიაშვილი

მწვრთნელები:

გ. დარასელია - მ. ჟვანია

დილა

68. კახელიშვილი - არზიანი

75. ალადაშვილი - კაშია

84. ჟუნიორი - ახალკაცი

სათადარიგოები: შეყრილაძე, ჯიშკარიანი, გვალია, გორელიშვილი

მერანი

67. ნოზაძე - ს. ლომია

82. გელაჭეიშვილი - ტორონჯაძე

სათადარიგოები: ბერია, კიკალიშვილი, გ. ჟვანია, მელიავა, გაბისონია

გაფრთხილება: ონიანი (38), გელაჭეიშვილი (39), კვირკველია (43), იობაშვილი (88), ფონიავა (90)

არბიტრი: ა. ნონიკაშვილი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

თბილისის "დინამომ" გვინეის ნაკრების თავდამსხმელი დაიმატა
"ტორპედომ" ხორვატი ფეხბურთელი დაიმატა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 0-0 სამგურალი. რომ არა ეს, მატჩის სცენარიც და საბოლოო შედეგიც იქნებ სულ სხვა ყოფილიყო...
"ბარსელონაში" ტრანსფერი დაუბლოკეს - ალვარესს პრემიერ ლიგაში დაბრუნების ვარიანტი შერჩა
"მილანმა" პსჟ-ს თავდამსხმელის ტრანსფერზე მიმართა
20 წ. | გამარჯვებული შემადგენლობით უელსთან
ჯიქია დეპოშია. "ის არაფერს წარმოადგენს" - ყოფილი რუსი ფეხბურთელი მას აკრიტიკებს
ესპანური ვერცხლი შენგელიას | საქართველოს ნაკრების კაპიტანმა საკლუბო სეზონი დაასრულა
"ტორპედომ" ხორვატი ფეხბურთელი დაიმატა
20 წ. | ლუკა ნარსია: ჩვენი მიზანი ისტორიის დაწერაა
პსჟ-ს ნახევარმცველი ატლეტიკოში გადასვლაზე დათანხმდა
ოიარსაბალი: ფეხბურთი ცირკითაა გარემოცული
"რეალი" ფრანგებს გაასხვისებს? - "სამეფო გუნდიდან" შესაძლო წამსვლელები ცნობილია
აფრიკელებიდან ყველა დროის რეკორდი მოხსნა - "ბაიერნის" ახალწვეულის მიღწევა მსოფლიო ჩემპიონატზე
მეკარეთა გადაადგილება "ტოტენჰემში" - ვიკარიო მიდის, კინსკის დუბლიორი დუბრავკა იქნება
"მოურინიომ პირადად დამირეკა, ამაყი ვიყავი" - კუკურელია "რეალში" გადასვლაზე
მამარდაშვილის "ლივერპული" არ ნებდება - 100 მილიონზე მეტის შეთავაზებას გააკეთებენ
პირველად 2022 წლის შემდეგ - FIFA-მ რუსეთის ახალგაზრდული ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე დაუშვა
[VIDEO] სენსაცია. სამხრეთ აფრიკა პლეი-ოფშია, ჩეხეთი ჯგუფში ჩარჩა
[VIDEO] სულ სხვა ბრაზილია ვინისიუსის წინამძღოლობით და ნეიმარის დაბრუნება - შემდეგ ეტაპზე სელესაოსთან ერთად მაროკო გავიდა
საქართველოს ნაკრები აფრიკის ჩემპიონთან დამარცხდა
[VIDEO] B ჯგუფი: შვეიცარია და კანადა პლეი-ოფში გავიდნენ
"ჩელსიმ" "ინტერს" ფეხბურთელი წაართვა - პალესტრა პრემიერლიგაში ითამაშებს